დიაკონი ეზრა ტელალიანი (Ezras Tellalian)

ამერიკაში დაბადება და გაზრდა წყალობა იყო ჩემთვის, რადგან უშუალო ომი არასდროს განმეცადა. იქ ომი აღიქმებოდა ისეთ რაღაცად, რაც ,,სხვაგან“ ხდებოდა და არა იქ, სადაც მე ვცხოვრობდი.
საბედნიეროდ, სომხური ლიტურგიის შემადგენელი გარკვეული ლოცვები, როგორიცაა მაგალითად ,,ტყვეობასა შინა მყოფი ჩვენი ძმების ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის“ (რომელიც დიპტიქების წაკითხვის შემდგომ წარმოითქმის), ჩვენ უშუალოდ არ გვეხებოდა. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისადმიც მშვიდობიანი და ცენტრალური კალიფორნიიდან ვლოცულობდით?
ვითარება დრამატულად შეიცვალა, როდესაც 2020 წლის 27 სექტემბერს არცახში (მთიან ყარაბაღში) ომი დაიწყო. უეცრად სომხები იმ კონფლიქტში ჩაერთნენ, რომლის დაწყების ინტერესიც საერთოდ არ ჰქონდათ, რადგან მათ მხოლოდ მშვიდობიანი ცხოვრების გაგრძელება სურდათ იმ ტერიტორიაზე, სადაც საუკუნეები ცხოვრობდნენ. ნეტავი ეს შესაძლებელი ყოფილიყო…
პირველივე კვირის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს კონფლიქტი ისე სწრაფად არ მორჩებოდა, როგორც 2020 წლის ივლისში და არც 2016 წლის აპრილის მსგავსად 4 დღეში. ომში წასვლაზე მეც დავფიქრდი. მეორე კვირის განმავლობაში ომი პიროვნულადაც შემეხო, როდესაც ჩემი მეგობარი ბრძოლაში დაიღუპა. უკმაყოფილო ვიყავი რა, მოვლენების ჟურნალისტური გაშუქებით (რომელიც მხოლოდ საბრძოლო ოპერაციებსა და დაჭრილ ჯარისკაცებს ეხებოდა), გადავწყვიტე წავსულიყავი და ფოტოგრაფიულად აღმებეჭდა თავშესაფარში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების ყოფა, მათი ზარალი და იძულებითი გადაადგილება. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებულმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ (Civilnet) ჩამსვა გუნდში, რომელიც რეპორტიორის, ოპერატორისა და მძღოლისაგან შედგებოდა და ოქტომბრის შუა რიცხვებში არცახში გავემგზავრეთ.
არცახში მხლოდ ფოტოგრაფად კი არა, არამედ, ფსიქოლოგად და დიაკვნადაც წავედი. ჩემს ოჯახს და მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემს იქამდე უცნობ იდენტობებთან დაკავშირებას წარმოადგენდა ისეთი გზით, რომელიც იქამდე წარმოუდგენელი იყო, ან შეიძლება უნდა წარმომედგინა. მე ისეთ ხალხს შევთავაზე საკუთარი თავი, რომელსაც სურდა, რომ ჩემს ხელთარსებული ყველა საშუალებით დავხმარებოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი წინამიძღოდა მე.
ჩვენ მთავარეპისკოპოს პარგევთან, მღვდლებთან და დიაკვნებთან ერთად ერთი ეკლესიის მოპირდაპირედ ვცხოვრობდით, რომლის ქვეშაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. სასულიერო პირები სომხური წესის სამონასტრო ტიპიკონის ყოველდღიურ ცხრა მსახურებას აღასრულებდნენ. უწყვეტი ლოცვის გარდა, სხვა განა რის გაკეთება შეეძლოთ მათ ასეთ მდგომარეობაში? ტაძარში არ ვიკრიბებოდით (რადგან ეს ძალიან საშიში იყო), არამედ თავშესაფრის სკამებისა და ყუთებისგან სახელდახელოდ გაკეთებულ საკურთხეველში ვლოცულობდით.
შაბათის ერთ საღამოს, როდესაც ნათლისა და აღდგომის ტონებით აღვსილები დიდ მწუხრს აღვასრულებდით, ღრმა ემოცია ვიგრძენი, რადგან მშვიდობისადმი ვლოცულობდით. ლოცვა ასე მძაფრად პირველად შევიგრძენი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ტაძარი თავად იყო სამიზნე, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დავბომბილიყავით და ეკლესიის ნანგრევებში მოვყოლილიყავით. როგორც დიაკონმა ვიცდოდი ღვთისმსახურების მიწურულს წარმოსათქმელი კვერექსი:
მოიხსენე უფალო,
მსახურნი შენი,
ჩვენი მშობლებელნი, მასწავლებელნი,
ძმანი, მეგობარნი,
თანამგზავრნი, მომლოცველნი,
მოგზაურნი, მიცვალებულნი,
მუშაკნი, აღმსარებელნი,
მონანულნი, ტყვეობასა შინა მყოფნი, სნეულნი,
ტანჯულნი, მთავარნი,
ბოროტისმოქმედნი, კეთილისმოქმედნი,
მტერნი და მოძულენი ჩვენი,
და რომელნიც სარწმუნოებით გვიხმობენ [რომ მათთვის ვილოცოთ].
ვლოცულობდით აზერბაიჯანელთა ტყვებაში მყოფი ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ, ასევე, აზერბაიჯანელთა, თურქთა, სირიელ დაქირავებულ მებრძოლთათვის- ჩვენს ბოროტმოქმედთა და მტერთათვის, ვისაც ვძულდით და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მოვეკალით. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ?
ესაა ჩვენი სარწმუნოება. ამიტომ ვართ ქრისტიანები.
ეს არ ყოფილა რაიმე მაღალი საღვთისმეტყველო მიზანი, რომ დაგვეცვა ქრისტესეული მცნებები მტერთა და მდევნელთა სიყვარულის შესახებ. ეს არ ყოფილა თეორეტიკული სიტყვები, არამედ რეალური ლოცვები დევნის ჟამს. მაგრამ კიდევ რა უნდა გავაკეთოთ სიძულვილის წილ? თავად ჯვარზე გაკრული ქრისტე მათადმი მიტევებისათვის ლოცულობდა, ვისაც იგი ეზიზღებოდა, ვინც მას შეურაცხყოფდა, და კლავდა. მტკიცედ მჯერა, რომ ეს ლოცვები მხოლოდ მათადმი კი არაა განკუთვნილი, ვისაც უშუალოდ მიემართება, არამედ ჩვენთვისაც. მტებისადმი ლოცვით ჩვენ წინ ვუდგებით ცდუნებას, რომ მივაგოთ სიძულვილი სიძულვილის წილ და ერთმანეთს სიყვარულისმიერი ცხოვრებისაკენ შევაგონოთ.
ომის შემდეგ, ერთ-ერთი ონლაინ ინტერვიუს დასასრულს, მამა ვაზგენ მოვსესიანი შემეკითხა, თუ რომელ ლოცვას წარმოვთქვამდი. მე იესოს სიტყვების პერიფრაზირება გადავწყვიტე…
ვლოცულობ, რომ
მოვედინ მშვიდობისა და სიყვარულის სუფევა,
რომ იყოს ნება ღვთისა, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
მოგვეცეს რაც კი არსობისათვის გვჭირდება,
ხორციელიცა და სულიერიც,
მოგვეტევოს ჩვენ, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ სხვებს,
რომ გავძლიერდეთ რწმენაში,
და აგვცდეს განსაცდელი.
დიაკონი ეზრა ტელალიანი (Ezras Tellalian) არის წმინდა ვლადიმერის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიისა და წმინდა სერსეს სომხური სემინარიის (2009) კურსდამთავრებული. ამჟამად იგი ასრულებს სადოქტორო პროგრამას კოგნიტურ, სოციალურ და განვითარებად ფსიქოლოგიაში (The New School). მისი ფოტოსურათები ხელმისაწვდომია საიტზე- rezras.com
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.