კატეგორიის გარეშე

ბნელი ეკლესიოლოგია: რას ვაკეთებთ ჩრდილებში

Published on: ივნისი 1, 2021
Total views: 68
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

ანდრეი შიშკოვი (Andrey Shishkov)

მართლმადიდებლობაში ადამიანის უფლებებზე საუბრისას კარგად უნდა გვესმოდეს თუ რატომ გვჭირდება ეს განხილვები და თუ როგორ აისახება იგი თეოლოგიურ და რელიგიურ შეგნებაზე. ჩემი აზრით, ჩვენ ორი ძირითადი მიზანი გვაქვს: სუსტის დაცვა და მისი სოციუმში ინტეგრაცია. დღეს, ადამიანის უფლებათა შესახებ წარმოებული განხილვები, პოლიტიკურ თეოლოგიასა და ანთროპოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენენ, მაგრამ ეკლესიოლოგიაზე არ აისახებიან. კლერიკალური ძალაუფლების სტრუქტურებმა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიური ცნობიერება შეიპყრეს და ეკლესიის მოდელის, სტრუქტურისა და საზღვრების აღქმას აკონტროლებენ. ეკლესიაში ინტეგრაცია ამ პრივილეგირებული და თვითნებური ძალაუფლების მქონე ჯგუფებზეა დამოკიდებული, რაც ინტეგრაციის განვითარებას ართულებს.

კლერიკოცენტრიზმი უმეტესი ეკლესიოლოგიისათვისაა დამახასიათებელი. ამ მიდგომიდან გამომდინარე, ეკლესიის დანარჩენი წევრები კლერიკოსებს რჩეულ ნაწილად მიიჩნევენ, რომლებსაც მღვდლობა არა მხოლოდ პრაქტიკული ხასიათის, არამედ, ონტოლოგიურ უპირატესობებსაც ანიჭებს (გარკვეული მოსაზრებების თანახმად ქიროტონია პიროვნების ბუნებასაც ცვლის). ეკლესიოლოგიები იმგვარად აღწერენ ეკლესიას, რომ კლერიკალური სტრუქტურები აუცილებლად მის ცენტრში ექცევიან და საეკლესიო სურათს ცვლიან. როდესაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უპირველესად სასულიერო პირი ან სატაძრო ნაგებობა გვახსენდება. ამგვარი ეკლესიოლოგია თავის გზავნილსაც გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანი მართებულ იურისდიქციას ეკუთვნის, შესაბამისად მონაწილეობს სათანადო მსახურებასა და საიდუმლოებებში, მიყვება შესაფერის პრაქტიკას და საკუთარ რწმენას მართლმადიდებლობას უკავშირებს (რომლის შინაარსსაც, ასევე, კლერიკოსები აკონტროლებენ) იგი გადარჩება. საეკლესიო ცნებები, როგორიცაა: სქიზმა, ერესი, ევქარისტია, თანაზიარება და ა.შ. კონტროლის საშუალებები ხდება. ეკლესიაში ქალის როლიც უმთავრესად კლერიკალური მიდგომითაა განხილული, რამდენადაც საუბრები ძირითადად ქალთა ხელდასხმის საკითხს მიემართება.

 ეკლესიოლოგიით, საეკლესიო ისტებლიშმენტი ,,საეკლესიო სხეულის“ სახეს ქმნის,  რის შედეგადაც, ზოგიერთ პიროვნებას ან ავიწროებენ, ანაც საერთოდ აძევებენ ეკლესიიდან. ამავდროულად, მიუხედავად ,,ნორმატიული ძალადობისა,“ ეკლესიიდან გაძევებულნი არ ქრებიან. ისინი საეკლესიო ჩრდილში აგრძელებენ ცხოვრებას, როგორც რაღაც უცხო, არასასურველი ან უბრალოდ შემაწუხებელი არსებები. ქალები, ჰომოსექსუალები, ტრანსგენდერები თუ სხვა ქვიარები, უნათლავი ჩვილები, ადამიანის ემბრიონები, ცხოველები და სხვა არაადამიანი არსებები, წმინდა ობიექტები და საგნები და კულტურული მემკვიდრეობა- ეს ყველაფერი საეკლესიო ჩრდილშია. ეკლესიოლოგიურ აღწერილობებში მათი იდენტიფიცირება რთულია, მაგრამ ეკლესიაზე მათი გავლენა კი დიდია. ეს შეიძლება სამყაროში არსებულ ბნელ მატერიას შევადაროთ.

სიბნელე, თავისი ამოუხსნელობითა და გაურკვევლობით გვაშინებს და მისი უკეთ შესწავლის მაგივრად, თავიდან აცილებისკენ, ეკლესიიდან გაძევებისკენ გვიხმობს. მაგალითად, რუსმა მართლმადიდებელმა მოაზროვნემ სერგეი ფუდელმა (Sergei Fudel’ ;1900-1977), ამ ფენომენის აღსაწერად, ეკლესიის ბნელი ტყუპების[1] იდეა შემოგვთავაზა. მის წიგნში-  At the Walls of the Church (რომელიც საბჭოთა კავშირში, 1970-იანებში დაიწერა), იგი მოძღვრის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მღვდლობის დატოვების შესახებ განაცხადა: ,,თქვენ ოცი წლის მანძილზე გატყუებდით და ახლა შესამოსელს ვიხდი.“ ხალხის პასუხი იყო- ,,ყვირილი, ხმაური და გლოვა.“ თუმცა, ერთი ახალგაზრდა ამბიონზე ავიდა და თქვა: ,,ყველაფრის მიუხედავად, ეს მუდამ ასე იყო. გახსოვდეთ, რომ საიდუმლო სერობაზე იუდაც იმყოფებოდა.” ამის შემდეგ ფუდელი ასკვნის: ,,ამ სიტყვებმა (რომლებიც ისტორიაში ეკლესიის ბნელი ტყუპი ძმების არსებობას მოგვაგონებს), ბევრი დაამშვიდა, ანაც რაღაცა აუხსნა. ამას გარდა, იუდას იქ მყოფობის გამო საიდუმლო არ გაუქმებულა.“

ვხედავთ, რომ მღვდლის საქციელი მრევლის გადმოსახედიდან სრულიად არანორმალურად და უჩვეულოდ აღიქმება, რაც დაბნეულობასა და შფოთვას იწვევს. მთავარი შიში ,,საიდუმლოს დარღვევაა,“ რომელიც ხსნის კლერიკალურ გარანტიას ძირს უთხრის. საეკლესიო ცნობიერებისთვის, რომელიც კლერიკალური  ეკლესიოლოგიის მიერ დომინირებს, იერარქიული სტრუქტურის ,,მთლიანობა“ (საიდუმლო, რომელიც ხალხის შეკრებაში სრულდება), უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნება (მღვდელი), რომელმაც პატიოსნად მოქცევა გაბედა. ბალანსის აღდგენა ,,უცხო სხვის“ სტიგმატიზებით ხდება, რაც ,,მრავალს ამშვიდებს.“ მღვდელი იუდა ხდება, რომელმაც ქრისტეს უღალატა. ფუდელის ბნელი ტყუპები კი საეკლესიო ცხოვრების ერთ მხარეს წარმოადგენენ, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა და დაგმობაა აუცილებელი. ბნელი ტყუპების არსებობის შეგრძნება შიშსა და აგონიას იწვევს. მის წინააღმდეგ ბრძოლას ნათლად აქვს კლერიკალური მახასიათებლები: ფუდელის მიხედვით, პიროვნება, ბნელ ტყუპებთან ურთიერთობის მეშვეობით, საკუთარ თავს ეკლესიისგან განაყენებს, ხოლო მისი თანაზიარებაში დაბრუნება კი აღსარების საშუალებით ხდება, რომელსაც მღვდელი შენდობის ლოცვის წაკითხვით აღასრულებს. 

ბოლოს, ფუდელი ასკვნის, რომ ყოველივე დამახინჯებული, არაწმინდა და არასწორი, რასაც ეკლესიაში ვხედავთ, ეკლესია არაა. ეს მიდგომა ეთიკურად მიუღებელსა და უბრალოდ უცხოს ერთმანეთისგან არ განარჩევს. ორივე ბნელ ტყუპებს ეკუთვნის. ასევე, ცოდვასა და ცოდვილს შორის განსხვავებაც არ არსებობს, რაც ბნელი ტყუპების მნიშვნელობას ეთიკურად საეჭვოდ აქცევს. ფუდელის მიდგომა გასაკვირი არაა, რადგან ,,ეკლესიის ბნელი ტყუპების“ მნიშვნელობა შეიძლება ეკლესიოლოგიათა ჯგუფში გაერთიანდეს, რომელიც რომანტიკული იდეების გავლენით შეიქმნა. ეს ჯგუფი თანამედროვე მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიურ აზროვნებასაც შეიცავს, ალექსი ხომიაკოვიდან კირილე ჰოვორუნამდე და არისტოტელე პაპანიკოლაუმდე. ამგვარი ეკლესიოლოგიებისთვის დამახასიათებელია, რომ ისინი ეკლესიას მიიჩნევენ, როგორც ერთ სისრულეს, სადაც ყოველგვარი ,,სიბნელე“ (ამ სიტყვის უარყოფითი მნიშვნელობით) ან შრება, კვდება და ნადგურდება, ანაც ისეთ უძლურებად განისაზღვრება, რომელსაც უნდა ებრძოლო და საბოლოოდ შემუსრო კიდეც.  

ფუდელის ბნელი ტყუპები არანორმალურისა და უცხოს აღწერის მცდელობა კი არა, არამედ, მათი ეკლესიისგან გაძევების გზაა. გარიყვის (და ინტეგრაციის) მექანიზმი კლერიკალური ინსტიტუტების კონტროლქვეშაა და მათი თვითნებობისგან თავს დაცულად ვერავინ ვერ გრძნობს. მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა (ბლუმი) თქვა, რომ თავიდან მას ნიკოლაი ზერნოვის სიტყვები გაუკვირდა, რომლის თანახმადაც, მსოფლიო კრებები ეკლესიისათვის ტრაგედიად იქცა, რადგან მათ დააკანონეს ის, რაც ალბათ უფრო მოქნილი რამ უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოგვიანებით კი, მიტროპოლიტმა ანტონიმ განაცხადა: ,,ვფიქრობ [ზერნოვი] მართალი იყო.“

ფუდელის მაგალითიდან ჩანს, რომ ეკლესიის ენა უცნაურსა და უჩვეულოს მხოლოდ ნეგატიურად აღწერს. შედეგად, თანამედროვე ეკლესიოლოგიას ევალება, რომ ახალი საღვთისმეტყველო ენა შექმნას. უპირველესად, მან უნდა აღწეროს აქტორები და მოვლენები, რომლებიც ამ საეკლესიო ჩრდილქვეშ იმყოფებიან და მათ ხმის უფლება მიანიჭოს. ამასთანავე, ეს მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს და, ასევე, მან უნდა უზრუნველყოს ამგვარი აღწერილობისათვის განკუთვნილი მეტაფიზიკური ჩარჩო. მიდგომას, რომელიც ზემოთნახსენებ სამივე კომპონენტს მოიცავს, ,,ბნელ ეკლესიოლოგიას“ ვუწოდებ. მისი მიზანია ეკლესიის შესახებ არსებული ჩვენი იდეების ორაზროვნება, უცნაურობა და შემთხვევითობა იმ მოვლენების გათვალისწინებით აჩვენოს, რომლებიც კლერიკალური კატეგორიების მიერ აღწერილ ,,ნათელ“ სივრცეებს არ ექვემდებარება.  

მათ, ვინც საეკლესიო ჩრდილში ცხოვრობენ, ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნათლისადმი ძალადობით უნდა იქნენ მიზიდულნი. თუკი ეკლესიას შენობას შევადარებთ, საეკლესიო კედლები კლერიკალური სტრუქტურების მსგავსნი იქნებიან, რომლებიც ჩრდილს ტოვებენ. ჩვენ ყველას განათება შეგვიძლია, მათი ან მზიან მხარეზე გადმოყვანით, ანაც კედლების ჩამოშლით. ორივე ეს მოქმედება ძალადობას უკავშირდება. იმისათვის, რომ ჩრდილთა შემქმნელნი ეკლესიოლოგიაში ძალადობის გარეშე შემოვიყვანოთ, სიბნელის სპეციალური ეპისტიმოლოგია გვჭირდება, რომლსაც ჩემს მომდევნო ესეში განვიხილავ.


[1] ტერმინით ,,ბნელი ტყუპები“ იგულისხმება გალაქტიკა, რომელიც შესაძლოა ჩვენი გალაქტიკის (ირმის ნახტომი) ,,ტყუპისცალი“ აღმოჩნდეს. დამატებითი ინფორმაცია იხ. https://edition.cnn.com/2016/08/27/health/massive-dark-matter-galaxy-dragonfly-44-milky-way/index.html [04.06.2021].


ანდრეი შიშკოვი (Andrey Shishkov) გახლავთ უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების ცენტრის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი (მოსკოვი, რუსეთი). იგია თანაავტორი Telegram არხისა- „მართლმადიდებლობა და ზომბები.“

პუბლიკაცია კვლევითი პროექტის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც სახელად ერქვა: ,,მართლმადიდებლობა და სოლიდარობა.“ პროექტის ორგანიზება ესტონეთის კვლევითი საბჭოს მხარდაჭერით (grant PRG 1274), ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) თეოლოგიისა და რელიგიადმცოდნეობის ფაკულტეტის მიერ მოხერხდა.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu