პანდემიის მომაკვდინებელი ტალღების აზვირთებს ჟამს ინდოელი ქრისტიანები ლოცულობენ

რაჯუ ვარგეზე (Raju Varghese)

COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღამ ინდოეთს შეუტია. დღეში 400 000 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა პიკს აღწევს, ხალხი ქუჩებში იხოცება, საავადმყოფოები გადაჭედილია, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობები კი ამ ყოველივეს ვეღარ უმკლავდებიან. პერიფერიებში  რესურსები შემთხვევათა რაოდენობის უკუპროპორციულია, ხალხი სამედიცინო დახმარების ნაკლებობის, სპეცტექნიკისა და ჟანგბადის ბალონების არარსებობის გამო იღუპება. გარდა ამისა, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის გამო, შემთხვევათა რიცხვი იზრდება, რასაც თან გარდაცვლილთა რაოდენობის მატებაც ახლავს.

ნიუ-იორკის წმინდა მარიამის ორთოდოქსული ტაძრის (Suffern, New-York) ერთმა მრევლმა მითხრა, რომ მისი დეიდა (რომელიც კორონა ვირუსით კრიტიკულად იყო დაავადებული) პრემიერ მინისტრის ოფისსაც კი დაუკავშირდა, რათა ნიუ-დელის ერთ საავადმყოფოში მისთვის ადგილი გამოძებნილიყო, თუმცა უშედეგოდ. საავადმყოფოებში საწოლებისა და აღჭურვილობის ნაკლებობისა და სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო იგი სახლში გარდაიცვალა. საავადმყოფოებში მოხვედრილი იღბლიანი ადამიანებიც კი ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას, ანტივირუსული მედიკამენტების, სამედიცინო ჟანგბადებისა და ICU საწოლების მწვავე დეფიციტის გამო.

ისიც აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს მიემართება. ბევრი ადამიანი პერიფერიებში, საკუთარ სახლებში იღუპება და მათ სხეულებს კრემაციას ადგილზევე უკეთებენ, რაც რესურსების სიმწირეს უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის. დღემდე, ინდოეთის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ზე ნაკლებმა რაოდენობამ მიიღო ვაქცინის ორივე დოზა. ვაქცინაციის ცენტრებს მოსახლეობის მოთხოვნილების შესაბამისი პრეპარატების მარაგი არ აქვს. მართალია 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანს აცრის უფლება აქვს, თუმცა, რესურსებისა და სამედიცინო დახმარების შეზღუდული რაოდენობა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ჩემმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ მათი აზრით, ინდოეთში მეორე ტალღის ასეთი მძიმე შედეგები იმით იყო განპირობებული, რომ ხუთ შტატში ტარდებოდა მასობრივი საარჩევნო კამპანია, ხალხმრავალი ფესტივალები და რელიგიური შეკრებები, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება სავალდებულო არ იყო.

ამ მომაკვდინებელი პანდემიის მოზვირთებასთან ერთად ინდოელები ლოცულობენ. მალანკარას ორთოდოქსულმა ეკლესიამ მთელი თავისი რესურსები ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალური დონეზე პანდემიის მართვის დასახმარებლად მიმართა, ამავდროულად, იგი მზაობას გამოთქვამს, რომ ყველა შენობა თუ სამრევლო ტაძარი გამოყენებულ იქნეს საკარანტინო, სამედიცინო, ვაქცინაციისა და საკვების მომარაგების ცენტრებად. ინდოელ ორთოდოქსთა ახალგაზრდულ მოძრაობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს მოხალისეები, რომლებიც ხალხს კასტის, მრწამსისა და რელიგიის მიუხედავად ეხმარებიან. ინდოეთში არსებულ ქრისტიანულ კონფესიათა უმრავლესობას, მსოფლიო პანდემიის ამ კატასტროფულ მდგომარეობაში, ხალხის დასახმარებლად სპეციალური პროგრამები აქვთ შემუშავებული. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ დაღუპულთა უმეტესობა სათანადოდ ვერ იკრძალება და ვერც კრემაციას იღებს. მალანკარას ორთოდოქსული ეკლესიის ადამიანთა შეწევნის განყოფილება სპეციალურ ონლაინ მსახურებებს სთავაზობს (როგორიცაა ლოცვა, ფსიქოლოგიური დახმარება და კონსულტაცია) კორონავირუსითა და მისი შედეგებით დამძიმებულ ადამიანებს.

ინდოეთში ადამიანთა ყოველდღიურობა ვირუსით ინფიცირების შფოთვისა და სიკვდილის შიშითაა მოცული.

კარელას შტატის (სადაც ინდოეთში პროცენტულად ყველაზე მეტი ინდოელი ცხოვრობს) ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურმა ახლახანს განაცხადა, რომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა და ისინი მესამე, უფრო ძლიერ ტალღას ელოდებიან, რაც უფრო მეტი ინფექციისა და სიკვდილის გამომწვევი იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მსგავსი ქვეყნები სხვებს რესურსების მოზიდვით ეხმარებიან, მთელი მსოფლიოს მკვიდრი ქრისტიანები კი ლოცვით შეწევნას მიმართავენ. დაე გავაგრძელოთ მათდამი ლოცვა, ვინც COVID-ით მძიმედაა ავად, მოხუცებულთათვის და იმათადმიც, ვისაც ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, რათა მხნეობა შეინარჩუნონ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდეს.

ვლოცულობთ ყველასადმი, ვინც მთელი მსოფლიო მასშტაბით, კორონა ვირუსის გამო ახლობლები დაკარგეს.


მამა დოქ. რაჯუ ვარგეზე (Raju Varghese) ნიუ-იორკის წმინდა მარიამის სახელობის ორთოდოქსული ეკლესიის (Suffern, New York) ვიკარიოსია.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.