რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ხელოვნებას აღმოსავლეთ ევროპისათვის?

ალისაიზაბელასალივანი (Alice Isabella Sullivan) დამარიაალესიაროსი (Maria Alessia Rossi)

ქორწილი კანაში, ახალდაქოწილებულთა დეტალი, ფრესკა, გრაჩანიცას მონასტერი, დასავლეთ კედელი (ფოტოს ავტორი ΜΚΟ BLAGO www.srpskoblago.org).

მართლმადიდებლურ ხელოვნებას (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ რეგიონში), ჯერ კიდევ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია, თუმცა დღეს ის ჯეროვნად დაფასებული არაა და არც მკვლევართა ყურადღების ცენტრში არ არის მოქცეული. ადგილობრივი საზოგადოებებისა და აკადემიური სპეციალისტების წრეებს მიღმა, ცოტა რამ არის ცნობილი აღმოსავლეთ ევროპის ერების, კულტურისა და ისტორიის შესახებ. ეს განსაკუთრებით შუა საუკუნეებსა და უახლეს თანამედროვე პერიოდს ეხება, რომელთა კვლევაც განყოფილია დასავლურ ტრადიციასა და ბიზანტიის იმპერიას შორის; აქვე შედის კონსტანტინოპოლის დაცემის (1453) შემდგომი საუკუნეებიც (თავისი მოკრძალებული ურთიერთკონტაქტებისა და ურთიერთგაზიარების მომენტებით), რომელთა კვლევებიც უნივერსიტეტებში მიმდინარეობს. აღმოსავლეთ ევროპის ისტორია, ხელოვნება და კულტურა, აგრეთვე, ამ ქვეყნებში შექმნილი მართლმადიდებლური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშების შექმნა, ხელოვნების ისტორიის გეოგრაფიული, თემატური, კულტურული და დროითი სფეროებიდან იზოლირებულია. არსებითად, მართლმადიდებლური ხელოვნება პრობლემებს ქმნის ხელოვნების ისტორიის ტექნიკურ პერიოდიზაციებსა და გეოგრაფიულ საზღვრებთან მიმართებაში, თუმცა, შემდგომმა კვლევებმა შესაძლოა ეს სურათი გააუმჯობესონ, რითაც შესაძლებელი იქნება იმ ხმის გაგონება, რომელიც დიდი ხანია აღარ ისმის. 

აღმოსავლეთ ევროპის გეოგრაფიულ განსაზღვრებებში არათანმიმდევრულობამა და უთანხმოებებმა, მართლმადიდებლური კულტურული სფეროს მარგინალიზაცია (გარიყვა) განაპირობა. ის, რაც მოცემულ მომენტში აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ ან ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპას შეადგენს, დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ბალკანეთის ნახევარკუნძული, კარპატიის მთები და ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მხარეები, რომლებიც რუსეთში მდებარეობენ, კონკრეტულ პერიოდებში ევროპის ნაწილად მიიჩნეოდნენ, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში იზოლირებულ და იგნორირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში (გვიან შუასაუკუნეებსა და ადრეულ თანამედროვე პერიოდში), აღმოსავლეთ ევროპის მხარეებმა – კარპატიის მთების გარშემო მდებარე ვლახეთის, მოლდოვისა და ტრანსილვანიის სამთავროებმა (რომლებმაც მოგვიანებით თანამედროვე რუმინეთი შეადგინეს), კიევის რუსეთმა, მოსკოვმა, სერბეთმა და ბულგარეთმა – საკუთარ სახელმწიფო საზღვრებში დიდი ცვლილებები განიცადეს. დღეს ეს ტერიტორიები სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი ენითა და წეს-ჩვეულებებით მდებარეობენ. ისტორია რთული, მაგრამ, ამასთანავე მდიდარიცაა და მას შუასაუკუნეების სამყაროსა თუ განსხვავებული ტრადიციების ურთიერთკავშირის შესახებ (რომლებმაც ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ვიზუალური სტილის განვითარებისთვის დიდი როლი შეასრულეს), ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. 

მართლაც, აღმოსავლეთ ევროპა საკმაო ხანია ანტაგონისტური ტრადიციებისა და მსოფმხედველობების გზაჯვარედინზე დგას – მათ შორისაა ლათინური, ბერძნული და სლავური – რამაც დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, რელიგიურ, კულტურულ ფაქტორებსა და ხელოვნების განვითარებაზე. მიუხედავად ამისა, თითოელი მხარის განსაკუთრებულობამა და თანამედროვე ეპოქის პოლიტიკურმა თუ ნაციონალისტურმა მიდგომებმა, თითოეული მხარის განცალკევებულად გამოკვლევის ტენდენცია გააძლიერეს, რაც მკვლევრებს იმას აღარ აფიქრებინებს, რომ ადგილობრივი განვითარების ეს განსხვავებული ასპექტები ზიარი ისტორიების გამოხატულებას განეკუთვნებიან. ამ საკითხში დიდი წვლილი შეიტანეს მეოცე საუკუნის ხანგრძლივმა იდეოლოგიურმა პროგრამებმა, ისტორიის წერისას წინასწარშექმნილმა მიკერძოებულმა აზრებმა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულმა კვლევითმა მიდგომებმა. ამას გარდა, რკინის ფარდამ შექმნა როგორც პრაქტიკული, ისე იდეოლოგიური ბარიერები, რითაც აღმოსავლური ქრისტიანული კულტურული სივრცე, დანარჩენი ევროპული კონტინენტის უდიდესი ნაწილისაგან გამოაცალკევა. გარკვეული პერიოდის მანძილზე, ერებთან, ადგილებთან და ცოდნასთან დაკავშირებული მიდგომები შეზღუდული (ლიმიტირებული) იყო. 

მაგრამ ახლა, შუა საუკუნეებისა და ბიზანტიურ კვლევებში მიმდინარე საყოველთაო მცდელობები, გარკვეუწილად ხელს უწყობს შუა საუკუნეების ეპოქების კვლევებს, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო ნათელი სურათი გვქონდეს აღმოსავლეთ ევროპის მხარეების შესახებ. ბიზანტიურ სულიერ ძალას უზარმაზარი რეზონანსი ჰქონდა ამ მხარეებზე, განსაკუთრებით კი ხელოვნების სფეროში. ეს გავლენა, როგორც კონსტანტინოპოლის დაცემამდე, ასევე, დაცემის შემდგომ კიდევ ათწლეულები გაგრძელდა. იმპერიის დაცემის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გამორჩეული როლი ითამაშეს ბიზანტიური ხელოვნებისა და კულტურის გაგრძელებასა თუ განახლებაში.

კრებული Byzantium in Eastern European Visual Culture in the Late Middle Ages (Brill, 2020), რომელიც მარია ალესია როსისა და იზაბელა სალივანის რედაქტორობით გამოიცა, ამ ფენომენის გააზრების კარგ შესაძლებლობას იძლევა. ეს წიგნი მოგვითხრობს როგორც კულტურული კონტაქტებისა და ხელოვნების მეურვეობის; ასევე, ადგილობრივი ტრადიციების მიერ ბიზანტიური ხელოვნების, კულტურული, თეოლოგიური და პოლიტიკური მოდელების ტრანსფორმაციისა და ათვისების შესახებ, როგორც ეს არქიტექტურაში, მონუმენტურ ფერწერაში, ხატწერაში, სკულპტურაში, ტექსტილურ მრეწველობაში, წერილობით ძეგლებსა და აღმოსავლეთ ევროპის რიტუალებში ჩანს. ეს წიგნი, მე-14 და მე-16 საუკუნეების პერიოდის აღმოსავლეთ ევროპის მხარეებს (თითოეულ მათგანს, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ბიზანტიურ კულტურულ სფეროს განვითარებასთან ურთიერთკავშირის კონტექსტში) ხორვატიას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, სერბეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და რუსეთს, განსაკუთრებულად იკვლევს. ამასთანავე, ის ეჭვქვეშ აყენებს ძველ მოსაზრებებს ამ ტერიტორიაზე ხელოვნების ნიმუშებთან მიმართებაში და მართლმადიდებლურ ხელოვნებას მსოფლიო ხელოვნების რუკაზე განათავსებს.

ამ ნაშრომში ცენტრალური ადგილი უჭირავს მართლმადიდებლურ ხელოვნებაში, არქიტექტურასა და ვიზუალური კულტურის ხელოვნების ფორმებში არსებულ ნასესხობებს, რომლებიც სხვებისგან და უმთავრესად ბიზანტიისგან იქნენ შეთვისებულნი. თუმცა, ისტორიკოსებმა, ეს საკითხი, აღმოსავლეთ ევროპის მხარეების კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ბიზანტიის ,,გავლენის“ გადმოსახედიდან ,,ახსნეს,” რაც ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთკავშირში გამოიხატებოდა, რომელშიც კონსტანტინოპოლი, როგორც აღმატებული იდეოლოგიური ძალა, მთელი აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ რეგიონზე ზემოქმედებდა. მიუხედავად ამისა, აწ უკვე გამოკვლეული წერილობითი, მატერიალური და სახვითი ხელოვნების ელემენტები, ყოველ ლოკალურ კონტექსტსა თუ ტრადიციებში არსებულ შემოქმედებითობასა და ორიგინალურობას გვიჩვენებენ. 

მიუხედავად ამისა, პოსტბიზანტიური პერიოდის ხელოვნება, არქიტექტურა და ვიზუალური კულტურა, ჯეროვნად შეფასებული არაა, თითქოსდა ისინი ნასესხებნი და არაორიგინალურნი იყვნენ; რეალურად კი, ისინი წარმოადგენენ მდიდარ და დინამიკური ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც მსგავსია დიდების პიკში მყოფი ბიზანტიის იმპერიისა. ბიზანტიის დამხობას არ გამოუწვევია შემოქმედებითობისა და კულტურის განვითარების დასასრული. პირიქით, ამას მოჰყვა ადამიანთა, ობიექტთა და იდეათა მიგრაცია განსაზღვრულ საზღვრებს მიღმა, რამაც გაადვილა ინტერკულტურული ურთიერთობები და ახალი შთაგონება მისცა ადგილობრივ წარმოებასა და ცხოვრების წესს. მატერიალურ ფაქტებს (მტკიცებულებებს), რომლებსაც წერილობით ისტორიულ წყაროებთან ერთად იკვლევენ, შეუძლიათ ჩვენი სურათი გაამდიდრონ აღმოსავლეთ ევროპის მხარეების ადგილობრივი თვითმყოფადობისა და კულტურათა ურთიერთკავშირებისა და, ასევე, მართლმადიდებლური ხელოვნების მრავალფეროვანი მასშტაბების შესახებ.

როგორც ეს წიგნი გადმოგვცემს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონები ის ადგილები არ არიან, რომლებმაც სხვა მხარეების ,,გავლენა“ განიცადეს. პირიქით, ეს გეოგრაფიული ადგილები კავშირებისა და ურთიერთობათა დინამიკურ ქსელს წარმოადგენენ, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ მკვლევრებს, რომ დაგვიხატონ ადგილობრივი ხელოვნების განვითარების, კულტურული ფორმებისა და ზიარი ტრადიციების უფრო სინთეტური სურათი. წიგნში მოყვანილია მაგალითები, თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლური ხელოვნების, არქიტექტურისა და ოპტიკური კულტურის მრავალფეროვანი მასშტაბების ამოცნობა, და თან გავაგრძელოთ შუა საუკუნეების, ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ხელოვნების კვლევების დროითი და გეოგრაფიული პარამეტრების გაფართოება (გაშლა); ასევე, მოვხაზოთ იმ კავშირების სიმრავლე, რომლებიც გავრცელებული იყო გვიანი შუა საუკუნეებიდან ვიდრე უახლეს თანამედროვე პერიოდამდე. 

ეს წიგნი იმ პუბლიკაციათა სერიის პირველი ნაწილია, რომელიც ყურადღებას მართლმადიდებლური ხელოვნების ფასეულობაზე და აღმოსავლეთ ევროპის მხატვრულ-კულტურულ ტრადიციებზე ამახვილებს.  ეს მცდელობები North of Byzantium-ის ნაწილს წარმოადგენენ, ინიციატივას, რომელიც   ბიზანტიის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებსა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ შუასაუკუნეების მხატვრულ ნამუშევრებს იკვლევს.


ალისა იზაბელა სალივანი (Alice Isabella Sullivan, Tufts University) და მარია ალესია როსი (Maria Alessia Rossi, Princeton University), North of Byzantium-ის თანადამაარსებელნი არიან.  Twitter: @NorthofByzance

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.