კატეგორიის გარეშე

ვისი ტყუილები? რომელი დაქვემდებარება?
როდ დრეერის (Rod Dreher) წიგნის- ,,იცხოვრე ტყუილების გარეშე” მიმოხილვა

Published on: იანვარი 15, 2021
Total views: 61
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 5 minutes

უილ კოენი (Will Cohen)

როდ დრეერის მთავარი ჰიპოთეზა ის გახლავთ, რომ მაცდუნებელი სიცრუეები, რომლებმაც დღევანდელი ქრისტიანები ყველაზე მეტად შეიძლება ჩაითრიონ, მემარცხენე კულტურისა და პოლიტიკისაგან მოდიან. ეს აზრი ავტორის წიგნის Live Not by Lies: A Manual for Christian Dissidents (Sentinel, 2020) საწყისი გვერდებიდანვე იკვეთება.  პოლიტკორექტულობა, Cancel culture,[1] ანტირასისტული განათლება, გენდერული თეორია, ,,სოციალური სამართლიანობის კულტი“ (ეს ყველაფერი  დრეერის მიერ ტყუილთა ერთიან სისტემად განიხილება) არიან ისეთი  რაღაცეები, რომელთა წინააღმდეგაც ქრისტიანები უნდა ფხიზლობდნენ და არ უნდა ჩერთონ მათში. ავტორს (იმისათვის რომ ეს წინააღმდეგობები გააძლიეროს), თავისი მკითხველებისათვის (რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობენ), მეოცე საუკუნის აღმოსავლეთ ევროპის გამოჩენილი ქრისტიანი დისიდენტების მაგალითები მოჰყავს, რომლებიც  ტოტალიტარულ რეჟიმებს ეწინააღმდეგებოდნენ. მათგან ზოგიერთი ცნობილი ფიგურები არიან, სახელდობრ: ალექსანდრ სოლჟენიცინი (Alexander Soltzenhitzyn,  რომლის 1974 წელს გამოცემული წიგნიდანაც მომდინარეობს შეგონება- ,,live not by lies,“ რუს. жить не по лжи), ვაცლავ ჰაველი (Václav Havel) და კაროლ ვოიტილა (Karol Wojtyla). სხვები ნაკლებად ცნობილები არიან, რომელთა შორისაც გახლავთ: ხორვატი იეზუიტი მღვდელი ტომისლავ პოგლაიენ კოლაკოვიჩი (Tomislav Poglajen Kolaković), რუსი მართლმადიდებელი დისიდენტი ალექსანდრე ოგოროდნიკოვი (Alexander Ogorodnikov), რუსი ბაპტისტი პასტორი იუტი სიპკო (Yuri Sipko) და ჩეხი კათოლიკე მათემატიკოსი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი ვაცლავ ბენდა (Václav Benda). დრეერი მათი და მათი მსგავსი საგმირო სახეების ამაღელვებელ აღწერებს გვთავაზობს, რამდენადაც იგი სიბრძნეს მათი ნაშრომებიდან და იმ მოგონებებიდან იღებს, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ პიროვნებების ნაცნობებთან ჩაიწერა.

