მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება: რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანები

გიორგი სტავროსი (George Stavros)

...

,,მე კარგად ვიცი ჩემი სუსტი და უძლური სულისა. ვიცი ამ მსახურების მნიშვნელობაცა და სირთულენიც მისი. ხუცესის სულს, ხშირად დაჰფარავენ ხოლმე ტალღები, ზღვაზე რომ ჩნდება ხოლმე ქარის ამოვარდნისას, იმაზე დიდი“ (წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ, 3.8.).[1]

მეოთხე საუკუნის დასარულს, დაახლოებით 1600 წლის წინ, წმ. იოანე ოქროპირი (რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხელდასხმული), ძალიან პიროვნული საკითხის გამო საგონებელში იყო ჩავარდნილი- დათანხმებოდა თუ არა მღვდლობის მოწოდებას. მღვდლობის მსახურების გამოწვევათა მრავალი მისეული შეფასება, იმის მიუხედავად, რომ IV-V საუკუნის ანტიოქიაში ჩამოყალიბდა, XXI საუკუნის ამერიკაში არსებული მართლმადიდებლობისთვისაც არაა შეუსაბამო. აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები ქრისტეს სხეულის ძვირფასი და უნიკალური წევრები არიან, იმ როლებიდან და მოლოდინიდან გამომდინარე, რაც მათზე, როგორც ხალხისა და კრებულების სულიერი სიცოცხლის მსახურებისთვის მოწოდებულ პიროვნებებზე არის დაკისრებული. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც თავად სასულიერო პირები და მათი ოჯახები, მზარდად სეკულარულ კულტურაში, წმინდა მსახურების ტვირთის გამო იმყოფებიან, შეუძლებელია სათანადოდ არ დაფასდეს. ეს ტვირთი დასტურდება, როგორც ძველი პატერიკული სიბრძნით, ასევე, თანამედროვე სოციალური მეცნიერების მოწმობით.

სამოძღვრო როლი, როგორც რისკ ფაქტორი

,,მღვდელი მღვიძარე და წინდახედული უნდა იყოს, ყოვლისმჭვრეტელი თვალი უნდა ჰქოდნეს, ყველაფერი უნდა შეამჩნიოს, რადგან თავისი თავი კი არ აბარია მხოლოდ, არამედ უამრავი ხალხი” (წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ, 3. 12).

სოციალურ მეცნიერებათა მიერ, სასულიერო პირთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა ადასტურებს სასულიერო პირთა, როგორც ,,First Responder-თა“[2] უნიკალურ როლს, რამდენადაც პირველად სწორედ მათგან მოელიან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ სამოძღვრო ზრუნვას. ზემოთნახსენებ სიტუაციებში იგულისხმება: ფსიქიკური ჯანმრთელობა, ქონების გაფლანგვა, ოჯახური და ფინანსური კრიზისები, და უბედური თუ სამწუხარო შემთხვევები. ხშირად, სასულიერო პირებს განსაკუთრებულ სიტუაციებში ჩართვისკენაც უხმობენ, იმ მოლოდინით, რომ შესაბამისი თერაპიითა და მიდგომებით, საკუთარი სამწყსოს დახმარებას შეძლებენ. ეს კი პროფესიული ტრენინგებისა და კომპეტენციის უფრო მაღალ დონეს მოითხოვს, ვიდრე მათ აქვთ. ეს   ყოველივე მათ ლიტურგიკულ, ადმინისტრაციულ, სწავლებით და ქადაგებით ასპექტებს ემატება. როდესაც სამოძღვრო პასუხისმგებლობა საკმარის განათლებასა და მხარდაჭერას არ თანხვდება, მაშინ, სამოძღვრო მზრუნველობიდან გამომდინარე მიღებული ტრავმები (რაც სხვების ტრავმების რეგულარული მოსმენის, გათავისებისა და სხვების პრობლემების გამო, საკუთარი თავის დაზარალების  შედეგებია) და გამოფიტვა, სამღვდელოების თანმდევი საფრთხე ხდება. 

აგრესიულობა, როგორც რისკ ფაქტორი

,,ირგვლივ მყოფნი მზად არიან ავნონ მას რაიმე. ნათქვამი მხოლოდ მტრებსა და მოწინააღმდეგეებზე როდი ვრცელდება, არამედ იმ ხალხზეც, თავი მეგობრებად რომ მოაქვთ“ (წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ, 3. 14)

მაშინ, როდესაც ოქროპირის ფრაზები შეიძლება გაზვიადებულად გვეჩვენებოდეს, კვლევის შედეგები, რომელიც ახლახანს დენილსენის ინსტიტუტმა (ბოსტონის უნივერსიტეტი) ჩაატარა, ადასტურებენ იმ გამოწვევებთან დაკავშირებულ რეალობას, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება ყოველდღიურად ხვდება. ამერიკაში არსებული ბერძნული წესის მართლმადიდებელი სასულიერო პირების მეუღლეთა შესწავლამ ცხადყო, რომ 200 რესპოდენტიდან 40%-ს აქვს ტრავმასთან დაკავშირებული სიმპტომები ისეთ დონეზე, რომელიც პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობას (PTSD) აკმაყოფილებს, რაც ჩვეულებრივ მოსახლეობასთან შედარებით  ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელია. ეს შედეგები იოანე ოქროპირის დაკვირვებებს თანხვდება, რომ სასულიერო პირებისა და მათი ოჯახების ტრავმებისა და აშლილობის მთავარი წყარო, იმ აგრესიისაგან მომდინარეობს, რომელთანაც შეხვედრა მსახურების კონტექსტში მოუწიათ.

ამ აშლილობის ზოგიერთი წყარო სხვადასხვაგვარ ვითარებებსაც გადმოგვცემს. მაგალითად: უბედური, გაბრაზებული, აღელვებული, და ზოგჯერ მრევლის სადისტი წევრების გავლენას, რომლებიც საკუთარ ყურადღებასა და უკმაყოფილებას მოძღვრისა და მოძღვრის ოჯახისკენ მიმართავდნენ (,,მეშინოდა მრევლის გაბრაზებული წევრების“). ასევე, აღსანიშნავია ისეთ დაწინაურებულ ერისკაცებთან, სამრევლო საბჭოების წევრებთან დაპირისპირება, რომლებიც სამრევლო კრებულებში საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის შენარჩუნებას ცდილობდნენ (,,სამრევლო საბჭოს სამი წევრი წლების განმავლობაში მაშინებდა“), რასაც მმართველი ეპისკოპოსის მხრიდან გულგრილობა ემატებოდა (,,ეპისკოპოსთა მხარდაჭერის ნაკლებობა გამანადგურებელი და აუხსნელი იყო“). მათ არ შეუძლიათ საკუთარი ტრავმების ყველა ეპიზოდი დაახასიათონ, ამის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ როდესაც მღვდლები და მათი ოჯახები, დამცველობითი ურთიერთობების, სტრუქტურებისა და წინამძღვრების ნაკლებობის პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე, მაშინ, ტრავმული სიმპტომების გამომჟღავნების საშიშროება, დრამატულად იზრდება.

ნარცისიზმი როგორც რისკ ფაქტორი

,,სულმოკლე, პატივმოყვარე, ამაყი თუ სხვა რაიმე ვნება ჭირს; ასე ავლენს ყველანაირ სისუსტეს და არა მარტო ავლენს, უფრო მძიმესა და დაუოკებელსაც ხდის მათ“ (წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ, 6. 8).

ადამიანის ფსიქოლოგიაზე დაკვირვებათა უმეტესობა ადრეული ურთიერთობების გამოცდილებისა და საცხოვრებელი გარემოს გავლენის ეფექტზე მიუთითებს. ადრეული პერიოდის სასიყვარულო გარემოს გამოცდილება ადამიანის ცხოვრების მანძილზე, დამცველი ფარის ფუნქციას ასრულებს, მაშინ როდესაც, შეურაცხმყოფელ, უყურადღებო და შეუმდგარ ადრეულ ურთიერთობებს, შედეგად ხანგრძლივი გამოწვევები შეუძლიათ მოიტანონ, რომლებიც ამ ადამიანებისთვის ნდობისა და სიახლოვის ფაქტორების განვითარებას გაართულებენ. ამგვარი პროცესებისაგან სამღვდელოებაც არაა დაცული. რეალურად, სასულიერო პირთა დიდი ნაწილი ადრეული ტრავმისა და მარცხის გავლენას ატარებენ, იმ გამოცდილებას, რომელიც მსახურების სოციალურ გარემოში მათ უფრო მეტად  მოწყვლადს ხდის. რელიგიურ ლიდერთა შესახებ ჩატარებული ბოლო კვლევები ხაზს უსვამენ სასულიერო პირთა შორის ჭიდილის ერთ კონკრეტულ ტიპს, ეს გახლავთ ბრძოლა თავმდაბლობით და თავდაცვით ნარცისიზმს შორის.

ეს კვლევა სიმდაბლეს ისეთ შემდგენლად განსაზღვრავს, რომელთანაც  დაკავშირებულია- საკუთარი თავის მართებული შემეცნება, გააზრება, გახსნილობა და სხვათადმი გულღიაობა, რომელიც სოციალურ სტატუსით ნაკლებადაა  დაინტერესებული, ჩაგრულისადმი სოლიდარობას იჩენს და შეუძლია, რომ სირცხვილისა და სიამაყის გრძნობები მოთოკოს. ამ შტრიხების ქონა ეფექტურ რელიგიურ წინამძღოლობასთან ხშირად პირდაპირ კავშირშია. სიმდაბლე ღვთისადმი, საკუთარი თავისადმი და სხვათადმი გახსნილობით ხასიათდება. საპირისპიროდ, ნარცისიზმს ახასიათებს შიში, თავდაცვა, საკუთარი თავის პატარა და სუსტ არსებად, ხოლო სხვებისა კი ძლიერ მოძალადედ აღქმა. ნარცისიზმის ორ ტიპი არსებობს, მოწყვლადი და პომპეზური. ნარცისულად მოწყვლად სამღვდელოებას აქვთ ძლიერი მოთხოვნილება იმისა, რომ ,,კარგებად“ აღიქმებოდნენ, ემჩნევათ საკუთარი მოწყვლადობის დამალვის ტენდენცია. ისინი საკუთარ ყურადღებას მეტად აქცევენ მრევლს ისეთ წევრებს, რომლებიც მათ კარგად, დამცველებად და მხარდამჭერებად აღიქვამენ. ისინი შეიძლება პიროვნებათაშორის კონფლიქტებში ემოციურად მერყევნი იყვნენ. ნარცისულად პომპეზურ სამღვდელოებას ძლიერი მოთხოვნილება აქვთ, რომ გამორჩეულებად იხილვებოდნენ და ტენდენცია იმისა, რომ პიროვნებათაშორის ურთიერთობებში იყვნენ წარმმართველები, დომინანტები, სხვები აკონტროლონ და მათზე საკუთარი ძალა გამოავლინონ. შეინიშნება, რომ როგორც მოწყვლადი, ასევე, პომპეზური ნარცისიზმი დამახასიათებელია ისეთ სასულიერო პირებში, რომელთაც გამოფიტვა, სერიოზული პიროვნებათაშორისი კონფლიქტი და ძალადობის კვალი გამოუცდია.

ქრისტეს სხეულზე ზრუნვა

,,მღვდელმა რაღაც ანდამატივით იარაღი უნდა მოიშველიოს და ყოველი მხრიდან უნდა მოიზღუდოს თავი, გულმოდგინე, დაკვირვებულ მღვიძარებაში უნდა ატარებდეს თავის სიცოცხლეს, სუსტი და დაუცავი ადგილი რომ არ აღმოუჩინოს ვინმემ სასიკვდილო ჭრილობის მისაყენებლად, რადგან ირგვლივ მყოფნი მზად არიან ავნონ მას რაიმე” (წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ, 3. 14),

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთაღნიშნული სისუსტეები გადაულახავი დაბრკოლებები არ არან. იერარქიის თანმიმდევრული დაცვა და სასულიერო პირებისა და მათი ოჯახების (რომლებმაც საკუთარი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნეს) მხარდაჭერა კრიტიკული საკითხია. უწყვეტი განათლების, წვრთნისა და დამხმარე ჯგუფების ჩართულობა დადასტურებულია, რომ მღვდლებისა და მათი მეუღლეებისათვის საჭიროა.

 ამერიკის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ სამთავარეპისკოპოსოში სამრევლოს წინამძღვართათვის უკვე არსებობს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სამღვდელოებასა და მრევლს შორის, ორმხრივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის განვითარების მიზნით უფრო უნდა გაფართოვდეს. და ბოლოს, ძალისხმევის გაგრძელებაა საჭირო იმ ეფექტური და თერაპიული რესურსების დასადგენად, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომნი იქნებიან და  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას შეეჭიდებიან.


საკითხთან დაკავშირებული წყაროები:

  • Neville, G., Moxon, T. A. (1977). Six Books on the Priesthood. United States: St. Vladimir’s Seminary Press.
  • Ruffing, E. G., Bell, C. A., & Sandage, S. J. (2020). PTSD symptoms in religious leaders: Prevalence, stressors, and associations with narcissism. Archive for the Psychology of Religion, 0084672420926261. https://doi.org/10.1177/0084672420926261
  • Ruffing, E. G., Devor, N. G., & Sandage, S. J. (2018). Humility challenges and facilitating factors among religious leaders: A qualitative study. Journal of Spirituality in Mental Health, 1–23. https://doi.org/10.1080/19349637.2018.1520184
  • Ruffing, E. G., Paine, D. R., Devor, N. G., & Sandage, S. J. (2018). Humility and Narcissism in Clergy: A Relational Spirituality Framework. Pastoral Psychology. https://doi.org/10.1007/s11089-018-0830-4
  • Sandage, S. J., & Briggs, D. (2020, April 27). Humility and religious leadership. The ARDA | Global Plus. http://globalplus.thearda.com/globalplus-humility-and-religious-leadership/
  • Sandage, S. J., Jankowski, P. J., Bissonette, C. D., & Paine, D. R. (2017). Vulnerable narcissism, forgiveness, humility, and depression: Mediator effects for differentiation of self. Psychoanalytic Psychology, 34(3), 300–310. https://doi.org/10.1037/pap0000042
  • Stavros, G., Sandage S., Onofrei, C., & Paine, D. (2015). Trauma, Relational Spirituality, and Resilience: A Study of Greek Orthodox Priests and Presvyteres.  Unpublished report.

[1]  ქართული ციტატები ნაშრომიდან- ,,წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ“, მოხმობილი იქნება მითითებული წყაროდან-  ,,წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ“,  თარგმნეს მანანა ჩიქვანაიამ და რუსიკო ბუაჩიძემ, http://library.church.ge/index.php?option=com_content&id=142:2010-01-30-08-48-31&catid=38:2009-12-29-11-32-24&Itemid=66&lang=ka

[2] First responder- იგულისხმება გადაუდებელ სიტაციათა სამსახურში მომუშავე პერსონალი, რომლებიც საფრთხეში მყოფ ობიექტებს პირველად დახმარებას უწევენ (იქნება სასწრაფ-სამედიცინო, სახანძრო, სამაშველო თუ სხვა სახის დახმარება).


ჯორჯ სტავროსი (George Stavros) არის სამოძღვრო ფსიქოლოგიის კლინიკური, ასოცირებული პროფესორი და ბოსტონის უნივერსიტეტთან არსებული ალბერტ და ჯესი დანილსენის ინსტიტუტის (Albert and Jessie Danielsen Institute at Boston University) აღმასრულებელი დირექტორი.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.