კატეგორიის გარეშე

როგორ ამხელს ორიგენე ჩვენს ეკლესიოლოგიურ ილუზიებს

Published on: თებერვალი 22, 2021
Total views: 279
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

ამბროსი ანდრეანო  (Ambrose Andreano)

ვინმეს რომ ჩემი ორიგენესადმი მიძღვნილი ყველა ესსე შემოეკრიბა, ორას გვერდამდე გამოვიდოდა. გარდა ამისა, მონაწილეობა მიმიღია დაახლოებით ხუთი საათის ხანგრძლივობის მრავალ პოდქასტში (AFR) ორიგენეს ფილოკალიის[1] შესახებ. 2020 წლის 14 ივლისს მამა ტომ სოროკამ (Tom Soroka) Ancient Faith Today Live-ს ეგიდით ჩემგან ინტერვიუ აიღო, სადაც ორიგენეს ცხოვრების შესახებ ვსაუბრობთ. ვიღაცას შეიძლება ეკითხა, „რა საჭიროა ვინმემ ამდენი დრო დაუთმოს რომელიღაც ანათემირებულ ერეტიკოსს“? ეს კითხვა ერთგვარ საეკლესიო მსოფმხედველობას ავლენს, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი. ღვთისმოშიში უვიცობის ეს მსოფმხედველობა გულისხმობს შემდეგს – იმისათვის, რომ ჭეშმარიტ მართლმადიდებლად ჩაითვალო, საჭიროა მხურვალე მტრობითა და გადაჭარბებული შეუბრალებლობით იყო განმსჭვალული უძველესი დროის სადავო პიროვნებისადმი. თუმცა, განსხვავებული აზრის დასაცავად ორი მხარის არსებობაა აუცილებელია. ჩვენ, ხშირად, სხვა ადამიანს „სადავოდ“ მივიჩნევთ და გვავიწყდება, რომ სწორედ ასეთი სახის გამოთქმებით, მას უკვე ბრალდებულებად წარმოვაჩენთ.  

ძალაუფლების ცვლა შეუმჩნევლად გააუქმებს მტკიცებულებების სიმძიმეს (და შესაბამისად დანაშაულსაც) და მას უმალ განკითხულიდან განმკითხველზე გადაიტანს. ეს შემდეგნაირად ხდება: ანასტასი სინელი მიდის თავის მეგობართან და მოშურნეობით უქადაგებს: „ორიგენეს სწამდა, რომ ქრისტე ლიტონი ადამიანი იყო! შეგიძლია მსგავსი ერესი დაიჯერო“? (წინამძღოლი, 21.1.73-74). სავარაუდოდ, მისი მეგობარიც, რომელსაც არაფერი სმენოდა ორიგენესა და მისი სწავლებების შესახებ, ეტყოდა: „ანასტასი, რაღაც უნდა გადაწყდეს ამის შესახებ“! გარდა ამისა, არსებობს ერთი, საკმაოდ სერიოზული პრობლემა: ორიგენეს ზემოთქმული არათუ არ ჯეროდა, არამედ რადიკალურად განსხვავებულ აზრსაც აცხადებდა: მაგალითისათვის, ორიგენეს ერთერთ დაკარგულ ტექსტში, ტიტეს მიმართ ეპისტოლის განმარტებაში (ეს ტექსტი იუსტინიანეს მიზეზით დაიკარგა) ვკითხულობთ შემდეგს:  

,,არსებობს ადამიანი, რომელიც მცდარად იგებს ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს […] და ამის ნაცვლად ამტკიცებს, რომ ის ლიტონი კაცი იყო. შეიძლება ვინმე ერეტიკოსი, ეთანხმება მათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იესო მართლაც იყო ღმერთი, მაგრამ არ მიუღია ადამიანობა, ანუ ადამიანური სული და სხეული. ეს ერეტიკოსები (იმ მიზეზით, რომ განსაკუთრებულად ადიდებენ უფალ იესოს), აცხადებენ, რომ მისი (უფლის) ყველა საქმე მოჩვენებითი და არა რეალური იყო.“

 (პამფილი, აპოლოგია ორიგენესათვის, Thomas P. Scheck თარგმანი, გვ. 56-57).

ორიგენე ერეტიკოსებად მიიჩნევდა მათ, რომელთაც სწამდათ, რომ იესო ქრისტე ლიტონი კაცი იყო – ფაქტობრივად, იგი იმას ეწინააღმდეგებოდა, რასაც მასზე ანასტასი სინელი ამბობდა. ანასტასიმ შეცდომა დაუშვა, რადგან საკმარისად კარგად არ იცნობდა ორიგენეს თხზულებებს, შესაბამისად ამ ორ ადამიანს ორიგენეს შესახებ  არსებული მცდარი აზრის სჯეროდათ. თუ წარმოვიდგენთ, რომ ისინი კიდევ სხვა ორ ადამიანსაც დააჯერებდნენ ამ სიმცდარეს, მაშინ, ასეთი ადამიანების რიცხვი ოთხამდე გაიზრდებოდა და ა. შ. ამ გზით კი მოშურნეობით ვრცელდება სიცრუე და არა შეგნებული „მეცნიერება“ (რომ. 10.2).

პირველი ადამიანი, რომელმაც ორიგენეს განსჯა მოისურვა მეთოდი ოლიმპიელი  იყო, მაგრამ რაც კი დაწერა ორიგენეს შესახებ თითქმის არაფერი იყო სწორი. წმინდა პამფილი კესარიელი აბათილებს მეთოდი ოლიმპოელის არგუმენტებს და ნათლად წარმოაჩენს, რომ მას სიღრმისეულად არც კი ესმოდა ორიგენეს აზრი. მაგალითისთვის, ერთერთი ბრალდება იყო ის, რომ ორიგენე რეინკარნაციას აღიარებდა, რაც არაა სწორი, რადგან ამის საპირისპიროა ის, რასაც ორიგენე წერს მათეს სახარების განმარტებაში 13.1. უამრავი წმინდანია, რომელთაც შეცდომა დაუშვეს ორიგენესთან მიმართებაში, და ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ იძიებს მსგავს სადავო საკითხებს მეტად არასასიამოვნო და მკაცრი გზავნილია.  

შესაძლოა არგუმენტისათვის ორი ადამიანიც საკმარისი იყოს, მაგრამ სკანდალისთვის ერთი ადამიანიც საკმარისია. ამ მიზეზით, ძალიან ადვილია შეცდომით იქნენ განსჯილნი ადამიანები, ისე, რომ ეს ბევრმა ვერც შეამჩნიოს. ორიგენე თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ პირველად, რომელიც გაბატონებული საიმპერატორო ქრისტიანობის მიერ განეიტრალებულ იქნა. მაგრამ, ეს არ არის მხოლოდ მართლმადიდებლური პრობლემა, არამედ მეთოდოლოგიის ინსტიტუციონალური საკითხი, რომელსაც სერიოზული შედეგები აქვს როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ შეუძლებელია თანამედროვე ადამიანი უფრო ინფორმირებული იყოს ნებისმიერი თემის შესახებ, ვიდრე ადრეული საუკუნეების აღმსარებლები, და მით უფრო ორიგენისტული დავების შესახებ. „გგონია, რომ უფრო მეტი იცი, ვიდრე იუსტინიანემ? რა ქედმაღალი ყოფილხარ“! კარგი, მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მოცემულობების საფუძველზე, იუსტინიანემ ძალიან ცოტა თუ იცოდა ორიგენეს აზრის შესახებ და ის შეხედულება რაც მასზედ ჰქონდა, უფრო ევაგრესეული სამონასტრო წრეებისაგან მოდიოდა, რომელთაც ისოხრისტები და პროტოკტისტები ეწოდებოდათ (იხ. McGuckin The Westminster Handbook to Origen, გვ. 165-166). ადრეული ხანის საშუალო დონის ადამიანს წმინდა წერილის მთლიანი ტექსტიც კი არ ჰქონდა, და თუ ჰქონდა სავარაუდოდ, მისი წაკითხვის შესაძლებლობას (კომპეტენცია) არ ფლობდა. მაქვს წმინდა წერილის ყველა გამოცემა, წმინდა მამათა ყველა ნაშრომი ინგლისური გამოცემებით, ასევე უამრავი დამხმარე წყარო, ყველაფერი Google Drive-ით მეშვეობით. უაზრობა იქნებოდა გვეთქვა, რომ დღეს ცოდნის შეძენის დიდი შესაძლებლობა არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ყოველ  ჯერზე გამოჩნდება ხოლმე ქედმაღლური ბრალდება, როდესაც ვინმე იტყვის, რომ ესა თუ ის წმინდანი ცდებოდა. ანუ ვგულისხმობთ, რომ ყველა წმინდანი ყოვლისმცოდნეა? ან ნებისმიერი საკითხის სპეციალისტია? დაზღვეულნი იყვნენ შეცდომებისგან? მსგავსი არგუმენტი ძალიან მცდარია. საკმარისია კარგად გავეცნოთ მათ ნაშრომებს, რომ უმალ საპირისპიროში დავრწმუნდებით. ბევრმა  თქვენგანმა  იცის, რომ წმინდა გრიგოლ ნოსელი აპოკატასტასის შესახებ ასწავლიდა და იმასაც ამბობდა, რომ ეშმაკის ცხონებაც შესაძლებელია (დიდი კატეხიტური სიტყვა, 26)? იცით, რომ წმინდა ათანასე ორიგენეს ეკლესიის მამად იხსენიებს (De Decretis 6.27)? იცით, რომ ისააკ ასური ჯოჯოხეთში მარადიულ სატანჯველს ღვთისგმობად ამბობს? (The Second Part 39.2,22)? გსმენიათ, რომ წმინდა პამფილის სულთა წინასწარარსებობის სჯეროდა (Scheck, გვ. 122)? იუსტინიანეს თანახმად:

,,ეკლესია, მიყვებოდა რა საღვთო წიგნებს, ასწავლიდა, რომ სული სხეულთან ერთად იქმნება და არა ჯერ პირველი და შემდეგ მეორე ორიგენეს უგუნერების თანახმად. ამ სამარცხვინო და დამღუპველი სწავლების, უფრო კი ცთომილებების მიზეზით, გთხოვთ, წმინდა მამებო, შეიკრიბოთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოკრებილი ადგილები, გაკიცხეთ და ანათემას გადაეცით ყველა ეს ტექსტი ორიგენესთან და იმათთან ერთად, რომლებიც სიკვდილამდე იზიარებენ ამ უკეთურებას“

(Richard Price The Acts of the Council of Constantinople 553, გვ. 284).

რატომ არ გამოცხადდა წმინდა პამფილი ერეტიკოსად გარდაცვალების შემდეგ? იცოდა ეს იუსტინიანემ? (დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ). დასაშვებია ეკლესიისათვის, რომ მამათა უთანხმოებების შესახებ იმსჯელოს ან იქნებ თავს ვიკატუნებთ, მაშინ, როდესაც ვიჯერებთ, რომ განზრახული უმეცრება და უცნაური (არალოგიკური) იდეების განუსჯელი მიღება მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნისათვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ? მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე მეცნიერებამ ზუსტად უნდა გაიაზროს და გადაჭრას ეს საკითხები იმ განსაკუთრებულად უპირატესი პოზიციის გამო, რომელშიც ის ინფორმაციების ფლობასთან მიმართებაში იმყოფება. როგორც ეკლესიას, „საკუთარი თავის გამოცდის“ (2 კორ. 13.5) პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პატივისცემა რეალობისადმი მართლაც შეესატყვისება რეალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მართლმადიდებელი ეკლესია“ ისტორიაში ქრისტიანული ტრადიციის ყველაზე ირონიული გაგებით დარჩება.


[1] ფილოკალია – მშვენიერებისმოყვარეობა, ეს არის ორიგენეს ციტატები, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნაზიანზელის მიერ გამოკრებილი (მთარგმნ.შენიშვ).


ამბროსი ანდრეანო (Ambrose Andreano) არის Liberty University-ის რელიგიის სპეციალობის კურსდამთავრებული (B.S). ამავე დროს არის ბიბლიური და თეოლოგიური კვლევების სპეციალისტი. იკვლევს აღმოსავლელ მისტიკოსებს ორიგენესეული ტრადიციის მიხედვით. ასევე, მუშაობს პატროლოგიაში (ორიგენე ალექსანდრიელის სპეციალობით), ბიბლიურ ეგზეგეტიკაში, ანგელოლოგიაში, გნოსტიციზმსა და ძველ აღთქმაზე მესოპოტამიური რელიგიების გავლენის სფეროში. ამჟამად, მისი კვლევის სფეროა არამიწიერი ცხოვრების თეოლოგიური შედეგები.   

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu