მატ კაპადაკუნელი (Matt Kappadakunnel)

2020 წლის სტრესმა ბევრ ადამიანს და მათ შორის – მეც, უძილობის პრობლემა შეგვიქმნა. ვერც დავთვლი, რამდენ ღამეს, საათზე მეტხანს ვერ მომიხუჭავს თვალი და მხოლოდ მაღვიძარის დარეკვამდე ცოტა ხნით ადრეღა თუ წამთვლემდა ხოლმე. ერთ ღამესაც, როდესაც ისევ ძილი გამიტყდა, აზრად ერთი სულიერი პრაქტიკა მომივიდა, უწინაც გამოსადეგი რომ ყოფილა.
ღამისთევის მსახურება სულიერი ასკეზის ფორმა, ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველი წლებიდანაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მავანი, ვისაც ღამისთევა უწევს, ღამის განმავლობაში გონიერი ლოცვით დაკავდება. ზოგჯერ სიფხიზლე სულიწმინდისგანაც მოდის, რათა ლოცვისკენ გვიბიძგოს, ზოგჯერ კი ძილს ჩვენი საკუთარი შფოთვები გვიფრთხობს და ეს შფოთვანი ლოცვის საბაბად იქცევიან ხოლმე. ეს იმიტომ ხდება, რომ შუაღამისას, ყურადღების გამფანტავი ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი და საკუთარი თავის ღვთისკენ მიმართვა გაცილებით სრულყოფილად შეგვიძლია.
ცხადია, როდესაც ძილი გვიტყდება, ლოცვა უკანასკნელია ხოლმე, რასაც ვაკეთებთ. როგორც წესი, შვებას ტელევიზორთან, რადიომაუწყებლობაში (ე.წ „პოდკასტი“), მუსიკასა და სასუსნავში ვეძიებთ.
მაგრამ განუწყვეტელი ნუგეშის მოგვრა მხოლოდ სულიწმინდას ძალუძს. განსაკუთრებით ამ პანდემიისა და საყოველთაო მღელვარების პირობებშია საჭირო, ვფხიზლობდეთ და სულიწმინდის მოწოდებას მივაყურადოთ.
მაინც, რატომ სურს ღმერთს, ჩვენი ძვირფასი ძილი განაფრთხოს?
- დღის განმავლობაში მრავალი საზრუნავით გარემოცულთ, ღვთის ხმის გასაგონად არ გვცალია.
- სულთა მკურნალს ჩვენი კურნება სწადია, ღამე კი სწორედ შესაფერი ჟამია იმისთვის, რომ სულებმა წადიერებით მიიღონ ეს კურნება.
ზოგჯერ, შესაძლოა, ღმერთი სულაც არ იყოს ჩვენთვის ძილის გამფრთხობელი, არამედ – ჩვენი საკუთარი შფოთვა, რომელიც მოსვენების ჟამს შემოგვეჭრება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კარგი იქნებოდა, ლოცვისთვის მიგვემართა, რადგან მხოლოდ ღმერთს ძალუძს ამ მღელვარებისგან ჩვენი გათავისუფლება.
ღამისთევის მსახურება მდუმარე ლოცვაა. გავყუჩდებით წმინდა სამებასთან და ამ მყუდროებაში განვიცდით ღვთის სიყვარულსა და მზრუნველობას. ერთ-ერთი ხერხი ისიქაზმის ამ მდგომარეობაში შესასვლელად, სუნთვაზე კონცენტრირებაა: ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის გაცნობიერებულად დაფიქსირება საშუალებას მოგვცემს, აქ და ახლა, გონებამოკრებილნი და ყურადღებიანნი ვიყოთ. ზოგიერთები სასარგებლოდ მიიჩნევენ მოკლე ლოცვის, მაგალითად იესოს ლოცვის კითხვას, რათა სიმშვიდე მოიკრიბონ და გულისხმანი წმინდა სამებას შეუერთონ.
ღამისთევის მსახურების შემდგომ ისეთ სიმშვიდესა და მყუდროებას განვიცდი, რომ შვებით იოლად ვიძინებ, ამასთანავე, უწყვეტი და გადაბმული ძილის შემდგომ, დასვენებულადაც ვგრძნობ თავს. მწამს, მიზეზი ამ ყოველივესი, წმინდა სამებასთან შეხვედრა და მისი მაკურნებელი განცდაა, ეს განმაახლებს და ძალასაც მაძლევს ღამისთევის საათებში.
მათთვის, ვისაც ოჯახი აქვს, ან სხვა ადამიანებთან ერთად უწევს ცხოვრება, ღამისთევის მსახურება, შესაძლოა, სულაც, ერთადერთ ხელმისაწვდომ გზას წარმოადგენდეს პირადი ლოცვისთვის. ამჟამადაც, ბევრი ადამიანი სახლიდან მუშაობს, ბავშვები გაკვეთილებს Zoom-ის პლატფორმით ესწრებიან, პასუხისმგებლობები და შფოთვა გაიზარდა, ხოლო ჩვენი პირადი დრო, რომელიც საკუთარი თავისა და ღმერთისთვის უნდა დაგვეთმო, შემცირდა.
ამ განსაკუთრებით მშფოთვარე ჟამს, ღმერთი კიდევ უფრო გვესაჭიროება!
ღამისთევის მსახურება, თუმცკი მოუხერხებელი ჩანს, საშუალებას გვაძლევს, წმინდა სამებას სრულად მივუძღვნათ თავი. უფალთან ყოფნა შესაძლებელია ისე, რომ ჩვენს მეუღლესა და შვილებსაც არ მოვაკლოთ ყურადღებას, არც – სამსახურსა და ყოფით ვალდებულებებს. ღამისთევისას მხოლოდ ღმერთს ვეკუთვნით.
ეს ძველი სულიერი პრაქტიკა სავსებით მოულოდნელად და სრულიად მოულოდნელსავე წყაროდან აღმოვაჩინე.
მაშინ წმინდა იგნატიუს ლოიოლას სულიერ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ოცდაათდღიან მდუმარე განსვლას ვეწეოდი და, ხშირად, შუაღამისას ფხიზლად ვიყავი, ამავდროულად, ამ ხნის განმავლობაში, მამა გიორგი ა. მელოუნის წიგნს (Fr. George Maloney, SJ’s Inward Stillness) ვკითხულობდი, საიდანაც პირველად შევიტყვე ღამისთევის ტრადიციის შესახებ. საინტერესოა, რომ იეზუიტი მღვდლის ეს წიგნი გახდა ჩემი მეგზური ადრეული ქრისტიანობის ლოცვით ისიქასტურ პრაქტიკაში, თანაც – წმინდა იგნატიუს ლოიოლას გამოცდილებაზე დაფუძნებული სულიერი მცდელობებისას. საინტერესოა, რომ წმინდა იგნატიუსის სულიერი სამყარო უფრო კატაფატიკურია, ხატებებზეა ორიენტირებული, ხოლო ღამისთევას უფრო აპოფატიკური ღვთისმეტყველება ახასიათებს და გონიერ ლოცვაზე ორიენტირდება. იგნატიუს ლოიოლას ამოსავალი და ცენტრალური წერტილი გახლავთ ღიაობა იმ გზებისადმი, რომელთაც ღმერთი ჩვენს სულებთან მოსაახლებლად ირჩევს. ამას გარდა, მე სულიწმინდის მყოფობის ფაქტი განსაკუთრებით მიზიდავს, ჩემი წარსულიდან გამომდინარე, აღმოსავლურ კათოლიკურ ეკლესიას რომ უკავშირდება, რომელის ფესვებიც პირველ ქრისტიანებში შეგვიძლია ვეძიოთ.
მამა გიორგი მელოუნიმ ადრიდანვე უნიკალური გამოცდილებები დააგროვა. იგი ვისკონსინის პროვინციის იეზუიტთა ორდენში გაწევრიანდა და რომში მღვდლად დაესხა ხელი 1957 წელს, რუსულ-ბიზანტიური ტიპიკონის თანახმად. 1962 წელს, რომში, მამა გიორგიმ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა (Pontifical Oriental Institute).
რომიდან წასვლის შემდგომ, მან ფორდჰემის უნივერსიტეტში იოანე XXIII სახელობის აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევითი ცენტრი დააარსა. 1965 წელს ეკუმენური შინაარსის ჟურნალის გამოცემა დაიწყო სახელწოდებით „დიაკონია“ (მსახურება), რათა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის დიალოგის დახმარებოდა. აგრეთვე, მამა გიორგი გახლდათ New Catholic Encyclopedia-ში დაბეჭდილი ყველა იმ სტატიის რედაქტორი, რომელიც აღმოსავლურ ეკლესიას ეხებოდა. მან დაწერა 80-ზე მეტი წიგნი და სხვადასხვა სტატია აღმოსავლური ქრისტიანობის სულიერებაზე.
დარჩენილი ცხოვრება მამა გიორგიმ Contemplative Ministries-ის საერთაშორისო დირექტორი იყო, სამხრეთ კალიფორნიაში და სულიერ-პრაქტიკული გასვლებს** გეგმავდა, რომელთა მიზანიც სულიერი აღორძინება გახლდათ. მოგვიანებით მან ჩრდილო კაროლინაში გადაინაცვლა (Asheville, North Carolina). სიცოცხლის ბოლოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობდა მღვდლად.
გიორგი მელოუნი 2005 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მდიდარი სულიერი გამოცდილება დღემდე ცოცხლობს როგორც მის ნაწერებში, ისე – იმ ადამიანებში, მისგან რომ სულიერი სარგებელი ნახეს. ვმადლობ სულიწმინდას, რომელიც მამა გიორგის წიგნთან მიმიყვანა და ღამისთევის მსახურება გამაცნო, გამაცნო სულიერი პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მაძლევს, უფალს მივეახლო და ღამის მდუმარებაში განვიცადო წმინდა სამება. ასე ვძლევ შფოთვას და საღმრთო მშვიდობით ვივსები.
მთარგმნელის შენიშვნა:
** Retreat/ ΄”αναχώρηση” – იგულისხმება არა უბრალო საექსკურსიო გასვლა, რელიგიური ტური, არამედ – სულიერ-ასკეტური გამოცდილების მიზნით დროებითი განრიდება ჩვეული გარემოსგან
მატ კაპადაკუნელი (Matt Kappadakunnel) ფინანსისტია და ლოს ანჯელესში ცხოვრობს მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. კონფესიური კუთვნილება- Syro-Malabar Eastern Catholic Rite. მისი წინაპრები მალანკარას (ინდოეთი) სირიულ-იაკობიტურ ეკლესიის წევრები იყვნენ. ერთხანს, მატმა საღვთისმეტყველო განათლებას მოკიდა ხელი, რომ კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო და ფორდჰემის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზეც კი ჩააბარა. იგი კრეიტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ეკონომიკის ექსპერტ-ანალიტიკოსის სპეციალობით.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.