კატეგორიის გარეშე

შობის დიდი შეერთება

Published on: დეკემბერი 24, 2020
Total views: 253
Readers' rating:
0
(0)

იოანე ფოტოპულოსი (John Fotopoulos)

ამა წლის დეკემბერში დიდი შეერთების სახელით ცნობილი ასტრონომიული ფენომენის შესახებ მრავალი ადამიანი დაინტერესდა. პლანეტების შეერთების სახელით ცნობილი ეს მოვლენა არის იუპიტერისა და სატურნის დედამიწასთან ერთ ხაზზე განლაგება,  რაც ჩვენი ღამის ცაზე იხილვება. იუპიტერისა და სატურნის ღამის ცაზე ბოლო შეერთება დაახლოებით ასი წლის წინ მოხდა. თუმცა, ამ წელს,  21 დეკემბრის ფარგლებში (რაც, ასევე ზამთრის ბუნიობას დაემთხვა), რამდენიმე დღის მანძილზე, ეს ორი პლანეტა ერთ ხაზზე იმდენად ახლოს განლაგდა, რომ ღამის ცაზე ერთ მანათობლად გამოჩნდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიდი შეერთება წელს შობის თარიღთან ასე მიახლოებულად აღესრულა, ზოგიერთმა იგი ,,შობის ვარსკვლავადაც“ მოიხსენია.

ყველამ, ვისთვისაც ქრისტეს შობის თხრობა ნაცნობია იცის, რომ რამდენიმე მოგვს ვარსკვლავი ახალშობილი იესოსაკენ წინაუძღოდათ, რის შესახებაც მათეს სახარება გვაუწყებს (მათეს 2:1-12. ლუკა 2:1-21). იესოს შობისას გამოჩენილი ვარსკვლავი დიდი შეერთება იყო, თუ სხვა სახის ასტრონომიული მოვლენა? (როგორიცაა მაგალითად ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება ან კომეტა),  შობის თხრობის მათესეული აღწერა არ გვაძლევს იმის მარტივ საშუალებას, რომ მოგვების მიერ ნანახი ვარსკვლავი რაიმე ბუნებრივ და ასტრონომიულ მოვლენას დავუკავშიროთ. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ამ ვარსკვლავზე დაკვირვების შედეგად გაიგებენ მოგვები, რომ მათ ,,იუდეველთა ახალშობილი მეფე“  (მთ. 2:2) იერუსალიმში უნდა იპოვნონ, სადაც ისინი შორიდან, ,,აღმოსავლეთიდან“ გაემგზავრნენ (მთ. 2:1). ამას გარდა, მათ იერუსალიმიდან სწორედ იგივე ვარსკვლავი წინაუძღოდათ ბეთლემისკენ, სადაც მანათობელი საბოლოოდ იმ სამყოფელის ზემოთ გაჩერდა, სადაც მარიამი, იოსები და ახალშობილი იესო მკვიდრობდნენ (მთ. 2:9-11). 

ამ ვარსკვლავის უცნაურობიდან გამომდინარე, იოანე ოქროპირი და მის კვალს შედგომილი განმარტებლები ვარაუდობდნენ, რომ ეს ანგელოზის, ვარსკვლავის სახით გამოჩენა იყო (ჰომ. მათ. 6). თუმცა, პირველი საუკუნის წარმართებსა და იუდეველებს მართლაც სჯეროდათ, რომ ასტრონომიულ მოვლენებსა და სხვა ციური ნიშნებს (რომლებიც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგებოდნენ),  შეეძლოთ განესაზღვრათ დიდებული მეფის შობა, აღენიშნათ რომელიმე გამორჩეული პიროვნების  გარდაცვალება, ან ეწინასწარმეტყველათ სხვა საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა. როგორც ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, 70 წელს (მაშინ როდესაც რომაელთა მიერ იერუსალიმი დაეცა), ,,მთელი წლის მანძილზე, ვარსკვლავი მახვილის სახით, ქალაქის თავზე იხილვებოდა“ (J.W. 6.289-290). იოსები აცხადებს, რომ ღმერთი ,,მრავალი სახით წინასწარ აუწყებს ადამიანებს ხსნის ნიშნებს“ და ამატებს, რომ მაშინ, ბევრი ებრაელი შეცდა ,,წმინდა წერილებში აღწერილი ორაზროვანი წინასწარმეტყველებით,“ რომ ,,მათი მიწის შვილი დედამიწის მკვიდრებზე მთავრობას დაიწყებდა“ (J.W. 6.310-313). იოსები რიცხვთა წიგნში (რიცხვთა 24:17) აღწერილ ბალაამის წინასწარმეტყველებას იმოწმებს, რომელსაც ბევრი ებრაელი იუდეველი მესიის მოსვლის წინასწარმეტყველებად აღიქვამდა.  ბალაამი წარმართი მისანი გახლდათ, რომელსაც მოაბის წარმართი მეფე ბალაკი  უხმობდა, რომ  ისრაელიანები დაეწყევლა, რომლებიც აღთქმულ მიწაზე შესვლამდე იერიქონის მახლობლად დაბანაკებულიყვნენ. თუმცა, ბალაამმა ეს ვერ გააკეთა, რადგან ღმერთმა შთააგონა მას, რომ ისრაელის ხალხი დაელოცა და მათ შესახებ ეწინასწარმეტყველა. ბალაამი თავის წინასწარმეტყველებაში მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს: ,,ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან“ (რიცხვთა 24:17). იოსებ ფლავიუსის მოღვაწეობის პერიოდში და იქამდე, ბალაამის მიერ წარმოთქმული სიტყვები, ებრაელთაგან შობილი მესიის შესახებ წინასწარმეტყველებად გაიგებოდა (რასაც მკვდარი ზღვის ხელნაწერები და ესეველთა {კუმრანის თემი} ისტორიაც მოწმობს). გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბალაამის წინასწარმეტყველება და მესიანურ ვარსკვლავზე მისი მითითება, მოგვების შესახებ აღწერილი მათესეული თხრობის არშიაა, და იესოს (როგორც ღმერთის მესიის) შობას დამატებით, მსოფლიო მნიშვნელობის ნიშანს სძენს.

მათეს სახარებაში მოგვებს ბერძნული სახელი ეწოდებათ- μάγοι. ანტიკურ ეპოქაში ეს სიტყვა უმთავრესად იმ ტერმინად გაიგებოდა, რომელიც ასტროლოგებს, მისნებს, წინასწარმეტყველებს, სიზმრის ამხსნელებს და ჯადოქრებს მიემართებოდა,  რომლებსაც წინასწარმეტყველება შეეძლოთ. ფილონ ალექსანდრიელის მიერ (Mos. 1, 276), ბალაამი მოგვად (μάγος) სახელდებულია, ხოლო ევსები კესარიელი კი მათეს სახარებაში აღნიშნულ მოგვებს ,,ბალაამის მემკვიდრეებად“ მოიხსენიებს (Dem. ev. 9.1). მისნებისა და წინასწარმეტყველების სპეციალურმა განსწავლულობამ განაპირობა, რომ მაგალითად მათეს სახარების ინგლისურ თარგმანში მოგვი ,,ბრძენ ადამიანზე“ მიანიშნებს, ეს თარგმანი, ჩემი აზრით, იესოს შობის თხრობაში მოგვების ყოფნას მცდარ ინტერპრეტაციას აძლევს.

უფრო მეტიც, პოპულარულ საშობაო სიმღერებში ,,სამი მეფის“ შესახებ არსებული ცნობები, მათეს სახარებაში მოგვების როლს უფრო ბუნდოვანს ხდის, რამდენადაც იქ ისინი მეფეებად არ არიან წარმოდგენილნი და მკითხველი იმას კი არ იგებს, რომ ისინი სამნი არიან, არამედ მხოლოდ იმას, რომ მათ სამგვარი ძღვენი მიიტანეს- ოქრო, გუნდრუკი და მური. უფრო მეტიც, ადრეული ქრისტიანული ხატწერა ორ, სამ, ოთხ და რვა მოგვსაც ხატავდა, მაშინ როდესაც სირიული ტრადიცია იესოს შობისას წარმოდგენილ თორმეტ მოგვს ასახავს. იმის მიუხედავად, რომ ბერძნული ახალი  აღთქმის ზოგიერთ ადგილზე (მაგ. საქმე მოციქულთა 13:6-11) ტერმინი მოგვი (μάγος) შეიძლება ჯადოქრის მნიშვნელობით უარყოფით კონტექსტშიც გაიგებოდეს, მათეს სახარებაში შობის თხრობასთან დაკავშირებით მოგვები ძალიან პოზიტიურ კონტექსტში არიან აღწერილნი. მათეს მიხედვით მოგვები წარმართი ასტროლოგები  არიან, რომლებიც მათ განსაკუთრებულ რელიგიურ ცოდნას იყენებენ, რომ იესო მესიად აღიქვან. თუმცა, მათი რელიგიური ცოდნა შეზღუდულია, რაც იესომდე მიღწევის საშუალებას არ აძლევთ. ამგვარად, ამ წარმართებს იუდაური წერილის დახმარება სჭირდებათ. ებრაულ წერილებში აღწერილი საღვთო გამოცხადება მოგვებს  აუწყებს, რომ ბეთლემში შობილი ყრმა მხოლოდ იუდეველთა მეფე კი არა, არამედ სამყაროს მესიაცაა (ქრისტე, ὁ Χριστὸς, მათე 2:4). მათესეულ თხრობაში ირონიულია, რომ ძლევამოსილი ჰეროდე მეფე და იუდეველი რელიგიური ავტორიტეტები, რომლებსაც ებრაული წერილები ხელთ აქვთ, ახალშობილი მესიის მოსაძებნად ბეთლემში არ მიდიან. უფრო მეტიც, ჰეროდე განიზრახავს, რომ ახალშობილი ქრისტე მოკლას, მაგრამ მას ვერ იპოვნის (მათე, 2:13-23), მაშინ როდესაც, წარმართ მოგვებს ვარსკვლავი წინაუძღვით, რომ მიაკვლიონ იესოს და თავყვანი სცენ მას. უფრო მეტიც, მათემ მოხერხებულად გამოიყენა იესოს მოკვლის გეგმა, როგორც ვნების თხრობის  წინასახე, რომელიც ცალკეული იუდეველი რელიგიური ავტორიტეტების მხრიდან, იესოს მოსაკლავად და ჯვარზე საცმელად მიმართულ შეთქმულებას მოასწავებს.  ამასთანავე, მოგვები, რომლებიც იესოს შობისას კოსმიურ ვარსკვლავს ხედავენ იმ წარმართებს მოასწავებენ, რომლებიც იესოსთან, მისი აღსასრულის შემდეგ,  თაყვანისსაცემად მოდიან. ეს კი მაშინ აღესრულება, როდესაც წარმართი რომაელი ჯარისკაცების ჯგუფი (მას შემდეგ, რაც იესოს ჯვარცმისას მიწისძვრა ზეციურ ნიშნად აღიქვეს) აღიარებს, რომ იესო ჭეშმარიტად იყო ძე ღვთისა (მათე 27:54). ეს ყველაფერი დრამატულად სრულდება მათეს სახარების დასკვნით ნაწილში, როდესაც იესო აღდგომის შემდეგ მის თერთმეტ მოწაფეს გამოეცხადება და მოუწოდებს ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ (ე.ი. ებრაელებიცა და წარმართებიც), ასევე, პირობასაც დებს, რომ მის მიმდევრებთან, ქვეყნის აღსასრულამდე იქნება  (მათე 28: 16-20).

