ნიდჰინ დონალდი (Nidhin Donald)

რამდენიმე დღის წინ, ბიჰარში (ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე შტატი), ერთ იეზუიტ მღვდელს დავურეკე, რათა მიმდინარე პანდემიის დროს ქრისტიანთა მდგომარეობაზე მისი აზრები მომესმინა. მას ჩემი კითხვა გაუკვირდა და დასძინა- მდიდარი გადარჩება, ღარიბი მოკვდება, ესაა პანდემიის ისტორია. ქრისტიანებმა, ინდოეთში მცხოვრებ სხვა ხალხთა მსგავსად, ეს წესი კარგად უწყიან. მისივე აზით, პანდემიასთან დაკავშირებით ,,ქრისტიანული თვალსაზრისი“ არ არსებობს. მისი პასუხი გასაგები იყო. მისთვის (იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და მწირ შტატებში მუშაობდა), კლასობრივი და კასტური სისტემების პრობლემები კარგად ნაცნობი გახლდათ. ამგვარად, დისკუსია მხოლოდ ქრისტიანებსა და ქრისტიანობაზე, პრიორიტეტული არაა (განსაკუთრებით პანდემიის განმავლობაში).
ინდოეთის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ზე ნაკლებია ქრისტიანი, თუმცა მათი საერთო რაოდენობა ესპანეთის, კენიის, პოლონეთისა და უკრაინის ქრისტიანი მოსახლეობის რიცხვს უთანაბრდება. რეალურად, ინდოეთში უფრო მეტი ქრისტიანი ცხოვრობს, ვიდრე ვენესუელაში. ქრისტიანები ინდოეთში თანაბრად გადანაწილებულად არ ცხოვრობენ. მათი ნახევარი, ნახევარკუნძულის სამხრეთ შტატებში- კერალაში, ტამილ ნადუში, კარნატაკაში, ტელანგანაში და ანდრა პრადეშში ბინადრობს (მხოლოდ კერალაში, ქრისტიანი მოსახლეობის 22% ცხოვრობს). რაც შეეხება მეორე ნახევარს, დაახლოებით 80% აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში ცხოვრობს, დანარჩენი კი ინდოეთის დასავლეთ, ჩრდილო და ცენტრალურ შტატებში. ეს მოსახლეობა, ასევე, იყოფა რელიგიის, კასტის, ეთნიკური, ენობრივი, კლასობრივი და პოლიტიკური კუთვნილების შესაბმისად. ყველა ეს ფაქტორი რელიგიურ განზოგადებებს ეროვნული მასშტაბის პრობლემად აქცევს. კონფესიური მრავალფეროვნების გამო, ქრისტიანი მოსახლეობა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან და გლობალურ კავშირებთან ასოცირდება.
ამ ეთიკური და მეთოდოლოგიური შეზღუდვების მიუხედავად, შემიძლია ის სამი საკითხი გამოვყო, რომელთა გადაწყვეტაც ღირს. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც ეს მთელ მსოფლიოში მოხდა, პანდემიამ ინდოეთში ქისტიანული ღვთისმსახურება, დახმარება და სამოძღვრო მზრუნველობა შეცვალა. დომინანტურმა დენომინაციებმა დაკვირვებით უკუაგდეს საერთო ლოცვები და დღესასწაულები და სადაც კი შესაძლებელი იყო, მათ ტექნოლოგიური საშუალებები გამოიყენეს. თუმცა, ინტერნეტსაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. მან შემოწირულობების რაოდენობა შეუმცირა იმ ეკლესიებს, რომლისთვისაც შესაწირი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ხელფასებისა თუ სხვა ხარჯების დასაფარად. საქორწინო ცერემონიები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, თუმცა, ამავდროულადვე მოქმედებს ყველა სტანდარტული პროტოკოლი, როგორიცაა: სოციალური დისტანცია, სანიტაიზერების გამოყენება, ტაძრებისთვის დეზინფექციის რეგულარულად ჩატარება თუ უკონტაქტო თერმოსკრინინგის პრაქტიკა. დაკრძალვები და მასთან დაკავშირებული სხვა რიტუალები, სახელმწიფო მითითებებისა და ბრძანებათა შესაბამისად არაერთხელ შეიცვალა, რაც კონკრეტული აღმსარებლობებისა და ეპარქიების საჭიროებებიდან გამომდინარეობდა. გარდა ამისა, პანდემიის მეორე ტალღის მიერ გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა, ბევრ ქრისტიან ოჯახს კრემაციის არჩევას აიძულებდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სასაფლაოების გადატვირთვა. გავლენიან ქრისტიანებს შორის, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც დიასპორაში ცხოვრობს, ონლაინ პანაშვიდები და საშინაო რელიგიური შეკრებები პანდემიამდეც კი გავრცელებული იყო, ხოლო ციფრული ტექნოლოგიის აქტიური გამოყენება კი მომავალშიც შეიძლება უფრო აქტუალური გახდეს. პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ რამდენიმე რიტუალი ,,აუცილებელია.“ ინდოეთში ეკლესიები, წინააღმდეგობის გარეშე, სახელმწიფოს მიერ დადგენილლ კანონებს უნდა მიყოლოდნენ.
ცენტრალურმა მთავრობამ დაუდევრობა გამოამჟღავნა, როდესაც მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა. ინდური ისტორიები არასაკმარისი ჟანგბადის ბალონების, ანონიმური მასობრივი საფლავების, მცურავი გვამებისა და მოშლილი ჯან-დაცვის სისტემის შესახებ მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ეკლესიები (რომლებიც კერძო საავადმყოფოების მნიშვნელოვან რაოდენობას აკონტროლებდნენ) შეეცადნენ, რომ პანდემიით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობის გადასახადი არ გადაეხადათ. ამგვარი მოთხოვნა ფორმალურად არსებობდა. ამას გარდა, მათ ტელე-კონსულტაციები დაიწყეს ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ეს სჭირდებოდათ. ბევრი ტაძარი COVID ცენტრებად გადაკეთდა. ინდოეთის Catholic Health Association-მა და Christian Coalition for Health-მა, საკუთარ დაქვემდებარებაში არსებული საავადმყოფოების დიდი ქსელი და სხვა საშუალებები, შტატების მთავრობებს პანდემიის უკეთ სამართავად გადასცეს. ზემოთდასახელებული ორგანიზაციები მთავრობასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ინდოეთის ეკლესიებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს სამსახურდაკარგული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებაში. მსახურების მოთხოვნილებათა გამო, ბევრმა მღვდელმა (რომელთაგან უმეტესობაც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის, ორმოცი წლის ფარგლებში იყო), მეორე ტალღის დროს სიცოცხლე დაკარგა. მაშინ როდესაც, ერთ მხარეს ვხედავთ ქრისტიანულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და დახმარების პროგრამებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენ შეწევნას გვთავაზობენ, მეორე მხარეს ვირუსის გავრცელების ხელშემწყობ მოვლენებს ვხედავთ, როგორიცაა მასობრივი მომლოცველობები, რომლებიც ზოგჯერ უმაღლესი საეპისკოპოსო ორგანოების მითითებათა წინააღმდეგ ხორციელდება, რაც სახელმწიფო ადმინისტრაციას მღვდლებისა და ერისკაცების დევნას აიძულებს.
მეორე საკითხია, რომ პანდემიის ჟამს, ზოგიერთი ინდური მემარჯვენე მედია ქრისტიანთა (და უმცირესობათა) წინააღმდეგ ცრუ ისტორიებს თხზავს. ისინი პროპაგანდის მზაკვრულ მოდელს მიჰყვებიან, რომლის თანახმადაც ქრისტიანებს მოწინააღმდეგეებად წარმოაჩენენ (თან ისე, რომ ქრისტიანთა მრავალფეროვნებას უგულვებელყოფენ), რომლებიც ინდუისტურ მოსახლეობას ფარული პროზელიტიზმით ემუქრებიან. მაგალითისთვის ერთ ისტორიას მოვიხმობთ, რომელიც ერთ-ერთ ვებ გვერდზე გავრცელდა: ახალგაზრდა ექიმი მადია პრადეშის შტატიდან ,,დააპატიმრეს.“ მას თან ერთი ბროშურა ჰქონდა, რომელშიც ქრისტიანული ვებ გვერდებისა და ლოცვების შესახებ ინფორმაციები ეწერა. იგი დაუყოვნებლივ დაიკითხა ნაციონალისტური ინდუისტური ორგანიზაციისა (Rashtriya Swayamsevak Sangh) და პოლიციის მიერ. უმალ, შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდნენ ტექსილდარის, ანუ რაიონის მმართველის წარმომადგენლები და გამოძიებაში ჩაერთნენ. ახალგაზრდა ქალი საჯარო სექტორის წარმომადგენელია და როგორც ჩანს, იგი ჩართული იყო ,,კარდაკარის“ საინფორმაციო პროგრამაში. მას, მადია პრადეშის კანონმდებლობის თანახმად, შეიძლება პროზელიტიზმის ბრალდება წაუყენონ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის ჟამს, ინდოეთის სახალხო პარტიის მიერ მართულ ბევრ შტატში, ქორწინების შემთხვევაში სხვა რელიგიაზე გადასვლა აიკრძალა. ეს კანონები ,,სიყვარულის ჯიჰადის კანონების“ სახელითაა ცნობილი. ინდოეთში არსებული რამდენიმე ვებგვერდი ამტკიცებს, რომ ეკლესიებმა საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობა პროზელიტიზმისა და ეკლესიათა ,,აღმოცენებისთვის“ გამოიყენეს. ამგვარი ბრალდებები მავნე და დაუსაბუთებელია, თუმცა ისინი ტყეში გაჩენილი ხანძრის მსგავსად ვრცელდებიან. ინდოეთში არსებული პროპაგანდისტული მანქანა უცვლელია. ქრისტიანები ყოველთვის ეჭვის ობიექტები არიან, რომლებიც ინდური კულტურის განვითარებას უშლიან ხელს. ამგვარად, ქრისტიანთა მხრიდან ნებისმიერი რეაქცია ან მოქმედება, პანდემიისა თუ ნორმალური ვითარების ჟამს, შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული. ეს ეჭვიანი მემკვიდრეობა ინდოეთის ნაციონალისტურ მოძრაობას უკავშირდება.
მესამე საკითხი ის გახლავთ, რომ მაშინ, როდესაც ინდუისტი პროპაგანდისტები ,,ქრისტიანი მოწინააღმდეგეებისადმი“ შიშს ინარჩუნებენ, ჩვენ ისეთ ქრისტიანებსაც ვხდებით, რომლებიც ვირუსის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. სახასიათო მაგალითია ქრისტიანული ორგანიზაცია- Jesus Calls, რომელსაც Dhinakaran-ის ოჯახი ხელმძღვანელობს. ამ კონტროვერსიული, მრავალეროვანი ორგანიზაციის მტკიცებით, მისმა მთავარმა მქადაგებელმა- Paul Dhinakaran-მა (რომელიც ცნობილი DGS Dhinakaran-ის ვაჟია), 2016 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთს ,,ჭირი შეუტევს,“ რადგან იგი ღვთის სიტყვაზე არ ზრუნავს. ამ რელიგიური კომერციული ორგანიზაციის YouTube არხზე, აღნიშნულ პროგნოზთან დაკავშირებული რამდენიმე ვიდეოა განთავსებული. ინდოეთში ბიბლიურ ბუკვალიზმს მრავალი მიმდევარი ჰყავს. ცალკეული ბიბლიური ციტატების მოხმობის საფუძველზე, პოლი (რომელსაც, თუ მის ოფიციალურ გვერდს ვერწმუნებით, მარკეტინგში PhD ხარისხი აქვს- Madras University), მარტივად პასუხობს პანდემიასთან დაკავშირებულ რთულ შეკითხვებს. ბიბლიური ბუკვალიზმი მას სიონისტური პროპაგანდის მგზნებარე მხარდამჭერად ხდის (თუმცა, ამის განხილვა სამომავლო საქმეა). ამ პოპულარულ ობსკურანტიზმში, პოლი, რა თქმა უნდა, მარტო არაა. პანდემიის დადგომასთან ერთად ,,ციფრულმა ევანგელისტებმა“ გააფართოვეს და გაამრავალფეროვნეს საკუთარი დაფინანსების მოდელები. Facebook გვერდების, YouTube არხების, ციფრული ლოცვითი ხაზებისა და სატელეფონო ლოცვითი კოშკების საშუალებით, ამ ქრისტიანულმა ორგანიზაციებმა საკუთარი შესაძლებლობები დახვეწეს. საინტერესოა, რომ ინდუისტი ფუნდამენტალისტები საკუთარ სისტემებს ქრისტიანი ფუნდამენტალისტების მიერ გაკეთებული ბრალდებებით კვებავენ. ისინი ერთმანეთის ნააზრევს კითხულობენ და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ერთობლივად უქმნიან საფრთხეს, ეკონომიკის იმ ციფრული მოდელის დახმარებით, რომელიც მომხმარებლის ყურადღების შეზღუდვაზეა ორიენტირებული.
ნათელია, რომ ზემოთნახსენები სამი პრობლემიდან, ინდოეთისთვის უნიკალური მახასიათებელი არცერთი არაა. გლობალიზებული სამყაროს დიდ ნაწილში ვხვდებით უმცირესობის წინააღმდეგ მიმართულ რასიზმს, რიტუალურ ცვლილებებსა და ქრისტიანულ დეზინფორმაციას. შესაძლოა პანდემიამ ეს პროცესები დააჩქარა და მათ ახალი მნიშვნელობა მიანიჭა. ინდოეთში სწორედ ამას ვაკვირდებით.
ნიდჰინ დონალდმა (Nidhin Donald) ახლახანს დაასრულა სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით- ‘Reproducing Identities in Digital Spaces: A Sociological Study of Syrian Christian Families,’ (Jawaharlal Nehru University, Delhi). მისი სამაგისტრო თემა ეხებოდა კერალაში მცხოვრებ სირიელ ქრისტიანთა ოჯახებს. მისი ინტერესის მთავარი სფერო მოიცავს- ოჯახს, რელიგიას, კასტას, ინტერნეტსა და სოციალურ პოლიტიკას.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.