კატეგორიის გარეშე

კულტურული ომები ჩვენ არ გვეხება

Published on: დეკემბერი 21, 2020
Total views: 230
Readers' rating:
0
(0)

არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი (Cyril Hovorun)

ამერიკული საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია, რომ სიტუაცია ისე გამოიყურება, თითქოს ცივ სამოქალაქო ომში შევედით. ამ ომს მეორე სახელიც ქვია- კულტურული ომი, რომელიც არის გერმანული Kulturkampf-ის ზედმიწევნითი თარგმანი. კულტურული ომები არ არიან ნამდვილი ომები და ბუნებრივია კულტურას არ ეხებიან. ისინი იდეოლოგიური დაპირისპირებანი არიან.   

იდეოლოგიები სეკულარული კონსტრუქციები არიან. ისინი ევროპული განმანათლებლობის პერიოდში გამოჩნდნენ. მათ შემქმნელებს მიზნად სამყაროს შესახებ არსებული მცდარი რელიგიური შეხედულებების შეცვლა ჰქონდათ.  ირონიულია, რომ ამ იდეოლოგიებმა გავლენა მოახდინეს არა მხოლოდ სეკულარულ საზოგადოებებზე, არამედ, ასევე, ქრისტიანულ ეკლესიებზეც (არადა, ეკლესიებს ამ იდეოლოგიებისადმი შეუთავსებლად მიიჩნევდნენ). იერარქები, მღვდლები და თეოლოგები ძალიან ხშირად ამ კულტურულ ომებსა და იდეოლოგიურ ბრძოლებში მონაწილეობენ.

კულტურულმა ომებმა მრავალ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეაღწია. მაგალითად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ ყველაფრისგან უარყოფით გავლენას განიცდის. ამ ეკლესიაში შეიმჩნევა ისეთი მართლმადიდებლობის აშენების ტენდენცია, რომელიც იდეოლოგიურ კონსერვატიზმს ეყრდნობა, რაც კულტურული  ომების ერთი პოლუსია. საპირისპირო პოლუსი- ლიბერალიზმი- ამ ეკლესიაში ერესის ფორმად აღიქმება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურული ომებისთვის დამახასიათებელი ირონიაა, რომ ის ხალხი, რომლებიც ამერიკული პოლიტიკური კულტურის ენას იყენებენ, ყველაფერ ამერიკულს საჯაროდ გმობენ.

კულტურული ომები ამერიკული ქრისტიანობისთვისაც დამახასიათებელია. ევანგელური ეკლესიები მათ ავანგარდში არან. კულტურული ომების გავლენამ ამერიკული კათოლიციზმზი (American Catholicism) მსოფლიოს კათოლიკური ეკლესიის ყველაზე პოლარიზებულ ნაწილად გარდაქმნა. სამწუხაროდ, ამ იდეოლოგიური კონფლიქტების შედეგად მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი ინსტიტუტები დაზარალდნენ.

მართლმადიდებლური კრებულების ლიბერალური ან კონსერვატიული ბანაკებისკენ გადახრის მცდელობები, მე-16 მე-17 საუკუნეების ევროპაში მიმდინარე კონფესიურ ომებს მახსენებს. იმის მიუხედავად, რომ ეს კონფლიტები მართლმადიდებელ ეკლესიასთან პირდაპირ კავშირში არ იყვნენ, იმ დროის ბევრ მართლმადიდებელს მიაჩნდა, რომ ეკლესია რეფორმაციის, ან კონტრ-რეფორმაციის მოკავშირე უნდა ყოფილიყო. ამან განაპირობა, რომ მამა გიორგი ფლოროვსკის, მართლმადიდებლური თეოლოგიისა და ეთოსის ,,ფსევდომორფოსის“ შესახებ ესაუბრა. ამერიკაში მიმდინარე კულტურულ ომებში, მართლმადიდებლური ჯგუფების მზარდ ჩართულობას, მსგავსი შედეგი მოაქვს.

ისტორიული შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ იდეოლოგიური კონფლიქტები მხოლოდ თანამედროვეობის ფენომენია. შეიძლება იმის თქმა, რომ პროტო-იდეოლოგიები (πρωτο-ιδεολογίες) თანამედროვეობამდელ პერიოდშიც არსებობდნენ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ჩემი აზრით, ანტიკურობის ჟამსა და შუა საუკუნეებში გარკვეულწილად პროტო-კულტურული ომები (proto-culture-wars) გამოსცადა.  მართლაც, თუკი ჩვენ კარგად დავაკვირდებით წინა ეპოქების ზოგიერთ კლასიკურ თეოლოგიურ დაპირისპირებას, მათი იდეოლოგიური საფუძვლების დადგენასაც შევძლებთ.  მაგალითად, მეექვსე საუკუნეში მიმდინარე ცნობილ ორიგენისტულ დავას თავად ორიგენესთან კი არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი, არამედ, უფრო მეტად, იგი შედარებით გახსნილ და შედარებით ჩაკეტილ მენტალიტეტებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაგრძელება იყო. ეს ორი მენტალობათაგანი ჩვენი თანამედროვე კულტურული ომების საძირკვლებიც არიან.   

ჩემი აზრით, უძველესი პროტო-კულტურული (πρωτοπολιτισμικών) ომების უფრო ნათელი მაგალითი, ორი ადრექრისტიანული მიდგომის ბერძნულ-რომაული (წარმართული) კულტურისადმი დაპირისპირება იყო. დასაწყისში ეს დამოკიდებულებები პოლარიზებული გახლდათ. ერთი მხრივ, არსებობდნენ ტატიანესა და ტერტულიანეს მსგავსი ღვთისმეტყველები, რომლებიც მათ ირგვლივ არსებულ მსოფლიოს (როგორც ქრისტიანობისადმი ბოროტსა და არსებითად მტრულს) უარყოფდნენ. ისინი მათ თანამედროვეებს უბიძგებდნენ, რომ ეკლესია ალყაშემორტყმულ ციხესიმგრედ აღექვათ. ამ დამოკიდებულებას, ამერიკულ მართლმადიდებლობაში მიმდინარე დღევანდელი კულტურული ომის ერთ პოლუსთან ბევრი რამ აქვს საერთო.

  უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროში, ქრისტიანობისადმი რომაული მტრობა თანამედროვე სეკულარიზმის გამოწვევებზე უფრო მეტად მძაფრი იყო. ქრისტიანებს სწორედ რომ მათი სარწმუნოების გამო კლავდნენ. მათ, ვინც ამბობენ, რომ თანამედროვე სეკულარიზმისგან განსხვავებით, რომაული დევნები საფრთხეს ეკლესიის სხეულს უქმნიდა და არა სულს, უნდა შევახსენოთ, რომ ქრისტიანთა უმეტესობამ (მათ ეპისკოპოსებთან ერთად),  როდესაც მოწამეობის შესაძლებლობის პირისპირ აღმოჩნდნენ, ქრისტე უარყვეს. ცხადია, რომ სხეულის დატევების უარყოფა მათ სულსაც უქმნიდა საფრთხეს.   

თუმცა, მეორე მრივ (თანამედროვე ტერმინებისათვის შესაბამისი ანაქრონულობით რომ ვთქვათ) უფრო ,,ლიბერალი“ ქრისტიანებიც არსებობდნენ,  რომლებიც ბერძნულ-რომაულ კულტურას მთელი გულით იღებდნენ, რის  შედეგადაც, ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეოლოგიური კომპოზიცია წარმოიშვა. მაგრამ, ზოგჯერ, ქრისტიანი ,,ლიბერალები,“ როგორიც იყო მაგალითად იოანე ფილოპონოსი (Ιωάννης ο Φιλόπονος) ან იოანე იტალოსი (Ιωάννης ο Ιταλός), წარმართულ იდეებს (ქრისტიანული გამოცხადების კრიტერიუმების შესაბამისი) გადამოწმების გარეშე იღებდნენ, რის გამოც ეკლესიამ ისინი დაგმო.       

ზუსტად ისევე, როგორც დღეს, უძველეს ეკლესიაში მესამე გზაც არსებობდა, რომელიც ორპოლუსიანობას თავიდან იცილებდა. ეს მესამე გზა წარმართულ კულტურას წმენდდა, ჯერკუალს განაგდებდა და კეთილს ითვისებდა. პორფირი ტირელის (Porphyry of Tyre) ქრისტიანული რეცეფცია ამ ბრძნული მიდგომის დასტურია. ნეოპლატონიკოსი  ფილოსოფოსი პორფირი არისტოტელეს შესახებ არსებული შთამბეჭდავი კომენტარების ავტორი იყო. ამავდროულად, იგი უკომპრომისო ანტი-ქრისტიანი პოლემიკოსიც გახლდათ. შესაძლებელია იგი გვიანი ანტიკურობის ყველაზე ანტიქრისტიანი ფილოსოფოსადაც ჩავთვალოთ, თუმცა, ის ქრისტიანული თეოლოგიისათვის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი გახდა. არისტოტელეს კატეგორიების შესახებ დაწერილმა მისმა კომენტარებმა იმ საღვთისმეტყველო ენის საფუძველი შექმნეს, რომელიც ეკლესიას ტრიადოლოგიური დოგმისა და განკაცების შესახებ არსებული მოძღვრებების გადმოცემისათვის დაეხმარა. რეალურად, კაპადოკიელმა მამებმა არსებისა და პიროვნების უმნიშვნელოვანესი ტერმინები კერძოსა და საზოგადოს პორფირისეული დაყოფიდან გამომდინარე შეიმუშავეს.  

პორფირის ფილოსოფიის ნაწილის ქრისტიანული შეთვისება იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია თავიდან აცილებულ იქნეს იმგვარი პოლარიზაცია, რომელიც თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებას ძალიან ასუსტებს. ,,ლიბერალურსა“ და ,,კონსერვატიულს“ შორის მესამე გზაც არსებობს. ესაა სიბრძნისა და გამჭრიახობის ის გზა, რაც კაპადოკიელმა მამებმა წარმოაჩინეს, როდესაც მათი თანამედროვე მსოფლიოს ქრისტიანულ გამოცხადებასა და ანტიქრისტიანულ წარმართულ კულტურას შორის ხიდები ააგეს. 

რა თქმა უნდა, თანამედროვე ლიბერალიზმის წინააღმდეგ მიმართული კონსერვატიული კრიტიკის ზოგიერთი პოზიცია, ისევე როგორც, თანამედროვე კონსერვატიზმის ლიბერალური კრიტიკის ცალკეული მახასიათებლები მნიშვნელოვანია. ეს საკითხები ქრისტიანული შეხედულების გათვალისწინებით შეიძლება ლეგიტიმურიც იყოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მართლმადიდებლობის კონსერვატიზმთან ან ლიბერალიზმთან გაიგივება დაუშვებელია.  


არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი (Cyril Hovorun) არის ეკლესიოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკუმენიზმის პროფესორი წმინდა ეგნატეს საღვთისმეტყველო აკადემიაში.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu