წმინდა მარიამ მეგვიპტელის სიღრმის ფსიქოლოგია და სიმამაცე

პია სოფია ჩოდარი (Pia Sophia Chaudhari)

ყოველწლიურად, დიდი მარხვის დროს, წმინდა მარიამ მეგვიპტელის კვირას აღვნიშნავთ. წმინდა მარიამი მხოლოდ 12 წლისა იყო, როდესაც სახლი დატოვა და ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც, მრავალი წლით, გარყვნილებასა და სექსუალურ აღვირახსნილობას მიეცა და ,,მრავალთა სულნი დაიმჭირნა.“ იგი უფრო და უფრო მეტად ეფლობოდა გარყვნილებაში მანამ, სანამ ტაძარში შესვლას შეეცდებოდა. ამ დროს მან იგრძნო, რომ რაღაც უხილავი, შიგნით შესვლაში უშლიდა ხელს. მან საკუთარი ცოდვა გაანალიზა, გულით შეინანა და ღვთისმშობელს შეევედრა, რომ ეკლესიაში შესვლის ნება მიეცა, რის შემდეგაც ახალი სლვა დაიწყო. საბოლოოდ, იგი უდაბნოს გზას შეუდგა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მყოფობდა. იგი ერთ სულიერ მოძღვარს ორჯერ შეხვდა და უდაბნოშივე აღესრულა, იქამდე კი წმინდა ზიარება მიიღო. უცნაური ისტორია იმით მთავრდება, რომ მის დაკრძალვაში აბბა ზოსიმეს ერთი ლომი დაეხმარა. ყველა, ვინც იცის და ვისაც უყვარს ასლანი ნარნიას ქრონიკებიდან, მჯერა, რომ ამ დეტალებისადმი ჩემს სიყვარულს გაიგებს.

ჩვენ, დიდმარხვის შუაგულში ამ დრამატულ და საოცარ ამბავს ვეცნობით, სადაც აქცენტი არა ხოლოდ მონანიების ძალაზე, არამედ უწმინდურებასა და სიწმინდეს შორის მიმდინარე ბრძოლაზე კეთდება. თუმცაღა, ხანდახან, საუბრებისას სულ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ამბავი ღვთივკრძალულებისა და სიწმინდის (და, სხვათა შორის, ქალის მიერ საღმრთო ტრფიალებისადმი საკმაო უნდობლობით განმსჭვალულიც), ადამიანური ემპირიის სიღრმესა და ჩახლართულობას ვერ წვდება. ვფიქრობ, რომ თუკი ამ ამბავს მხოლოდ ეთიკურობისა და ასკეტიკის (და არა არსებითი) კუთხით შევხედავთ, რეალურად, რისკის წინაშე აღმოვჩნდებით, რომ იმ სრულ და გასაოცარ სიდიადეს ავცდეთ, რაც უკვე მოხდა, ან შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში (იქნებ უფრო მკვეთრი ფორმით) კვლავ მოხდეს.

ამ ისტორიასთან დაკავშირებულ კომენტარებში (განსაკუთრებით კი წმინდა მარიამისადმი მიკუთვნებულ სიტყვებში), მისი ვნების ‘ავხორცობა,’ სინანულის საოცარი და აბსოლუტური ბუნება და უდაბნოში მისი შეუპოვარი ასკეტური ბრძოლაა ხაზგასმული. ამ მოვლენებს ისტორიული შედეგები აქვთ და იმ სათნოებებს გამოყოფენ, რომლებსაც, თავისთავად, უნდა ვესწრაფვოდეთ.

მაგრამ მე მაინტერესებს გავიგო, თუ რამ გამოიწვია თავდაპირველი ცოდვილი მდგომარეობა. რამ განაპირობა, რომ 12 წლის ასაკში სახლი მიატოვა და დიდ ქალაქში მარტოდ წავიდა? რომელიმე სოციალურად სტიგმატიზირებულ ჯგუფს მიეკუთვნებოდა? შეურაცხყოფდნენ? ოჯახი ჰყავდა? შინაგანად როგორ იყო  ჩამოყალიბებული? საკუთრ თავში რა ღირებულებებს ატარებდა? ამ უწესო ქცევით რას ეძებდა? მისი ბუნებრივი სურვილი იყო, რომ ისეთი სიყვარული და მზრუნველობა ეპოვნა, რომელიც მას არასდროს უნახავს?

საუბარი არასოდეს ყოფილა იმ ტკივილებზე, რომელსაც იგი შეიძლება რომ გრძნობდა, ან მის შესაძლო შინაგან რღვევებზე. სამაგიეროდ, ვსაუბრობთ მის თავისუფალ და ბოროტ სურვილზე და იმაზეც, რომ სადაც კი იგი მიდიოდა, მამაკაცებს ხაფანგში აბამდა. თუმცა, როგორც სიღრმის ფსიქოლოგიის მკვლევარი, დაინტერესებული ვარ გავიგო, თუ რა მოდელებმა, რომელმა შინაგანმა ურთიერთობებმა და კომპლექსებმა, რის უკმარისობებმა და რა სურვილებმა განაპირობეს, რომ იმ მადლისმიერ მომენტამდე, ღმერთთან შეხვედრამდე, მან საკუთარი თავი (ან, როგორც იუნგი იტყოდა, მისი თვითობა) რეალურად და დაცემულად არ აღიქვა. როგორც თავად შენიშნავს, იგი ეკლესიისაკენ მიმავალ მომლოცველებს უბრალოდ მსხვერპლის მოსაძებნად მიჰყვებოდა. მაგრამ, როგორც ადამიანს, რომელსაც ქვეცნობიერის მოქმედებებზე ყურადღებით დაკვირვება უსწავლია, შემიძლია ვთქვა, რომ ეკლესიის მომენტი თხრობაში მთლად შემთხვევით არ ჩართულა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მის სულში იყო რაღაც, რაც მას ეკლესიისაკენ წარუძღვა, ხოლო კართან კი, უეცრად, რაღაცასთან შეუკავშირებლობის პირისპირ აღმოჩნდა, იმასთან, რასაც თეოლოგიურად საღვთო რეალობისა და მის მიერ შექმნილი რეალობის დაპირისპირება ან იუნგისტურ თვითობასა და  პიროვნულობას/კომპლექსებს შორის დაპირისპირება შეგვიძლია ვუწოდოთ. ამ დაპირისპირების სიმკვეთრე  (ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან), შემაძრწუნებელი იქნებოდა (შეიძლება თავბრუსდამხვევიც), როდესაც მის ცნობიერებაში პირველად შეაღწევდა. იგი სამყაროს დასასრულს, ან აპოკალიფსური უფსკრულის გახსნის მსგავსი იქნებოდა. ნაბიჯის წინ გადადგმა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მარიამმა ნაბიჯი გვერდით გადადგა და მთელ ამ ჭეშმარიტებას, მასზე ნათლის მოფენის უფლება მისცა. მის ცნობიერებაში რაღაცა მოქმედებდა, რის შემდეგაც მარიამმა გლოვა დაიწყო. ეს ხშირად ხდება, როდესაც, კლინიკურ გარემოში ჩვენ ჩიხში ვექცევით და უეცრად, წარსულის სიბნელე აწყოს ნათელს ჰფენს. აუცილებელ გლოვას თან ცრემლებიც ახლავს, იმის თაობაზე, თუ ვინ და სად ვიყავით მანამ, სანამ ახალი ვითარება ფესვებს გაიდგამდა და აღმოცენდებოდა. არავის უთქვამს, რომ მკურნალობა ადვილი იყო.

თუკი ჩვენ ხოლოდ სიწმინდესა და უწმინდურებაზე ვისაუბრებთ, იმ გასაოცარი სილამაზის დაკარგვის წინაშე აღმოვჩნდებით, რომელი სილამაზეც შეიძლება მაშინ გამოაშკარავდეს (და ასე ხდება კიდეც), როდესაც ჩვენი პატარა რეალობები უფრო აღმატებულებს ხვდებიან. როგორც მაქსიმე აღმსარებელმა თქვა: ,,სათნოება ჭეშმარიტებისთვის კი არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტება არ არსებობს სათნოებისთვის.“ ჭეშმარიტებასთან ასეთი შეხვედრა სასოების დასაწყისია, არა იმიტომ, რომ ცოდვილი შეიძლება რაიმე ეთიკური საშუალებით გადარჩეს, არამედ, რადგან პიროვნებაში შინაგანი სივრცე იხსნება,  რომელმაც მთელი არსებობა, სამყაროს მთელი მყოფობა შეიძლება შეცვალოს. იგი თავისუფლების დასაწყისია, რომელიც სიყვარულთან განუყოფლადაა დაკავშირებული. ამგვარად, იმის მიუხედავად, რომ მარიამი ცოდვებით იყო შებორკილი, ვიტყოდი, რომ მასში რაღაც მოხდა, რაც ღრმა შინაგანი სასოწარკვეთილების სასოებასთან შეხვედრას ჰგავდა, რამაც ცოდვის ცოდვად აღქმა განაპირობა.  მან სასოებაში შეაბიჯა და მთელი ცხოვრება მასში დარჩენისთვის ბრძოლაში გაატარა. იგი აბბა ზოსიმეს უდაბნოში განცდილ წამებათა შესახებ მოუთხრობს. მაგრამ დემონები მხოლოდ ზნეობას როდი ებრძვიან, ისინი, ასევე, ჩვენი მყოფობის სახესაც უტევენ და ყველა საფეხურიდან სიხარულსა და თავისუფლებას გვტაცებენ. ისინი მარტივად არ ნებდებიან. ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან რომ ვთქვათ, არც კომპლექსები არ ჩერდებიან, არამედ გვაიძულებენ ისე ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენ არ გვსურს.

მაგრამ, როგორც ნებისმიერი ფსიქოანალიტიკოსი გეტყოდათ, მას შემდეგ რაც განსხვავებული გზა მოიძებნება, მით უმეტეს, როდესაც იგი განიცდება, მსწრაფლ იწყება ზოგადი რევოლუცია და, როგორც ჩემი მენტორი- ანა ულანოვი (Ann Ulanov) იტყოდა ხოლმე, იწყება სისხლისღვრა. ეს ქაოსია. გაგრძელების ხილვა მარტოოდენ შთამბეჭდავი როდია. ეს ნამდვილად მშვენიერი რამაა, ხოლო ფერისცვალება კი, ძველი ალქიმიკოსების მსგავსად რომ ვთქვათ, ,,ღვთის მადლით“ მიიღწევა. მე წმინდა მარიამის ისტორიას მხოლოდ სინანულის სურათად (ისე, როგორც ეს ხშირად გვესმის) კი არ აღვიქვამ, არამედ, სიყვარულის სურათადაც, რომელიც სტანდარტული ქცევისგან განგვაშორებს და კარს განსხვავებული მიმართულებით გვიღებს, რომლის შესანარჩუნებლადაც ,,სულითა და სხეულით,“ ფრჩხილებითა და კბილებით უნდა ვიბრძოლოთ. მისი ღვთისმიერი გამოცდილებანი ძალიან, ძალიან ძლიერნი უნდა ყოფილიყვნენ, რათა ასეთი რადიკალური სინანულისაკენ ეწინამძღვრათ და მის სულში ჯერ კიდევ მკვიდრ დემონებთან და კომპლექსებთან შემდგომ ბრძოლაში გაეძლიერებინათ იგი. ბრძოლა დაიწყო.

ამ შეპირისპირებით, საოცარ და სულისშემძვრელ ისტორიას მხოლოდ ცოდვისა და გამოსყიდვის თხრობად კი არა, არამედ, ასევე, სასოწარკვეთილებისა და მარტოსულობის მაკურნებელ ისტორიადაც აღვიქვამ, ჭეშმარიტ სიყვარულთან და უწყვეტ ბრძოლასთან შეხვედრად, რომელი ბრძოლაც ამგვარი შეხვედრის შედეგად, თითოეულ ჩვენგანში შეიძლება დაიწყოს, რამდენადაც ისეთებად გახდომას ვცდილობთ, როგორებად გასახდომადაც შევიქმენით- ჩვენ ვართ ქმნილებები, რომლებიც ღმერთთან და ერთმანეთთან თანაზიარების განზრახულებით შევიქმენით. ეს (როგორც სხვა შესანიშნავ ისტორიებში ხდება ხოლმე) სიყვარულისა და სიყვარულის ძალის შესახებ თხრობაა. დაე, წმინდა მარიამმა, ყოველ ჩვენგანზე ილოცოს ამ დიდმარხვის პერიოდში, რომელშიც, თითოეული ჩვენგანი, სიყვარულისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ბრძოლაშია ჩართული. დაე, მისი გამორჩეული სიმამაცისგან ჩვენც გაბედულება შევიძინოთ.


პია სოფია ჩოდარი (Pia Sophia Chaudhari) ავტორია წიგნისა- Dynamis of Healing: Patristic Theology and the Psyche.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.