იმის მიუხედავად, რომ ამ წელს დიდი პლანეტარული შეერთება მოხდა, ჭეშმარიტი დიდი შეერთება აღინიშნება მაშინ, როდესაც ღვთაებრივისა და ადამიანურის შეერთება იდღესასწაულება, როდესაც იესო ქრისტეს შობაში ზეციური და მიწიური სრულყოფილად ერწყმიან ერთმანეთს. მართლაც, შობის აღწერის მათესეულ თხრობაში იესო ემანუელად მოიხსენიება, რაც ნიშნავს ,,ჩვენთან არს ღმერთი“ (1:23). განკაცების მეშვეობით ღმერთი გახდა კაცი, რათა სრულად მიეღო ჩვენი ადამიანური მდგომარეობა, ჩვენი ჭირიცა და ლხინიც (თავად სიკვდილიც კი), რათა ქრისტეს გამოვეხსენით და ფერიეცვალებინა ჩვენთვის. ან წმინდა ათანასეს ცნობილი ფრაზით რომ ვთქვათ, ,,ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ განღვმრთობილიყავით“ (De incarn. 54.3). მათეს სახარება ხაზს უსვამს, რომ ქრისტეს შობის დიდ შეერთებაში მთელი სამყარო მონაწილეობს. რეალურად, მათეს სახარება გენეალობიის აღწერით იწყება (მათე 1:1-25), რომლის პირველი სიტყვებიც გახლავთ: ,,წიგნი შობისა იესუ ქრისტესი.“ ბერძნულად ,,წიგნი შობისა“ არის ,,βίβλος γενέσεως,“ ეს სიტყვები, ასევე, ბერძნული ძველი აღთქმის დაბადების წიგნის სახელდებისთვისაც გამოიყენება. მათეს მიხედვით, იესოს შობის ისტორია, სამყაროს შექმნის თხრობასთან შედარებით იწყება,  რადგან არსებითად, იესოს შობას შედეგად მთელი შესაქმის ახალი დაბადება მოაქვს.

უფრო მეტიც, მათე იესოს გენეალობიას 14x14x14 ნიმუშის მიხედვით აყალიბებს    (იგულისხმება 14-14-14 თაობა), ამგვარად კი გადმოგვცემს, რომ იესოს შობა ღმერთმა ისტორიის ჟამთასვლის მანძილზე დეტალურად დაგეგმა და განახორციელა,  მიუხედავად ადამიანური ცოდვების, ტრაგედიებისა და იმედგაცრუებისაგან გამოწვეული ორომტრიალისა.

იმის მიუხედავად, რომ 2020 წელი რთული იყო და ავადმყოფობით, მარტოობით, შიმშილით, სიდუხჭირით, ტაჯვითა და სიკვდილით გამოირჩეოდა, ჩვენ კვლავაც  მოწოდებულნი ვართ გვახსოვდეს, რომ ,,ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი“ (მათე 4:16). შობის დღესასწაული არის იესოს შობის უღრმესი მნიშვნელობის განჭვრეტის ჟამი. მართლაც, ვარსკვლავები, პლანეტები, ანგელოზები და მთელი შესაქმე ქრისტეს შობაში, ღვთისა და კაცობრიობის დიადი შეერთებისათვის ჰარმონიულად მოქმედებდა. ეს კი იმედის საფუძველს გვაძლევს.


იოანე ფოტოპულოსი (John Fotopoulos ) არის Saint Mary’s College-ს (Notre Dame, Indiana) რელიგიის განყოფილების ახალი აღთქმისა და ადრეული ქრისტიანობის ასოცირებული პროფესორი.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu