მარკ არი (Mark Arey)

მოწაფეებმა თქვეს: ,,უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია“ (ლკ. 22:38).
ზოგადად ამერიკელები და განსაკუთრებით ამერიკელი ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ე.წ. ,,მეორე შესწორების ღვთივბოძებული უფლების შესახებ,“ რაც პირად შეიარაღებას მიემართება. მრავალ მართლმადიდებელს ვიცნობ, სასულიერო პირებსაც კი, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობენ და ნანადირევს მიირთმევენ. მაგრამ, ,,იარაღომანიის“ ე.წ. ,,ქრისტიანული“ უფლება საჭმლისა და დასვენებისთვის არაა განკუთვნილი. ეს არც მათი მონადირის ქოხების დეკორაციის შესახებაა, იგია სხვის ხარჯზე პირადი გადარჩენის შესახებ. აქ ძირითადი კითხვა იმაში მდგომარეობს, არის თუ არა ჩვენი, ქრისტიანების მოწოდება, რომ მომზადებულები ვიყოთ სხვა ადამიანების მოსაკლავად მსოფლიოზე მიჯაჭვულობის სახელით?
გვყავს ,,ქრისტიანი“ წარმომადგენლებში კონგრესში, რომლებიც კაპიტოლიუმის დერეფებში პისტოლეტებით დააბიჯებენ (გვერდზე აქვთ მიმაგრებული ან ჩანთებში უდევთ), ველური დასავლეთის ჰოლივუდური სცენების მსგავსად. თოფები, ცეცხლსასროლი იარაღები და სპარტანული ჰეროიზმის სასაცილო მითვისება ქრისტიანულ ისტორიაში თანდათანობით შემოვიდა. რას გადმოგვცემს სახარება ბნელი ჟამისას შეიარაღებული პასუხისგაცემის შესახებ?
საიდუმლო სერობის შემდეგ, იესომ (სანამ გეთსიმანიის ბაღში სასუმელს ბოლომდე შესვამდა) მოწაფეებს უთხრა:
,,როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი. კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი. რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება. მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია“ (ლკ. 22: 35-38).
ამის შემდეგ, კითხვა ასე უნდა დავსვათ: იესო თავის მოწაფეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა? პასუხი იმდენად მარტივი არაა, როგორც იგი ჩანს. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ხალხი გამოჩნდა და იუდამ უღალატა, მოწაფეებმა იხილეს რაც ხდებოდა და ქრისტეს უთხრეს: ,,უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი? ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი“ (ლკ. 22: 49-51).
ყველამ ვიცით, რომ ხმალი პეტრემ იშიშვლა და მალქოზს ყური ჩამოათალა, მაგრამ რა თქვა იესომ ამ მომენტში? მარკოზი დუმს, მაგრამ მათე კი ამბობს: ,,მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მთ. 26:52). აბბა მოსე ამ ადგილს თავისი ცხოვრების წესის ცვლილების განმაპირობებელ ფაქტად მიიჩნევს (შეგახსენებთ, რომ ესაა წმინდანი, რომელიც თავისუფალი ნებით დაეთანხმა ძალადობრივ აღსასრულს).
სახარებებიდან ნათელია, რომ იესოს მოწაფეებისთვის ძალადობისაკენ არასოდეს მოუწოდებია. მათი ძალადობრივი, პანიკური, შეშინებული რეაქციები და მოულოდნელი მოქმედებები (რაც მათი საყვარელი მოძღვრის შეპყრობას მოყვა) უფლის საღვთო გეგმის შემაფერხებელი ფაქტორი იყო. იოანეს თანახმად (რომელიციესოსან დაკავშირებული ფაქტების თვითმხილველი იყო), ქრისტემ პეტრეს მიუგო: ,,ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?“ (ინ. 18:11).
იესო ქრისტეს არასოდეს არ მოუწოდებია რაიმე სახის ძალადობისკენ (თუ არ ჩავთვლით სასუფევლის იძულებით მიტაცებას, მთ. 11:12). მეორე ლოყის მიშვერა, მტრების სიყვარული და თვით კრავის მსგავსად ყოფნაც კი არ არიან სისუსტის ან სიმხდალის ნიშნები. პირიქით, ისინი სიძლიერისა და გამბედაობის ღვთივბოძებულ ნიშნებს წარმოადგენენ. ამის საპირისპიროდ, შეიარაღებაა, რაც სისუსტეს, რწმენის ნაკლებობასა და უპირველესად შიშს გამოხატავს. შეიარაღებული ე.წ. ქრისტიანული ,,ლაშქარი“ და ,,უფლის მეომრები“ სხვა არაფერია, თუ არა შეშინებული ბავშვები ზრდასრულის იარაღებით, რომლებიც სხვა ადამიანების განადგურების დაგეგმვით ან ამ ყველაფრით ტკბობით, მხოლოდ საკუთარ სულებს აზიანებენ.
რატომ მაინცდამაინც ორი მახვილი? იესომ თავის თითოეულ მოწაფეს უთხრა: ,,ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი“ (ლკ. 22:36). ყველაზე რთულ ჟამს, როდესაც უფალმა განიცადა ჩვენი უსამართლობის შიში, განსჯა, ტკივილი და სიკვდილი, თავის საყვარელ ადამიანებს ურჩია, რომ სხვაგვარი მახვილი მოემზადებინათ-,,ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა“ (ეფ. 6:17). ე.ი. გაეცი შენი თავდაცვა და თვითშემოზღუდვა, არა ძალადობის იარაღისათვის საყიდლად, არამედ, საკუთარი თავის რეალიზებისთვის. შეიძინეთ სიცოცხლე და არა სიკვდილი.
,,რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს“ (ებრ. 4:12).
სწორედ ამ მახვილზე საუბრობს უფალი მათეს სახარებაში: ,,ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა“ (მთ. 10:34). სწორედ ისე, როგორც მისი მშვიდობაა ამსოფლიური მშვიდობისგან განსხვავებული, ასევე, მისი მახვილიც ადამიანურისგან გასნხვავდება.
უფალი იესო ქრისტე ჩვენი გადარჩენისთვის ბევრ რამეზე თანახმაა. მან დაინახა თუ როგორც დაემორჩილნენ მისი მოწაფეები შიშებს და ყურადღება უმნიშვნელო ხმლებზე გაამახვილეს. იესომ იხილა პეტრე, რომელმაც ხმალი იშიშვლა, მაგრამ მიყენებული ზიანი განუკურნებლად არ დატოვა. ქრისტემ ისიც კი იცოდა, რომ სატანა ხორბლის მსგავსად გაცრიდა პეტრეს და რომ მალქოზის ნათესავი ხელს დაადებდა მას (რომ ქრისტესთან ერთდ ნახა მღვდელთმთავრის ეზოში) და პეტრეც მესამედ და ბოლოჯერ უარყოფდა იესოს (ინ. 18:26).
ორი მახვილი მხოლოდ ჩვენი უძლურების გამოა ნებადართული. უფალს ჩვენი დაცვა არ სჭირდება. მას ანგელოზთა თორმეტ ლეგიონზე მეტი ჰყავს (მთ. 26:53). იგი ჩვენგან ელოდება, რომ სულიწმინდის ერთ ჭეშმარიტ მახვილს ვიპოვნით, რომელიც გასასტიკებული გულების გორდიას კვანძებს განკვეთს, ამგვარად კი ჩვენდამი გულუხვად ბოძებულ მადლსა და გამოხსნას გავაცნობიერებთ. მოიწია ჟამი, რომ შიში და ეგოისტობა დავუტევოთ და ჭეშმარიტად სულიერი ნაყოფის დასათესად და მოსავლის მისაღებად ხმლები სახნისებად გარდავქმნათ. ჩვენთვის ეს სავსებით საკმარისია.
მარკ არი (Mark Arey) დაახლოებით 30 წლის მანძილზე ამერიკის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს (GOAA) სასულიერო პირი იყო. მის ბოლო წიგნს ეწოდება- The Gospel of Love: A Meta-Translation.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.