მამა სერგი ბულგაკოვი: პიროვნება, უთანასწორობა და ეკომონიკა

მამა რობერტ მ. არიდა (Fr. Robert M. Arida)

...

New York Times-ის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში ჟემელ ბუი (Jamelle Bouie) წერს:  

,,ჩვენი საზოგადოება პროვნების რასობრივ დაყოფაზე დაფუძნდა. ხალხთაგან ზოგი სრულყოფილ ადამიანებად განიხილებოდნენ, რომელთა თავისუფლება ხელშეუხებელი იყო და ექსპროპრიაციისაგან კანონი იცავდათ, ხოლო ზოგიერთ სხვა ხალხს: – შავებს, აბორიგენებს თუ ფერადკანიანებს – ეს ყოველივე არ ჰქონდათ. პიროვნულობის ეს უთანასწორო გადანაწილება ეკონომიკურ რეალობაშიც აისახა. მან საქმიანობასა და კაპიტალზე წვდომა შექმნა; დაადგინა, სამუშაოს ფარგლებში სასიკვდილოდ გაიწირებოდი, თუ დაწინაურებულ ფენაში მოხვდებოდი; განსაზღვრა, კაპიტალისტური პროდუქციის მდიდრულ საბოძვარს თუ ვინ მიიღებდა და ერთჯერადი გამოყენების არსებასავით თუ ვინ გაირიყებოდა.“ (“Beyond ‘White Fragility’“) 

ეს სიტყვები მამა სერგი ბულგაკოვის (1871-1944) ეკონომიკასთან დაკავშირებული რეფლექსიების ნათელი ასახვაა. ისინი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და კრეატიული მართლმადიდებელი თეოლოგის ადეკვატურობის შესაფასებლად სოციალურ პარამეტრებს გვაწვდიან. იმის მიუხედავად, რომ ბულგაკოვს სიღარიბის მოგვარების პრეტენზია არ ჰქონია, იგი წინასწარმეტყველურ ხმას გვთავაზობდა, თუ როგორ შეუძლია ეკლესიას, ინდუსტრიალიზებულ კონტექსტში სიღარიბის გამაძლიერებელ სოციალურ სტრუქტურებს დაუპირისპირდეს. იგი აგრძელებს თავის წინამორბედ ღვთისმეტყველ სასულიერო პირთა საქმეს, რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ სოციალური სტრუქტურები სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას ახანგრძლივებენ. Covid-19-ის პანდემიის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის და Black Lives Matter-ის მოძრაობის გამო, სისტემური უთანასწორობის საკითხებმა აშშ-ში უპრეცედენტო სისწრაფით იჩინა თავი, ამ ყოველივემ კი ის მზარდი აღშფოთება და სასოწარკვეთილება გამოიწვია, რაც სოციალურ ცვლილებებს მოითხოვს. კრიზისი ამერიკაში მსხემ მართლმადიდებელ ეკლესიებს სოციალური და რასობრივი უთანასწორობების გამოკვლევის  შესაძლებლობას აძლევს, რათა შემდგომში ისეთი ყოვლისმომცველი და დახვეწილი სოციალური სწავლება გადმოსცენ, რომელიც  იძულებითი სიღარიბის ფართო და მზარდ გავრცელებაზე იქნება ფოკუსირებული.

სიმდიდრე და სიღარიბე ეკონომიკურ სისტემათა შედეგებია. მდიდრების პასუხისმგებლობის დინამიკა და ღარიბებზე მათი გადანაწილება ეკლესიას დაარსებიდან დღემდე ეხება. ირონიულია, რომ არასოდეს არსებულა თანმიმდევრულად ერთიანი გაგება თუ გააზრება სიღარიბის გამომწვევი მიზეზებისა და სიმდიდრის გადანაწილების შესახებ. ასევე, არასოდეს არსებულა შეთახმება უცნობი გაჭირვებულების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ირგვლივაც, რადგან განსაკუთრებული ყურადღება მდიდრების შემოსავლის გაზრდას ეპყრობოდა. თუ როგორც აღმოსავლეთის, ისე – დასავლეთის ქრისტიანულ წყაროებს შევაჯერებთ, პირდაპირი და ირიბი მოწმობები გვექნება იმისა, თუ როგორ აკარგვინებს სიღარიბე პიროვნებას ადამიანურ სახეს.            

მარქსისტ ეკონომიკისტად მოღვაწეობამ მამა ს. ბულგაკოვი საბოლოოდ იქამდე მიიყვანა,  რომ მისი (მარქსისტული მთარგმ.) ანტიპერსონალიზმი და მის მიერ ადამიანის თავისუფლების დათრგუნვა უარყო.  ის ისტორიის მარქსისტულ ეკონომიკურ კონცეპტს აღწერს, როგორც ,,პროვნებისა და პიროვნული შემოქმედებითობის დამკრძალავი სამგლოვიარო გოდება“ (Karl Marx as a Religious Type, 52). მას შემდეგ, რაც ბულგაკოვი ეკლესიაში დაბრუნდა და ხელდასხმა მიიღო, ქრისტოლოგიის, სოფიოლოგიისა და ესქატოლოგიის წიაღში ეკონომიკის მოთავსებით, ეკონომიკის ისეთი ფილოსოფიისა და თეოლოგიის  გადმოცემას ცდილობდა, რაც homo economicus-ის მარქსისტულ კონცეპტს უარყოფდა  (Philosophy of Economy,  განსაკუთრებით 123-156 გვ.). ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური მეცნიერება არც იზოლირებულად და არც ადამიანის სიცოცხლის ყველა ასპექტის საყრდენად არ უნდა განიხილებოდეს. პირიქით, ეკონომიკა თეოლოგიურ კონტექსტში უნდა მოთავსდეს, რაც, როგორც ჰედონიზმის, ასევე, ასკეტიზმის უკიდურესობას თავიდან აგვაცილებს (იხ.“The Economic Ideal”). ბულგაკოვისთვის  ეკლესია ამ ორ უკიდურესობას  (ფუფუნებასა და იძულებით სიღარიბეს) შორის სამეუფეო გზას ადგას და იმ კონკრეტულ საფუძველს ადგენს, თუ როგორ შეიძლება, რომ ეკონომიკა ადგილობრივი თემის ან ერის კულტურის აღდგენისა და სულიერი გაერთიანების საშუალებად იქნეს გამოყენებული.

,,ფუფუნება და სიღარიბე კულტურის მთავარი მტრები არიან, რადგან რომელიმე დიდგვაროვანის სასახლეში ისეთივე სულიერი სიღარიბე შეიძლება იყოს როგორც ღარიბის ქოხში. სიმდიდრის თანმხლები სულიერი დაცემა, ადრე თუ გვიან, ეკონომიკურ დაღმასვლასაც გამოიწვევს. ამიტომ, ფუფუნება თავად ეკონომიკური გადმოსახედიდანაც დაგმობილია. რომელიმე ერის სულიერი მდგომარეობა, ეკონომიკურთან შედარებით უმნიშვნელო საკითხი არაა.“  (“Economic Ideal,” 49)

ეკლესია, ასევე, ქრისტეს ცოცხალი სხეულის ისტორიული და ესქატოლოგიური მყოფობაა.   ქრისტეა ახალი ადამი,  რომელიც ცოდვით მართულ და დაყოფილ შესაქმეს აერთიანებს.

,,კაცობრიობა ქრისტეს სხეული ხდება, ამგვარად ქრისტეს, როგორც პიროვნებას, ადამიანური ბუნების განახლება შეუძლია. ამ ფორმით, კაცობრიობა ახალი ადამის ხორცსა და სისხლს ეზიარება. ეს ერთობა მექანიკურად კი არა, არამედ დინამიკურ პროცესად უნდა გაიგებოდეს, რომელიც დროსთან ერთად ისტორიაში, ცოდნასა და განგებულებაში აისახა.“  (Philosophy of Economy, 140).

 ფართო გაგებით, ეკონომიკა მისტიკურ ხასიათს იღებს, რასაც ღმერთსა და ადამიანს შორის შემოქმედებითი სინერგიის გამოხატვა მოაქვს შედეგად. ვგულისხმობთ ხელოვნების შემოქმედებით მოქმედებას,  რომელიც ბუნებას იღებს ისეთად, როგორიცაა და მისი გამოყენების ახალ გზებს გვთავაზობს. ამგვარად, იმდენად, რამდენადაც კაცობრიობა ბუნებაზეა დამოკიდებული, მას ბუნების გარდაქმნის სოფიით განმსჭვალული შემოქმედებითი უნარი აქვს. ამ სინერგიიდან გამომდინარე, ეკონომიკა ,,კულტურის შექმნის შეუზღუდავ შესაძლებლობებზე“ აკეთებს აქცენტს  (Philosophy of Economy, 142). ბულგაკოვის მიხედვით, ამის რეალობად ქცევის ერთი გზა ტექნოლოგიაა, რომლის დანიშნულებაცაა, რომ მატერიაში სული შთაბეროს, ე.ი. მატერიალურსა და სულიერს შორის მცდარი დიქოტომია დაძლიოს. 

,,ტექნოლოგიის ტრიუმფი სხვა არაფერია, თუ არა მატერიის განსულიერება, თავად უბრალო მატერიალურობის განადგურება. რომელიმე ერის დიდძალი სიმდიდრე, ტექნოლოგიისა და ინდუსტრიის წარმატება, მატერიის განსულიერების თადათანობითი გამოხატულებებია.“ (“Economic Ideal,” 42)

რამდენადაც ეკონომიკა ხელოვნების საქმეა, მამა ს. ბულგაკოვი სოფიას ადამიანურ შემოქმედებითობაში შთამაგონებელ ძალად აღიქვამს. სოფია, ლოგოსთან ერთად, კაცობრიობას ქრისტეს გამაერთიანებელ მოქმედებაში რთავს, რაც გულისხმობს შესაქმის ქაოსიდან კოსმოსისაკენ გარდაქმის განგრძობით პროცესს. (Philosophy of Economy, 145). 

,,კაცობრიობა არის და ყოველთვის დარჩება სამყაროს მარადიულ ჰარმონიასა და მშვენიერებაში ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს გამაერთიანებელ ცენტრად. გამოცდილებაზე დაფუძნებული სამყარო ამ “პროცესშია” ჩაძირული – დროში, სივრცეში, ისტორიაში და, შედეგად, არასრულყოფილი და დისჰარმონიულია. თუმცა, ისევე, როგორც თვით კაცობრიობა, იგიც არასოდეს ბოლომდე არ სწყდება და გამოეყოფა აღმატებულ, მეტაფიზიკურ რეალობას, საღმრთო სოფიას, რომელიც ამა სამყაროს ზემყოფია და მას გონით, მშვენიერებით […] ეკონომიკითა და კულტურით განანათლებს.“ (Philosophy of Economy, 142-145) 

იმისდა მიუხედავად თუ ვინ როგორ აღიქვამს ბულგაკოვის სოფიოლოგიას, ნათელია, რომ მისი ქრისტოლოგიური და ეკლესიოლოგიური საფუძველები ეკლესიას წინასწარმეტყველურ ხმად ხატავენ, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას ააშკარავებს და ამ პრობლემათა მოგვარებას ითხოვს. ბულგაკოვის ეკონომიკური წარმოდგენის გაცნობისას ჩვენზე შთაბეჭდილებას ახდენს მისი (ეკონომიკის მთარგმ.) კავშირი სულიერ და შესაბამისად პიროვნულ განვითარებასთან. სოციალური და ეკონომიკური სიღარიბე არა მხოლოდ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის აუცილებელ სიკეთეებსა და მექანიზმებს გვაკარგვინებს, არამედ, ასევე, ნეგატიურად მოქმედებს პიროვნების მოთხოვნილებაზე, რომ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა განავითაროს.    

 ბულგაკოვი ღიად ამხელს ხშირად რომანტიკულად გადმოცემულ სურათს, რომელიც იძულებით სიღარიბეს სიმდიდრეზე სულიერად აღმატებულ რამედ ხატავს. ხაზს უსვამს, რომ იძულებითი სიღარიბე მხოლოდ სოციალურ გახლეჩვას კი არ იწვევს, არამედ მოქმედებს, როგორც დამაუძლურებელი ძალა, რომელიც ხშირად ადამიანის სულს ამსხვრევს და პიროვნულ განვითარებასაც უშლის ხელს.

,,მშიერ ადამიანს საჭმელი ყველაფერზე მეტად სურს, მცივანს სამოსი სჭირდება, უსახლკაროს თავშესაფარი. სიღარიბე იწვევს ისეთ ტანჯვას, რომელიც ადამიანს ამცირებს და მართებული ადამიანური და სულიერი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს. ამგვარად, ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ არის ბრძოლა ადამიანის სულის უფლებებისათვის.“ (“Economic Ideal,” 43) 

ცდილობს რა სამეუფეო გზის ჩამოყალიბებას, რომელიც ასკეტიზმის ანტი-მატერიალიზმსა და მატერიალიზმის ჰედონიზმს თავიდან აიცილებს, ბულგაკოვი ყურადღებას ,,ადამიანის ღირსებასა და სულიერ აღმატებულებაზე“ ამახვილებს, რაც სიცოცხლისათვის აუცილებელ მატერიალურ მოთხოვნილებებს საჭიროებს და რასაც შედეგად დემოკრატიის განვითარება მოაქვს.

,,ადამიანის ღირსებისა და პიროვნულობის სულიერი აღმატებულობის მზარდი გრძნობა თავად მატერიალური საჭიროების გაზრდაში აუცილებლად გამოიხატება: დემოკრატიისაკენ მსწრაფველ მთელ თანამედროვე მოძრაობაში ჩვენ ამის კარგი მაგალითი გვაქვს.“(“Economic Ideal,” 48)

დემოკრატიას, რომელზედაც მამა სერგი ბულგაკოვი გვაუწყებს, იდეალად ეკონომიკის ერთგვარი პრინციპი აქვს, რომელიც სიღატაკეს კი არ აძლევს სისტემურ სახეს,  არამედ კულტურას, რომელიც პიროვნების განვითარებას სოციალიზმის კომუნიტარიანიზმისა და კაპიტალიზმის ინდივიდუალიზმისგან იცავს. ეს გახლავთ ის ეკლიანი გზა, რომელსაც ბულგაკოვი მართლმადიდებლურ ეკლესიას უსახავს, ესაა გზა, რომელიც ეკლესიას უფრო მოწყვლადს ხდის, რაც ადამიანის თავისუფლების, პატივისა და დიდებულების მხარდაჭერისაგან გამომდინარეობს.


მამა რობერტ მ. არიდა (Robert M. Arida) არის ბოსტონში, მასაჩუსეტის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.