კატეგორიის გარეშე

სულიწმიდის სახარება სულთმოფენობისას

Published on: ივნისი 19, 2021
Total views: 59
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 5 minutes

ვ. კ. მაკარტი (V.K. McCarty)

„და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა, იყვნენ ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრა, ვითარცა მოწევნა ქარისა სასტიკისა, …“. *

მართლაც, საქმე მოციქულთას დამოწმება (2. 1-21) სულთმოფენობის დღესასწაულისათვის განმსჭვალულია სულიწმიდის მოქმედებით; ასხივებს სარწმუნოების ნათელს, რომელიც მისტიკური გამოცდილების მეშვეობით ყალიბდება და მოიცავს ერთად მლოცველ ერთობას. ამრიგად, და რომანოზ მელოდოსის თანახმად: „ერთბამად (ერთხმობით) ვადიდებთ ყოვლადწმიდა სულს“. ღმერთის სულის ეს უწყვეტი მყოფობა, რომელიც ჩვენ წმინდა წერილისაგან გვეუწყება, წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს საუნჯეს. სულიწმიდა არის ის, ვინც ჩვენ წარგვიძღვება საღვთო ლიტურგიის დროს, რომელიც აძლევს გამბედაობას პირველ მოწამეებს – მამაკაცებსა და ქალებს; სულიწმიდის წინამძღოლობით მიიღებოდა, ასევე, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები  და წმინდა წერილის კანონი.

 ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ საქმე მოციქულთა ძალიან მალე დაიწერა იმ მოვლენების შემდეგ, რომლებიც მასშია აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოციქულთა ისტორიების კომპილაციას წარმოადგენს (რომელიც შეიცავს დაუვიწყარი ხასიათებისა და ძვირფასი ეპიზოდების პანორამას, რომელნიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ პირველი ეკლესიის განათლებასა და განვითარებას), მაინც, ამ წიგნის არსებითად ცენტრალურ მოვლენას ცოცხალი ღმერთის მოქმედება წარმოადგენს, რომელიც აქ გვეცხადება, როგორც წმინდა სამების მესამე პიროვნება – სულიწმიდა. „გადაჭარბებული არ იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ პირველი ქრისტიანები სულიწმიდას ქრისტეს სასუფევლის არსებობის უმთავრეს გარე დამოწმებად მიიჩნევდნენ“ (J.T. Koenig, Charismata: God’s Gifts for God’s People, 1978, 73). ფაქტობრივად, საქმე მოციქულთას, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „სულიწმიდის სახარება“.

როგორც ქრისტეს სხეულის მლოცველებს, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ მივუბრუნდეთ წარსულს და ვნახოთ, რომ ადამიანების სარწმუნოება უძველესი ეკლესიის ისტორიული სტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. ამრიგად, ლუკა ჩვენ მრავალგზის შეგვახსენებს, რომ მაშინ, როცა იესოს მოძრაობა იშლებოდა ანტიოქიის მიმართულებით (საქ. 11. 26) – სანამ დადგინდებოდა სიტყვა „ქრისტიანი“ ქრისტეს მოწაფეებისათვის – ისინი (პირველი ქრისტიანები) მათი ურყევი სარწმუნოების წყალობით „მორწმუნეებად“ იწოდნენ (საქ. 2. 44; 4. 32; 10. 45). მაშასადამე, წმინდა წერილში ლუკას წვლილის მნიშვნელოვანი მასშტაბი არის ეკლესიის დაარსების ნარატივი „ღმერთის ყოვლადწმიდა სულის“ დიდებული აღწერის მეშვეობით.

სულიწმიდის ძალი და დაპირება საქმე მოციქულთას პირველივე სტრიქონებშივეა უწყებული (1. 2; 1. 5) და უმშვენიერესად აღწერილი სულთმოფენობის ისტორიაში, ისევე, როგორც მთელს წმინდა წერილში. სულიწმიდა არის იესოს ცოცხალი მყოფობა და მისი სულიერი ძალა მორწმუნეთა ცხოვრებაში. ამიტომაც, უწყებულია, რომ მორწმუნეები „აღივსნეს სულითა წმიდითა“ (საქ. 2. 4); სულთმოფენობის ისტორია აღიარებს სულიწმიდის მოქმედებას, რომნელიც მიეფინება ყოველ მორწმუნეს და განიცდება მათ მიერ. თარგმანების ანალოგიურად, დაახლოებით სამოცჯერ ხდება საქმე მოციქულთას წიგნში სულიწმიდისადმი მიმართება. მოციქულები „ნათელს იღებენ სულიწმიდის მიერ“, ქრისტიანული მსახურება არის „სულიწმიდის ნიჭი“.

სულიწმიდა არის უფლის პიროვნული მყოფობა მის მოწაფეებში. შესაბამისად, იესოსა და სულიწმიდის ლოცვითი ეპიკლისი (მოხმობა) ერთდროულია. საქმე მოციქულთაში აღწერილი მოციქულთა სასწაულები სულიწმიდის ძალითა და იესოს სახელით ხორციელდება (3. 6; 4. 10; 9. 34). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტე არის ღმერთის მოქმედების ეპიცენტრი სულიწმიდაში გამოჩინებული ეკლესიის გამომხსნელობით საქმეში.  

სულიწმიდის გამოცდილება ისეთი ბრწყინვალე იყო სულთმოფენობის დროს, რომ აღდგომის შემდეგ, მას განვიცდით, როგორც საეკლესიო წელიწადის კულმინაციას. ერთიან ქრისტიანულ მეხსიერებაზე სულიწმიდის ეს თვალისმომჭრელი მიფენა წარმოადგენს ახალი აღთქმის თხრობის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან აღწერას. „მცირე და მოხერხებული შტრიხებით დახატულია ძალიან საინტერესო ეპიზოდი“ (J.D.G. Dunn, Beginning from Jerusalem, 2009, 146). ტექსტი აღწერს ერთა ხალხმრავლობას სხვადასხვა მხარეებიდან ებრაული სულთმოფენობის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ხდება ებრაული აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს. ყველანი ხდებიან სულიწმიდის დამმოწმებელნი, რომელიც (სულიწმიდა)  შევიდა იესოს მოწაფეებში, და არა მხოლოდ „აღავსო ყოველი იგი სახლი“ (საქ. 2. 2), არამედ დაიპყრო მათი სულები სიღრმისეულად. მოციქულები და იქ მყოფნი განკვირვებულნი დარჩნენ იმისგან, რაც იხილეს და გაიგონეს. უეცრად, ზეციდან მოვიდა „ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ“ (საქ. 2. 2), და ხილვა ენების განყოფის „ვითარცა ცეცხლისანი“ (საქ. 2. 3), და სიტყვები, რომლებიც წარმოთქვეს მოციქულებმა ყველას მიერ იქნა გაგებული, როგორც სადიდებელი სიტყვები ღმერთის სასწაულებრივი საქმეებისა და მასთან ურთიერთობისა.

ლუკა მახარებელი, ჩვენი მთხრობელი, აღწერს ღრმად სულიერ და ცხადად მისტიკურ ფენომენს – ღმერთის მოქმედებას დედამიწაზე სულიწმიდის გარდამოსვლისას. იქ მყოფმა ადამიანებმა სხვადასხვაგვარად განმარტეს და გაიგეს ეს მოვლენა, მაგრამ მათი ცხოვრებისათვის რაღაც განმსაზღვრელი მოხდა, რაც ჩვენც შეგვაძლებინებს ამის განცდას წმინდა წერილის ამ ფრაგმენტზე ღრმად ჩაფიქრებისას.

უდიდესი მხატვრული გემოვნებითაა შესრულები სულთმოფენობა დუჩოსა Duccio (Maesta Altarpiece of Siena, 1308) და ელ გრეკოს (El Greco, Pentecostés, ca. 1660) მიერ. ბევრს ახსოვდა ქარის ხმაური, ბევრმა იხილა ცეცხლოვანი ენები, რომლებიც მოციქულებს მიეფინა, რადგან სულიწმიდამ გააძლიერა და გააცხოველა მათი სარწმუნოება, როცა მათზე თავისი ძალა ცეცხლის სახით მიჰფინა. ეკლესიის დიდი მამა, კირილე იერუსალიმელი ამ ცეცხლთან დაკავშირებით ასწავლის, რომ „განაბრწყინებს ადამიანის სულს, და ის მოიწევა თქვენზეც, რათა განაშოროს და დაწვას ეკლიანი ცოდვები, უფრო მეტად გაანათლოს თქვენი სულის საკუთრება და მოგცეთ მადლი, როგორც ის მისცა თავის მოციქულებს“ (Catechetical Lectures, 17. 15 PG 33, 988BC ).  

გავიხსენოთ ლუკას სახარებაში ის ფრაგმენტი, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა გააცხადა მესსიის მოსვლა, რომ მოდის ის, ვინც უფრო ძლიერია, რომელიც ნათელს-გცემთ სულიწმიდითა და ცეცხლით (ლკ. 3. 15-18). საქმე მოციქულთაში, ცეცხლოვანი ენები მიანიშნებენ ღმერთის მყოფობას, აგრეთვე, ადამიანთა წინაშე წინასწარმეტყველების აღსრულებას, ძლიერი ქარის ხმა კი ღმერთის სულის ძალას, რომელიც ქრის იქ, სადაც მას ნებავს. გავიხსენოთ აგრეთვე უფლის სიტყვები ეზეკიელისადმი თქმული ძველ აღთქმაში: „და თქუა ჩემდამო…და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ“ (ეზეკ. 37. 9-14); და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს იყო ღმერთის სული, რომელიც მიმოიქცეოდა მკვდარ ძვლებზე და აღავსო ისინი ახალი სიცოცხლით. ეზეკიელის ეს წინასწარმეტყველება აღესრულა სულთმოფენობის დროს.

ადამიანებს ახსოვდათ ძალიან ძლიერი ქარის ხმა. მოწაფეებს ამ ხმის ზეციდან წარმომავლობისა ეჯერათ და კიდევ იმის, რომ ამ ხმაზე მოგროვდა ადამიანების დიდი რაოდენობა იმ სახლთან, სადაც მოციქულები იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, ხალხის ამ დიდმა რაოდენობამ ვერ გაიგო საღვთო ნიშანი და დარჩა განკვირვებული, მაგრამ, რეალურად იქ იყო უფალი, რომელიც „იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა“ (ფს. 103. 3). რომანოზ მელოდოსი იგივე მოვლენას ამგვარად აღწერს: ,,ბრძენი მოციქულნი, ფიქრობდნენ, რომ მთელი ქორედი დაიქცეოდა ქარისაგან, ყველამ დახუჭა თავიანთი თვალები შიშით, და მაშინ, რაღაც უფრო საშიში აღესრულა და საკვირველება საკვირველებას დაერთო…მან სისპეტაკე და სიწმიდე წარუგზავნა მათ წინაშე მისსა, ყოვლად წმიდა სულმა.”

რას ნიშნავს ზუსტად „ენებზე ლაპარაკი“? (საქ. 2. 4). ბევრი თქმულა სულთმოფენობის ამ უცნაურ მოვლენის შესახებ. მისი უკეთ გაგებისათვის, საინტერესო იქნებოდა ამ ფრაგმენტის სხვა კუთხით განხილვა. როგორც ჩანს, რაღაც შინაგანი განცდის ხელახლა მოგონება ხდება და ის აღიწერება როგორც გარეგნული და ხილული მოვლენა. უეჭველად, ამ მოვლენაში სულაც არ იყო განსაცვიფრებელი ის, რომ ყოველი ადამიანი ისმენდა მოციქულებისაგან ნათქვამს მის საკუთარ ენაზე, არამედ ის, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებსა და ეროვნებებს განეკუთვნებოდნენ ისმენდნენ სადიდებლებს ღმერთის საკვირველი საქმეების გამო. ეს კარგად მოისმინეს არა-იუდეველმა მორწმუნეებმაც. ამიტომაც, სულთმოფენობის გზავნილი უფლისაგან, ქარისა და ცეცხლის საშუალებით, იყო საკვირველმოქმედი, რადგან, ის აღსაქმელი გახდა ყველასათვის გასაგები ფორმით. ღმერთის სიტყვა იყო როგორც ჩვენი მამა-პაპის, ჩვენი ეპისკოპოსის ხმა დამოუკიდებლად იმისაგან რუსულად ისმოდა ის თუ კორეულად, ბერძნულად თუ ებრაულად, ან კაბადოკიის რომელიმე უცნაურ დიალექტზე. სულიწმიდის სასწაული არ იყო მხოლოდ მოწაფეთა „ენებზე ლაპარაკი“, არამედ ის, რომ ადამიანები, რომლების ლაპარაკობდნენ განსხვავებულ ენებზე, უსმენდნენ მოწაფეებს და ესმოდათ მათი. იგივე მოხდებოდა ჩვენზეც ანუ შევიგრძნობდით სულიწმიდის გარდამოსვლას იმ დღეს. სულიწმიდის გამოცდილება სულთმოფენობისას მართლაც საკვირველი იყო, ხმაურიანი, როგორც სულიერი ქარიშხალი და მგზნებარე, საიდუმლო რამ ფორმით. ეს გამოცდილება მიღებულ იქნა, უმთავრესად, როგორც სასიხარულო და ჩვეული (ახლობელი).

„ენებზე ლაპარაკის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე არ იყო საკვირველება, არამედ მისი გზავნილი. რა იყო ეს გზავნილი? საუბარია ღმერთის საკვირველი საქმეების შესახებ სიტყვაზე, რომელიც გასაგები გახდა ყველასათვის. პართიელებმა, მიდიელებმა, კაბადოკიელებმა, ეგვიპტელებმა და არაბებმაც კი ღმერთის ეს საკვირველი საქმეები იესო ქრისტეში მოისმინეს (საქ. 2. 11). მაგრამ, ზოგიერთმა მათგანმა ეჭვი შეიტანა ამ მოვლენაში და დასცინეს იესოს მოწაფეებს; მაშინ პეტრემ, როგორც მოციქულთა წარმომადგენელმა, პირველად წარმოთქვა ქრისტიანული ქადაგება. ამ ქადაგების თანახმად, სულიწმიდამ ყველა იქ მყოფს ებრაული წერილის ახალი აზრი გამოუჩინა, და იმავდროულად განმარტა ის ნიშნები, რომლებიც ქრისტეს მესიად წარმოაჩენდნენ. მაშასადამე, ადამიანებმა სულიწმიდისაგან მიიღეს წინამძღოლობა და ღმერთის მოქმედებამ შეამზადა ისინი ცოდვათა მონანიებისა და ნათლისღებისათვის. ამრიგად, ყოვლადწმიდა სულმა „დაამოწმა ქრისტეს მყოფობა, სახარების ქადაგების გაძლიერებითა და შთაგონებით, გააგრძელა იესოს საკვირველი საქმე“ (G.W.H. Lampe, God as Spirit, 1977, p. 65).

აქედან გამომდინარე, ჩემო მეგობრებო, ახლა, როდესაც ეკლესიაში ისმენთ საკითხავებს საქმე მოციქულთადან, გახსოვდეთ, რომ უსმენთ სულიწმიდას, ღმერთის სულს; უსმენთ წმინდა წერილს, რომელიც თქვენ გამოგიცხადებთ, რომ უფლის სული შთააგონებს და წარმართავს ეკლესიას, რადგან ჩათესილი აქვს სარწმუნოების თესლი მთელი სამყაროს ახალი ერთობის მორწმუნეთა გულებში. თუკი ხართ მიმღებელნი და გრძნობიერნი სულიწმიდისადმი თქვენი ლოცვისას, მაშინ ის თქვენ გიბოძებთ რაიმე მსახურებას. თუ მოუსმენთ სულიწმიდას, მაშინ ის გაგაგზავნით ღვთის საქმის აღსრულებად, როგორც ამას აღწერს რომანოზ ტკბილად მგალობელი:

,,საყვარელნო, მოვედ, ვიმღეროთ ქება მოციქულთა ენისა, გარნა არა კაზმული სიტყვით, არამედ საღმრთო ძალით, [რომლითაც] მოინადირეს ყოველი მოკვდავი თავის ბადეში, რამეთუ მათ აღიღეს ჯვარი თვისი, ვითარცა კვერთხი, უკუაგეს სიცოცხლისაკენ ისინი, ვინც პატივს სცემენ და განადიდებენ ყოვლად წმიდა სულს.”


* საქმე მოციქულთა 2. 1-2. ეს წიგნი, განსაკუთრებული მადლობით, ეძღვნება მიტროპოლიტ ილარიონს.

ვ.კ მაკარტი (V.K. McCarty) ინგლისელი თეოლოგია. იგი სასულიერო სემინარიაში ასწავლის, პარალელურად კი აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი წიგნი From They Lips: Voices of Early Christian Women გამომცემლობა Gorgias Press-მა გამოსცა.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu