კორონა ვირუსი ციხეებში: დატირების გარეშე გარდაცვლილი მოყვასი

ჯონი ზავიცანოსი (Joni Zavitsanos)

     „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ – კითხვას, რომელიც იესოს სჯულის მოძღვარმა დაუსვა და რომელზეც ადვილ პასუხს მოელოდა, ქრისტემ შესანიშნავი, მოწყალე სამარიტელის იგავით უპასუხა. იგავი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც გაძარცვეს, გვემეს და გზაზე ცოცხალ-მკვდარი დატოვეს. მრავალმა, თითქოსდა კეთილისმყოფელმა ადამიანმა ჩაუარა ამ კაცს გვერდით, მაგრამ დახმარება არავინ არ აღმოუჩინა. საბოლოოდ კი, საერთოდ უცხო, სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი შეეწია და დაეხმარა მას. ამგვარად, სრულიად უცხო ადამიანი გახდა იმ დღის დაფარული გმირი. მოწყალე სამარიტელის იგავი საკმაოდ დიდი მნიშვნელობის იყო იმ ეპოქაში, მაგრამ ეს იგავი ახლაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, პანდემიის პერიოდში მყოფ ჩვენ სამყაროში.  

     თითქმის ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც დაწყებული მაქვს მუშაობა ხელოვნების ნიმუშზე, რომელიც იქმნება ყველა იმ ჰიუსტონელის (ქალაქი ტეხასის შტატში) საპატივსაცემოდ, რომლებიც კორონა ვირუსმა იმსხვერპლა. გამოვიკვლიე სიკვდილის მრავალი დამადასტურებელი უწყება, სხვადასხვა საინფორმაციო ჟურნალი  თუ სატელევიზიო პროგრამა. ბევრი დრო დავხარჯე იმის მცდელობაში, რომ ჩემს ქალაქში დაღუპულ 7 000 ადამიანის სახელი და სახე დამედგინა. ამ პროექტის მეშვეობით მრავალი ისტორია გახდა ცნობილი, რომლებიც მარტოობას, ჩაკეტილობას, ოჯახთა განცალკევებას, საყვარელი ადამიანების დაკრძალვას, შესაფერისი წესით დატირების შეუძლებლობასა და ფსიქიკურ ტრავმებს უკავშირდება. ესენი არიან ისტორიები, რომლებიც დარდითა და გულის ტკივილითაა აღსავსე.

გარდაცვალებულთა სახელებისა და სურათების ძიებისას, პანდემიის დროს წარმოქმნილი კიდევ ერთი ტრაგედია აღმოვაჩინე. საქმე ეხება ერთ სტატიას, რომელიც 2020 წლის აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა და  ტეხასის შტატში კორონა ვირუსით გარდაცვლილ ციხის პატიმარს ეხებოდა. ბარტოლო ინფანტე  72 წლის, გარდაიცვალა კორონა ვირუსით და ჰქონდა სხვა თანმდევი დაავადებები (ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ პატიმართა უმრავლესობას გააჩნდა სხვადასხვა თანმდევი დაავადებები). ბარტოლომდე (იგი გარდაიცალა 2 აპრილს ) ერთი დღით ადრე, იმავე ვირუსით  გარდაიცვალა ამავე დაწესებულების თანამშრომელი კევინ უილხერი. ამ ორმა გარდაცვალებამ მიბიძგა, რომ მომენახულებინა ტეხასის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ადგილზე გავცნობოდი კიდევ იყო თუ არა სხვა შემთხვევები. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში ყოფნისას მივხვდი, რომ  ციხეებში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა აღმაშფოთებელი იყო. სიკვდილიანობა ციხეებში თითქმის ისეთივეა, როგორც მოხუცთა თავშესაფრებში. ათასობით პატიმარი, ასევე, ციხის მრავალი თანამშრომელი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლას. ვირუსმა იმსხვერპლა ფერადკანიანი თუ თეთრკანიანი, ქალი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი. ვირუსმა ადამიანებს მათი მახასიათებლებისგან განურჩევლად (რელიგია, კანის ფერი, ეროვნება, სქესი და ა.შ.)  მოუსწრაფა სიცოცხლე.

     ყველა მათგანი, კაცები თუ ქალები, რომლებმაც განსხვავებული დანაშაული (წვრილმანი დანაშაული, ნარკოტიკების მოხმარება, გაუპატიურება, მკვლელობა…) ჩაიდინეს, განწესებულ იქნენ სხვადასხვა გამოსასწორებელ დაწესებულებებში, სადაც ისინი რთული პერიოდის დროს (იგულისხმება პანდემიის პერიოდი) მიატოვეს. იმისათვის, რომ ციხემ 300-350 მსჯავრდებულის შენახვა შეძლოს, საჭიროა, რომ მას სულ მცირე 30-35 თანამშრომელი ჰყავდეს, რათა  უზრუნველყოფილ იქნეს წესრიგი და მსჯავრდებულთა ძირითადი საყოფაცხოვრებო მოთხოვნები შესრულდეს. მიუხედავად ამისა, პანდემიის  პერიოდში, ციხეებში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 2 ან 3 თანამშრომელი ჰყავდათ. დარწმუნებული ვარ რომ ადამიანებს, რომლებიც გისოსებს მიღმა იმყოფებოდნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ რატომ ხდებოდა ასე. წავიკითხე რამდენიმე სტატია, სადაც აღწერილი იყო მსჯავრდებულთა საჩივრები, რომლებშიც ისინი წერდნენ, რომ არ ჰქონდათ სუფთა საწოლები, ტუალეტის ქაღალდი, შესაფერისი საკვები და, ამასთანავე, არ ჰქონდათ უფლება, რომ გამოეყენებინათ სადეზინფექციო საშუალება, რადგან მისი მოხმარება ციხეში აკრძალულია. ამასთანავე, საწოლები განლაგებული იყო ძალიან ვიწროდ და სახის დასაფარად იყენებდნენ წინდებსა და საწოლის ზეწრებს, რათა ყოვლის გამანადგურებელი ვირუსისგან თავი დაეცვათ.

     მახსოვს, როდესაც ქალბატონ ჯომეტრას დავურეკე (რომელსაც საკუთარი მამა 20 წლის განმავლობაში არ ენახა, რადგან მამამისი სასჯელს ქურდობის გამო იხდიდა, ხოლო ციხე კი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ქალაქიდან და მისი სამსახურისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა), იგი ინფორმირებული იყო, რომ მისი მამა დაინფიცირდა კორონა ვირუსით  და  სწორედ ამ ვირუსისგან გარდაიცვალა გალვესტონის საავადმყოფოში. სწორედ ამ საავადმყოფოში გადაჰყავდათ ვირუსით დაინფიცირებული,  ტეხასის შტატის პატიმართა უმრავლესობა.  ქალბატონი ჯომეტრა მამამისს ღირსეულ ადამიანად იხსენებს.  „მოხუცი“ ასეთი მოფერებით სახელით იხსენებდა იგი მამამისს ჩემთან საუბრისას. მამამისი მსახურობდა ვიეტნამში და იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ამ სატელეფონო საუბრისას ქალბატონმა ჯომეტრამ აღნიშნა, რომ მამამისს უყვარდა ღმერთი და ეკლესია, ამასთანავე, მისი სახლი ღია იყო ყოველთვის, ყველა ადამიანისთვის. საუბრის ბოლოს მწუხარება  გამოვხატე მისი მამის დაკარგვის გამო, აგრეთვე აღვნიშნე, რომ მას მალე უნდა დაეტოვებინა საპატიმრო, მაგრამ  პანდემიის პერიოდში „მარჯვენა ხელმა არ იცოდა რას აკეთებდა მარცხენა“. ხოლო მან მიპასუხა, რომ „მარჯვენა ხელს არ აინტერსებდა რას აკეთებდა მარცხენა“.   

    ამის შემდეგ ვესაუბრე ოსტინს, როჯერის ვაჟს. როჯერი  გამოსასწორებელი კოლონიის პატიმარი გახლდათ. გამოსასწორებელ კოლონიაში არ არიან მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პატიმრები, არამედ, აქ სასჯელს მცირე და წვრილმან დანაშაულში მხილებულნი იხდიან. ასევე, აქ უშვებენ  პატიმრებს, რომლებმაც მალე უნდა დატოვონ საპატიმრო. როჯერიც ერთ-ერთი ასეთი პატიმარი იყო. როჯერისთვის, ისევე, როგორც სხვებისთვის, ცნობილი იყო დღე, როდესაც მათ საპატიმრო უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ეს არ მოხდა და ისინი კვლავ ციხეში დარჩნენ. ოსტინს გამზადებული ჰქონდა მისთვის (როჯერისთვის) საცხოვრებელი. ეს გახლდათ ადგილი, სადაც იგი საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრებას აპირებდა და განზრახული ჰქონდა, რომ მამამისიც იქ დაესახლებინა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ყოველკვირეული სატელეფონო საუბრები მამასა და შვილს შორის უფრო რთულდებოდა, რადგან როჯერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა. ბოლო სატელეფონო საუბრისას, მხოლოდ ჩურჩულებდა და ამ ჩურჩულით გამოხატავდა სიყვარულს შვილისა და მისი ოჯახის მიმართ. როჯერი გარდაიცვალა კოვიდ პანდემიის დროს გამოსასწორებელ კოლონიაში მის სხვა მეგობრებთან ერთად, რადაგან ამ პანდემიის დროს ისინი პატიმრობაში დარჩნენ. როჯერმა საბოლოოდ დაკარგა იმედი, რომ საკუთარ ოჯახს ნახავდა აქ, ამ ქვეყანაზე, ხოლო მისი შვილი ოსტინი კი ცხოვრებას გულში დამარხული ამ ტკივილით აგრძელებს.

     გარდა როჯერსის და „მოხუცის“ ამბებისა, მრავალი მსგავსი ტრაგიკული ისტორია არსებობს. წმინდა სილუანი ამბობს: „წმინდანები ჩვენი მსგავსი ადამიანები იყვნენ. მრავალ მათგანს დიდი ცოდვებიც ჰქონდა, მაგრამ სინანულის მუდმივი განცდით მოახერხეს, რომ ცათა სასუფეველი დაემკვიდრებინათ“. აღნიშვნის ღირსია ამ ადამიანთა ისტორიები და სახელები: ანტონიო, ჯერალდი, ტიმოთე, ხოსე, დანიელი, პრესტონი, გუსტავო, თეოდორე, ჯონი, ალონსო, ედუარდი, სედრიკი, როლსტონი, ვალენტინი, ჯიმი, მაიკლი, ჯეიმსი, ჯერემი, უილიამი, სედრიკი, ფერნანდო, ფრანსისი, სილვია, ნიკოლი, დევიდი, ხესუსი, ნიკოლა, როჯერი, მელვინი, ტომასი… და სხვ.  

     ეს ადამიანები იგავში მოთხრობილი ნაგვემი ადამიანის მსგავსნი არიან. ისინიც ისეთივე ცოდვილნი და შეურაცხყოფილნი არიან და ატარებენ იმ დანაშაულის ტვირთს, რომელიც ოდესღაც ჩაიდინეს. ისინი გარიყულნი  და უარყოფილნი არიან საზოგადოების მიერ, თითქოს არც არსებობდნენ და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონიათ. მათი ისტორიები არ მაძინებს, მაგრძნობინებენ ტკივილს, რომელიც მათმა განშორებამ გამოიწვია, თუმცა, უძლური ვარ რომ რაიმე სახის დახმარება აღმოვუჩინო. ვინ არის ჩემი მოყვასი? სამწუხაროდ, პასუხი ნათელია. ჩემი მოყვასია ის, ვინც ცუდად და, ამასთანავე მარტოდ იყო, მაგრამ მე მათ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.


ქალბატონი ჯონი ზავიცანოსი (Joni Zavitsanos) არის ხელოვანი, რომელიც ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) ცხოვრობს. მან ერთ-ერთი ნამუშევარი მიუძღვნა  ტეხასის შტატში კორონა ვირუსით გარდაცვლილ ადამიანებს და სახელად უწოდა: „ცოცხალი სურათები: ჰიუსტონში კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ“. ამ დრომდე მან მოახერხა, რომ მის მშობლიურ ქალაქში დაღუპული 7000 გარდაცვლილის 500 სურათი შეეგროვებინა. მის  ნამუშევარზე, ბერძნული წარმომავლობისა და მართლმადიდებლური რწმენის სახსოვრად (და, ამასთანავე, საკუთარი ხატმწერი მამის დიამანდი კასისის საპატივსაცემოდ), თითოეული კორონა ვირუსის მსხვერპლი ოქროსფერ შარავანდედშია გამოსახული. მისმა ნამუშევარმა მალევე მიიქცია John P. McGovern-ის სახელობის მედიცინისა და ჯანმრთელობის მუზეუმის ყურადღება, რის გამოც სწორედ ეს მუზეუმი უმასპინძლებს ამ ნიმუშის გამოფენას. გამოფენა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე გაიმართება. გამოფენის გახსნისას,  გარდაცვლილთა ოჯახის წევრთა მიღება შედგება და გარდაცვლილთა სულების საოხად პანაშვიდი აღესრულება. ამას გარდა, ქალბატონი ჯონის მოთხოვნაა, რომ გამოიძებნოს ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც მისი ნამუშევარი ბინას დაიდებს.   

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.