საკონსტიტუციო ცვლილებები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო პოლიტიკურ როლს ცვლის

რობერტ კ. ბლიტი (Robert C. Blitt)

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც რუსეთში 2020 წელს განხორციელდა, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საგარეო პოლიტიკაში. კრემლის მხრიდან მხარდაჭერილი კონსტიტუციური მუხლები, რომლებიც სახელმწიფო სუვერენიტეტის გააზრებას, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ისტორიული ჭეშმარიტების მხარდაჭერას, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებათა დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების გავრცელება-გაძლიერებას  უკავშირდებიან, იმ საკითხებს წარმოადგენენ, რომლებსაც რუსული  ეკლესია საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს და დასავლური „ულტრა ლიბერალიზმის“ წინააღმდეგ აქტიურადაც იყენებს. ამ რეალობის წინაშე მდგარ პოლიტიკოსებს მოუწევთ ეკლესიის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობის ხასიათსა თუ არსს გადახედონ. აუცილებელია, რომ მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის შესამოწმებლად გარკვეული ზომები მიიღონ.  

პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიამ კარგად აჩვენა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიპლომატია კრემლის მიზნებს ემსახურება და მას საერთაშორისო წესრიგის დამყარებაში ეხმარება. თითქმის ორი ათეული წლის წინ, მაშინდელმა მიტროპოლიტმა კირილემ (დღევანდელი რუსეთის პატრიარქი) განაცხადა: ,,მართლმადიდებლობის საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართვამ [შეიძლება ხელი შეუწყოს] მულტიპოლარული სამყაროს მშენებლობას“. დღესდღეობით, რუსეთის ეკლესია ეყრდნობა ამ მოსაზრებას, თუმცა უარყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (აუეს) და სხვა მსგავსი ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს იმ მოტივით, რომ ისინი უცხონი და საზიანონი  არიან რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისათვის.

 თუმცა, ყველაზე გასაოცარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრემლისადმი ერთგულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ორივე მხარე რეალპოლიტიკის (realpolitik) სახელით, ყოველგვარ  ზნეობრივ პრინციპებს უარყოფს. გასათვალისწინებელია 2019 წელს, კრემლის მხრიდან მონტენეგროს კანონმდებლობაში ჩარევა, როდესაც საქმე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონს ეხებოდა. კრემლი, რომელიც ცდილობდა, რომ საკუთარ საზღვრებს გარეთ რუსეთის ეკლესიის გავლენა შეენარჩუნებინა, მონტენეგროს საშინაო საქმეებში ჩარევის გამართლებას მართლმადიდებლობის დაცვის აუცილებლობით ცდილობდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოსახედიდან, მონტენეგროში მიმდინარე მოვლენები ძალიან წააგავდა ,,უკრაინულ სხენარს“ და საფრთხეს უქმნიდა ,,კანონიკურ მართლმადიდებლობას,“ ამიტომაც, ჩარევის ხარვეზების გათვალისწინება აუცილებელი არ იყო. საეკლესიო მსჯელობა, რომელიც მონტენეგროსა და დასავლეთის ურთიერთობას მიემართება, კრემლში საკმაო აღშფოთებას იწვევს. ეს აშკარად იგრძნობა რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთ განცხადებაში: „მონტენეგროს ამჟამინდელი ხელისუფლება არ მალავს იმ ფაქტს, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს ევროინტეგრაციასა და სერბეთისგან გამოყოფას”.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კრემლის პოლიტიკური დოგმების მიღებას საკმაოდ ღრმა ფესვები გააჩნია. ათ წელზე მეტია გასული, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეთანხმდნენ, რომ „ერთობლივი ძალისხმევით შეეწინააღმდეგებიან ისტორიის გაყალბებასა და ფალსიფიკაციას“. 2020 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ განაცხადა, რომ „მისი სამინისტრო, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ყველაფერს მოიმოქმედებს, რათა ისტორიის ფალსიფიკაციას შეეწინააღმდეგოს“.

მას შემდეგ, რაც ისტორიის ფალსიფიკაცია ანათემატიზირებულია (დასჯადია) კონსტიტუციურადაც, რუსეთის ეკლესია კრემლის საერთაშორისო მიდგომას  აკურთხებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ თუნდაც უმნიშვნელო მოქმედებას ნაციზმის მხარდაჭერად აღიქვამს. ამგვარად, ეკლესია კრემლის ამ მიდგომას, იყენებს „მათრახისა და თაფლ-კვერის“ პრინციპით. ერთი მხრივ, იგი კრემლს იყენებს სხვა მთავრობებთან ალიანსის შესაქმნელად, ხოლო, მეორე მხრივ კი, იმ მთავრობებზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რომლებიც მას წინააღმდეგობას  უწევენ. მაგალითად, რუსეთის ეკლესიამ, ახლახანს, განსაკუთრებით მოიწონა ხორვატი მაღალჩინოსნების მოქმედება, როდესაც მათ საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი გახსნეს. ხორვატების ეს ქმედება რუსეთის ეკლესიის მიერ შეფასებული  იქნა, როგორც „განსაკუთრებული სიმბოლური მოვლენა, რომელიც ხაზს უსვამს  ისტორიულ მეხსიერებას“. ამის საპირისპიროდ, იგივე რუსეთის ეკლესიამ და კონკრეტულად პატრიარქმა კირილემ, ექვსწუთიანი ტირადა მიუძღვნა ბულგარეთის პრეზიდენტს და მასში იმ ისტორიულ რევიონიზმზე მიანიშნა, რომელიც რუსულ ძალასა და მსხვერპლშეწირვას არ აფასებდა.

ეთნიკურ უმცირესობებში და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებში, კრემლის იდეოლოგიის გამავრცელებელ,  მთავარ და მნიშვნელოვან მოქმედ პირად სწორედ ეკლესია წარმოდგება. მაგალითად, რუს ხალხთა მსოფლიო საბჭო (რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა), ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, რომელიც რუსეთის საზღვარგარეთულ ინტერესებს (მათ შორის ლობირებასაც) უჭერს მხარს. რუსეთის  მართლმადიდებელი ეკლესიის ამგვარი საქმიანობა კრემლს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: პირველი, ეკლესია ყოველგვარი სირთულისა და დაბრკოლების გარეშე პირდაპირ ავრცელებს კრემლის იდეოლოგიას (განსხვავებით მედია საშუალებებისგან, როგორებიც არიან მაგ. RT და Sputnik). მეორე, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალებას აძლევს საკუთარ წიაღში მოიზიდოს თანამემამულეების გარდა სხვა ეროვნების ადამიანებიც- სასულიერო პირები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადსხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები და მათ კრემლის იდეოლოგია გააცნოს.

 ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები (რომლებშიც ტრადიციული ღირებულებებია გამოკვეთილი და ინდივიდუალური უფლებების ხარჯზე, კოლექტიურ ნორმებს ანიჭებენ გარკვეულ უპირატესობას), რუსულ იდენტობაზე ეკლესიის გავლენასაც  აძლიერებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მის საზღვრებს გარეთ. ამ ღირებულებების კონსტიტუციურად განმტკიცება, სავარაუდოდ, გააძლიერებს კრემლის ძალისხმევას, რომ გააგრძელოს ბრძოლა და ძირი გამოუთხაროს საყოველთაოდ მიღებულ ადამიანთა უფლებებსა და მის დაცვას. ამ ძალისხმევის ფარგლებში ეკლესია დიდი ხანია ცდილობს საერთაშორისო თანამებრძოლების აღმოჩენას: „დასავლეთი წარმოდგენს ანტიქრისტიანულ და ანტირელიგიურ ცივილიზაციას… ამ შემთხვევაში აუცილებელია ძალების გაერთიანება (საერთო ფრონტის შექმნა), რომელშიც გაერთიანდებიან ტრადიციული რელიგიური კონფესიები და ერთობლივად შეძლებენ სეკულარული იდეოლოგიის  შემოტევის მოგერიებას“.  

 საერთო ფრონტის შესაქმნელად ეკლესია არ იშურებს ძალისხმევას და იგი საეკლესიო ლიდერებს, რადიკალურად განწყობილ ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება. ყოველივე ამის ფარგლებში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტრადიციული ღირებულებების ნებისმიერი სახით დარღვევას, თუმცა, ამავდროულად, იგი რუსული რეპუტაციისა და კრემლის ხელშეწყობით (დახმარებით), დასავლური ინსტიტუტებისა და წესებისთვის ძირის გამოთხრასაც უწყობს ხელს. მაგალითად, ჰავანას 2016 წლის დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ვატიკანი, ოსტატურად გვერდს უვლის რუსეთის არაკანონიერ ქმედებებს სირიაში და უკრაინაში და, ამის სანაცვლოდ, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას და კრემლს მშვიდობის დაცვის გარანტორებად წარმოაჩენს, რომლებიც საფრთხეში მყოფი ქრისტიანების დასაცავად არიან მზად.

 ეკლესიის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოებისადმი კონსერვატიული მიდგომა, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, (როგორებიც არიან, მაგალითად, C-Fam, რაც ,,ოჯახის დასაცავ“ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს) გახდა მიზეზი, რომ გაეროში „გუნდრუკი ეკმიათ“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  იმ პოზიციის გამო, რომელიც რუსულმა ეკლესიამ წარმოადგინა სექსუალური ორიენტაციის უფლებებისა და გენდერული იდენტობის წინააღმდეგ. უფრო დრამატული გზით შეეცადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კრემლის პოზიციების განმტკიცებას, აშშ-ში დარეგისტრირებული კიდევ ერთი ,,ოჯახის მხარდამჭერი“ საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაცია, რომელიც კრემლთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ოლიგარქისგან ფინანსდება, არ ერიდება რუსეთის ქებას, მას „მსოფლიოს ქრისტიან მხსნელად“ მოიხსენიებს და გლობალური მასშტაბით რუსეთის განსაკუთრებულ როლზეც“ მიუთითებს.    

 ამ ყოველივედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციურ სარჩულს ანიჭებენ კრემლის გლობალურ ძალისხმევებს, რომლებიც, დესტრუქციული და ცრუ ინფორმაციების გავრცელების მეშვეობით, მიმართულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების ეჭქვეშ დაყენებისკენ, ადამიანის საერთაშორისო უფლებების მარგინალიზაციისა და, ასევე, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების დესტაბილიზაციისკენ. ფაქტები, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც მზაობა კრემლის ბრძანებულებების შესრულებისაკენ, იმის განცდას ბადებენ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები, სავარაუდოდ, სახელმწიფოს და ეკლესიას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ეპოქას წარმოშობენ. პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ეკლესიის განახლებული როლი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში და საჭირო კორექტირება შეიტანონ როგორც ეკლესიასა და კრემლს შორის, ასევე, კრემლის მხრიდან სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.  


რობერტ კ. ბლიტი – ტენესის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორია.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.