რეალურად, დრეერის მიდგომა ეკუმენურია და შთაგონებულია მართლმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი ქრისტიანების რწმენითა და გამბედაობით. მისი გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ფოკუსი აღმოსავლეთ ევროპელ დისიდენტებზე მიმართოს, მეთოდოლოგიურ პრობლემას იწვევს, რომლის მოგვარებაც, როგორც ჩანს,  თავად ავტორს არ სურს. ქრისტიანები, რომლებიც ამა სოფლის ძლიერთა ტყუილებს მამაცურად ეწინააღმდეგებიან, მთელ დედამიწაზე ცხოვრობენ. რეალურად, დრეერი  აღნიშნავს რა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მიმართულ წინააღმდეგობებს, საკუთრ თეორიას უსამართლოდ აგებს.  მართალია, იგი ნაცისტური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ რამდენიმე მაგალითსაც იშველიებს, მაგრამ მხოლოდ იშვიათად და არ ახახელებს ედიტ შტეინს (Edith Stein), დედა მარიამ სკობცოვას (Mother Maria Skobtsova), მაქსიმილიან კოლბეს (Maximilian Kolbe) ან დიტრიხ ბონჰოფერს (Dietrich Bonhoeffer). ავტორს ყველაზე  მეტად კომუნისტური ტოტალიტარიზმისადმი წინააღმდეგობა აინტერესებს. ამის გასასამართლებელი ერთადერთი არგუმენტი მისთვის ჰანა არენდტია (Hannah Arendt), რომელიც ტოტალიტარიზსა და ,,უბრალო ავტორიტარიზმს“ ერთმანეთისაგან განარჩევს. დრეერის მიხედვით, მხოლოდ ტოტალიტარიზმი ადგენს ისეთ იდეოლოგიას, რომელიც ,,საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის მიზნით ცდილობს, რომ ყველა წინა ტრადიცია და ინსტიტუტი ხელში ჩაიგდოს.“ (7).

პრობლემა ისაა, რომ რასაც დრეერი ტოტალიტარული სახელმწიფოს განმსაზღვრელ მახასიათებლად წარმოადგენს (რაც გამოიხატება იმაში, რომ ,,რეალობის განსაზღვრისა და კონტროლის გარდა სხვა არაფერი სურს“ [7-8]), ასევე მემარჯვენე ავტორიტარულ  რეჟიმებზეც ვრცელდება, არა მხოლოდ მესამე რაიხზე, არამედ ბევრ სხვაზეც. ეს მოიცავს, ასევე, აშშ-ს გასულ ოთხ წელს, რომლის დროსაც ჩვენი აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის დაუნდობელი ამბიციურობისა და კონგრესში მისი მომხრეებისა თუ რესპუბლიკელი დამცველების რიცხვის საგანგაშო ზრდის მოწმენიც გავხდით. აღნიშნული წიგნი წავიკითხე 3 ნოემბრიდან (არჩევნებიდან) 14 დეკემბრამდე[2] არსებულ შუალედში. ძალიან არარეალური იყო დრეერისგან იმის მოსმენა, რომ ,,ჭეშმარიტება არის ის, რასაც კი მმართველები გადაწყვეტენ“ და შემდეგ იმის დანახვა, თუ ჰიპნოზირებულის მსგავსად როგორ ეგუება იგი, დაწინაურებული ელიტის ფაბრიკაციებს. შემდგომში იგი მიხვდა, რომ რაღაც აკლდა და 12 დეკემბრის ერთ სტატიაში, ჟურნალში American Conservative, Jericho March-თან დაკავშირებით გამოტყდა: ,,თუკი ხელახლა მომიწევდა წიგნის დაწერა, უფრო ბევრს ვიტყოდი იმაზე, თუ როგორი არასტაბილური და არარაციონალური გახდა მემარჯვენე რადიკალიზმი.“ 2020 წლის დეკემბერი უნდა დამდგარიყო ამის გასაანალიზებლად? ,,ნეტავ შემძლებოდა ახალი თავის დამატება იმის შესახებ, თუ ჩვენ, კონსერვატიულად განწყობილმა ხალხმა, როგორ დავუშვით, რომ ჩავვარდნილიყავით იგივე ტიპის ფანტაზიებში [როგორშიც, მისი აზრით, მემარცხენეები არიან]. არ შეგვიძლია გულგრილები ვიყოთ ამ რეალობისადმი და კვლავ კონტრბრალდებების[3] შეცდომა დავუშვათ.

თუმცა, დრეერი თავის წიგნში სწორედ ამას აკეთებს. დონალდ ტრამპი პირველად 39-ე გვერდზეა ნახსენები არენდტის ერთი ციტატის შემდეგ, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმების მხრიდან, ნიჭისადმი სიძულვილს და ლოიალურობით მისი შეცვლას შეეხება (აქ კვლავ ბუნდოვანია ავტორიტალურ და ტოტალიტარულ კონტროლს შორის განსხვავება). დრეერი გმობს, რომ ,,ტრამპმა ექსპერტები კი არა, არამედ მისადმი ლოიალურად განწყობილები დააწინაურა“ (40), თუმცა, შემდეგ კვლავ კონტრბრალდებებს იწყებს: ,,მაგრამ როგორ შეუძლიათ ლიბერალებს რომ დაიჩივლონ? ჯგუფების ან ტომებისადმი ლოიალურობა ხომ მემარცხენე პოლიტიკური იდენტობის ძირითადი ბირთვია“ (40). ამ წიგნში ტრამპი სხვაგან ნახსენები აღარაა, მაგრამ იქვე, სადაც დრეერი მოგვითხრობს, რომ ,,ტოტალიტარიზმი რეალურად არის ყველაფრის პოლიტიზირება“ (39), ვერ ვპოულობთ ტრამპის მიერ ყველაფრის პოლიტიზირებას იქნება ეს, სახის ნიღბების, აშშ-ს ფოსტისა, თუ საპრეზიდენტო შეწყალებების შესახებ. დრეერი მხოლოდ თანამედროვე პროგრესულობის რადიკალურ მტკიცებულებას გმობს, რომლის მიხედვითაც- the personal is political.”

ეს წიგნი 2015 წელს რომ გამოსულიყო და არა 2020 წელს, მისი თვალსაწიერი ამდენად ვიწროდ არ გამოჩნდებოდა. საქმე იმაში არ გახლავთ, რომ მემარცხენეების დრეერისეული კრიტიკა ყურადღებას არ იმსახურებს. თუკი სამართლიანობისადმი რადიკალურ მიდევნებას (რასაც რეალურად ქრისტიანობა ითხოვს), მადლისა და გაერთიანების სული თან არ ახლავს, შეუძლებელია მან კეთილი ნაყოფი გამოიღოს. მემარცხენეებს ხშირად აკლიათ რესურსები იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა დაუკავშირონ ჭეშმარიტი მოწყალება და სტრუქტურული ცვლილებები ერთმანეთს. ისიც მართალია, რომ მემარცხენეები, ძალიან ხშირად, ადამიანის უფლებებისადმი რეალურ პატივისცემას, მორალურ საკითხებთან დაკავშირებულ იდეოლოგიურ შესაბამისობებთან ურევენ. დრეერის წიგნის პრობლემა ისაა, რომ მართალია იგი ლეგიტიმურ საკითხებს წევს, მაგრამ ნათლის მოფენის გარდა, მათ უფრო მეტად აღვივებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იგი დღევანდელ მემარცხენე პოლიტიკაში ვერ ერკვევა. მაგალითად დღევანდელი მემარცხენე ფრთა გვთავაზობს რაღაცას უფრო მეტად იმედის მომცემსა და მეტაფიზიკურად მყარს, ვიდრე ეს 1960-1980-იან წლებში ხდებოდა. შეიძლება იმიტომ, რომ იგი პოსტმოდერნული ნიჰილიზმის უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც კულმინაციას ტრამპის პიროვნებაში მიაღწია, რამაც მას სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვა, იმის გარდა, რომ საყრდენი ჭეშმარიტებისა და რეალურობის ნიადაგზე მოეძებნა. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე კულტურული მეხსიერებისადმი ზედაპირული მიდგომაა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით წიგნიდან ვიგებთ, რომ დღევანდელ მემარცხენეებს, კომუნისტური ტოტალიტარიზმის მსგავსად მისი აღმოფხვრა სურთ. დრეერს მაგალითად New York Times-ის 1916 წლის პროექტი მოჰყავს და მიუხედავად იმისა რომ, მისი კრიტიკა გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება მართებულიც კი იყოს, მისი ზოგადი არგუმენტაცია უსაფუძვლოა, რადგან დღევანდელი მემარცხენე ფრთა, ისტორიის ჩახშობის საბჭოთა სტილისგან განსხვავებით, სწორედ რომ ისტორიული რეალობის გამოვლენასა და არა მის მიჩქმალვას ცდილობს. დრეერი წერს: ,,არცერთი სერიოზული ადამმიანი არ უარყოფს აშშ-ის ისტორიისათვის მონობის მნიშვნელობას“ (36), ხურავს რა თემას ერთადერთი წინადადებით და არ უთითებს თუ რამდენი ისტორიული ინფორმაცია არსებობს, რომლებიც უცნობი იყო გასულ წლებში და ამერიკელებისთვის 2020 წელს გახდა ცნობილი. საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ემანსიპაციის დეკლარაციის შესრულების არათანაბარი ტემპი, რეკონსტრუქციის ერაში ლინჩის წესების გაზრდილი რაოდენობა, თანამედროვე პერიოდის გენოციდები, და wealth gap-ის ისტორიული კონტექსტი.

დრეერი პოლემიკურ მოაზროვნედაა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ მართებული კულტურული კომენტარი, ყოველთვის შემრიგებლური არ არის, დრეერის პოლემიკის უარყოფითი მხარეა ის, რომ იგი სხვადასხვა კულტურული ომის დროს დაგროვილ აზროვნებათა დამაპირისპირებელ ფორმებს ყოველგვარი ანალიზის გარეშე იყენებს. მაგალითად, იგი ხშირად იხმობს მოძველებულ პოლარიზებულ ფრაზას ,,სოციალური სამართლიანობის მებრძოლები“ (მათ ძირითადად მხოლოდ აბრევიატურით აღნიშნავს- SJW). ერთი ძალიან საიტერესო მომენტია, როდესაც იგი აღნიშნავს: ,,პიტერ მორინი (Peter Maurin), კათოლიკე მუშათა მოძრაობის თანადამაარსებელი [დოროთე დეისთან (Dorothy Day) ერთად, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო დრეერი არ ახსენებს], ქრისტიანული სოციალური სამართლიანობის ჭეშმარიტი მებრძოლი იყო“ (64). თუმცა, ეს დაგვიანებული მოხსენიება სოციალური სამართლიანობის ქრისტიანობასთან შერწყმისათვის საკმარისი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დრეერი ტერმინის (,,სოციალური სამართლიანობის მებრძოლის“) გამოყენებას დამამცირებლად აგრძელებს. უფრო მეტიც, მიიჩნევს რა სილიციუმის ველს ,,სოციალური თანასწორობის ნამდვილ მექად,“ დრეერი აღნიშნავს, რომ ,,სოციალური სამართლიანობის მებრძოლები, ისეთი კლასიკური ლიბერალური ღირებულებებისადმი ზიზღით არიან ცნობილები, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და რელიგიური თავისუფლება.  ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ციფრული რეალობის ხელმისაწვდომობისა და კომერციის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ“ (80-81). ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობენ სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლი კარგი ადამიანები, ისეთები, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან სიტყვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და რელიგიური თავისუფლების ღირებულებების დარღვევის რისკს?

განყოფის წილ გაერთიანების კიდევ ერთ ნათელ საშუალებად შეიძლება ის გზა აღინიშნოს, რომლითაც დრეერი შემდეგ მეთოდს წარმოადგენს ,,იხილე-განსაჯე-იმოქმედე.“ ეს ფორმულა იოზეფ კარდეინმა (Joseph Cardijn) შეიმუშავა. იგი ახალგაზრდა ქრისტიან ერისკაც მუშათა მოძრაობის დამაარსებელი გახლდათ (1920). აღნიშნული იდეა შემდგომში მამა კოლაკოვიჩმა (Kolaković) გამოიყენა. დრეერის წიგნის უბრალო გადაკითხვიდანაც ჩანს, რომ იგი ამ მეთოდს მხოლოდ წინააღმდეგობის კონსერვატიულ ქრისტიანულ წრეებს განუკუთვნებს  და გვერდს უვლის იმ ფაქტს, თუ როგორი მნიშნელოვანი იყო  იგი პაპ იოანე XXIII-სა და ზოგადად, განთავისუფლების ლათინოამერიკული თეოლოგიის განვითარებისთვის. ამ კავშირების დაიგნორებით, დრეერი იმ საერთო მახასიათებლებს ჩქმალავს,  რომლებიც სხვადასხვა სახის ქრისტიანული წინააღმდეგობის თემებში არსებობენ.

მართლაც, საინტერესოა, თუ როგორი ტიპის ახალი პერსპექტივების გახსნა შეეძლებოდა ამ წიგნს, თუკი ერთმანეთის გვერდით ოსკარ რომეროსა (Oscar Romero) და ვაცლავ ბენდას მსგავს პიროვნებებს დააყენებდა? მე ისიც მაინტერესებს დრეერი ქრისტიანული წინააღმდეგობის შემთხვევების აღწერას თუ რატომ ერიდება და დღევანდელ რუსეთში ჭეშმარიტების ჩახშობის მაგალითებზე რის გამო დუმს. წიგნში მხოლოდ ერთი ასეთი მაგალითია, რომელიც ნათლად არაა გადმოცემული (124-125) და მასში პუტინის სახელი ნახსენები საერთოდ არაა.

როდესაც ამ მიმოხილვის წერა დავასრულე, თერთმეტმა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ისინი არჩეული პრეზიდენტის- ბაიდენის გამარჯვების გაუქმებას მისცემდნენ ხმას. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა წარმომადგენლობით პალატასთან, ცეცხლი გიზგიზებდა, რაც 6 იანვრის მოვლენების მხოლოდ დასაწყისი იყო. შესაძლებელია ხანძარი უკვე გაჩენილი გახლდათ, თუმცა როდ დრეერის წიგნმა, რომელიც ამ ისტორიულ წელს გამოიცა, არაფერი გააკეთა მის გასაკონტროლებლად. მან ხმა აიმაღლა, რომ სხვა სახის აპოკალიფსის შესახებ გავეფრთხილებინეთ, რომელზეც იგი წერს: ,,გვიახლოვდება და გვიახლოვდება სწრაფად“ (94), მისი თვალები იმდენად დაგმანულნი იყვნენ საკუთარი აპოკალიფსის სავარაუდო ნიშნებით, რომ არ შეეძლოთ გვერდითვე ეხილათ, თუ რა მოემართებოდა მათკენ უფრო მძლავრად და სწრაფად.


[1] Cancel culture- ,,ეს ის ტერმინია, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ცნობილი ადამიანის ან კომპანიის წინააღმდეგ ბოიკოტს იმ შემთხვევში, თუ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამენ.“ წყარო- https://euronewsgeorgia.com/2020/11/24/2020-წლის-განმსაზღვრელი-სიტყ/ (მთარგმნ. შენიშვ.).

[2] ,,აშშ-ს კონსტიტუციის მიხედვით, დეკემბრის მეორე ოთხშაბათის შემდეგ პირველი ორშაბათი არის სწორედ ის დღე, როდესაც საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსირონ.“ წყარო- https://tabula.ge/ge/news/658735-dghes-14-dekembers-ashsh-s-saarchevno-kolegia (მთარგმნ. შენიშვ.).

[3] ,,კონტრბრალდებები (Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.“ წყარო- http://www.mythdetector.ge/ka/myth/ra-khdeba-rusetshi-romelits-saprangets-zhurnalistebis-usaprtkhoebisken-moucodebs (მთარგმნ. შენიშვნ.).


უილ კოენი (Will Cohen), თეოლოგიისა და რელიგიის პროფესორი (University of Scranton).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu