ფილ დოროლი (Phil Doroll)

ტერმინი “accommodationist,“[1] მსოფლიო მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ სამყაროში, ადამიანის სექსუალობის შესახებ მიმდინარე საუბრებში დავის საგანი გახდა. ტერმინი სტენლი ჰოვერვასისა (Stanley Hauerwas) და უილიამ უილმონის (William Willimon) ცნობილი წიგნიდან მომდინარეობს- Resident Aliens: Life in the Christian Colony (რომელიც პირველად 1989 წელს გამოიცა, მისი შესწორებული ვარიანტი კი 2014 წელს). ამ ტერმინის განმარტება სასარგებლო იქნებოდა, რადგან მან შეიძლება გავლენა იქონიოს იმ საშუალებაზე, რომლითაც ჩვენ, მართლმადიდებლები, ერთმანეთს საკუთარ ტრადიციაზე ვესაუბრებით. ამის გამო მე ჰოვერვასსა და უილმონს დავუკავშირდი, რათა ამ კონცეპტის მათეული გააზრების შესახებ ინფორმაცია მიმეღო. ჩემთან ამ თემაზე საუბარს ორივე თავაზიანად დათანხმდა, ხოლო რაც ამის შემდეგ დავწერე, ეს უკვე მათ მიერ გადმოცემული ძირითადი ასპექტების ჩემეული რეფლექსიაა (ის ციტატები, რომლებიც წყაროთა მითითების გარეშეა მიწერია, ამა წლის აპრილში შემდგარი სატელეფონო საუბრიდანაა ამოღებული, ხოლო წიგნიდან მოხმობილი ციტატები კი 2014 წლის ზემოთდასახელებულ გამოცემას ეყრდნობა).
ტერმინ ,,კომპრომისულის“ ჰოვერვასისა და უილმონისეული გააზრებას შემდეგი გზით შეგვიძლია რომ ჩავწვდეთ: ეს კრიტიკული, ევრისტიკული ტერმინია და რაიმე სახის ერესს არ გულისხმობს.
როგორც ოვერვასმა, ასევე, უილმონმა განმარტეს, რომ ეს ტერმინი ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის აღსანიშნად არ გამოდგება. პირიქით, ეს ქრისტიანულ თეოლოგიაში არსებულ ცალკეული სახის ცდომილებაზე მიუთითებს. კომპრომისული აზროვნება მაშინ ჩნდება, როდესაც სეკულარიზმის ეთიკურ და ფილოსოფიურ კატეგორიებს ქრისტიანული თეოლოგიური აზრის ტერმინების შექმნის საშუალება ეძლევათ. ეს კრიტიკულად ევრისტიკული საშუალება შეიძლება ქრისტიანებმა საკუთარი თავისადმი იმის მუდმივად გამუდმებულად შესაკითხად გამოიყენონ, თუ რამდენად შეესაბამება მათი გონება ამსოფლიურ ტემინებს ან რამდენად გარდაიქმნებიან ისინი ქრისტეში (რომ. 12:2).
ოვერვარსიცა და უილმონიც ამიტომ აღნიშნავენ, რომ ლგბტ იდენტობის მატარებელი ადამიანების მიმართ საუბარი თავისთავად კომპრომისი არაა. როგორც უილმონმა განმარტა, ადამიანის სექსუალობისა და იდენტობის შესახებ არსებული შეხედულებები მართლმადიდებლური ქრისტიანობის უმაღლესი კრიტერიუმები შემამტკიცებელი არ არიან და როგორც მორწმუნე ქრისტიანებს ჩვენ, შესაბამისად, შეგვიძლია ადამიანური იდენტობისა და გამოცდილების ღრმა საკითხებზე განგრძობითი დიალოგი გვქონდეს. რეალურად, იგი ამტკიცებს, რომ ამ განხილვათა ინსტრუმენტალიზაცია შეიძლება თავად იყოს კომპრომისული აზროვნების ფორმა, რამდენადაც იგი ქრისტიანებს აიძულებს, რომ მათ საკუთარი თავი თანამედროვე ისტორიული მომენტის კონკრეტული პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების მიხედვით დაყონ.
ჰოვერვასი აღნიშნავს: ,,არ მესმის, როგორ შეიძლება ტრადიციაში არსებული მაგალითის კომპრომისულად აღქმა.“ ჰოვერვასმა ხაზი გაუსვა, რომ ტრადიცია ,,ცოცხალი და განგრძობითი მაგალითია,“ რომელიც ისტორიული უწყვეტობის შესახებ თვითკრიტიკას ყოველთვის უნდა შეიცავდეს: ,,თუკი შენ ერთსა და იმავე რაღაცას აკეთებ, ამ დროს კი შენს გარშემო სამყარო იცვლება, გამოდის რომ შენ ერთსა და იმავეს არ აკეთებ.“ ტრადიციის უწყვეტობას ეკლესიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კონკრეტულად, მოცემულ ისტორიულ მომენტში, ეს უწყვეტობა რას ნიშნავს? ეს საკითხი გათვალისწინებული ყოველთვის უნდა იყოს. ჩვენს თავს უნდა შევეკითხოთ- რამდენად შევუსაბამებთ სამყაროს მოთხოვნილებებს ჩვენს თეოლოგიურ სისტემებს, ან ვეძებთ თუ არა ქრისტეში გარდაქმნილ სამყაროს. ნამდვილ ეკლესიად ყოფნას სწორედ ეს ნიშნავს.
ზემოთდასახელებულ დებულებას ამტკიცებს უფრო ღრმა ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ ჰოვერვასი და უილმონი საკუთარ წიგნში ტერმინ ,,კომპრომისს.“ ეს და მისგან წარმოებული ტერმინი ტექსტში შვიდ აგილზე გვხვდება (გვ. 27, 28, 32, 92, 94, 148 და 150). ყველა შემთხვევაში ტერმინი შეცდომას მიემართება, რომელსაც იმ თანამედროვე პოლიტიკურ კატეგორიებსა და სოციალურ საკითხებში უშვებენ ხოლმე, რომლებიც ყოველთვის დამოკიდებულია ან მომდინარეობენ ქრისტიანული სოციალური აზროვნების ტერმინებიდან. ეს არ ნიშნავს, რომ სოციალურ საკითხებზე ქრისტიანობას სათქმელი არაფერი არ აქვს. პირიქით, ქრისტიანული აზროვნება სოციალურ საკითხებს უნდა მიემართებოდეს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მან ეს ყოველივე საკუთარი ტერმინებით უნდა გააკეთოს, მისი ავთენტური მოწმობა არასოდეს არ იქნება მისი ეპოქის პოლიტიკასთან თავსებადი. ჰოვერვასისა და უილმონის მიხედვით, ამერიკაში როგორც კონსერვატიული, ასევე, ლიბერალური ქრისტიანობა ,,არსებითად კომპრომისულია,“ რადგანაც ორივეს ,,არასწორად მიაჩნია, რომ ამერიკული ეკლესიის უმთავრესი სოციალური მოვალეობა ამერიკული დემოკრატიის დაცვაა“ (32).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ქრისტიანი, ტრადიციისა და მოწმობის ჩარჩოების მიხედვით, თანამედროვე სოციალური საკითხების შესახებ გარკვეულ პოზიციებს შეიმუშავებს, მაშინ, ამ პოზიციის ცალკეულ ამერიკულ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან თანხვედრა, კომპრომისულ აზროვნებას სრულებით არ ნიშნავს. თუმცა, თუკი ქრისტიანს ჯერა, რომ ქრისტიანული სოციალური აზროვნების მოვალეობა მოცემულ პოლიტიკურ იდეოლოგიას უნდა შეესატყვისებოდეს, მაშინ, ეს ნამდვილად კომპრომისული აზროვნების სიმპტომია. კომპრომისული აზროვნების პრობლემა პოლიტიკური ქვეტექსტების ქონა კი არაა, არამედ ის, რომ მოცემულ იდეოლოგიასთან თეოლოგიის განზრახ შეთავსება, თეოლოგიის ჭეშმარიტ, გარდამქმნელ პოლიტიკას ვერ აფასებს და, უფრო მეტი, ატყვევებს კიდეც. თეოლოგიის გარდამქმნელი პოტენციალი ნებისმიერ იდეოლოგიაზე უფრო ფართო რამაა.
ტერმინ ,,კომპრომისულის“ კრიტიკულად და ევრისტურად განხილვა შეიძლება ქრისტიანებს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე, საზოგადო თვითკრიტიკისთვის დაეხმაროს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს თანამედროვე სამყაროში ტრადიციულად აზროვნება. ქრისტიანული თვითკრიტიკა მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც უილმონი შენიშნავს, ,,გვჯერა, რომ ეკლესია შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გზა გარდაქმნისთვის, განწმენდისთვის და იმ მოქმედებების დანერგვისთვის, რომლებიც, აწ უკვე ქრისტიანულად მიჩნეულ სამყაროში, ნამდვილ ქრისტიანად ყოფნისთვისაა საჭირო“ (4). საბოლოოდ, ჩვენ იმის გააზრება გვჭირდება, რომ სახარება ,,არსებითად ახალი გააზრებისკენ მიგვიძღვის, რაც ადამიანების ერთმანეთთან თანაცხოვრებას მიემართება. ეს არსებითად ახალი გააზრება კი ეკლესიაა“ ან ის ადგილი, სადაც ქრისტეში ფერისცვალება მთელი სამყაროს გარდაქმნისა და ხსნის საფუძველია (92). ამიტომაა, რომ ჰოვერვასი წიგნს არსებითად ,,იმედისმომცემ“ ნაშრომად აღწერს, რამდენადაც იგი ,,გვაფიქრებინებს, რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელშიც ღმერთი ეკლესიისთვის საოცარ რაღაცეებს აკეთებს“ (173-4).
[1] ტერმინი accomodationist, ამავე სტატიის ბერძნულენოვან თარგმანში გადმოტანილია როგორც συμβιβαστικός. ქართულ ვარიანტში გადავწყვიტეთ იგი გვეთარგმნა, როგორც ,,კომპრომისული“ (მთარგმნ. შენიშვ.).
ფილ დოროლი (Phil Dorroll) სამხრეთ კაროლინაში რელიგიის ასოცირებული პროფესორია (Wofford College in Spartanburg, South Carolina).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.