სერაჟ ასსი (Seraj Assi)

ეს კვირა მშვიდობის ქალაქში მცხოვრებ პალესტინელთათვის მძიმე იყო.
ძველი ქალაქის ისლამურ კვარტალში, ისრაელის რადიკალური ჯგუფების მიერ მომზადებული პროვოკაციული აღლუმის შემდეგ, ისრაელის სამართალდამცავებმა იარაღები მშვიდობიანი პალესტინელი დემონსტრანტებისა და მორწმუნეებისკენ მიმართეს (რომლებიც ალ-აქსას მეჩეთში რამადანის ლოცვებს აღასრულებდნენ), რამაც შედეგად ამ უკანასკნელთა სასტიკი დაშლა და ასობით ადამიანის დაშავება მოიტანა. ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში ვიდეოები ვრცელდება, რომლებზეც ასახულია ისრაელის პოლიციის მხრიდან მეჩეთში მყოფი პალესტინელებისადმი ხელყუმბარებისა და რეზინის ტყვიების სროლა; მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება და მეჩეთის სივრცეში პალესტინელი კაცის გამეტებით ცემა. შემაშფოთებელ ფირზე ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის დროს მოცეკვავე ებრაული ულტრანაციონალისტი ჯგუფის წევრებიც იყვნენ ასახულნი. ძალადობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად გავრცელდა და ისრაელის შერეულ ქალაქებში სამოქალაქო ომის საფრთხე შეიქმნა, განსაკუთრებით კი ლოდში, რამლაში, აკოში, ხაიფასა და იაფაში, სადაც არაბები და ებრაელები, მუსლიმები და ქრისტიანები ათწლეულებია თანაცხოვრობენ. უფრო სამხრეთით, ისრაელის მხრიდან ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 100 პალესტინელი დაიღუპა (მათ შორის ბავშვები), დაშავდა ათასობით ადამიანი, დაინგრა მრავალსართულიანი შენობები და ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
ისრაელმა იერუსალიმის დღესასწაული კიდევ ერთხელ გადააქცია: ისრაელის ეროვნულ დღესასწაულად (რომელიც იერუსალიმის გაერთიანებასა და ძველ ქალაქზე ისრაელის კონტროლის დაწესებას პატივს მიაგებს); პალესტინელთა დადუმების საშუალებად და მსოფლიოსადმი იმის შესახსენებლად, რომ ისრაელი ფაქტობრივად (როგორც ეს გასულ კვირას Human Rights Watch-ის ანგარიშმაც დაადასტურა) აპარტეიდის სახელმწიფოა.
რაც იერუსალიმში ხდება ეს არაა ებრაელებსა და პალესტინელებს შორის ,,დაპირისპირება“ (როგორც ეს მეინსტრიმულ მედიას სურს რომ დაგაჯეროთ). ესაა ოკუპანტი ძალის მიერ განხორციელებული დაუნდობელი ყოველდღიური რეალობა, რომელიც აშშ-სა და საერთაშორისო აპათიითაა განმტკიცებული. ისრაელი საკუთარ სამხედრო ძალაუფლებას სახელწიფოს გარეშე მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ მიმართავს, რომელსაც ძირითადი ადამიანური და სამოქალაქო უფლებები ჩამორთმეული აქვს. რეალურად ხდება ის, რომ ნეთანიაჰუს მთავრობას ვაშინგტონიდან მომავალი ყრუ დუმილი ამხნევებს, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციას პალესტინელთა უფლებების განგრძობითი დარღვევის შესახებ მკაფიო პოზიცია ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია.
ქალაქში დაძაბულობამ რამდენიმე კვირას გასტანა. იერუსალიმის მაცხოვრებლები მღელვარებას მოეცვა, რადგან ისრაელის უზენაესი სასამართლო ემზადებოდა ექვსი პალესტინური ოჯახის საკუთარი სახლებიდან (ეს სახლები მდებარეობდა შეიხ-ჯარას დასახლებაში, აღმოსავლეთ იერუსალიმში) განდევნისთვის, იქიდან, სადაც ისინი ათწლეულები ცხოვრობდნენ. კარგად შეიარაღებულმა ებრაულმა სამხედრო ჯგუფებმა ძველი ქალაქის არაბულ დასახლებებსა და ისლამურ კვარტლებში პროვოკაციული აღლუმები მოაწყეს, ხოლო ისრაელის ხელისუფლებამ კი პალესტინელ მორწმუნეებს რამადანის განმავლობაში შეზღუდვები დაუწესა და წმინდა თვის პირველ კვირებში მუსლიმებს შეკრება აუკრძალა. ამ დროს კი, ებრაული ნაციონალისტური დაჯგუფებები ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში ლოცვის უფლების მიღებას ითხოვდნენ. დელიკატური status quo-ს გათვალისწინებით, ვაკფის სახელით ცნობილი ისლამური ინსტიტუტი (რომელიც იორდანიის მიერ დაფუძნდა და ფინანსდება) ალ-აქსას მეჩეთსა და კლდის გუმბათს განაგებს, ხოლო ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები კი ადგილზე პატრულირებენ და ვაკფთან თანამშრომლობენ. როგორც იუდეველებს, ასევე, ქრისტიანებს ადგილის მონახულების საშუალება აქვთ, თუმცა status quo-ს გათვალისწინებით მათ ლოცვა არ შეუძლიათ.
ქრისტიანული თემი უკეთეს მდგომარეობაში არ იმყოფება. ისრაელი ქრისტიანებს იერუსალიმისა და ბეთლემის საშობაოდ მონახულებას უკრძალავს, განსაკუთებით კი მათ, ვინც ღაზაში ცხოვრობენ (ღაზაში დაახლოებით 1000 ქრისტიანი ცხოვრობს და უმეტესობა მათგანი მართლმადიდებელია). იერუსალიმის ეკლესიის ლიდერები ისრაელის მკვიდრთაგან ყოველდღიურად არიან შეურაცხყოფის, შევიწროებისა და დაშინების მსხვერპლნი. ეს ყველაფერი ვანდალიზმის, ცეცხლის გაჩენისა და ძველი ქალაქის კედლებში საეკლესიო ქონების შებღალვის აქტებსაც გულისხმობს. ახლახანს, ბერძნული მართლმადიდებლური სკოლა დაიწვა და მის კედლებზე ანტიქრისტიანული ვანდალური წარწერები გაკეთდა.
ამას გარდა, იერუსალიმის ქრისტიანული თემი, ასევე, სხვა საფრთხეების წინაშეც დგას, რაც რადიკალი ებრაელი მცხოვრებლების მხრდან მათი საეკლესიო ქონების მოპოვებასა და საეკლესიო მიწების სახელმწიფოსადმი გადაცემას გულისხმობს. მართლმადიდებელ ეკლესიას (რომელიც ძველ ქალაქში ყველაზე მხცოვანი ქრისტიანული წარმომადგენლობაა), ე.წ. settler organization-ების არაერთი მცდელობის შესახებ აქვს განცხადებული, რაც იაფას კარიბჭესთან (რაც ქრისტიანული და სომხური კვარტლების მთავარ შესასვლელია) არსებული ქონების მიტაცებას ეხებოდა. settler organization-ები, როგორიცაა Ateret Cohanim, აგრესიულად ყიდულობენ საეკლესიო მიწას, რათა ძველ ქალაქში ებრაული წარმომადგენლობა გაზარდონ და რადიკალური ჯგუფების წადილი აღასრულონ, რაც ძველი ქალაქის ,,ფიზიკურ და სულიერ გამოსყიდვას“ ეხება.
თუმცა, საკითხის ფესვები უფრო ღრმადაა. ათწლეულებია, რაც ისრაელმა ცალმხრივად გამოაცხადა იერუსალიმი მის ,,მარადიულ და ერთიან დედაქალაქად“ (აშშ-მ ეს გადაწყვეტილება, საკუთარი საელჩოს იერუსალიმში გადატანით დალოცა). ამასთანავე, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა: ,,იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და როგორც ყოველი ერი აგებს და ანვითარებს საკუთარ დედაქალაქს, ჩვენც გვაქვს იერუსალიმის აშენებისა და განვითარების უფლება. ამას ვაკეთებდით და ასევე უნდა გავაგრძელოთ.“ ისრაელის მუდმივი პრეტენზიები (რომ იერუსალიმზე საკუთარი განსაკუთრებული უფლება ჰქონოდა), იქ მცხოვრებ დასახლებულ თემებში ექსტრემიზმს ახალისებდა, რაც ისრაელს საშუალებას აძლევდა, რომ ისეთი პოლიტიკა გაეტარებინა, რომელიც ქალაქიდან პალესინელების გაძევებასა და განსახლებას შეუწყობდა ხელს.
პალესტინელები ამ პოლიტიკას მიწის უტიფრად მიტაცებად და ყოველდღური გაფართოების გეგმად მიიჩნევენ, რომელსაც მოძალადეები უჭერენ მხარს. ნეთანიაჰუს ხედვა ,,დიდი იერუსალიმის“ შესახებ გეგმად იერუსალიმის ანექსიას ისახავს, სადაც ასობით ათასი პალესტინელი (რომლებიც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ), ათასობით სხვა ადამიანთან ერთად (რომლებიც აღმოსავლეთ იერუსალიმის ,,გამყოფი კედლის“ მიღმა ცხოვრობენ), ყოველდღიური იძულებითი გადაადგილების საფრთხის წინაშე დგანან. ულტრა მემარჯვენე პოლიტიკოსებიდან წახალისებული კბილებამდე შეიარაღებული რადიკალები, ისრაელის უზენაესი სასამართლოსგან აღმოსავლეთ იერუსალიმში მკვიდრი ოჯახების განსახლებას ითხოვენ. აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსიით, ისრაელი სწრაფად გადავა ერთი სახელმწიფოს რეალობაში, რაც ადრე თუ გვიან იმაში აისახება, რომ აპარტეიდის სტილის რეჟიმით, ებრაული უმცირესობა პალესტინურ უმრავლესობაზე გაბატონდება (ებრაელთაგან განსხვავებით, მუსლიმი და ქრისტიანი პალესტინელები იერუსალიმში მოქალაქეობის არმქონე ბინადრებად ცხოვრობენ, რომელთაც საკუთარი სტატუსი ისრაელმა ნებისმიერ დროს შეიძლება რომ გაუუქმოს).
თუმცა, იერუსალიმი ყველა რელიგიას ეკუთვნის. იმ ადგილს, სადაც ის მდებარეობს, სამი რელიგია წმინდა მიწად მიიჩნევს. ებრაელებს ჯერათ, რომ ეს მათი ორი ტაძრის ადგილია, მათი რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. იერუსალიმშია აღდგომის ტაძარიც, ადგილი, სადაც იესომ იქადაგა, აღესრულა და აღდგა. ეს ქალაქი, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქრისტიანთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსალოცი ადგილია. არაერთი ქრისტიანი იერუსალიმს იესოს მეორედმოსვლის ადგილადაც მიიჩნევს. ამავე ქალაქშია ალ-აქსას მეჩეთი, ისლამის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი, რომელსაც მექადან მუჰამედის ღამის მოგზაურობა და ცად ამაღლება უკავშირდება (იგულისხმება ისლამური სამყაროს დღესასწაული- მიღრაჯის ღამე, მთარგნ.). ესაა ადგილი, სადაც ისლამის მიხედვით იესომ და სხვა წმინდანებმა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი გაატარეს.
მგრძნობიარე სტატუსის გამო იერუსალიმი პალესტინაში არსებული დაუსრულებელი არეულობის ადგილია. ეს იყო მეორე ინტიფადას ადგილი, რომელიც, 2000 წელს, ალ-აქსას მეჩეთში არიელ შარონის პროვოკაციულ ვიზიტს მოჰყვა. იგია 1990 წლის სისხლიანი არეულობების ადგილიც.
პალესტინის მშვიდობისკენ მიმავალი გზა იერუსალიმზე გადის და სანამ პალესტინელთა პრობლემები სამართლიანად არ გადაწყდება, იერუსალიმში მშვიდობა არასოდეს არ იქნება.
სერაჟ ასსი (Seraj Assi) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სადოქტორო ხარისხის მფლობელია (PhD in Arabic and Islamic Studies from Georgetown University). მისი ავტორობითაა გამოცემული წიგნი- The History and Politics of the Bedouin: Reimagining Nomadism in Modern Palestine (Routledge 2018).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.