კატეგორიის გარეშე

აღდგომის სასწაულის მენელსაცხებლებათვის გამოჩენა

Published on: მაისი 14, 2021
Total views: 61
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 5 minutes

ვ.კ. მაკარტი (V.K. McCarty)

მზის ამოსვლა სიბნელეს განანათლებს. ეს დრო ბერებმა კარგად უწყიან, რადგან ცისკრის მსახურებას მაშინ იწყებენ, როდესაც მნათეს საკუთარ ხელებზე მზის სხივების გარჩევა შეუძლია. მარკოზ მახარებელი საფლავის გვერდით მდებარე ბაღში, კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე გამორჩეულ მომენტში გვტოვებს. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთიდან ამოსულმა მზის სხივებმა მწუხრის სიბნელეს ნათელი მოჰფინეს, მარიამ მაგდალინელი და სხვა ქალები საფლავს მიეახლნენ, რათა იქ დაკრძალულ უფალ იესოსთვის შესაფერისი წესით ნელსაცხებელი ეცხოთ. მახარებელი გვაუწყებს, რომ საფლავთან მიახლებისას ისინი წუხდნენ იმაზე, თუ რამდენად მოახერხებდნენ საფლავში შესვლას კარიბჭეზე მიყუდებული ლოდის გამო.

ამის შემდეგ ჭეშმარიტი სასწაული აღესრულა. მენელსაცხებლე დედებმა რაღაც სიცოცხლის გარდამქმნელი რამ გამოსცადეს. ამ მომენტს ოთხივე სახარება გადმოსცემს, თუმცა, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულია. სახარებისეული უწყება იმდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩვენი, როგორც ქრისტიანების ცხოვრებისთვის, რომ გარკვეული დეტალები გვერდზე იწევს, რამდენადაც რაღაც სრულიად აღმატებული რამ მოხდა და განვიცადეთ. ესაა ის, რასაც თითოეული ჩვენგანი აღდგომისას პიროვნულად ვგრძნობთ. ეს იმდენად ღვთიურად კაშკაშაა, რომ შეიძლება რაღაც ბრწყინვალე, ელვის მსგავს ანგელოზურ ფიგურად აღიწეროს. გარდაგორვებული ლოდისა და ცარიელი საფლავის ხილვა იმდენად მძლავრი და თვალისმომჭრელი იყო, რომ დედებმა საკუთარ გულთა სიღრმე აღმოაჩინეს- ის არ მომკვდარა. რეალურად, ეს აღდგომის შესახებ არსებული პირველი აპოფატური მიახლებაა. ის აქ არაა! ის არ მომკვდარა! ქრისტე ცოცხალია! ნათლით შემოსილმა ანგელოზმა მენელსაცხებლეთ ახარა: ,,ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი“ (აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა, ტროპარი).  

კი მაგრამ ქვა სწორად მიწისძვრამ გადააგორა? და ის სახვევები ადგილზე აღარაა, რომლითაც იესოს თავი ჰქონდა შეხვეული ხომ? მოდით, დეტალები დავუტევოთ და და ჩვენი სულების სიღრმის განსანათლებლად სასწაულს მივუგდოთ ყური. კარგი, მაგრამ ეკლესიის მამა, გრიგოლ ნოსელი შეგვახსენებს, რომ ,,მენელსაცხებლე დედები საფლავთან რამდენჯერმე მოვიდნენ და მათი რიცხვი თუ სახელები მუდამ განსხვავებული იყო, მახარებელი კი აქედან ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს“ (Ouspensky, The Meaning of Icons [1989], 192). დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სხვა მარიამი ღვთისმშობელია? დაუტევეთ დეტალები მოყვასნო და გულით განიხარეთ აღდგომის სასწაულით. სახარებებსა და ლიტურგიკულ ტრადიციაში ბევრი ითქვა ქალთა ვინაობის, სამარხისა და სახვევების შესახებ არსებული ინფორმაციების დასაზუსტებლად, მაგრამ აღდგომილი ქრისტეს სიდიადე და რეალობა, ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ყოველგვარ ინდივიდუალურ მოწმობას აღემატება.

ვინ არიან ეს მენელსაცხებლე დედები, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს? ჩვენი ტრადიციის მიხედვით ვუწყით, რომ არსებობდა ქალთა ჯგუფი, რომელიც იესოს მისდევდნენ. ამ ინფორმაციას სახარებები ამოწმებენ: ,,იყო […] მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას“ (მთ. 27:55). ეს დედები ქრისტეს მორწმუნეებად ჯვარცმის საშინელების დროსაც დარჩნენ, ხოლო მიცვალებულს კი ნელსაცხებელი სცხეს. გარდაცვლილი სხეულის პატივით დაკრძალვისთვის მომზადება ხშირად ქალებს ხვდებოდათ ხოლმე წილად და იესოს შემთხვევაშიც იგივე მოხდა. იესოს შობის თხრობაში ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ხოლო მას შემდეგ, რაც იესო საკუთარი გამომხსნელი ღვაწლის აღსასრულებლად უნდა გარდაცვლილიყო, ქალები, ამ მოღვაწეობაზე ხაზგასასმელად კიდევ ერთხელ ჩნდებიან თხრობაში.

ჩვენ, საკუთარი ტკივილებიდან გამომდინარე კარგად ვუწყით იმ განცდების შესახებ, რასაც ჯვარცმისას ღვთისმშობელთან მყოფ ქალები განიცდიდნენ. ეს ტკივილები მაშინ გვეწვევიან ხოლმე, როდესაც ვინმე გულით საყვარელი კვდება, როდესაც ტკივილი გარესამყაროსგან გვწყვეტს და ყველაფერს ართულებს. ამის მიუხედავად, ქალები მაინც მიდიან საფლავთან. გვიანი პარასკევი იყო, დიდი პარასკევი, რაც მაშინდელ საზოგადოებაში არსებული შაბათის კანონის გამო, მიცვალებული იესოსთვის ნელსაცხებლის ცხებას შეუძლებელს ხდიდა. თუმცა, დედები დღესასწაულის დასრულებისთანავე მოვიდნენ ნარდისა და ალაბასტრის ნელსაცხებლით, რათა საკუთარი საქმე სასწრაფოდ აღესრულებინათ. ამის შემდეგ, განთიადის ჟამს, იესო მრავალმა იხილა, ქალმაც და მამაკაცმაც, თევზიც კი შეწვეს სანაპიროზე (21:1-14), მაგრამ დედების რწმენა დავიწყებას არ მისცემია. ნეტარი იერონიმე ამბობს: ,,ისინი სწრაფად გაემართნენ მოციქულებისკენ, რათა მათში არსებული რწმენის ნაყოფი არ დაბნეულიყო“ (St. Jerome Comm. On Matt. [2008], 325). ამას გარდა გრიგოლ პალამაც შენიშნავს: ,,იესოს დედას შედგომილი ყოველი ერთგული ქალი მენელსაცხებლეა, რომელიც მასთან მაცხოვნებელი ვნების ჟამს იყვნენ და დაკრძალულ უფალს კი ნელსაცხებელი სცხეს“ (Ομιλία στη Κυριακή των Μυροφόρων, PG 151.240).

მენელსაცხებლე დედების შესახებ არსებული სახარებისეული ტრადიცია აღდგომისა და მარადიული უწყების სულითაა აღსავსე: ,,ნუ გეშინინ!“ ესაა უწყება, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე მრავალი კეთილი ნაყოფი გამოისხა. მაგალითად, რამდენად სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ მენელსაცხებლეებს პატივს თვით ადრეული ეკლესიაც მიაგებდა. მენელსაცხებლებად დადგენილ გარკვეულ დედებს იერუსალიმის საპატრიარქოსგან დავალებული ჰქონდათ, რომ ჟამნები ეგალობათ. ეს ტრადიცია მეოთხე საუკუნიდან ფიქსირდება და მასზე ინფორმაციას ეგერიას მიმოსვლიდან ვიგებთ. სავარაუდოდ იგი მეცხრე საუკუნემდე გაგრძელდა, მანამ სანამ სტუდიელი ბერები ლიტურგიკულ ტიპიკონს ჩამოაყალიბებდნენ.  

მათი მსახურება დიდი შაბათის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აღდგომის ტაძრისთვის სანთლებს ამზადებდნენ და სიმბოლურად მენელსაცხებლე დედებს განასახიერებდნენ. ამის შემდეგ, სააღდგომო ცისკრის დაწყებამდე პატრიარქი კარებს კეტავდა, თუმცა ,,ტიპიკონში აღნიშნულია, რომ მენელსაცხებლენი იქ რჩებოდნენ, რათა წმინდა საფლავზე საკმეველი ეკმიათ და მისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ.“ აღდგომის დილას, როდესაც პატრიარქი ტაძარში შემოდიოდა, მენელსაცხებლენი ,,წმინდა საფლავის სიახლოვეს იყვნენ“ და როდესაც გაისმოდა ,,განიხარეთ! ქრისტე აღსდგა!“ ისინი მეტანიას გააკეთებდნენ, უკმევდნენ პატრიარქს და ,,მრავალჟამიერს“ გალობებდნენ. (Theo. Stud. 66 [2005], 110-111; იხ. Παπαδόπουλος-Κεραμεύς, Ανάλεκτα 189, 1.11-14). მოგახსენებთ, რომ მენელსაცხებლე დედათა ფუნქცია და როლი საღმრთო ლიტურგიაზე, სრულიად კაცობრიობის წმინდამყოფელ სტრუქტურასა და სისტემაში გამოკვეთილია და ისინი, საღვთო ენერგიებით სხივმოსილნი, ღვთის ხატად შექმნილ მორწმუნეთა ნახევარს წარმოადგენენ. ამ დროს კი სააღდგომო მსახურება კიდევ უფრო სრულყოფილ სახეს იძენს.

სახარებებში დამოწმებული მენელსაცხებლეთა სარწმუნოებისა და ქრისტესადმი მიძღვნილი მსახურების გამო (რასაც მაშინ ვიგებთ, როდესაც უფლის მიერ სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლაზე და საბოლოოდ ამ უკანასკნელის ძლევაზეა საუბარი), ადრეული ეკლესიიდან მოყოლებული, დღემდე, მათ სახელს პატივი მიაგებენ. ნიუ-იორკშიც კი, მენელსაცხებლეთა სახელზე ტაძრები შენდება და სკოლები თუ მონასტრები იგება. მენელსაცხებლეთა საპატივსაცემოდ ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციებიც არსებობს.

მენელსაცხებლეთა საპატივსაცემოდ ეკლესიაში დღესაც არსებობს ერთი მოძრაობა, რომელიც გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს საკურთხეველთან ყველაზე მეტად აახლოებს. ეს ღვთისმოსავური ქცევის შექება და წაქეზებაა და დღესაც გონივრული იქნებოდა, რომ აღდგომისწინა მსახურებებზე ეს მოგვეხერხებინა, განსაკუთრებით ყვავილებით მორთული გარდამოხსნის წინ, რომელიც ქრისტეს საფლავის სახეა. სული ღვთისა განანათლებს მენელსაცხებლეებთან დაკავშირებულ დღესასწაულებს, ხოლო ეს ყოველი ორგანიზაცია და მსგავსი სახელის მატარებელი მოძრაობა მიუთითებს იმაზე, რომ მენელსაცხებლეთა მოხსენიება აღდგომის საღვთო სიყვარულით ბრწყინავს.

თანამედროვე ბრძენმა ეპისკოპოსმა ერთხელ თქვა: ,,მიცვალებულისთვის ნელსაცხებლის ცხება სიყვარულისმიერი აქტია, რომელიც სხეულის ხრწნას ეწინააღმდეგება, მაგრამ ნამდვილი ნელსაცხებლის ცხება კი უხწნელებაა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და თავად გახდა ნელსაცხებელი და კეთილსურნელება. ადამიანის ბუნება ამ ძვირფას ნელსაცხებელს ატარებს და ქრისტეს აღდგომის მეშვეობით, იგი ყოველ ქრისტიანს ეცხება. ამგვარად, ქრისტეს აღდგომა ახალი ნელსაცხებელია, რომელიც ეკლესიას მცხებლად შეამტკიცებს და ყოველ ქრისტიანს ნელსაცხებლის მიღების საშუალებას აძლევს.“ ეს სიტყვები ალეპოს მართლმადიდებელ ეპისკოპოს პავლეს მიერ დაიწერა, რომელიც სირიაში შეიარაღებულმა პირებმა მოიტაცეს და სავარაუდოდ მოკლეს. მისი სააღდგომო გზავნილი დღემდე ცოცხალია, დაე სულმან მისმან მშვიდობით განისვენოს. რეალურად, როგორც პავლე მოციქული ამბობს: ,,რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?“ (2 კორ. 2:15-16). ნეტავ რა ხდება მათთან დაკავშირებით, ვინც იესოსთან არ დარჩა და მას არ გაჰყვა? ადვილი იყო ვინმესთვის, რომ იესოს სწავლებებში არსებული ძღვენი ვერ შეეფასებინა და მის აღდგომის შემდეგ გამოჩენაშიც კი მხოლოდ სასწაულებისა და კურნებათა შესაძლებლობა დაენახა? იქნებ მათგან ბევრს, ვინც ქრისტეს განშორდა, იესოში მხოლოდ ძალაუფლებისა და დიდებულების დანახვა შეეძლო? ქრისტეს შემოსვა საპატივსაცემო შესამოსლის ტარებას არ ნიშნავს, არამედ, უფრო მეტად, სამყაროსადმი თავმდაბლობითი მსახურების მიძღვნას, იმის სახელით, ვინც გვიხსნა და ცოდვები მოგვიტევა მაშინაც კი, როდესაც ამას არ ველოდით. ღვთისმშობელი მარიამი ,,სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ“ (ინ. 20:11). იგი კვლავ იქ დგას და განშორებულთათვის ტირის. როგორც მამა ალექსანდრე შმემანი შეგვაგონებს: ,,სიყვარული მუდამ ისე ტირის, როგორც ქრისტე ტიროდა თავისი მეგობრის- ლაზარეს საფლავთან.“ საკურთხეველთან ჩვენც გლოვა მიგვაქვს დაკარგული ახლობლებისადმი და ღვთისადმი თაყვანისცემის დროს ხატთაგან გარდამოსული ნათლით ვინუგეშებთ თავს. ამგვარად, ეს სიყვარული გამარჯვების გემოს პირველად აქ იხილავს. პირველად ეს სიყვარული და ეს რწმენა გააცნობიერებენ, რომ ტირილი აღარ გვჭირდება, რამდენადაც ‘დაინთქა სიკვდილი ძლევით’ (1 კორ. 15:54) და უსასოება განქარდა. ესაა მენელსაცხებლეთა კვირის მნიშვნელობა (Love and Faithfulness do not Disappear or Die Out).


ვ.კ მაკარტი (V.K. McCarty) ინგლისელი თეოლოგია. იგი სასულიერო სემინარიაში ასწავლის, პარალელურად კი აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი წიგნი  “From They Lips: Voices of Early Christian Women“  გამომცემლობა Gorgias Press-მა გამოსცა.

ეს ჰომილია ანა ქრისტინა ბეტეხტინის ხსოვნისადმია მიძღვნილი. ტექსტზე დართული ხატია ,,მენელსაცხებლენი ქრისტეს საფლავთან,“ რომელიც დაახლოებით 1235 წელს დაიწერა და ხშირად ,,თეთრ ანგელოზადაც“ მოიხსენიება. იგი სერბეთში, მილიშევას მონასტერშია დაცული.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu