კატეგორიის გარეშე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ,,ცრუმოძღვართა შავი სია“

Published on: იანვარი 21, 2021
Total views: 88
Readers' rating:
0
(0)

იაკობ ლასინი (Jacob Lassin)

2020 წლის 19 ნოემბერს, ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური დეპარტამენტი) გამოაქვეყნა ის, რაც მედია საშუალებებმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ,,ცრუმოძღვართა შავი სიად“  შეაფასეს.  სამღვდელოთა ჩამონათვალი აწ უკვე არსებულ სიას დაემატა, რომელშიც ისეთი ორგანიზაციები შედიოდნენ, რომლებიც ვითომდა საქველმოქმედო და რელიგიური მიზნებისთვის ფულს ითხოვდნენ, რეალურად კი, შესწავლის შემდეგ მათი თაღლითობა დადგინდა. საპატრიარქომ ეს სია მორწმუნეთა გასაფრთხილებლად შექმნა, რომ ზოგიერთი რელიგიური ლიდერი და წარმომადგენელი (რომელთაც შეიძლება ისინი ინტერნეტისა თუ სხვა საშუალებით მისდევდნენ), მოსკოვის საპატრიარქოს არ ექვემდებარებიან და მათთან კავშირი უნდა გაწყდეს.  

,,შავი სია“ მოსკოვის საპატრიარქოს შეუპოვრობას გვიჩვენებს, რომლითაც იგი იმ დამოუკიდებელ ჯგუფებსა და პიროვნებებს უპირისპირდება, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებად თვლიან და შეუძლიათ, რომ საკუთარი სამწყსოს წევრები გზას ააცდინონ. ესაა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც პოსტსაბჭოთა პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი წარმომადგენელი  ცდილობდა. ეკლესია უკვე პუბლიკაციებისა და არასანქცირებული რელიგიური ლიტერატურის გავრცელებას ებრძვის, რაც დასაბეჭდი საშუალებების დამოწმების სქემის საფეხურებრივ სისტემას ეხება. ამ სიის გამოქვეყნებით საპატრიარქო ზემოთნახსენებ ტენდენციას აგრძელებს, რაც მორწმუნისადმი იმის მითითებით გამოიხატება, თუ  ვის უნდა მოერიდონ ინტერნეტის საშუალებით. თუმცა, ამ სიის გამოქვეყნებით საპირისპირო შედეგის მიღწევაც შეიძლება, რომ მორწმუნეებს ამ სასულიერო პირების მიმართ ინტერესი გაუღვივდეთ.  

საპატრიარქოს მხრიდან, ამ სიის საკუთარ ვებსაიტზე ატვირთვის გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაური იყო. ,,ცრუმოძღვართა“ სახელების გვერდით, ასევე, მათი  YouTube მისამართებიც იყო განთავსებული. ამ ბმულების დამატება, საპატრიარქოს გვერდის მნახველებს საშუალებას აძლევს, რომ უმალ ეწვიონ იმ სასულიერო პირთა გვერდებს, რომელთა ნახვის თავიდან აცილებაც თავად ეკლესიას სურს. ამას გარდა, ზემოთნახსენებ ჩამონათვალში მათი დამატება, დასახელებულ პირებს ისეთ რეპუტაციასა და საჯარო ცნობადობას სძენს, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ. ამ სიაში სასულიერო პირთა შეტანა, შეიძლება ამ უკანასკნელთა მართებულობის ჯილდოდ და დადასტურებადაც შეფასდეს, იმ იერარქიის წინააღმდეგ, რომლებსაც ეს პირები კორუფციაში ჩართულად ან არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ამგვარად, ამ სასულიერო პირთა ,,ცუდი რეპუტაციის მქონეთა“ სიაში ჩაწერა უპირატესობაა მათთვის, ვისაც საკუთარ ,,მწირ“ და ,,რჩეულ“ ჯგუფებში მხარდამჭერთა მოზიდვა სურს. 

იმავე კვირაში, როდესაც სია გამოქვეყნდა, სასულიერო პირთაგან ერთ-ერთმა- ალექსანდრ ლიპინმა (Aleksandr Lipin) ვიდეო ჩაწერა, სადაც თავისი ახალი სტატუსი აღნიშნა- ,,ტოპ-10 ცრუმოძღვართაგან ერთ-ერთი.“ ლიპინი მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი დიაკონია, ახლა კი სქიზმატური ჯგუფის მღვდელია, რომელსაც სახელად ეწოდება- ’’Russian Orthodox Church Abroad.“ ვიდეოში იგი მოსკოვის საპატრიარქოს, ამგვარი პატივის მიღებისათვის მადლობას უხდის, რაც მისთვის ნიშანია, რომ ღვთის წინაშე მისი მოქმედება სათნო ყოფილა. 

თუკი მისი გზის სისწორეს ე.წ. ’’online engagement-ით“ განვსაზღვრავთ, შეიძლება დავეთანხმოთ კიდევ. საქმე იმაშია, რომ ლიპინს YouTube არხს  მოსკოვის საპატრიარქოზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი ვიდეოები და პოსტები სხვადასხვა საკითხებს ეხება, მათ შორის ანტიგლობალიზაციას, სურვივალიზმსა და ეკუმენიზმის ერესში ჩართულობის გამო, პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს. უმეტესად, ლიპინი მემარჯვენე ფრთის იმ ბრალდებებს იმეორებს, რომლებიც აგერ უკვე ათწლეულებია მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგ არიან მიმართულნი. თუმცა, ახალგაზრდა ასაკი და სოციალურ მედიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები, მას ამ იდეების უფრო მეტად ეფექტურ მაცნედ ხდის, რაც საპატრიარქოს ავტორიტეტს საფრთხეს უქმნის.

კიდევ ერთი ,,ცრუმოძღვართაგანი“ ვლადიმერ გოლოვინია (Vladimir Golovin), რომლის YouTube გამომწერების რიცხვიც შთამბეჭდავია და 344 ათასს შეადგენს, რაც დახლოებით ექვსნახევარჯერ მეტია, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური არხის. მისი თითოეული ვიდეორგოლის ნახვები დაახლოებით ათი ათასია. საპატრიარქომ გოლოვინი საკუთარი სამღვდელო ხარისხისაგან 2019 წელს განაყენა, მისი არამართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მოსაზრებებისა და დიდძალი სარგებლის მიღების გამო, რაც გოლოვინის სულიერი მსახურებებისა და ე.წ. ,,შეთანხმებული ლოცვებიდან“ გამომდინარეობდა.  

სამღვდელო ხარისხის დაკარგვის მიუხედავად, გოლოვინი კვლავ პოპულარულია. მისი ქადაგებები ხალხს მიემართებიან და, როგორც ჩანს, მის მიმდევრებს ძვირფას სულიერ დახმარებას უწევენ. იმის მიუხედავად, რომ ეკლესიამ გოლოვინის ფინანსური დარღვევების შესახებ ხალხს ინფორმაცია სამართლიანად მიაწოდა, სანქციები დაადო და მორწმუნეებს მისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა მოსთხოვა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ გოლოვინმა ციფრული კომუნიკაციების გამოყენების საშუალებით მონახა გზა, რომ მისი სულიერი მზრუნველობა უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გამხდარიყო.  გოლოვინის YouTube გვერდის ,,შავ სიაში“ დამატებით, მოსკოვის საპატრიარქომ, მორწმუნეების ყურადღება ინტერნეტში მართლმადიდებლობის საკმაო პოპულარობაზე გაამახვილა, რაც ონლაინ კომუნიკაციაში საპატრიარქოს ნაკლულევანებას უსვამს ხაზს.

,,შავ სიაში“ შესული ცუდი რეპუტაციის მქონე ბოლო სასულიერო პირი, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებთ, სერგი რომანოვი (Sergii Romanov) გახლავთ, რომელმაც, იმის მიუხედავად, რომ სამღვდელო ხარისხიდან განყენებულია, ურალში მდებარე ერთი მონასტერი დაიკავა და მის დატოვებაზე უარს აცხადებს. სერგი საერთაშორისო სიახლეებშიც მოხვდა მისი უცხო სწავლებებისა თუ მოქმედებების და COVID-19-ის უარყოფის გამო, რამაც იგი მართალია ცუდი რეპუტაციის მქონე პირად წარმოაჩინა, თუმცა, მეორე მხრივ, სახელიც გაუთქვა ისეთთათვის, რომლებიც მართლმადიდებლობის ,,უფრო ჭეშმარიტ“ და ,,უფრო წმინდა“ გზას ეძებენ. ,,შავ სიაში“ მოთავსებით, ეკლესიამ დაადასტურა, რომ სერგი და სხვა ,,ცრუმოძღვარნი“ ქმნიან ერთგვარ ,,კანონგარეშე მართლმადიდებლობას,“ სარწმუნოების სახეს, რომელსაც გარკვეული ხალხის მიზიდვა შეუძლია, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებსაც ისეთი რელიგია სურთ, რომელიც იქნება უფრო მეტად თავისუფალი, პირდაპირი და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების არმქონე. რეალურად, სია, მასში აღნიშნულ პირებს (გამოყოფს რა მათ სახელმწიფოსთან შეზრდილი საპატრიარქოსგან), უფრო მეტად ,,საინტერესოს“ ხდის.

ამ ,,სიის შედგენა“ ცხადყოფს, რომ მოსკოვის საპატრიარქო ძალიან სერიოზულად უდგება ისეთ პირებს, რომლებსაც რუსეთში სოციალური მედიის ჩართულობიდან გამომდინარე, დიდი ძალის მფლობელებად მიიჩნევს. საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ მორწმუნეები თაღლითობისაგან დაიცვას სწორია, თუმცა, ამ სიის გამოქვეყნება და შემდეგ კი მასზე აღნიშნული სასულიერო პირების გვერდების მიბმა (რომლებსაც ხშირად თავად საპატრიარქოზე ბევრად დიდი აუდიენცია აქვთ), სისუსტეზე მიუთითებს. თუკი საპატრიარქოს ახალგაზრდა თაობების მოზიდვა სურს, იმ ხალხისა, რომლებიც საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებს, მაშინ შესაბამისი ონლაინ სტრატეგიის შექმნა სჯობს (რომელიც ადამიანებს უფრო მეტად დაიახლოვებს) ისეთი ადამიანების სიების შედგენას, რომლებიც სოციალურ მედიას საპატრიარქოში დასაქმებულ ხალხზე უფრო კარგად იყენებენ. 


იაკობ ლასინი (Jacob Lassin) არის პოსტსადოქტორო პროგრამის მკვლევარი (Melikian Center for Russian, Eurasian, and East European Studies. Arizona State University). მისი კვლევა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერნეტ აქტივობას მიემართება. მკვლევარის გამოწერა ტვიტერზეა შესაძლებელი- @jacoblassin.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu