კატეგორიის გარეშე

არცახის დაცლა სომხებისაგან, აზერბაიჯანისა და თურქეთის დაუსრულებელი ომი სომხეთის წინააღმდეგ
ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიას სიმართლისა და სიყალბის ერთნაირად გადმოცემის საშუალება მივცეთ.

Published on: ოქტომბერი 8, 2020
Total views: 142
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 13 minutes

იელენა ამბარცუმიანი (Yelena Ambartsumian)

შენიშვნა: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მძიმე სიტუაციის გამო და სარწმუნო-საბაზისო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოცემული ესე ჩვენთვის დამახასიათებელ მოცულობასა თუ ფორმატს არ შეესაბამება და გამონაკლისია. იგი აკადემიური ჟურნალის სტატიის ვრცელი ამონარიდია.

სომეხი, რომელიც 1988 წლის სუმგაითის აზერბაიჯანულ პოგრომს გადაურჩა თავის სახლში, არცახში ზის.

27 სექტემბრიდან (კვირა დღე) მოყოლებული აზერბაიჯანმა თავისი თურქი უფროსი ძმის (ორი ავტოკრატიული ტოტალიტარული სახელმწიფო) მხარდაჭერით, მის ორ მეზობელ ქვეყანაზე, კავკასიის ორ  ახალბედა დემოკრატიაზე- სომხეთის რესპუბლიკასა და არცახზე,  შეტევა დაიწყო. არც აზერბაიჯანი და არც თურქეთი ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემას არ ავლენენ; მით უფრო, ისეთ წვრილმანებს უგულვებელყოფენ, როგორიცაა ისტორიული რეალობა, ან, მაგალითად, საერთაშორისო სამართალი. არცახი (რასაც სომხები მთიან ყარაბაღს უწოდებენ) სომხური მთიანეთის ის ნაწილია, რომელიც სომეხმა ხალხმა, 1915 წლის სომხური გენოციდის გამო, დანარჩენი ტერიტორიის დაკარგვის შემდეგ შეინარჩუნა. ახლანდელი კონფლიქტი არაა მხოლოდ 1915 წლის გენოციდს გადარჩენილი სომხეთის მოსახლეობის 75%-ის ბრძოლა ოსმალურ თურქეთთან, არამედ, ასევე, საინფორმაციო ომი. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება.

2016 წელს FBI-ს ადგილობრივი ოფისიდან დამირეკეს. აგენტმა აღნიშნა, რომ მე, ჩემი სახელი და ბინის მისამართი, ამერიკელი სამხედროების სახელთა და მისამართების გვერდით, ჯიჰადურ საიტებზე ტრიალებდა და ადგილობრივ ტერორისტებსა და ISIS-ის მხარდამჭერებს ჩვენთვის ზიანის მოყენებისაკენ მოუწოდებდნენ. FBI-ს  აგენტისათვის გაუგებარი იყო თუ რატომ  ტრიალებდა ჩემი სახელი სირიის კრიზისთან დაკავშირებულ ამგვარ ინტერნეტ საიტებზე. მე ამერიკის არმიაში არ მიმსახურია. საერთოდ არ ვიყავი ჩართული სირიის  კრიზისში (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ რამდენიმე წლის წინ მე შეერთებულ შტატებში ჩემს წარმომადგენლებს დავურეკე და გავაფრთხილე ისინი, რომ თურქეთი ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ სირიელ ,,აჯანყებულებს“ აფინანსებდა). ჩემი ,,დანაშაული“ ვფიქრობ, ის იყო, რომ ვწერდი სტატიებს სომხური გენოციდის თურქულ უარყოფაზე და სომხური კულტურული მემკვიდრეობის თურქეთის, შემდგომში კი აზერბაიჯანის მიერ განადგურებაზე; ან ის, რომ არცახის (მთიანი ყარაბაღი) ჰუმანიტარული დახმარებისათვის სახსრებს ვიძიებდი; ანაც ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტის გამო არცახში, რომელიც იმ რამდენიმე სომხური შუასაუკუნოვანი მონასტრის შესახებ ფაქტების მოძიებას უკავშირდებოდა, რომლებზეც აზერბაიჯანი (უმეტესობა მუსლიმი მცხოვრებით) პრეტენზიას აცხადებს, როგორც საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც თურქეთი, აზერბაიჯანი და მათი მხარდამჭერები ჩემს დაშინებას შეეცადნენ. მე გაერთიანებული ერების ნიუ-იორკის შტაბბინის ინცინდენტისას, თურქული და აზერბაიჯანული აგრესიის ობიექტი ვიყავი. როდესაც თურქი დიპლომატები დახურულ შეხვედრაზე შემოვიდნენ, გვიყვიროდნენ მე და გაერთიანებულ ერებში სომეხ ელჩს თურქეთისათვის ,,ცილის წამების“ (ირონიულია, რომ შეხვედრა სომხური გენოციდის პრობლემების მოგვარებასა და პატიებას ეძღვნებოდა) და შეერთებულ შტატებში ჩემი ყოფნის გამო, რადგან აშშ-ში ჩემი, როგორც ლტოლვილის ყოფნის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში (80-იანების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში) სომეხ მშვიდობიან მოსახლეობაზე აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა იყო.

დიდწილად მე მნიშვნელოვანი ფიგურა არ ვარ. არ გახლავართ პოლიტიკოსი,  გავლენიანი მკვლევარი, ან ლობისტიც კი. მაგრამ სწორედ ის, რომ მე არ ვარ მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ ვარ სამიზნე, აჩვენებს, თურქეთი და აზერბაიჯანი თუ როგორ სერიოზულად უდგებიან პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიას.

ამიტომ, მე გულგატეხილი ვარ და არა გაკვირვებული იმის გამო, რომ შეერთებული შტატების მეინსტრიმულ მედიას პრობლემები შეექმნა, როდესაც აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში (რასაც სომხები ,,არცახს“ ეძახიან) ბოლოდროინდელ შეტევებს აშუქებდა. უდავოა, რომ აზერბაიჯანის მიზანია სომეხი ხალხი ყარაბაღიდან და მისი შემოგარენიდან მოცილდეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი სწორედ ასე ამბობდა. ამ ფონზე შეერთებული შტატების მედია მიმდინარე კონფლიქტს თუკი საერთოდ აშუქებს, მას წარმოაჩენს, როგორც უბრალო სასაზღვრო დავას საბჭოთა კავშირის ყოფილ ორ სახელმწიფოს შორის. ქვემოთ მოყვანილია გაურკვევლობის ის სამი ძირითადი წყარო, რასაც მე მიმდინარე რეპორტაჟებში ვხედავ.

  1. იმის განსაზღვრის შესაძლებლობის არქონა, თუ ვინ დაიწყო მიმდინარე ომი (ჩვენ ვიცით, რომ ეს აზერბაიჯანმა დაიწყო და რომ იგი ომამდე დაიგეგმა. ფაქტობრივად, თურქეთის სახელმწიფო მედიამ აზერბაიჯანის მხრიდან საწყისი საბრძოლო მოქმედებები ოპერატიულად დააფიქსირა; ამას გარდა, საღი აზრიც არსებობს: ყარაბაღის მშვიდობიან მოსახლეობას (150 000 ადამიანი) რატომ უნდა მოეწყო უმიზეზო პროვოკაცია ნავთობით მდიდარი, ათმილიონიანი ძლიერი ერისათვის, რომელმაც, ასევე, ყარაბაღის ომის შემდეგ, 1990 წელს, შეერთებული შტატებისაგან დახმარების სახით 1.5 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო?)
  2. მთიანი ყარაბაღის საკითხის არასათანადოდ გადმოცემა, თითქოს იგია აზერბაიჯანის ანკლავის მოწყვეტილი ტერიტორია, რომელიც სომეხი სეპარატისტების მიერ კონტროლდება. ეს მაშინ, როდესაც სომხები  რეალურად ,,ოკუპანტები“ კი არ არიან, არამედ ქრისტესშობამდე 189 წლიდან უწყვეტად წარმოადგენენ ყარაბაღის (უფრო კონკრეტულად, არწახის) ეთნიკურ და კულტურულ უმრავლესობას.
  3. მთიან ყარაბაღში სომხური თვითმმართველობის არასათანადოდ წარმოჩენა,  თითქოს იგი საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ,,არალეგიტიმური“ იყოს. ეს კი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას უარყოფს, რამდენადაც მათ  აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობას 1991 წლის 10 დეკემბრის რეფერენდუმით მისცეს ხმა (რეფერენდუმზე ეს გადაწყვეტილება ამ მხარეში მცხოვრები აზერბაიჯანის მოსახლეობის -რაც მთელი მოსახლეობის 20%-ს შეადგენს- წარუმატებელი ბოიკოტის მიუხედავად, 99,98%-ით დამტკიცდა).

შეიძლება იკითხოთ, თუ ,,რატომაა ამ არასწორ ინტერპრეტაციათაგან რომელიმე ასეთი მნიშნელოვანი?“

უპირველესად იმიტომ, რომ, რაც უფრო მეტად მოახერხებენ აზერბაიჯანი და თურქეთი ინფორმაციების ამღვრევას, მით უფრო დაიღლება საერთაშორისო საზოგადოება და ნაკლებად იზრუნებს მასზე. ეს კი აზერბაიჯანსა და თურქეთს (ეს უკანასკნელი კი ახლა პირდაპირ თუ ირიბად ექვს ფრონტზე იბრძვის:  – აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში და პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ახლახანს განაცხადა, რომ იერუსალიმიც თურქეთს ეკუთვნის) ხელ-ფეხს უხსნის, რომ საერთაშორისო სამართლი და ადამიანის უფლებები ყოველგვარი გამოხმაურების გარეშე უგულვებელყოს.

ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამ ტერიტორიაზე მძიმე სიტუაციაა. აზერბაიჯანი აგრძელებს, გამოიყენოს რამდენიმე სახის აკრძალული იარაღი, მათ შორის დრონები, რომლებსაც მიზანში ჰყავთ ამოღებული არა მხოლოდ არცახის სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც. აზერბაიჯანული შეტევის მეორე კვირაში, არცახის დედაქალაქ სტეპანაკერტში, აზერბაიჯანი საარტილერიო სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებზე შეტევას ანხორციელებს, იყენებს რა  სმერჩს, პოლონეზს და თურქულ Kasirga-ს ტიპის შორსმსროლელ რაკეტებს (როგორც ირკვევა, ზოგიერთი იარაღი კანადიდანაა მოწოდებული, რომელმაც 2020 წლის 5 ოქტომბერს თურქეთისათვის უპილოტო თვითმფრინავებისთვის საჭირო ოპტიკური მოწყობილობების მიწოდება შეწყვიტა).

აზერბაიჯანი ამ კონფლიქტს, ასევე, ორი სხვა ეთნოსისა და უმცირესობის- თალიშებისა და ლეზგების გასანადგურებლად იყენებს, რომელთა ჯარისკაცებსაც  აზერბაიჯანი მაღალი რისკის მქონე წინა ხაზზე ალაგებს. ამასთანავე, აზერბაიჯანი თავის ქვეყანაში ინტერნეტს ბლოკავს და უცხოურ მედიას (გარდა თურქეთის სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული საინფორმაციო სააგენტოებისა) კრძალავს. იგი  დაკვირვებით არჩევს საკუთარი მოსახლეობისათვის მისაწოდებელ ინფორმაციას.

მეორე, სომხეთის მეზობელი თურქეთი ეხმარება აზერბაიჯანის მცდელობებს, რომ სომეხი ხალხი გაქრეს, ხოლო ამას სწორედ იმის გათვალისწინებით აკეთებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფლებას აძლევს თურქეთს, წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევებს თავი აარიდოს. როდესაც  სომხური დიასპორა სომხური გენოციდის აღიარებას დაბეჯითებით ითხოვდა,  მრავალი ადამიანი კითხულობდა, თუ რატომ ვამახვილებდით ყურადღებას ერთი საუკუნის წინანდელ საკითხზე. ჩვენ მათ ვუხსნიდით, რომ უარყოფა გენოციდის ბოლო სტადიაა და თუკი თურქეთი პასუხისმგებლობას მოიხსნის, იგი სომხებისა და სხვების წინააღმდეგ თავისი გენოციდის პოლიტიკას გააგრძელებს. სამწუხაროდ, ჩვენ მართლები აღმოვჩნდით.

ეს ქალი 1988 წლის კიროვობადის პოგრომს გადაურჩა და დადივანკისკენ მიემართება, არცახის სომხურ მონასტერში, რომელიც მეცხრედან მეცამეტე საუკუნემდე აშენდა. ის თეთრ თავსაფარს ატარებს მანამ, სანამ მისი ვაჟი (რომელიც არცახის საზღვრებს იცავს) სამხედრო პოზიციიდან შინ არ დაბრუნდება.

არ უნდა გაგვიკირდეს, რომ როგორც აზერბაიჯანი, ასევე, თურქეთი, უარყოფენ, რომ თურქეთი სომეხი ხალხის წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარე თავდასხმებს ეხმარება. შეერთებული შტატების მედია, ერთი მხრივ, თურქული ძალის ჩართულობის დამადასტურებელ საბუთებს აშუქებს, მეორე მხრივ კი, თურქული მხარისავე გამოთქმულ უარყოფას, რაც ორივე სახის ინფორმაციას თანაბარ წონას აძლევს. ამგვარად, მედიის წარმომადგენლები ხაფანგში ებმებიან, სურთ, წარმოაჩინონ რა, რომ ,,ორივე მხარისადმი“ გარკვეულწილად მიუკერძოებელნი და დაბალანსებულნი არიან, იმ ფონზე, რომ ერთი მხარე სრულიად ავტოკრატულად დეზინფორმაციულია.  

 რეალურად რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებამ დაადასტურა, რომ თურქეთმა სირიელი დაქირავებული ჯიჰადისტი მებრძოლები გადმოიბირა და მათ ყოველთვიურად დაახლოებით 1 200 აშშ დოლარს უხდის, რათა სამი თვის მანძილზე  აზერბაიჯანის მხარეს იბრძოლონ (ასევე არსებობს, ერთი ჯიჰადისტის მიერ ატვირთული ვიდეო, რომლის მიხედვითაც იგი გაბრაზებული და შეშფოთებულია, რადგან შიიტური აზერბაიჯანისათვის იბრძვის მაშინ, როდესაც რეკრუტირებისას მას უთხრეს, რომ სუნიტურ თურქეთს დაეხმარებოდა). აზერბაიჯანი ,,პროპაგანდას“ უწოდებს (,,fake news”-ების პოსტსაბჭოთა ვერსია) სომხური მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც სომხურ საჰაერო სივრცეში  თურქული F-16 სომხურ SU-25-ს თავს დაესხა, მაშინ, როდესაც ფრენის მონაცემები და  თურქულად მოსაუბრე პილოტის აუდიო ჩანაწერები არსებობენ. ტვიტერის აქტიურმა მომხმარებელმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სოციალურ მედიაში ვიდეოჩანაწერიც ატვირთა, სადაც სამხედრო ფორმაში მყოფი თურქული სამხედრო პერსონალი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გვერდით ჩანდა (მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევითი იყო, რადგან მან ტვიტერიდან ვიდეო სწრაფად წაშალა და განაცხადა, რომ არასოდეს აუტვირთავს).

და ბოლოს, შეერთებული შტატების მედია ვალდებულია, რომ ამ სიტუაციის შესახებ სამართლიანი ანგარიში წარმოადგინოს. 2018 და 2019 წლებში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა აზერბაიჯანს 101 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფას მოხმარებოდა, აზერბაიჯანმა ლტოლვილთა კრიზისის შექმნისა და მის მეზობლად მყოფი ახალბედა დემოკრატიების წინააღმდეგ არამართლზომიერად გამოიყენა. უფრო მეტიც, იმის  მიუხედავად, რომ შეერთებულ შტატებს ბევრი ადამიანი ,,ერების მშენებლობისათვის“ აკრიტიკებს  (და ზოგჯერ მართებულადაც), ჩვენ ვიხილეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც რიგ პროცესებში შეერთებული შტატები არ ერევა. ასეთ შემთხვევაში, მეორე ზესახელმწიფო ამ სიცარიელეს უფრო უარესი განზრახულებით ,,ავსებს.“

სხვათა შორის, რუსული მედია კარგად აშუქებს ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ სომხეთის ამჟამინდელ პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უარყოფით კონტექსტში  წარმოაჩენს. რუსეთი ფაშინიანს დასავლეთისაკენ მიდრეკილ ყოფილ პოლიტპატიმრად აღიქვამს, რომელიც სომხეთის 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ აირჩიეს. ფაშინიანმა კარი გაუღო სომხეთის დემოკრატიის ახალ პერიოდს, იმას, რომელიც უარყოფს კორუფციასა და ნეპოტიზმს. შესაძლოა, ამიტომაა, რომ ყარაბაღის შესახებ უმეტესი რუსული განხილვათაგანი, ასევე, ფაშინიანის კრიტიკას შეიცავს და მექმნება წარმოდგენა, რომ თუკი რუსეთი ამ კრიზისში ერევა, გარკვეულწილად იმიტომაც, რომ ფაშინიანი გადააყენოს და იგი პრორუსი ლიდერით შეცვალოს.

მას შემდეგ, რაც სომხებმა ყარაბაღის დამოუკიდებლობას (ყარაბაღი 1921 წელს სტალინმა აზერბაიჯანს გადასცა) მისცეს ხმა (რასაც მთიანი ყარაბაღის ბოლო ომი მოყვა შედეგად), გეოპოლიტიკური ექსპერტები ყარაბაღის მოუგვარებელ სტატუსს ,,ნელი მოქმედების ბომბს“ უწოდებდნენ,  რომელსაც ,,მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა შეეძლო.“ რეალურად, ნატოს წევრი თურქეთი უკვე ჩართულია, ხოლო ირანსა და რუსეთსაც ამ რეგიონის ინტერესი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაქტებს ზერელედ არ მივუდგეთ. მცდარი ანალოგიების დაშვება არ შეგვიძლია.

და ბოლოს, ნაშრომს დასასრულს ყარაბაღის ისტორია დავურთე, რომელიც  მართალია რეცენზირებულია, თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო (რომელთა ხსენებაც აქ არ ღირს) შიგნით არ ჩამირთავს. ვიმედოვნებ, რომ Public Orthodoxy-ის  მკითხველთათვის ქვემოთ დართული ინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტის გასაგებ საფუძვლად იქნება გამოყენებული და იმის გასააზრებლად, რომ სომხები მხოლოდ მათი ტერიტორიების დასაცავად კი არა, არამედ გადარჩენისა და არსებობისთვის ომობენ. გთხოვთ, ჩვენ დასახმარებლად გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, იქნება ეს  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში შეწევნა თუ არწახის ჰუმანიტარული დახმარების ფონდში შეტანილი შემოწირულობა.

ყარაბაღის (არცახი სომხ.) ისტორია და ამ ტერიტორიასთან დაკავშირებული კონფლიქტური პრეტენზიები 

მთიანი ყარაბაღი[i] მსოფლიოს დასავლეთ და აღმოსავლეთი ნაწილების შეერთების ადგილას მდებარეობს. ეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხიდი მრავალ უცხო ძალას გადაუკვეთავს (მათ შორის სპარსელებს, არაბებს, თურქ-სელჩუკებს, მონღოლებს და რუსებს), ყარაბაღის კულტურული ისტორია საიდუმლოებითაა მოცული. იმის მიუხედავად, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის დღევანდელ საზღვრებში მდებარეობს, იგი 1991 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკაა, მას შემდეგ, რაც იქ მცხოვრები სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობამ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეისათვის სომხეთი დასავლეთიდან და აზერბაიჯანი აღმოსავლეთიდან ამ რეგიონის კონტროლისათვის ბრძოლას აგრძელებენ.

ყარაბაღზე კონფლიქტური პრეტენზიები კომპლექსური და ჩახლართული ისტორიის პროდუქტია. მე აღმოვაჩინე ყარაბაღის ისტორიის გასაგებად ყველაზე მარტივი გზა მიგრაციის ოთხი ტალღის ასახვით, რომელთაგანაც თითოეულმა წარუშლელი კვალი დატოვა. ეს ოთხი ტალღაა: 1) ინდოევროპული, რომელმაც ეთნიკურობა და მოგვიანებით ქრისტიანობა დატოვა. 2) არაბული, რომელმაც ისლამი დატოვა. 3) თურქული, რომელმაც ენა დატოვა და 4) რუსული/საბჭოური, რომელმაც ახალი პოლიტიკური ჰეგემონია დატოვა. ამ ოთხნაირი გავლენის გამო ყარაბაღის მიმდინარე კონფლიქტი ტრადიციული, რედუქციული პარადიგმით (მაგ. ეთნიკური კონფლიქტი, რელიგიური კონფლიქტი, და ა.შ.). შეუძლებელია, სრულად იქნეს გაგებული.

პირველი ტალღა: ინდო-ევროპული, ძვ.წ. პირველი ათასწლეულიდან ახ.წ. მე-7 საუკუნემდე.

ყარაბაღის პირველი მაცხოვრებლები ინდო-ევროპული წარმომავლობისა იყვნენ – სავარაუდოდ ხეთები, რომლებიც ძვ.წ. პირველ ათასწლეულში  სამხრეთ კავკასიაში[ii] მოვიდნენ.[iii] ძვ.წ. 189 წელს, სომეხთა (მეორე ინდოევროპელი ხალხი) მეფე არტაშესმა დაიკავა ყარაბაღი[iv] და სომხურად ,,არცახი“ უწოდა. ამის შემდეგ ყარაბაღი/არცახი სომხეთის სამეფოს თხუთმეტ პროვინციათაგან ერთ-ერთი გახდა.[v] ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში, ათორმეტთაგან ორი მოციქული (წმინდა თადეოზი და ბართლომე) სომეხთა პირველი განმანათლებლები და მოწამენი გახდნენ. თუმცა, ქრისტიანობა რეგიონში გავრცელდა წმ. გრიგოლ განმანათლებლის ძალისხმევით, რომელიც სომეხ-პართიელი წარმომავლობისა იყო და კაპადოკიაში (დღევანდელ თურქეთში) გაიზარდა. ქრისტეს შობიდან 301 წელს, სომეხთა მეფე თრდატ III-მ სომხეთის სამეფოს ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა, ეს სამეფო კი არცახსაც მოიცავდა.[vi]

წმინდა გრიგოლის საფლავი (ალბანეთის კათოლიკოსი და იმ გრიგოლ განმანათლებლის შვილიშვილი, რომელსაც სომხების გაქრისტიანებას უკავშირებენ), მართუნის ამარასის მონასტერში, არცახში. ამარასი იქ მდებარეობს, სადაც  სომხური ანბანის შემქმნელმა მესროპ მაშტოცმა მეხუთე საუკუნის დასაწყისში პირველი სკოლა დააარსა (სადაც მის დამწერლობას იყენებდნენ).

387 წელს ბიზანტიურმა და სასანიდურმა იმპერიებმა სომხეთის სამეფო გაიყვეს, რამაც შედეგად არცახის ახალი ალბანეთის სპარსულ პროვინციაში გადასვლა  მოიტანა.[vii] ეს პროვინცია სომხეთის ყოფილი რეგიონებისაგან შედგებოდა: არწახის,  უტიკისა და ალბანური სიუნიკისგან, რომელიც ძირთადად სხვადასხვა ინდო-ევროპული ტომებით იყო დასახლებული, რასაც ერთიანად კავკასიელ ალბანელებს უწოდებდნენ.[viii] 461 წელს, სასანიდთა მიერ წარმოებული წარუმატებელი კამპანიის მიუხედავად (რომელიც ძალადობრივ ასიმილაციას გულისხმობდა), ახალი ალბანეთის ადგილობრივმა მთავრებმა (ან ,,მელიქებმა“) ძირითადად მოახერხეს საკუთარი ავტონომიის შენარჩუნება.

 ავტონომიის პერიოდში, წმ. მესროპ მაშტოცმა სომხური ანბანი შექმნა და ახალ ალბანეთში, ამარასის მონასტერში, პირველი სომხურენოვანი სკოლა გახსნა.[ix]

მეორე ტალღა: არაბული, მე-7 საუკუნე

 ყარაბაღში მიგრაციის მეორე დიდი ტალღა მე-7 საუკუნეში მოხდა, როდესაც არაბებმა რეგიონის სასანიდური მმართველობა დაიპყრეს და მე-10 საუკუნემდე მას  განაგებდნენ.[x] იმის მიუხედავად, რომ არაბებმა ამიერკავკასიის ბევრი მაცხოვრებელი ისლამზე გადაიყვანეს, მათ ვერ მოახერხეს სომეხთა რელიგიური შეხედულებების შეცვლა. მე-10 საუკუნეში, მოსე ხორენელის მიერ დაწერილ ,,ალბანელთა ისტორიაში“ გადმოცემულია, რომ სომხური და კავკასიელი ალბანელების წარჩინებული ოჯახები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს (ძირითადად ქორწინების გზით), რათა არაბთა წინააღმდეგ ებრძოლათ.[xi] მე-10 საუკუნის დამლევს უკვე აღარ არსებობდა განსხვავება სომეხ და ახალი ალბანეთის მოსახლე კავკასიელ ალბანელებს შორის. რეალურად, ხორანელის ქრონიკების დასასრულს, ალბანეთის მთავარს ეწოდებოდა ,,აბუ ალი, ტომით სომეხი,“ სომეხთა მეფე სუმბატის ძმა.[xii]

მესამე ტალღა, თურქული, მე-11 საუკუნე

მიგრაციის მესამე დიდი ტალღა თურქული ტომებისაგან მოვიდა, რომლებიც ცენტრალური აზიიდან შემოიჭრნენ და 1071 წელს სელჩუკთა იმპერია შექმნეს.  მრავალი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ თურქ-სელჩუკთა ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ლინგვისტური ბუნება გახლდათ, რადგან სწორედ თურქულმა ენამ განაპირობა, რომ ამიერკავკასიაში მცხოვრები ნახევრად მომთაბარე ტომები საკუთარ თავებს თურქებად თვლიდნენ იმის მიუხედავად, რომ მათ ნაკლებად ჰქონდათ თურქული წარმომავლობა.[xiii] თუმცა, საუკუნის მიწურულს, ქრისტიანებმა დამოუკიდებლობა აღიდგინეს და სომეხმა მთავრებმა რეგიონს კონტროლი დაიწყეს. მე-12 საუკუნით ფეოდალური სახელმწიფოების პერიოდი დაიწყო, რამაც შედეგად არაერთი მონასტრის დაარსება მოიტანა.[xiv] ამავდროულად, კი ყარაბაღი  როგორც სომხურად მოსაუბრე ქრისტიანების, ასევე სელჩუკი თურქებით იყო დასახლებული.[xv]

როდესაც 1235 წელს მონღოლები მოვიდნენ, მათ ყარაბაღის დიდი ნაწილი გაანადგურეს  და ამ ადგილზე ნახევრად მომთაბარე თურქი და ქურთი დაქირავებული ჯარისკაცები დაასახლეს, რამაც შედეგად  მრავალი წარჩინებული სომხური ოჯახის  გაქრობა მოიტანა, რომელთაგანაც ზოგი მოკლეს, ზოგი კი გადაასახლეს.[xvi] თურქული ენობრივი გავლენა ოღუზ-თურქების ჩამოსვლით გაღრმავდა, რომლებმაც  1299 წელს ოსმალური იმპერია დააარსეს და ირანთან წარმოებული ორი წარმატებული ომის შემდეგ, მე-16 საუკუნის დასაწყისში, ოკუპირებული რეგიონი გააერთიანეს. მათი ეს წარმატებები ერთ საუკუნეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. მალე რუსეთი შემოვიდა რეგიონში, რასაც შედეგად სამი ომი მოჰყვა ოსმალურ თურქეთს, საიმპერიო რუსეთსა და ირანს შორის.

მეოთხე ტალღა: რუსული, მე-19 საუკუნე

მიგრაციის მეოთხე დიდი ტალღა, რომელმაც ყარაბაღზე გავლენა იქონია, რუსეთს და მოგვიანებით კი საბჭოეთს ეკუთვნოდა. რუსეთმა 1805 წელს, რუსეთ-ირანის ომის შემდეგ, ყარაბაღი დაიპყრო, ირანული ტერიტორიული დაყოფა გააუქმა  და გუბერნიად გადააკეთა. ანექსიამ შედეგად ყარაბაღის მთიანეთის ხუთი სომხური სამთავროს გაუქმება მოიტანა, რომლებიც, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ნახევრად  ავტონომიურ სტატუსს ინარჩუნებდნენ.[xvii]

 აღსანიშნავია, რომ 1868 წელს რუსებმა ელიზავეტპოლის გუბერნია შექმნეს, რომელიც ყარაბაღს გამოეყო  და იმ აღმოსავლეთ ნაწილს შეუერთდა, სადაც სხვადასხვა ნახევრად მომთაბარე მოსახლეობა (როგორებიცაა კავკასიელი თათრები და ლეზგინები) სახლობდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მეოცე საუკუნის ტერიტორიული პრეტენზიები სწორედ ამ რეორგანიზაციამ გამოიწვია. რუსული გავლენები, ასევე, რეგიონის განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთობებზეც აისახა,[xviii] მან მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის არსებული დაყოფა გააძლიერა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ აამხედრა. 

 1920 წლისთვის აზერბაჯანიცა და სომხეთიც საბჭოთა კავშირში გაერთიანდნენ. 1921 წლის ივნისში კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურომ გამოაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი (,,АОНК”) სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის  ნაწილი უნდა გამხდარიყო. 4 ივნისს კავკასიის  ბიურომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ რეგიონი ოფიციალურად სომხეთისათვის  გადაცემულიყო. თუმცა, სტალინის ჩარევით, მომდევნო დღეს, ბიურომ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და გამოაცხადა, რომ სომხური უმრავლესობით დასახლებული ყარაბაღი აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში იქნებოდა.[xix] საბჭოთა ისტორიის მანძილზე, სტალინის მემკვიდრეებმა უარი განაცხადეს, რომ АОНК-ის აზერბაიჯანში გაერთიანების საკითხზე გადაეხედათ. ამგვარად, სომხებისათვის ყარაბაღის საკითხი გადაჭრისაგან შორს იყო.[xx]

ყარაბაღი და კონფლიქტური იდენტობები მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში

ურთიერთბრალდებებს უფრო მეტად ართულებს ის, რომ რეგიონი როგორც სომხების, ასევე, აზერბაიჯანელებისთვის თვითიდენტიფიკაციის ცენტრალური საკითხია. სომხური ეროვნული იდენტობა საერთო წარმომავლობას, ენას, რელიგიასა და ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა. სომხეთის არამყარმა სტატუსმა (როგორც ბუფერულმა  სახელმწიფომ, დაპყრობილმა და დევნილმა ხალხმა) სომხური იდენტობა გამუდმებული  საგარეო ზეწოლის ფონზე განავითარა და შინაგანი გახადა.[xxi] ნორა დადვიკი (Nora Dudwick) როდესაც სომხურ იდენტობაზე საუბრობს, წერს: ,,სომხური წარმოდგენა საკუთარ თავზე გულისხმობს, რომ ისინი არიან უძველესი, ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი, რომელიც მაშინ გადარჩა, როდესაც სხვები გადაშენდნენ და ვისაც ,,პირველობასა“ და ,,გამორჩეულობაზე“ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს (პირველი ქრისტიანული ერი, პირველი გენოციდი მეოცე საუკუნის და ა.შ.[xxii])“

მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება, ასევე, მე-5 საუკუნეში ქალკედონის კრების უარყოფით ბიზანტიისაგან გამოყოფა დიდ როლს  ასრულებს თანდაყოლილი უნიკალურობის სომხურ კონცეფციაში.[xxiii] ქრისტიანობის მიღებამდე, სომხები, სპარსელთა მსგავსად ზოროასტრიზმის სახეობებს მისდევდნენ.[xxiv] როგორც ნინა გარსოიანი (Nina Garsoian) წერს: ,,სომეხთა ქრისტიანობაზე მოქცევა შესაძლებელია, რომ ისტორიაში ყველაზე უფრო გადამწყვეტ ნაბიჯად ჩაითვალოს. ამით სომხეთმა თავის ირანულ წარსულს ზურგი მკვეთრად აქცია და საუკუნეების მანძილზე განიმტკიცა საკუთარი თანდაყოლილი ხასიათი, რაც ნათელი გახდა როგორც სომხეთის საზღვრებს შიგნით, ასევე, მის გარეთ მცხოვრებთათვის, მათთვის, ვინც სომხეთი ქრისტიანობამიღებულ პირველ სახელმწიფოდ განსაზღვრეს.“[xxv] უფრო მეტიც, მეხუთე საუკუნის დასაწყისში სომხური ანბანის შექმნა სომხური კულტურის ჰომოგენიზაციას ეხმარებოდა, რამდენადაც, იგი საშუალებას აძლევდა ეკლესიებს, რომ ლიტურგიები სომხურად აღესრულებინათ და არა ბერძნულად თუ სირიულად.[xxvi] 

 ოსმალური იმპერიის დაცემისას სომხების დევნა და ხოცვა-ჟლეტა (რადგან ოსმალები სომხებს როგორც პრო-დასავლელ  მეხუთე კოლონად აღიქვამდნენ) სომხურ იდენტობას მხოლოდ უფრო მეტად აძლიერებდა.[xxvii] დაკარგულმა  ვრცელმა სომხურმა ტერიტორიებმა,[xxviii] რაც თან ახლდა გენოციდს, მოსახლეობა აიძულა, რომ სომხურ მთიანეთზე, მათ შორის ყარაბაღის ტერიტორიაზე ფოკუსირებულიყო.

სომხეთის ძალიან ჰომოგენური ეროვნული იდენტობის საპირწონედ  აზერბაიჯანული იდენტობა საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა და მას გარეგანი სახე აქვს. პირველი ცნობა ,,აზერბაიჯანისა“ და ,,აზერის“ მეოცე საუკუნეში გვხვდება, 1918 წელს, აზერბაიჯანის ხანმოკლე რესპუბლიკის დროს. იქამდე ეთნიკური მოსახლეობა ,,კავკასიელ თათრებად“, ან უბრალოდ ,,თათრებად“ განისაზღვრებოდა.[xxix] სომხებისაგან განსხვავებით (ვისაც დამახასიათებელი ენა და რელიგია ჰქონდათ),  აზერბაიჯანელები გარეთ აპყრობდნენ ყურადღებას, თურქებთან ლინგვისტურად და ეთნიკურად, ხოლო ირანელებთან რელიგიურად იდენტიფიცირდებოდნენ (იქიდან  გამომდინარე, რომ შიიტურ ისლამურ სარწმუნოებას იზიარებდნენ).[xxx] თურქული და  სპარსული სამყაროების გახლეჩვამ აზერბაიჯანის ეროვნული ან ეთნიკური ცნობიერების განვითარება გაართულა.[xxxi]

 მე-20 საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანის თვითიდენტიფიკაცია ძალიან განიცდიდა პანთურქიზმის კონცეპტის გავლენას, რომელიც ოსმალური იმპერიის დაცემისას წარმოიშვა და გაიგება, როგორც  ბალკანეთიდან დასავლეთ ჩინეთამდე ყოველი თურქი ხალხის გაერთიანება, სომხეთი კი ერთადერთ გეოგრაფიულ წინაღობად ჩანდა, რომელიც დაყოფილი თურქული მსოფლიოს გაერთიანებას უშლიდა ხელს.[xxxii] ამას გარდა, მას შემდეგ, რაც I მსოფლიო ომის დროს ოსმალებმა სომხეთი დაიპყრეს, რათა ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეტენზიებს დახმარებოდნენ, სომხებმა დაიწყეს აზერბაიჯანელი თურქების იმ ოსმალებთან და ,,ახალგაზრდა თურქებთან“ გაიგივება, რომლებიც სომხურ პოგრომში (1895-1896 წლებში) და სომხური გენოციდში (1915 წელს) იყვნენ დამნაშავეები.

1980-იანი წლების მიწურულს, მიხეილ გორბაჩოვის გამჭრვალობის პოლიტიკის (политики гласности) დაწყებისთანავე, ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის (АОНК) სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკაში გადასვლის შესახებ მშვიდობიანი შეკრებები დაიწყეს.[xxxiii] ამავდროულად, АОНК-ის 1989 წლის აღწერით გამოჩნდა, რომ 188 000-იანი მოსახლეობის დაახლოებით 84% ეთნიკურად სომეხი იყო.[xxxiv] საბჭოთა კავშირის დაშლისას  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობა ძალადობრივისაკენ მკვეთრად გადაიხარა. 1992 წლის მაისისთვის, ახალდამოუკიდებლობამოპოვებული სომხეთი და აზერბაიჯანი სრულმასშტაბიან ომში ჩაერთნენ, რომლის გამომწვევიც ყარაბაღის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა გახდა.[xxxv]

ომის დასასრულს სომხები არცახს და მის გარშემო მდებარე მრავალ ადგილს (როგორიცაა მაგალითად ლაჩინის დერეფანი, რომელიც ყარაბაღს და სომხეთის მატერიკს აკავშირებს) აკონტროლებდნენ. იმის მიუხედავად, რომ  1994 წლის მაისში რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შუამავალი იყო, სომხეთის რესპუბლიკას, არცახსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანმა მოლაპარაკებებმა სამშვიდობო შეთანხმება შედეგად არ მოიტანა  – ყაბარაღის სტატუსი განუსაზღვრელი დარჩა.

დასკვნა

 ეჭვგარეშეა, რომ ყარაბაღს კულტურულად მრავალფეროვანი წარსული აქვს და  იქ მრავალი ეთნიკური ჯგუფი დაახლოებით ათასი წლის მანძილზე ცხოვრობდა. ფაქტია, რომ ყარაბაღი როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული აროვნული იდენტობისა და ნაციონალობის ირგვლივ არსებული დაძაბულობის უფრო მეტად გაზრდაში ცენტრალურ როლს ასრულებს. სომხებისათვის ყარაბაღია ,,ბოლო ციტადელი“, სადაც  სომხური ნაციონალური ავტონომია საუკუნეების მანძილზე უწყვეტად იყო  დაცული.[xxxvi] რაც შეეხება აზერბაიჯანელებს: ელიზავეტპოლის გუბერნიის (საიდანაც ნახევრად ფეოდალური არისტოკრატიისა და კულტურული ელიტის ჩამოყალიბება დაიწყო) შექმნიდან (მე-19 საუკუნე) მოყოლებული, ყარაბაღთან ეკონომიკურმა ბმებმა აზერბაიჯანელ ნაციონალისტებში იმის დიდი სურვილი გამოიწვია, რომ ეს ტერიტორია თავის ძირძველ ადგილად ჩაეთვალათ.[xxxvii] რეალურად, ახლა, აზერბაიჯანის ნაციონალური იდენტობა პანთურქიზმის კონცეპტთან განუშორებლადაა დაკავშირებული (იმის მიუხედავად, რომ მათი ეთნიკური და კულტურული განსხვავებანი მათსავე თურქულ კავშირებს სცდება) და, ამგვარად,  ეყრდნობა მათთვის  უკვდავყოფილ მითს, რომ ის დარჩენილი სომხური ტერიტორიები ყარაბაღის ჩათვლით, რაც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მდებარეობს, მათ ეკუთვნით.


[i] მიუხედავად იმისა, რომ თურქული სახელი ,,ყარა-ბაღი“, რაც ,,შავ ბაღს“ ნიშნავს, მე-14 საუკუნემდე არ დაფიქსირებულა, ჩვენ მას ვიყენებთ, რათა სხვადასხვა განსახილველი ისტორიული პერიოდების მანძილზე, კურასა და არაქსის მდინარეებს შორის, სევანის ტბის აღმოსავლეთით არსებული გეოგრაფიული არეალი განვსაზღვროთ.  იხ. Patrick Donabedian, “The History of Karabakh From Antiquity to the Twentieth Century,”  The Caucasian Knot, Chorbajian et al., London 1994, გვ. 51, 86.

[ii] ,,ამიერკავკასიას“ ვიყენებთ იმ ტერმინად, რომლითაც დღევანდელი რეგიონი აღინიშნება სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შემადგენლობით.

[iii] Michael P. Croissant, The Armenia-Azerbaijan Conflict: Causes and Implications, Westport, Connecticut 1998, გვ. 1-2.

[iv] Victor A. Shnirelman, The Value of the Past: Myths, Identity and Politics in Transcaucasia, Suita, Japan 2001, გვ. 26-27.

[v] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 3; Shireen T. Hunter, The Transcaucasus in Transition: Nation-building and Conflict, Washington, D.C. 1994, გვ. 7-8.

[vi] Michael B. Papazian, Light from Light: An Introduction to the History and Theology of the Armenian Church, Canada 2006, გვ. 36-48.

[vii] Shnirelman (n. 4), The Value of the Past, გვ. 27, 150.

[viii] იქვე.

[ix] Shnirelman (n. 4), The Value of the Past, გვ. 27.

[x] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3)., გვ. 2.

[xi] C.J.F. Dowsett, The History of the Caucasian Albanians by Movsēs Dasxuranci, London 1961, გვ. 186-231.

[xii] Dowsett, The History (n.13), გვ. 222.

[xiii] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 2; იხ. ასევე Shireen T. Hunter, The Transcaucasus in Transition (n.5), გვ. 5.

[xiv] Jean-Michel Theirry, Eglises et Couvents du Karabagh, Antelias 1991, გვ. 10.

[xv] Theirry, Eglises (n.16), გვ. 17.

[xvi] Donabedian, “The History of Karabakh” (n. 1), გვ. 66-69.

[xvii] Crossaint, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 13.

[xviii] Hunter, The Transcaucasus (n. 5), გვ. 12.

[xix] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 18-20.

[xx] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 25.

[xxi] Croissaint, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 3.

[xxii] Nora C. Dudwick, Memory, Identity and Politics in Armenia, Ann Arbor, Michigan 1994, გვ. 59.

[xxiii] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 4; სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ, ქალკედონური მრწამსის უარყოფის თაობაზე საღვთისმეტყველო და პოლიტიკური გარჩევა იხ. Michael B. Papazian, Light (n. 6), გვ. 96-100.

[xxiv] Theo Maarten van Lint, “The Formation of Armenian Identity” (n. 97), გვ. 251–78.

[xxv] Nina Garsoian, “The Arsakuni Dynasty”, in Richard G. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times  I, New York 1997, გვ. 81.

[xxvi] Papazian, Light (n. 6), გვ. 65-70.

[xxvii] Croissant, The Armenia-Azerbaijan Conflict, გვ. 5.

[xxviii] Croissant, The Armenia-Azerbaijan Conflict, გვ. 14-18.

[xxix] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 7-8.

[xxx] იქვე.

[xxxi] იქვე.

[xxxii] იქვე.

[xxxiii] De Waal, Black Garden (n. 240), გვ. 10-11.

[xxxiv] Donabedian, “The History of Karabakh” (n. 1), გვ. 52.

[xxxv] Croissant, The Armenia-Azerbaijan (n. 3), გვ. 77-78.

[xxxvi] Croissant, The Armenia-Azerbaijan Conflict, გვ. 13.

[xxxvii]იქვე.


იელენა ამბარცუმიანი ფორდჰემის უნივერსიტეტის ლინკოლნის ცენტრის წარჩინების პროგრამისა (2010) და ფორდჰემის სამართლის სკოლის (2013) კურდამთავრებულია. იგი Orthodox Christian Studies Center-ის მრჩეველთა საბჭოს წევრიცაა.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu