კატეგორიის გარეშე

ჟამიანობისას სიყვარულისა და სილამაზის თაობაზე

Published on: თებერვალი 12, 2021
Total views: 30
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

ვ. კ. მაკარტი (V.K. McCarty)

ჩვენს გულებში ჯერაც ქრისტეშობის დღესასწაულია დავანებული და კარს მომდგარ დიდ მარხვას მოასწავებს, ამ დროს კი ყოველდღიურად გვიწევს იმ ახალ და რთულ გამოწვევებთან შეჯახება, პანდემია რომ წამოგვიყენებს. ვითარცა მწყემსნი და მოძღვარნი, ქრისტიანული მსახურების წინა ხაზზე მყოფნი, ცხადად ვხედავთ იმ საკითხებს, საზოგადოებას რომ აშფოთებს. თუმცა, ამ ქაოსსა და ჯაფაში, ეკლესია, ამოწმებს რა, ჩვენ შორის მყოფი ღვთის სიყვარულს, სულიერად გვიცავს. 

ამ პანდემიისეული ასპექტების ყოველმხრივი მიმოხილვა, ურთიერთ შეწევნისა და გაგების მცდელობა, ღვთისგან წყალობის გამოსათხოვად და სინანულისა და მადლიერების ლოცვად აღგვძრავენ. განა, ეს ღვთის არსებობის მტკიცებულება არ გახლავთ, რომელიც ხსნის კიდობანს წარმოადგენს, სადაც ვირუსის გადავლამდე უნდა შევეფაროთ? განა, ის ოჯახები, ჩაკეტილობის ჟამს რომ ღვთის მოწყალებისადმი სასოებას ინარჩუნებენ და ამ კრიზისულ პერიოდსაც მშვიდობითა და ჰარმონიით ატარებენ, იმ ოჯახებს არ მიემსგავსებიან, ძველი აღთქმის უფლის მოწოდება რომ ყურთ იღეს?  

რამდენადაც კაცობრიობისადმი ღვთის ღრმა სიკეთე და კაცთმოყვარება, ჩვენი სულისათვის დამახასიათებელი მშვენიერებანი არიან, ბუნებრივია ვისწრაფვოდეთ, რომ ქრისტეს ნათლის ბრწყინვალე ანარეკლი შევიქნათ მათთვის, ვისაც ვემსახურებით. როგორც მართებულად ბრძანებს წმინდა გრიგოლ ნოსელი, „ანკესი“, რომელიც ღმერთმა თავისი განკაცებით ჩაგვიგდო, გამუდმებით ზეცად მიგვიზიდავს, ამგვარად, ჩვენი ცოდვილი ბუნება სიყვარულისა და შენდობის ბრძოლაში ჩაებმება (კატეხიზატორული ქადაგება). „ვსდგეთ მტკიცედ! – მოგვიწოდებს სხვა ქადაგებაში და მსმენელთ ღვთის მშვენიერების აღწერით შეგვაგულიანებს, რომელიც იმგვარად მიიზიდავს სულს, რომ მასში ღრმად ფესვგადგმული ჩვევებისგანაც კი ათავისუფლებს (ქალწულების შესახებ).

ამ პანდემიის განმავლობაში, ჩაკეტილობის დროს (ე.წ Lockdown), სიყვარულისა და მშვენიერების ყველაზე წარმტაც ძღვენად შეგვიძლია მრევლის წევრებთან ურთიერთობის განმაცოცხლებელი და მოულოდნელი გამოცდილებები მივიჩნიოთ. კომუნიკაციის ელექტრონულმა საშუალებებმა (უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე რომ ავითვისეთ), როგორღაც, უფრო დაგვაახლოვა და საუბრის მეტი საშუალება მოგვცა. ასე რომ, ამ უცნაურ ჟამს, როდესაც ტაძარში ინტერნეტ-ჩართვების საშუალებით ვიკრიბებით, („რათა ვიხილოთ შუენიერება უფლისა და მოვიდეთ ტაძარსა წმინდასა მისსა.“ ფსალმ. 27:4), ბევრმა ჩვენგანმა მოყვასის გაცნობა და შეყვარება შეძლო – ეს ნამდვილად საღვთო მადლის ძღვენია.

საღმრთო საიდუმლოებებში ფიზიკური მონაწილეობა დაგვაკლდა, როდესაც ყოველი  საგრძნობელი აქტიურდებოდა – ევქარისტიას ვიგემებდით, საკმეველს ვიყნოსავდით, ზარის რეკვა მოსწვდებოდა სასმენელს, ხატებს ამბორს მივაგებდით -, მრევლის წევრების პირადი ისტორიების მოსმენამ ჩემი ლოცვა გამოაცოცხლა. ეს, შესაძლოა, თქვენც გამოსცადეთ.  ერთი მწერალი ქალი მახსენდება, ფრედერიკა მეთიუს გრინი (Frederica Mathewes-Green), რომელსაც გამბედაობა ეყო, რომ საღმრთო ლიტურგიაზე, როგორც  მშვენიერების გრძნობად ნეტარებაზე, ისე ესაუბრა. მან, მართლმადიდებლური სარწმუნოების ბილიკებზე თავისი სლვისას აღმოაჩინა „შთამბეჭდავი და წარმტაცი სიყვარული ღვთისა, რომელიც ყოველივეს აღავსებს,“ აღმოაჩინა „მშვენიერება წარტაცებისა (ექსტაზი), საკუთარ ცოდვათა გამო რომ ცრემლებს დაგაღვრევინებს“, აღმოაჩინა „დიდებული ტკივილი მხიარული, რომელზეც წმინდა იოანე სინელი საუბრობს, როგორც ტკბილ, განმსჭვალავ წადილზე. ავტორმა იესოს მშვენიერი სახის საჭვრეტად სხვა მაგალითებიც მოიხმო!“ (At the corner of East and now 1999, 155).

მართლმადიდებლობას სიყვარულისა და მშვენიერების საერთო ენა გააჩნია, ღვთის თვალში კი ეს ორი ცნება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ამბობენ, რომ წმინდა მაკრინა თავის ძმას, წმინდა გრიგოლს ასწავლიდა, საღმრთო ცხოვრება ყოველთვის სიყვარულით იკრებს ძალასო (დიალოგები სულსა და აღდგომაზე). მართლაც, თავმდაბალი ლოცვის ნაყოფი საღმრთო სიყვარული, უბრალოდ რომ ვთქვათ, ღვთის მადლია (როგორც ლოსკი აღნიშნავს). ამასთანავე, სიყვარული მშვენიერების პრიზმაში გარდატყდება და მის საბოლოო მიზნად და მის სავსებად მიიჩნევა, ვინაიდან, „სიყვარული, აღყვანებული ტრფობის ხარისხში, ყველა კულტურაში გვხვდება: სიმაღლეს პლატონის „ნადიმში“ აკრეფს და მწვერვალებს ბიზანტიაში აღწევს, წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის სიტყვებში. (Trostyanskiy, 2016, xiii)

და მართლაც, განა, ჩვენი სულიერების მიზანი არ არის, ვიხილოთ ღვთის მშვენიერება და გარდავიქმნათ, ფერი ვიცვალოთ? სიყვარული კი ჩვენი რწმენის ცენტრალური გამოცდილება და მიზანია. მართლმადიდებლობის ჟანგბადს მადლიერებით შევისუნთქავთ, სადაც სიყვარული არასოდეს დაიწრიტება: „ღმერთი დასთესს სიყვარულს – როგორვ წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს (შესხმა მაქსიმესადმი 3, PG 51.230). სამადლობელ დაუჯდომელში ასეთი სიტყვები გვხვდება: „მშვენებასა ჭეშმარიტსა ძალუძს მოიყვანოს სული შენდამი და გიგალობოს წარტაცებით, ალილუია“ (კონდაკი 7).

ეჭვგარეშეა, ეს პანდემია შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა ღვთის ქმნილების მშვენიერების განსაცდელად. ნუ დაგავაიწყდება, იმ ბუნებრივი მშვენიერებით აღფრთოვანება გამოვხატოთ, კარანტინის თვეებში რომ მოწიწებით შევყურებთ. განა, ეს საფირონის ცა მშვენიერი არაა? განა, დღითიდღე არ განგვაცვიფრებს ეს იშვიათი ლაჟვარდისფერი ზეცა? ამგვარადვე, სული ყოველთვის იმას ამჟღავნებს, რასაც აირეკლავს, ხოლო, როგორც  დევიდ ბენტლი ჰარტი (David Bentley Hart) აღნიშნავს, „ღვთიური სიყვარულისთვის თვალის წამიერი შევლებაც კი გონს გამოუთქმელად წარიტაცებს, – როდესაც ოკეანის სიღრმეებისკენ, ანდა მზისკენ ისწრაფვი, იგემებ რა,  რამდენიმე წვეთს და იხილავ მცირედ ათინათებს, მათი სილამაზით  შთაგონებას მიიღებ“  (Hart, 2003, 120.)

განა, არ დავმტკბარვართ ამ მშვენიერების წარმტაცი ნამცვრევითა და ათინათებით, პანდემიისას რომ არეკლილა? როგორი იქნება ჩვენი სამყარო, თუკი გამონაბოლქვის შემცირებას შეგნებულად გავაგრძელებდით? რაც გამოწვეული იქნებოდა არ მხოლოდ პანდემიის პირობებში გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი სარწმუნოებიდან და მადლიერებიდან.

შესაძლებელი ხომ არაა, ეს პაუზა ჩვენს თავზე დაბუდებული გამონაბოლქვის ბუღისგან განწმენდის, ახალი, ჯანსაღი ცვლილების ნაწილი აღმოჩნდეს? ამას მართალია დიდი მუშაობა და შინაგანი ძალა დასჭირდებოდა, მაგრამ ატმოსფეროს გაუმჯობესებას კი ნამდვილად შეუწყობდა ხელს და, ამგვარად, ღვთისქმნილი ზეცის მშვენიერებას შევინარჩუნებდით, რათა იგი ჩვენს შვილიშვილებსაც  ეხილათ.

ამ დროებაში, როდესაც დღე ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იმატებს, ღვთის განკაცების გონითმიუწვდომელი ძღვენი ჩვენ წინაშე გადაიშლება:

კურთხეულ იყოს ყოველი თქვენთაგანი, რომელიც სიმდაბლით იხილავს ღვთის მშვენიერებას!

კურთხეულ იყოს ყოველი თქვენთაგანი, რომელიც ღვთის სიყვარულს მასთან შერიგების საქმით მიაგებს პასუხს!

კურთხეულ იყოს ყოველი თქვენთაგანი, ვინც პანდემიისას მკაცრად განისწავლება და ამ წრთვნას, ღვთის მადლით, ირგვლივ მყოფთა მიმართ კეთილშობილებად გარდაქმნის!

მოვედით, იგემეთ მშვენება ღვთის სამყაროსი, სარწმუნოების ოქროცურვილ შუქზე რომ თვალწინ გეშლებათ!

მოვედით, ინუგეშეთ ჟამიანობისას კაცთმოყვარებით ღვთისა, რომელიც მზრუნველი სიკეთის ბალზამია და საღვთო სიყვარულის ძალით დაუდექით გვერდით ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს, ყველას, ვინც თქვენს გულში მკვიდრობს!

თქვენს გულებში მყოფმა უფალმა მოგანიჭოთ ძალა პანდემიის ჟამს!

გარდამოვიდეს სული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი დაგიმკვიდროთ ნაწილი მის უზენაეს სიკეთესა შინა!


Ιωάννης Χρυσόστομος, Εγκώμιο στον Μάξιμο, PG 51.

Gregory of Nyssa, De Anima et Resurrectione, GNO III/3. Gregory of Nyssa, Oration Catechetica Magna, GNO III/4.

David Bentley Hart, “The Mirror of the Infinite: Gregory of Nyssa on theVestigia Trinitatis,” in Sarah Coakley, ed. Re-Thinking Gregory of Nyssa (Malden, MA: Blackwell Publishing Ltd., 2003), pp. 111-131.

Vladimir Lossky, The Mystical Theology of the Eastern Church (Crestwood, NY: St Vladimir’s Seminary Press, 1976).

Frederica Mathewes-Green, At the Corner of East and Now (New York: Jeremy P. Tarcher/Putnam, 1999).

Sergey Trostyanskiy, Love, Marriage, and Family in Eastern Orthodox Perspective, Preface (Piscataway, NJ: Gorgias Press, 2016).


ვ.კ მაკარტი (V.K. McCarty) ინგლისელი თეოლოგია. იგი სასულიერო სემინარიაში ასწავლის, პარალელურად კი აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი წიგნი  „From They Lips: Voices of Early Christian Women“  გამომცემლობამ Gorgias Press გამოსცა.

ზემოთ წარმოდგენილი ტექსტი გახლავთ მისი მოხსენების „ბოროტება და სულიერი ბრძოლა პანდემიის ჟამს“ ნაწილი. კონფერენცია, რომელზეც მან ეს მოხსენება წაიკითხა, აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu