თანამედროვე მართლმადიდებლური ბელეტრისტიკა

კატერინა კელაიდისი (Katherine Kelaidis)

რომანი „ძმები კარამაზოვები“, მხატვრული ლიტერატურის ძეგლთაგან, უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. საუბარია მართლმადიდებლურ რომანზე, რომელიც თეოლოგიისაგან, მართლმადიდებელი ეკლესიის ადათ-წესებისა და კულტურისგანაა შთაგონებული. ზოგადად, დოსტოევსკის უმეტესი რომანები ამ წესის მიხედვითაა შექმნილი, ისევე, როგორც თავად მწერალიც განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს და მართლმადიდებელ კლაივ ლუისად შეიძლება დახასიათდეს. რა თქმა უნდა, მისი მსგავსი არავინაა, მაგრამ მაინც ღირს ვიკითხოთ – ვინ არიან მისი მემკვიდრეები 21-ე საუკუნეში, თუნდაც ისინი ვერ შეედრებოდნენ ამ უდიდეს მწერალს. რეალურად, ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი ეკლესიის მდგომარეობაზე და მის მორწმუნეებთან და სამყაროსთან ურთიერთობების შესახებ, სწორედ იმ საერო ხელოვნების გამოკვლევით, რომელსაც თავად ის გვაძლევს. იგივე შეიძლება ითქვას მუსიკაზე, მხატვრობასა და პოეზიაზე, მაგრამ შევჩერდები პროზაზე და კერძოდ, რომანებსა და მოთხრობებზე. პირველი იმიტომ, რომ ესაა ჩემი სპეციალობის სფერო და მეორე, არ მაქვს არანაირი გამოცდილება განვიხილო მუსიკისა თუ მხატვრობის ნამუშევრები, რომლებიც შემიძლია შევაფასო მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მოყვარულის დონეზე. მეტად მნიშველოვანი ისაა, რომ (როდის უთქვამს ვინმეს უარი ინტერნეტში საკუთარი აზრის გამოთქმაზე თუნდაც მისი ეს აზრი კომპეტენტურობას მოკლებული იყოს) მართლმადიდებლურმა ხელოვნებამ თავისი სრულყოფილი გამოხატულება პროზაში ჰპოვა, დაწყებული რუსული ლიტერატურის ოქროს ხანის მწერლებიდან ვიდრე, თუნდაც ნაკლებად ცნობილებამდე, როგორებიც იყვნენ ბერძენი მწერალი ალექსანდრე პაპადიამანდისი და სერბი ბორისავ სტანკოვიჩი. თანამედროვე მართლმადიდებლურმა კულტურამ რომანებსა და მოთხრობებში, უმთავრესად მე-19 საუკუნეში და მოგვიანებით, აღმოაჩინა ის, რაც რომაულ-კათოლიკურმა ტრადიციამ გადმოსცა მხატვრობაში, ხოლო პროტესტანტულმა ტრადიციამ მუსიკაში: ესაა სრულყოფილი და ესთეტიკურად დახვეწილ საერო  სახელოვნებო ექსპრესია, რომელიც რწმენას, ადამიანურსა და ღვთაებრივს იმ ფორმით აანალიზებს, რომელიც ტრადიციას ეფუძნება და ეხება მათ, ვინც ამ ტრადიციის როგორც შიგნით, ისე გარეთ იმყოფებიან. და მაინც,  გამაყრუებელი სიჩუმე ყოველივე ამის შესახებ ბოლო ორმოცდაათი წელი.

სანამ გავაგრძელებდე, ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ ვიცნობ ამ მიდგომის მეთოდოლოგიურ პრობლემებს. შესაძლებელია ვისაუბროთ „მართლმადიდებლურ ლიტერატურულ ტრადიციაზე? იქნებ, წარსულისა და თანამედროვეობის ეს მწერლები, თავიანთ შესაბამის ეთნიკურ და ენობრივ ტრადიციას განეკუთვნებიან? ვფიქრობ, რომ პასუხი ორივე შემთხვევაში დადებითია. მართლაც, ის მწერლები და მათი ნაშრომები, რომელთაც აქ განვიხილავთ განეკუთვნებიან გამორჩეულ და ხშირად განსხვავებულ ენობრივ, ნაციონალისტურ თუ ეთნიკურ ტრადიციებს. მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ იდენტობა მეტად  რთული ფენომენია. უპირველეს ყოვლისა, ის ერთზე მეტია. ამრიგად, რომ უარვყოთ ერთიანი „მართლმადიდებლური“ ტრადიციის არსებობა ნაციონალისტური და ეთნიკური ტრადიციების მიღმა, ნიშნავს, რომ უგულებელვყობთ მართლმადიდებლური კულტურების ისტორიის რეალობას, რომელიც მტკიცედ ეფუძნება მართლმადიდებლურ ტრადიციასა და მართლმადიდებლობის შიგნით და გარეთ არსებულ იმ ურთიერთკავშირებს, რომელშიც მთავარი მართლმადიდებლური პრინციპები იყო.

თუ ვაღიარებთ, რომ არსებობს „მართლმადიდებლური ლიტერატურა“, რომელიც შეიძლება იყოს კვლევისა და კრიტიკის ობიექტი, მაშინ მისი შეფასებაც შესაძლებელი იქნება. უდავოდ, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, დოსტოევსკის დარი თანამედროვე მწერალი არ არსებობს. დოსტოევსკი, სლავოფილი და ღრმად რელიგიური ადამიანია, რომლის პროზაც, ძირითადად, ასახავს ნორმატიულ მართლმადიდებლურ მორალსა და ეთოსს, მაგრამ იმავდროულად გვთავაზობს, დახვეწილ და რთულ თხრობას, რომელსაც მსოფლიო ღირებულება აქვს. ადრე დავწერე სტატია ჟურნალში The Wheel იმ მართლმადიდებელი ქალი მწერლების არარსებობაზე წარსულში და დღეს, რომელთაც ზემოხსენებული კრიტერიუმების შესატყვისი ნაწარმოებები ექნებოდათ. ვფიქრობ, რომ არ ვიყავი მართალი. ბოლო წლებში, მხოლოდ ქალები როდი ავლენენ ამ უძლურებას, რომ მე-19 და მე-20 საუკუნის მამაკაცი მწერლების ნაშრომებთან რაიმე შედარებადი შექმნან. ბოლო ორმოცდაათი წელია მართლმადიდებლურ ტრადიციაში არ გამოცემულა ღირებული რამ არც მამაკაცებისაგან და არც ქალებისგან.

ეს არ ნიშნავს, რომ მწერლები, რომლებიც ისტორიულად მართლმადიდებლურ კულტურებს ეკუთვნიან, არ ქმნიან ხარისხიან მსოფლიო ღირებულების ლიტერატურას. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული ნაწარმოებები იბადებიან იმ მწერლების კალმიდან, რომელთაც არ მიაჩნიათ საკუთარი თავი მართლმადიდებლურ ტრადიციებთან მჭიდროდ დაკავშირებულად. ამის ნაცვლად, ღირებული მართლმადიდებლური ლიტერატურა მოდის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან მოშორებული ადგილიდან და მათგან, რომელნიც მიიჩნევიან ოფიციალური ეკლესიიდან მოკვეთილად. უეჭველად, მსგავსი შემთხვევები წარსულშიც იყო, როგორც ლევ ტოლსტოისა და ნიკო კაზანძაკისის შემთხვევებში, რომელნიც დაუპირისპირდნენ ოფიციალურ ეკლესიას თავიანთი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდებში. ტოლსტოი ანათემირებულ იქნა მაშინ, როდესაც უკვე აღარ წერდა, თავისი სულიერი ტრანსფორმაციის ჟამს. ამიტომაც, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მან თავისი რომანები „ომი და მშვიდობა“ და „ანა კარენინა“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ წიაღში ყოფნისას დაწერა.

მეორე მხრივ, ნიკო კაზანძაკისი თავისი რომანის (1955 წელს გამოსული „ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება“)  გამო, საბერძნეთის ეკლესიის იერარქიას დაუპირისპირდა.  საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ რომანი: „ამახინჯებს და ვნებს სახარებისეულ ღვთივსულიერ თხრობას, და ურცხვად, უპატივცემულო და მკრეხელური ფორმით იხსენიებს უფლის ღმერთკაცურ პიროვნებას“; ეს განცხადება, რომელიც სხვა არაფერია თუ არა, რომანის ამოღება ეკლესიისათვის მისაღები საზღვრიდან. ოფიციალური ეკლესიის მიერ ამ მწერლების იზოლირებამ გამოიწვია მათი დაპირისპირება უფრო „კანონიკურ“ მართლმადიდებელ კოლეგებთან. გავიხსენებთ ცნობილ დაპირისპირებას ტოლსტოისა და დოსტოვსკის შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის განსხვავება (ნაკლებად ცნობილია განსხვავება პაპადიამანდსა და კაზანძაკისს შორის) უფრო მათ პიროვნულობას მიემართება, ვიდრე ტრადიციასთან მათ ჩართულობას. მიუხედავად ამისა, უძღები შვილის იგავის ძეებს შორის განსხვავების იქით, ვერავინ იტყვის, რომ მათ ნაწარმოებებს შორის ხარისხობრივი განსხვავებაა. მაგრამ, ეს დღეს ძალაში აღარაა.

თუმცა, ისინი, ვინც ეკლესიისაგან განშორებულად არიან, ქმნიან ისეთ ღირებულ ნაწარმოებებს (რომელთაც არ აქვთ კავშირი მართლმადიდებლობასთან), რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებენ მკითხველში; საპირისპიროდ, განსაკუთრებით უმნიშვნელო და ხშირად, თვითგამოცემული მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც მართლმადიდებლობის ერთგულნი ქმნიან და რომლებზეც ჟურნალში The Wheel-ის ზემოხსენებულ სტატიაში ვსაუბრობ, შეუძლებელია ღირებულად მივიჩნიოთ. მეტიც, (და ნაკლებად სუბიექტურად) ეკლესიის გარეთ მყოფებ წრეებში მათ ნაკლები  გამოხმაურება აქვთ, როგორც ფართო ფილოლოგიურ საზოგადოებაში, ისე აკადემიურ ლიტერატურულ სივრცეში.    

ვინაიდან საშუალო დონის წიგნები (და მათი წარუმატებლობის მიზეზი) ვახსენე,  ახლა უფრო ღირებულ წიგნებზე შევჩერდები. გულახდილად ვიტყვი, საინტერესო ისაა, რომ უფრო საყურადღებო ლიტერატურის შემოქმედები (რომელიც ბოლო ოცი წელია მართლმადიდებლური გარემოდან მოდიან), რეალურად არიან მწერლები, რომლებიც, სქესთან და სექსუალობასთან მიმართებაში ხანგრძლივი დავების გამო ეკლესიისაგან განიდევნენ. ბერძნული წარმოშობის ავსტრალიელი მწერალი ხრისტოს ციოლკასი, დაუფარავად წერს თუ რატომ დატოვა მართლმადიდებელი ეკლესია ახალგაზრდულ წლებში, როდესაც, პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლის კითხვისას, მან საკუთარი სექსუალური განსაკუთრებულობა და ეკლესიის პოზიცია გააცნობიერა.  

ის, თავის 2019 წლის მოთხრობაში „Damascus“, გვთავაზობს პავლე მოციქულის ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე მშვენიერ და გულწრფელ ინტერპრეტაციას, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. თუკი, ჟურნალ The Wheel-ში ჩემს მიერ ხსენებული ქალი მწერლების რომანები გამოირჩევიან მორალიზმისა და წმინდანობის ნიშნებით, ციოლკასი არ ერიდება ადამიანის ცხოვრების ბუნდოვანი მხარეების ჩვენებას, თუნდაც ეს ეკლესიის ყველაზე აღმატებული მოციქულს მიემართებოდეს. ტატიანა ნიკულესკუ-ბრანის წიგნს „სასიკვდილო აღასარება“ (The Deadly Confession) უდიდესი წარმატება ჰქონდა რუმინეთში. საუბარია რომანზე, რომელშიც მოთხრობილია 2005 წლის ეგზორციზმის რეალური ისტორია ტანაკუს მონასტერში, რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც გარდაიცვალა 23 წლის ირინა კორნიცი, რომელიც იქ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო იმყოფებოდა. ასევე, აღსანიშნავია რუსი ჟურნალისტისა და მწერლის სერგეი ხაზოვ-კასიას 2017 წლის რომანი Евангелие от, რომელშიც ერთი გეი მამაკაცის მოსკოვში ცხოვრება სახარებისეულ ერთ-ერთ თხრობასთანაა შედარებული. რომანში გვერდი გვერდაა განლაგებული მოვლენები და მწერალი მკითხველს მოუწოდებს შეაფასოს სახარებისეული სიყვარულის გზავნილსა და ადამიანის გარიყვას შორის კავშირი, რასაც ჩვენვე ჩვენსავე ქრისტიანულ ერთობებში ვუშვებთ (აქვე აღვნიშნავ, რომ ეს წიგნი ითარგმნა ინგლისურად და მზადდება მისი ახალი გამოცემა).

ამ ნაწარმოებებში არსებული საერთო ნიშნები, რომელნიც მხოლოდ მცირედია მრავალთაგან, მარტო იმის მაჩვენებელი როდია, რომ ის მართლმადიდებლური ტრადიციის კონტექსტებს ეფუძნება, არამედ იმ ფაქტისაც, რომ საუკეთესო ფორმით გადმოსცემს მართლმადიდებლურ სულიერ ტრადიციას. ზუსტად იგივე ნიშნების გამო „ძმები კარამაზოვები“ და „ანა კარენინა“ წარმოადგენენ მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალებს: მკაცრი და უშიშარი გულწრფელობა სამყაროს, ადამიანებისა და საბოლოოდ, ღმერთის შესახებ; გულწრფელობა, რომელიც არის რთული, ჩახლართული, უსუფთაო და საბოლოოდ, სამოთხის უცნობი მხარე. ცხადია, ეს ელემენტები აკლია იმ ხელოვანების ნაწარმოებებს, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ ოფიციალურ ეკლესიასთან.

როგორც მკვლევარმა, სულ ახლახანს დავიწყე თანამედროვე ლიტერატურისა და მისი მართლმადიდებლური, ქრისტიანული კულტურის ისტორიასთან კავშირის შესახებ ძიება. მაგრამ, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და წიგნების ჭიამ, არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ კითხვას; სახელდობრ, რატომ არ გვყავს თანამედროვე დოსტოევსკი? რატომაა ეკლესიის საზღვრებს შიგნით შექმნილი ლიტერატურა ხარისხობრივად ასეთი დაბალი დონის იმასთან შედარებით, რომელიც ეკლესიის საზღვრებს გარეთ იქმნება? არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ისტორიულად, მართლმადიდებელი ეკლესია თავის წიაღში მაღალი დონის ლიტერატურას ქმნიდა. ერთადერთი პასუხი, რომელიც ახლა შემიძლია მოგცეთ არის ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ბირთვში არსებული კულტურა შეიცვალა; რომ ინსტიტუციონალური მართლმადიდებლობა მზარდად, და ყველაზე უარესი ფორმით, ასახავს ევანგელისტური ამერიკული პროტესტანტიზმის კულტურულად უნაყოფო სამყაროს, რომლის მსოფმხედველობა განსხვავებულია ისტორიული მართლმადიდებლობისაგან, და (რომელიც) არ იღებს (იზიარებს) არანაირ ორმნიშვნელოვნებას და მეტაფორას. სიმკაცრისა და სიზუსტის  ამგვარი ფორმა ლიტერატურაში ფატალური შედეგის მომტანია. ჩვენი ეკლესიის შეცვლილი წეს-ჩვეულებები (გნებავთ ნორმები), ყოველი შემთხვევისათვის, აისახება იმ წიგნებში, რომელთაც წერენ როგორც მორწმუნეები, ისე ურწმუნოები. და მე მინდა მეტი ვიკითხო.


კატერინა კელაიდისი (Katherine Kelaidis) არის ისტორიკოსი და ჩიკაგოს ნაციონალური ბერძნული მუზეუმის მკვლევარი.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.