კატეგორიის გარეშე

რა არის ლოცვა?

Published on: აპრილი 14, 2020
Total views: 163
Readers' rating:
0
(0)

დიოკლიას მიტროპოლიტი კალისტოს უეარი (Kallistos Ware)

,,ყველაზე უწინარეს ჩვენი ვედრების სიაში მადლობა უნდა ჩავწეროთ; მეორედ – ცოდვათა აღსარება და შემუსვრილება სულისა; რადგან ასეთია კეთილი ლოცვა, როგორც ერთ ძმას აუწყა ანგელოზმა ამის შესახებ,“[1] წერს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, მეშვიდე საუკუნის სინას მთაზე მოღვაწე ბერი, თავის კლასიკურ ნაწარმოებში- კიბე ანუ კლემაქსი. მე არ ვფიქრობ, რომ მას ხისტი კანონის დადგენა სურდა, რომელზეც გამონაკლისი არ დაიშვებოდა. მისი მიზანი საპირისპირო იყო, რომ უპირატესობა მიენიჭებინა ჩვეულებრივი ნიმუშისთვის, ბუნებრივი თანმიმდევრობისათვის, რომელიც ჩვენს ლოცვით პრაქტიკაში უნდა გამოგვეყენებინა. მადლიერება, სინანული, შუამდგომლობა- ესენი იმ ძირითად და მთავარ ხაზს შეადგენდნენ, რომელიც გონებაში უნდა გვქონდეს.

ბევრი ფიქრობს, რომ ლოცვა არსებითად ღვთისადმი რაიმეს თხოვნაა, რომ მის წინაშე სხვებისა და ჩვენი ტანჯვა და საჭიროებანი მივიტანოთ. ასევე, ზოგიერმა ჩვენგანმა შეიძლება წარმოიდგინოს, რომ ლოცვა სინანულის მოქმედებით უნდა იწყებოდეს, მაგრამ ეს არაა იოანე კლემაქსის მიერ დადგენილი მიდგომა. პირიქით, სანამ ქრისტემდე მსოფლიოს ტანჯვასა და  ტკივილს მივიტანთ, სანამ ჩვენს ბიწიერებასა და წარუმატებლობებამდე დავეშვებით, მაღლა უნდა ავიხედოთ, რათა ღვთის დიდება ვიხილოთ. ძალიან ხშირად ჩვენმა ლოცვამ შეიძლება ღვთისადმი წუწუნის, ჩივილისა და ნაღველის გამოხატვის სახე მიიღოს. თუმცა, ეს ყოველივე, როგორც წმინდა იოანე ამტკიცებს, ჭეშმარიტი ლოცვა არაა. 

მნიშვნელოვანია, რომ საღვთო ლიტურგიას სინანულის მოქმედებით კი რა, წმინდა სამების მეუფების გამოცხადებით ვიწყებთ: ,,კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა.“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზეციურ სამეფოს შევავლებთ თვალს, შეგვიძლია საჭიროებისამებრ სინანულს მივმართოთ. ლოცვა უნდა დავიწყოთ არა საკუთარი მოთხოვნილებებით, არამედ ღვთის სისრულით. იგივე პრიორიტეტი უნდა გვქონდეს ყოველდღიური ლოცვებისას, რომლებსაც სახლში ყოველ დილა-საღამოს ვამბობთ. ეპიკლეზას შემდეგ: ,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა,“ ჩვეულებისამებრ ვაგრძელებთ: ,,დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.“ მადლიერების დოქსოლოგია ის ნიშნულია, რომლიდანაც ვიწყებთ. როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობდა: ,,ლოცვა უწყვეტი მადლიერების მდგომარეობაა.“

ლოცვის ეს მოდელი (სადაც მადლიერება და დოქსოლოგია პირველ ადგილს იკავებენ), ყოველდღიური ციკლის ლიტურგიკულ ლოცვაშიც არსებობს. დროის ძველებრაული გააზრების თანახმად (რასაც ეკლესია დღესაც მიყვება) ახალი დღე არა შუაღამით, არამედ საღამოს იწყება. ამიტომაა, რომ დაბადების წიგნში, შესაქმეს შესახებ თხრობაში ამგვარ ჩანაწერს ვხვდებით: ,,იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე“ (დაბ. 1:5). ჯერაა საღამო და შემდეგ დილა. ამგვარად, მწუხრი დღეს კი არ ასრულებს, არამედ იწყებს. იგი ეპილოგი კი არა- პროლოგია. ისმის კითხვა, როგორ იწყება ლიტურგიკული ლოცვის ყოველდღიური ციკლი?

მთელი წლის განმავლობაში (ბრწყინვალე შვიდეულის გარდა), იგი სწორედ ისე იწყება, როგორც ფსალმუნშია აღწერილი: ,,აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო… რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია“ (ფს. 103). მამა ალექსანდრე შმემანის სიტყვებით რომ ვთქვათ: მწუხრი ,,დასაწყისიდან იწყება, ე.ი. სამყაროს, როგორც ღვთის ქმნილების ხელახალი აღმოჩენით, ღვთისმსახურებითა და მადლიერებით. გარკვეულწილად ეკლესიას პირველ საღამოსთან მივყავართ, რომელშიც ადამიანმა (რამდენადაც ღვთისგან სიცოცხლისთვისაა ხმობილი), გაახილა თვალები და იხილა რაც ღმერთმა, სიყვარულით უბოძა მას, იხილა ყოველგვარი მშვენიერება, ტაძრის დიდებულება, რომელშიც იგი იმყოფებოდა და უფალს მადლობა შესწირა. ამ მადლიერებით იგი თავის თავი გახდა… და თუკი ეკლესია ქრისტეშია, მისი (ეკლესიის, მთარგმნ.) დასაბამისმიერი მოქმედება ყოველთვის მადლიერებაა, რომ სამყარო უკან, ღმერთს მიუძღვნას.“  

მას შემდეგ, რაც ღვთისადმი სიხარულისმიერი მადლიერებას გამოვხატავთ, შეგვიძლია ჩვენი ლოცვის მეორე საფეხურზე ავმაღლდეთ, წმინდა იოანე კიბისაღმწერლის თანახმად რომ ვთქვათ ესაა: ,,სულიერი აღსარება და გულწრფელი სინანული.“ მაგრამ ტერმინ სინანულში კონკრეტულად რას ვგულისხმობთ? დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ ეს უბრალოდ სინდისის ქენჯნა, მწუხარება და ჩვენი ცოდვილობის გამო ზიზღის გრძნობა არაა. მეორე საუკუნის ლიტერატურული ძეგლის- ერმას მწყემსის მიხედვით, ესაა ,,დიდებული გააზრება.“ იგი არსებითად დადებითია და არა უარყოფითი. ბერძნული სიტყვის (μετάνοια) ზედმიწევნითი შინაარსი გულისხმობს ,,გონების შეცვლას.“ სინანული ღვთისადმი, ჩვენი მოყვასებისა და საკუთარი თავისადმი ცქერის ახალი და დადებითი გზაა. იგი წარსულში უბრალოდ მწუხარე ყურება არაა, არამედ, მომავლისა და იმედისაკენ ცქერა.  ესაა არა მხოლოდ ჩვენი დაცემის, არამედ იმის გააზრებაც, რად გახდომაც ღვთის მადლით ხელგვეწიფება. პავლე მოციქული სინანულის არსს შემდეგი სიტყვებით გადმოსცემს: ,,უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ“ (ფილ. 3:13-14).

ტიტო კოლიანდერი (Tito Colliander) ამბობს: ,,იმდენად შევიქმენით ლოცვისთვის, რამდენადაც საუბრისა და ფიქრისთვის.“ ლოცვა ჩვენი ჭეშმარიტი ბუნებაა, ლოცვის გარეშე ნამდვილი ადამიანები არ ვართ. ამიტომ ამბობდა პავლე მოციქული: ,,მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5:17). ის არ გულისხმობდა, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ (რაც რეალურად შეუძლებელიცაა). ხანდახან, ჩვენი ყურადღება სხვა რაღაცეებს უნდა მივაპყროთ. იგი გულისხმობდა ლოცვას, როგორც არაპირდაპირ ორიენტირებას, დაფარულ განზომილებასა თუ მისწრაფებას, რომელიც იმ ყველაფერში შემოდის, რასაც კი ვაკეთებთ. როგორც წმინდა ისააკ ასური ამბობს, წმინდანები ძილის დროსაც კი არ წყვეტენ ლოცვას, რადგან სულიწმინდა ყოველთვის მათთან ერთად ლოცულობს. ესაა სწორედ ის, რაც სამყაროს სჭირდება, არა ის ხალხი, რომელიც უბრალოდ ლოცულობენ დროდადრო, არამედ ხალხი, რომელიც მოუკლებელად ლოცულობენ, ესაა ლოცვის ცოცხალი მგზნებარება. ამგვარი ხალხი სამყაროს გარდაქმნიან. წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს: ,,ჰპოვეთ შინაგანი მშვიდობა  და თქვენს გარშემო ათასები იპოვნიან ხსნას.“

ნება მიბოძეთ მოხსენება ისტორიით დავასრულო, რომელიც ლოცვის აზრზს უფრო მეტად აჯამებს, ვიდრე ის სამმაგი განსხვავება, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახალგაზრდობისას ერთი ქადაგება მოვისმინე, რომელიც, თუ კარგად მახსოვს, ჟან მარი ვიანის შესახებ წარმოითქვა (ოღონდ ეს სახელი არ გაჟღერებულა). ერთი მოხუცი კაცი იყო, რომელიც ყოველ დღე რამდენიმე საათს ეკლესიაში ატარებდა. მისი მეგობრები შეეკითხნენ- ,,ამდენი ხანი იქ რას აკეთებ?“ მან კი უპასუხა- ,,მე ვლოცულობ.“ მეგობრებმა წამოიძახეს: ,,ლოცულობ! შენ ბევრი რაღაც გექნება ღვთისადმი სათხოვნელი.“ მოცუხმა კაცმა მათ მშვიდად მიუგო: ,,ღმერთს არაფერს ვთხოვ.“ მეგობრები გაოცდნენ: ,,მაშ აბა რაღას აკეთებ?“ მოხუცმა კი უპასუხა: ,,მე უბრალოდ ვზივარ და ღმერთს ვუყურებ, ღმერთიც ზის და მე მიყურებს.“

როდესაც 12 წლისა ვიყავი ვფიქრობდი, რომ ეს ისტორია ლოცვის საოცარი აღწერა იყო. დღეს კი, ამ ამბიდან 73 წლის გასვლის შემდეგ, ისევ იგივეს ვფიქრობ. ლოცვა თხოვნა კი არა, არამედ ურთიერთობა.


[1] ღირსი იოანე სინელი, კიბე ანუ კლემაქსი, სიტყვა 28:9 (მთარგმნ. შენიშვ.).

მაღალყოვლადუსამღვდელოესი კალისტორ უეარი (Kallistos Ware) არის ინგლისურენოვანი თეოლოგი, დიოკლიის ტიტულოვანი მიტროპოლიტი და ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford, Eastern Orthodox Studies) სრული პროფესორი.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.



About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu