წმინდა ფრანცისკ ასიზელი: საღვთო სიყვარულის ხატი ჩვენს რთულ დროში

ალფრედ დ. თერნიპსიდი (Alfred D. Turnipseed)

აჰ, ცხოვრების ირონია! როგორც ჩანს, აბორტის მოწინააღმდეგეთა უმეტესობა (მათში ტრამპის მხარდამჭერები საკმაოდ მრავლად არიან) არგუმენტებს ეძებენ ტრამპის იმ გადაწყვეტილების გასასამართლებლად, რომლის თანახმადაც ნებადართულია კოვიდ-19-ის განსაკურნავად, აბორტირებული ნაყოფის ქსოვილიდან მიღებული მკურნალობის მეთოდების გამოყენება. რაც შეეხება მეორე მხარეს, აბორტის მომხრეთა უმეტესობა (ძირითადად აშშ-ს პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები) აფორიქებულები არიან, რადგან ტრამპი კოვიდ-19-ისგან მისი (ხილული) ,,სწრაფი გამოჯანმრთელების“ გამო დავალებულია ისეთი მედიკამენტებისგან, რომლებიც, სხვა ადამიანთათვის დახმარების შემთხვევაში, აღიარებულნი ან თუნდაც განდიდებულნი იქნებოდნენ.  

ამ დროს კი ღმერთი, რომლისთვისაც ,,უცხოა მიკერძოება“ (საქმეები 10:34), ყოველი მოვლენა ყოვლადძლიერებასა და მის გამჭვრეტელობას გამოხატავს და რომელიც განსჯის ყოველთა გულებს, იყენებს ისტორიულ მოვლენებს, რათა გვასწავლოს, თუ როგორ ვეცემით მისი სიყვარულისაგან განშორებით. ნეტავ,  შეგვეძლოს მის სწავლებათა ჩვენში დაუნჯება.  

მჯერა, რომ შეიძლება სწორედ ამიტომ უფალი (პაპ ფრანცისკეს, პატრიარქ ბართლომეოსისა და სხვათა მიერ) წმინდა ფრანცისკე ასიზელის სწავლებათადმი დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. უპოვარი (იგულისხმება ფრანცისკ ასიზელი) არაა მხოლოდ ცნობილი პედაგოგი რასიზმის, ძალადობის, რელიგიათაშორისი ქიშპის, არატოლერანტობის, სიღარიბისა და ეკონომიკური უსამართლობის საკითხებთან დაკავშირებით, არამედ, რომის კათოლიკე ეკლესიის სწავლების მიხედვით, იგია, ასევე, ცხოველთა და ეკოლოგიის მფარველი წმინდანი და ჩვენი გლობალური ეკონომიკური კრიზისისა თუ ბოლოდროინდელი კოვიდ-19-ის პანდემიისას, ყოველი მორწმუნის წინამძღვარი. 

წმინდა ფრანცისკეს მეშვეობით ქრისტე გვკარნახობს (როგორც მან ერთხელ გააკეთა გალილეისა და იუდეის ველებსა თუ მტვრიან გზებზე), რომ მაქსიმალურად ,,მივიღოთ ის, რაც მოგვანიჭებს მშვიდობას“ (ლუკა 19:42). მაშინდელივით, საკითხი ახლაც იგივეა – თუ როგორ მიიღებს ეს თაობა ქრისტეს უწყებას, ჯიუტი უარყოფითა  თუ მკაცრი სწავლების მიღებისადმი მზაობით. როგორც უფალმა მის თანამემამულეებს უთხრა: ,,ამჟამად დაფარულია ეს [თქვენს] თვალთაგან“ (ლუკა 19:42), ნეტავ, ჩვენც ისევე მოგვიგებს? უფრო უარესი კატასტროფა ხომ არ მოხდება ჩვენზე და ჩვენს შვილებზე, იმასთან შედარებით, რაც ქრისტეს ცნობილი გაფრთხილებიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ იერუსალიმის ტაძარსა და ისრაელის მიწას მოეწია?

ღმერთის განუზომელი მოწყალების ფონზე რატომ ვართ კვლავ ასეთი ჯიუტი და ქედმაღალნი?

წმინდა ფრანცისკე გზას გვიჩვენებს: ის აცნობიერებს, რომ მანამ, სანამ სხვათა ცოდვების გამოსწორებას შევუდგებით, ჯერ ჩვენსას უნდა მივხედოთ (იხ. მათე 7: 1-5). როდესაც ფრანცისკემ გააცნობიერა ის გზა, რომელსაც უნდა შედგომოდა (ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოისმინა ჯვარცმული ქრისტეს ხმა, ღვთისა, რომელიც  განკაცებული სიყვარულია და რომელიც მას წმინდა დამიანეს ეკლესიის ჯვარცმის სახით გამოეცხადა), მან სინანულის სიცოცხლე და უბრალოების სახარება მეყვსეულად შეითვისა. ფრანცისკე სახარებისეული სიცოცხლის საკუთარი გულის სისავსეში, გონებასა და ძალაში დაუნჯებით (იხ. მარკოზი 12: 30) მსოფლიოს (და  საკუთარი) პრობლემების მომგვარებელი გახდა. იგი  ეგვიპტეშიც კი გაემგზავრა და დამიეტას სულთან ალ-ქამილსაც შეხვდა ერთადერთი საწადელით, რომ ქრისტიანულ ლეგიონებსა და ისლამურ ძალებს შორის შუამავალი ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ მოკლე ვადაში ეს ვერ მოახერხა (თუმცა, სულთნის პატივისცემა და აღფრთოვანება დაიმსახურა), საბოლოოდ, მისი მცდელობები ამაო მაინც არ გამომდგარა.

იმასაც ვიტყვით, რომ ზოგიერთის აზრით, ჯვაროსნობები იმიტომაც შემცირდა (გარკვეული ათწლეულების, ან თუნდაც საუკუნეების მანძილზე), რომ ბევრი ევროპელი ჯვაროსანი წმინდა ფრანცისკეს პირველ, მეორე და მესამე ორდენებს შეუერთდა (შესაბამისად, მინორიტი ძმების, წმინდა კლარას მონაზვნებისა და საეროთა მორჩილების ორდენებს). ამგვარად, ისინი აღთქმასაც დებდნენ, რომ მშვიდობისადმი თავის მიძღვნით ეცხოვრათ. ამ მაგალითთა დამსახურებით, მთელი ევროპის მასშტაბით, ,,ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ“ ბრძოლის ვნება  ეტაპობრივად შემცირდა არა მხოლოდ დასახელებულ ორდენთა შორის, არამედ, ზოგადადაც.

წმინდა ფრანცისკემ თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს მიიღო, როგორც ჯილდო (ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკუთარი სარწმუნოების დამოწმება), ცეცხლოვანი, ჯვარცმული სერაფიმის ხილვა. მას ქრისტე ზეციური არსების სახით  გამოეცხადა, როგორც ,,ყოვლის განმწმენდელი საღვთო სიყვარულის ცეცხლის“ ცოცხალი სიმბოლო. მაშინ იყო, რომ წმინდა ფრანცისკე სტიგმატებით აღიბეჭდა (და გახდა ისტორიაში პირველი პიროვნება, რომელიც ქრისტეს ვნების ნიშანთა აღბეჭდვით გახდა ცნობილი). ამგვარად, ,,უპოვარმა“ ჯვარცმული ქრისტეს ცოცხალ ხატში ფერი იცვალა. წმინდანის ხილვა ღმერთის იმ ბეჭედს-სიყვარულს ასაჩინოებს, რაც ადამიანის ხორცს ახლებურად აღბეჭდავს.  

წმინდა ფრანცისკე, მრავალი რამის გამო, არის ფიგურა, რომელიც, წმინდა ისააკ ასურის მსგავსად, ორ განყოფილ ქრისტიანულ ტრადიციას შორის დგას, რამდენადაც მან სწორედ ის ქრისტიანული, ან უკეთესი იქნება თუ ვიტყვით- ქრისტესმიერი სათნოებები გამოაჩინა, რომელთა აღორძინებასა და განახლებას ყოველგვარი ტრადიციის მიმდევარი მორწმუნეები ესწრაფვიან. მისი მაგალითი საჩუქარია, როგორც მართლმადიდებლების, ასევე, კათოლიკეებისთვის, როგორც ეს არაერთ მართლმადიდებელ მოაზროვნეს წარსულში უთქვამს და, ამჟამად, იგია განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ისეთი ფიგურა, რომელიც ჩვენი დროის ყველა კრიზისზე გამორჩეული შესაფერისობით, ძალითა და მშვენიერებით საუბრობს.   

ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანისათვის გონივრული იქნება, რომ გამოვიკვლიოთ (კიდევ ერთხელ, ან ცხოვრებაში პირველად) მწირი, უპოვარი ასიზელი კაცის ცხოვრება, და ვკითხოთ საკუთრ თავებს, ჩვენს ცხოვრებაში (როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე პიროვნებათა ერთობლიობის შემთხვევაში) თუ რა გვაუწყა უფალმა. წმინდა ფრანცისკე ლოცულობდა, რომ ,,მუდამ ყოფილიყო [ქრისტეს] მშვიდობის იარაღი.“ რეალურად, მან მიწაზე ეს მშვიდობა მოიმუშაკა და მისთვის სრბოლა ზეცაში გააგრძელა. დაე, წმინდა ფრანცისკეს მაგალითისამებრ, ჩვენს სიცოცხლეში საკუთარი თავები საღვთო მშვიდობას (ებრ. შალომ) გავუღოთ, გულწრფელი თავმდაბლობითა და გაოცებით (იხ. მათე 18:3).  

ლოცვა მშვიდობისადმი წმინდა ფრანცისკესი

უფალო, გამხადე შენი მშვიდობის იარაღი:
სადაც სიძულვილია, დამათესინე სიყვარული;
სადაც წყენაა- მიტევება;
სადაც დაეჭვებაა- სარწმუნოება;
სადაც უსასოებაა-იმედი;
სადაც სიბნელეა-სინათლე;
სადაც მწუხარებაა-სიხარული;
ჰე, უფალო, მომეცი ძალა გავუგო, იმის მაგივრად, რომ სხვათა მიერ ჩემი გაგება ვისურვო,
ნუგეში ვცე და ნუგეშინის ცემა არ ვისურვო,
მიყვარდეს და არ ვისურვო, რომ ვუყვარდე,
რამეთუ, გაცემისას ვიღებთ,
მიტევებისას გვეპატიება,
ვკვდებით, რათა საუკუნოდ ვიცხოვროთ.
ამინ.


ალფრედ დ. თერნიპსიდი (Alfred D. Turnipseed) არის აფრო-ამერიკელი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც ძირითადად ქრისტიანული განათლების სფეროში მოღვაწეობს. იგია მოსიყვარულე ძმა და ბიძა. მას, ასევე, საყვარელი კატაც ჰყავს და ცხოვრობს სამხრეთ ბენდიში (ინდიანა).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.