მარკ არი (Mark Arey)

,,რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე, 1:9).
„QAnon” შეთქმულების თეორიის მხარდამჭერები[1] და ,,ტრამპისტები“ (არ შემიძლია მათი მისამართით ,,ევანგელეს“ საამური სიტყვა გამოვიყენო)[2] თითქოს არსაიდან გამოჩნდნენ და ერის ცნობიერებაში დონალდ ტრამპის მმართველობის დასრულების დროს შემოიჭრნენ. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ისინი ამერიკის ქრისტიანული ისტორიისგან ფარულად დიდი ხანია არსებობენ.
ვისურვებდი, რომ ზემოთხსენებული თეორიის მხარდამჭერებს იუსტინე მარტვილის მეორე აპოლოგია, ან ათენაგორა ათენელის შუამდგომლობა ქრისტიანთა შესახებ წაეკითხათ. თუკი მათ წარსული ეცოდინებოდათ, იმასაც გაიგებდნენ, რომ გარყვნილებისა და კანიბალიზმის ბრალდებები ადრეული ქრისტიანების წინააღმდეგ იყო გამოყენებული. წარსულის გაცნობის საპირისპიროდ კი ისინი, სიძულვილითა და შიშით შეპყრობილები, ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული „Blood libel-ის“ მსგავს გროტესკულ ცილისწამებაში შთაინთქნენ. მათგან ყველას, ვისაც “Q”-ს ახალი კულტით განადგურებისა ეშინიათ, არ ესმით იოანეს სახარების ციტატა: ,,მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის“ (იოანე 6:51). ისინი ვერ ხვდებიან, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკეები ევქარისტიის ყოველი აღსრულებისას ღმერთის ხორცის იღებენ? უნდა მოვემზადოთ შეიარაღებული ფანატიკოსების შემოსევებისთვის, რომლებიც ჩვენს ეკლესიებსა და შესაკრებლებში საზარელ სასაკლაოს მოძებნიან?
მსმენია Qanon-ის მომხრეთა გნოსტიკოსებთან შედარება, რაც ვალენტინესა და ვასილიდეს მიმდევრებს შეურაცხყოფს. ისინი საკუთარ მოძრაობას ,,დიდ გამოღვიძებას“ უწოდებენ და ტრამპისტებთან ასოცირდებიან. ეს უკანასკნელნი მართალია Qanon-ის პირდაპირი მომხრეები არ არიან, მაგრამ მათთან შეთქმულების თეორიებით არიან დაკავშირებულნი, რაც მსოფლიოში არსებული ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს. მათით მილენარისტები იამაყებდნენ. რაც უფრო მძაფრდება ილუზიები, მით უფრო სწრაფად იქცევიან გუთნები ხმლებად. ეს ხალხი, კიბორჩხალების მსგავსად შეიარაღებულნი აპოკალიფსს ელოდებიან, ცხოვრობენ კოშმარში, რომელშიც ყოველგვარი შეთქმულების თეორიით ეფლობიან და არ იციან ,,ცუარი სისხლისაჲ,“ რომელიც გეთსიმანიაში უფლის შუბლიდან, შემდეგ კი ლახვრით განგრმირული გვერდიდან მოდიოდა.
სამხრეთელი ტრამპისტები ,,ატაცების“ სწავლებიდან გამომდინარე,[3] სამყაროს წინაშე ნებისმიერი პასუხისმგებლობის აღებაზე უარს ამბობენ. ისინი ახალი მონტანისტები არიან, რომლებიც ბოროტეული ,,წინასწარმეტყველებით“ არიან აღსავსენი და საუბრობენ არა ცეცხლის, არამედ ისეთი ენებით, რაც ბაბილონისეულ აღრევას მოგვაგონებს. თვით როდ დრეერიც (Rod Dreher) შეძრწუნებულია: ,,თუკი რადიკალი ქრისტიანები ხალხს ცეცხლს გაუხსნიან, ან ტრამპის დასაცავად რაიმე სახის ძალადობრივ აქტს ჩაიდენენ, ერიკ მეტაქსასსა (Eric Metaxas) და მის მსგავსად მოსაუბრეებს, ხელები სისხლში ექნებათ გასვრილი.“ მართლაც, 6 იანვრის შემდეგ აქვთ კიდეც…
მეტაქსასი და მისი მსგავსნი მხიარულ ჩარჩთა ბანდას გავნან, რომლებიც საკუთარ ამბიონებსა და რადიოტალღებს ისეთ ადამიანებზე აქირავებენ, როგორებიც სტივ ბანონი (Steve Bannon) და როჯერ სტოუნი (Roger Stone) არიან, რათა მათ მიმდევრებში შიშის ვირუსი განავრცონ. ისინი ყველაზე უარესი ტიპის უნივერსალისტები არიან, რომლებსაც ჯერათ, რომ მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას. მათ ,,კეისრის გარდა“ სხვა მეფე არ ჰყავთ (ინ. 19:15) და ბედნიერნი იქნებოდნენ, თუკი პილატეს დაბანილ ხელებს გაუმშრალებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი ყოველი აღმობოყინება სულიწმინდითაა შთაგონებული და მათი მძინარე მიმდევრების მიერ დაფინანსებული ,,სიტყვანი მათნი… მთელი დედამიწის ზურგზე“ გავრცელდება (ფს. 18:5).
მეორე საუკუნის მიწურულს, როდესაც ქრისტიანი აპოლოგეტები საკუთარ სარწმუნოებას ,,თიესტესისეული ნადიმებისა და ოიდიპოსისეული აღრევების“ ბრალდებებისგან იცავდნენ, მონტანი თავის ,,ახალ წინასწარმეტყველებას“ მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში ავრცელებდა. იგი ფრიგიიდან მცირე აზიაში ჭირის მსგავსად გავრცელდა და თვით პაპსაც კი შეუქმნა პრობლემები. ევსები კესარიელის მიხედვით მონტანმა ,,მოულოდნელად გონება დაკარგა და განკვირვება დაეცა. აღტაცებაში მყოფმა დაიწყო ლაპარაკი და უცნაურად მეტყველება, და დასაბამიდან ეკლესიის გადმოცემისა და მონაცვლეობის მიხედვით ჩვეულების საწინააღმდეგოს წინასწარმეტყველებდა“ (ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი V. XVI). ნაცნობად ჟღერს? როგორც ეკლესიასტე ამბობს: ,,არაფერია მზის ქვეშ ახალი.“
მსოფლიოში მრავალი სათნო ქრისტიანი ცხოვრებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ხალხი შევიწროებულნი არიან ისეთთა მიერ, როგორებიც არიან: ,,უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი; ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი“ (იუდა, 13,13). შეთქმულების თეორიებმა, ფარისევლობამ, ძალაუფლებისადმი და სიმდიდრისადმი ლტოლვამ, ხორბალში უამრავი სარეველა დათესეს. ახალი მონტანიზმის ექსტაზებს საკუთარი შედეგები აქვთ, ძირითადად სიცრუის გავრცელება და ჭეშმარიტების შებღალვა. ამათთან ერთად ახლა უკვე გვაქვს აჯანყების, ამბოხისა და მკვლელობის საფრთხე.
ამერიკაში ,,გამოღვიძების“ მწარე შედეგის მოწმენი ვართ, რამაც ქრისტიანები სიბნელესა და უგრძნობ მდგომარეობაში ჩააგდო. ლაბირინთის ბოლოს ურჩხულები არიან, რომლებიც ჩვენს შვილებს სულიერად შთანთქავენ. ამგვარად, როგორც ჩანს, QAnon-ის მომხრეები მართლები არიან. მართლაც, იქ, გარეთ, პედოფილი კანიბალები მყოფობენ, მაგრამ ირონიულია, რომ მათ შესახებ ვსაუბრობთ, ვინც ამ ბრალდებებს სხვების წინააღმდეგ გაჰყვირიან.
მონტანისტ ძმებთან ერთად, ისინი საგანგაშო ტემპით ქმნიან კერპებს და თაყვანს სცემენ მათ. არსებობს კი შესაძლებლობა, რომ ეს სიბნელე განათდეს და საძულველი უმეცრების ძილისაგან გამოღვიძება მოხდეს? ჩვენ შესაძლებლობისა უნდა გვჯეროდეს, მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ,,სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია.“
თუკი ჩვენი ‘ძმებისა და დების’ დამცველები არ ვიქნებით, მაშინ შეიძლება მათ სულიერ მკვლელობაში დამნაშავეებად, ან თანამონაწილეებად გამოვცხადდეთ. ქრისტიანები კანიბალები არასოდეს ყოფილან, არამედ განდგომილები იყვნენ. საბოლოოდ მონტანისტები კი გაქრნენ, მაგრამ არა მანამ, სანამ საუკუნოვანი ზიანი არ გამოიწვიეს.
შეიძლება ჯერ კიდევაა დრო, რომ იუსტინე მარტვილის შეგონებაზე გავამახვილოთ ყურადღება: ,,შეინანეთ, იყვენით ბრძენ!“ გადაჭარბებული იქნება რომ ეს ვირწმუნოთ? გულწრფელად ვიტყვი: იმედი მაქვს არა.
მარკ არი (Mark Arey) ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ამერიკის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს (GOAA) მღვდელი. მისი ბოლო წიგნია- “The Gospel of Love: A Meta-Translation.”
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.
[1] ,,’Qanon’ შეთქმულების მომხრეებს სწამთ, რომ მსოფლიოს სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფი მართავს, რომელიც სათავეში უდგას ბავშვთა სექს-ტრეფიკინგს, როგორც ერთგვარ კულტს. ეს არის ულტრამემეარჯვენე ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს, დონალ ტრამპს ებრძვიან, პრეზიდენტს კი მათთან გამკლავება უწევს. შეთქმულების თეორიის არცერთი მოსაზრება ფაქტზე დაფიძნებული არ არის.“ წყარო- ამერიკის ხმა. https://www.amerikiskhma.com/a/qanon-received-earlier-boost-from-russian-accounts-on-twitter-archives-show/5645010.html (მთარგმნ. შენიშვ.).
[2] ავტორი გულისხმობს ტრამპის ფანატიკოს ევანგელისტ მხარდამჭერებს და სიტყვა ,,ევანგელისტების“ ნაცვლად იყენებს ,,ტრამპისტებს“ (მთარგმნ. შენიშვ.).
[3] ატაცების შესახებ ფრაზა მომდინარეობს პავლე მოციქულის მიერ თესალონიკელთათვის დაწერილი ეპისტოლიდან, სადაც მოციქული ქრისტეს მეორედმოსვლის შესახებ წერს: ,,ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით“ (1 თეს. 4: 16-17). გარკვეული პროტესტანტული ჯგუფები ამ ატაცებას წმინდა წერილის წინასწარმეტყველებებსა და თანამედროვე ისტორიულ ფაქტებს უკავშირებენ, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.