კრიზისი ტიგრაიში: მართლმადიდებლები იმედსა და დაღუპვას შორის

ალექნასდრა სელასიე ანტოინი (Alexandra Sellassie Antohin)

2020 წლის ნოემბერში ტიგრაიში, ეთიოპიის ჩრდილოეთ შტატში, რომელიც ერითრეას ესაზღვრება, ფედერაციულ და რეგიონულ ძალებს შორის მტრობის დაწყებისთანავე დაიბადა ამ კრიზისის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე: შეიარაღებული კონფლიქტი თავის განუსაზღვრელ მსხვერპლთან ერთად და ამ კონფლიქტის მედიის მიერ გაშუქება. ვიცნობ საზღვარგარეთელი ეთიოპიელების არგუმენტებს, რომლებიც კონცენტრირებულები არიან იმაზე, თუ ვინაა პასუხისმგებელი, თუ ვის უჭერს მხარს მედია, პარალელურად კი გულდასმით იკვლევენ კონფლიქტის შედეგებს ადგილობრივ ჰუმანიტარულ პირობებთან დაკავშირებით. მოვლენების ამგვარი გაშუქება ჩრდილავს იმ ეჭვმიუტანელ ფაქტს, რომ ადამიანები იტანჯებიან და კვდებიან, ხოლო გვერდს უვლიან საკითხის არსს – ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელსაც ომი აქვს საკუთარ თავთან.

როგორც ეთიოპეილ ამერიკელს, ზოგჯერ თავი მენტალურად და ემოციურად პარალიზებული მგონია. საუბარია პოლიტიკური ფრაგმენტაციის სირთულეზე, ერთი შეხედვით, დაუსრულებელი კონკურენტული ნარატივით, რომელიც გაფანტულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. შევედი ჩიხში საკუთარ თავთან, სადაც თანმიმდევრული ინტერპრეტაციისა და ანალიზის გაკეთება შეუძლებელი ჩანდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო სიახლეები უდანაშაულო და დაუცველი ადამიანებისთვის მხოლოდ დროებით შემსუბუქებაზე მეტყველებენ, მეორე მხრივ კი, იძლევიან მეტ საკვებს ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივებისთვის, რომლებიც კონფლიქტის გადალახვას მეტად ართულებენ.

როგორც ანთროპოლოგს, რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანული ცხოვრების წესებსა და ჩვევებს იკვლევს, შემიმაჩნია, რომ არსებობს ფუნდამენტური ღირებულებების ნიმუში, რომელიც კონკრეტული რელიგიური ტრადიციიდან მომდინარეობს. ამ კონფლიქტის სამი მთავარი მონაწილე, ძირითადად, მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან შედგება, მათ შორის ერითრეაც, რომლის მოსახლეობის 63% ქრისტიანია, მათი უმეტესობა კი – მართლმადიდებელი. სხვა საერთაშორისო სექტური კონფლიქტებისგან განსხვავებით, სადაც რელიგიური განსხვავებულობა მეტი ძალადობის გამოსაწვევად სტრატეგიული ნიშნით გამოიყენება, ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც ტიგრაის შეტაკებაში გაეხვიენ, სრულ მისტირიულ კავშირში არიან ერთმანეთთან. შემზარავია ის რეალობა, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები (ჯამში 39 მილიონი მორწმუნე) თავიანთ ადგილობრივ ეთნიკურ პოლიტიკას მიჰყვებიან, ხოლო, როგორც ტემესგენ კაშაი (Temesgen Kahsay) ირწმუნება, მართლმადიდებელი ქრისტიანი ლიდერების ერთიანი ხმა არ არსებობს, რაც კრიზისზე უარყოფითად მოქმედებს.

ვგონებ, ასევე, ვალდებული ვარ, მოვითხოვო მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის მეტად ღრმა თანამშრომლობა, განსაკუთრებით – მათთვის ტიგრაის ისტორიული და ეგზისტენციალური მნიშვნელობის გამო. ეს ადგილი აფრიკელთა ქრისტიანობის აკვნად ითვლება, აქსუმის მეფეების მიერ იმართებოდა, რომელთა სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ ეთიოპიიდან (დღევანდელი ტიგრაიდან) წითელი ზღვის სანაპიროებამდე (დღევანდელ ერეთრეამდე) იყო გადაჭიმული. აქაა უამრავი ადგილი, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის სიწმინდედ ითვლება, როგორებიცაა დებრე დამოს (Debre Damo) მთაზე აბუნა არეგავის (Abuna Aregawi) მონასტერი და სიონის ტაძარი აქსუმში (რომელშიც, ამბობენ, რომ აღთქმის კიდობანი ინახება). სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირები მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური წევრები იყვნენ. ამასთან, იმ უამრავ მხარეში, რომლებზეც შეტევები განხორციელდა, აქსუმი და დებრე დამოც შედის, სადაც, აურაცხელი ადამიანის სიკვდილთან ერთად, მატერიალური ზარალი და ძარცვაც დაფიქსირდა. რადგან ამ ტერიტორიებს, როგორც სასულიერო ცენტრებს, მორწმუნეთათვის ამხელა მნიშვნელობა აქვს, მოვლენები ყოველგვარ საზღვარს გასცდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კატასტროფებზე პასუხისმგებელი ჯგუფი, სავარაუდოდ, მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან შედგება, საკითხავია, რა ეთიკური ზეგავლენა იქონია მათზე იმ ფაქტმა, რომ ეს წმინდა ადგილები საშიშროების ქვეშ დააყენეს. საკრალურობის ეთიკა თუ უნდა ამოქმედდეს, სწორედ ახლაა ამის დრო.

უდავოა ის ფაქტი, რომ ეკლესია-მონასტრები ამ კონფლიქტის ბრძოლის ველადაა ქცეული. ეთიოპიის მემკვიდრეობის მენეჯმენტის მკვლევარი ალულა ტესფაი ასფას (Alula Tesfay Asfha) აზრით, სიტუაცია განისაზღვრება, როგორც ისტორიული ტაძრების დაშინების იარაღად მობილიზაცია: ისინი თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება, ამდენად წმინდა ადგილები განადგურების საფრთხეშია. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, თავდაცვის მიზნით, ხალხმა ოჯახებით ეკლესია-მონასტრებს შეაფარა თავი. ამგვარად, ეს ადგილები იმ შეიარაღებული ძალების სამიზნედ იქცა, რომლებიც მებრძოლებს ეძებენ. საშინელი ირონიაა ის, რომ სწორედ ის ადგილები, რომლებშიც ადამიანები იკრიბებიან, ლოცულობენ ერთად, მეზობლებთან და უცხოებთან ურთიერთობებს ამყარებენ, შეიარაღებული ძალების სამიზნე გამხდარა უფრო მეტი ზიანის, სიკვდილისა და ტერორისათვის.

არსებული კრიზისი იმას მოწმობს, რომ საერთო რელიგიური იდენტობა არ ბადებს მშვიდობის შენარჩუნების მეტად დიდ პასუხისმგებლობას ადამიანებში. ეს დასკვნა ნამდვილად მრავლისმეტყველია, თუ ხსენებული სიტუაციის შედარება იმ მრავალწლიან რიტორიკასთან მოხდება, რომელიც ქრისტიანულ-მუსლიმურ კონფლიქტს და „ეთიოპია ისლამის ზღვაში“-ნარატივს ეხება. ჩემი ეთნოგრაფიული კვლევების დროს შევხვედრივარ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მათი ეკლესია მუსლიმების გამო საფრთხის ქვეშაა. XVI საუკუნეში აჰმედ გრანის (Ahmed Gragn) ლაშქრობების მიერ აურაცხელი ეკლესიის, ხელნაწერისა და ცოდნის ტოტალიტარული განადგურების ცნობილმა ფაქტებმა საგრძნობლად დაასუსტა სხვადასხვა სახის პოლიტიკური გამართლება ისლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ასევე, ამ ფაქტებმა ხელი შეუწყო იმ ნარატივს, რომელიც იცავს და მხარს უჭერს ეთიოპიის მთებში მართლმადიდებლურ ქრისტიანულ კულტურულ ბირთვს, ანუ იმ კულტურული ჯგუფებს, რომლებზეც არსებულ ტექსტშია საუბარი. როგორც ჩანს, ეთიკურ სამართალზე საუბარი როცა ეხება „სხვას“, მუსლიმს, კატეგორიულად მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ისლამს ეთიოპიაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ისტორიული მეჩეთები კი ამ კონფლიქტის გამო საფრთხის ქვეშ არიან.

რელიგიური ისტორიის ამ გზით წარმოჩინება „ეთიოპიის“ იმპერიულ გეგმას დაეხმარა განსაკუთრებით მისი გამოჩენის პერიოდში, მენელიკ II-ის მეფობის დროს და უსათუოდ განაგრძობს იდეოლოგიური მიზნების ხელის შეწყობას ახლაც. თუმცაღა, ეს ეკლესიები და მონასტრები ადგილობრივი მოსახლეობის სულს წარმოადგენენ, ვინაიდან საზოგადოებრივ ქსელს მიეკუთვნებიან, როგორც ისტორიის და წინაპრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წინ უძღვის „ეთიოპიის“ თანამედროვე იდეას. ამ კონფლიქტის გათვალისწინებით, თავისი ძალადობრივი და სასიკვდილო შეტაკებებით თანამორწმუნეთა შორის, რომელია ერთმორწმუნე მოყვასის წინაშე მოვალეობები? ბოლო რვა თვის მოვლენებსა და კრიზისის ისტორიის შხამს თუ დავაკვირდებით, ცნობიერების ვერანაირ მართლმადიდებლურ ეთიკას ვერ დავინახავთ.

მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენის ტრადიცია ალბათ საზოგადოებრივი ცხოვრების უკანასკნელი შემორჩენილი ზონისა და იდენტობის იმ ნიმუშს წარმოადგენს, რომლიდანაც კონტაქტისა და ურთიერთობების ახალი სივრცეების ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. როცა მართლმადიდებლური ქრისტიანული იდენტობა განიმარტება მხოლოდ იმპერიული ან ეთნიკური გეგმის განხორციელების ჩარჩოებში, აღარაა გათვალისწინებული მეტად დიდებული და მნიშვნელოვანი რამ. მართლმადიდებლური რწმენის, როგორც ცხოვრების კულტურული და ეთიკური ფაქტორის, უდიდესმა ისტორიამ რეგიონში შესაძლებელია იმოქმედოს, როგორც კრიზისის გამყოფ ხაზად, მძიმე საკითხების გადაჭრისა და მხარეების შერიგების გზად. ამ მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ დაყენებით თვითონ ერის სიცოცხლე ზარალდება, თანაც – შედეგებით, რომლებიც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ მმართველი კლასის არსებობის ხანგრძლივობას სცდება. ეთიოპიური და ერითრეული წარმოშობის მართლმადიდებელი ქრისტიანების აქტიური და ღრმად შესისხლხორცებული ისტორიული ცნობიერება შესაძლებელია გახდეს სასიცოცხლო რესურსი ისეთ ეპოქაში, როცა ყველანაირი ჭეშმარიტება დესტაბილიზებული და ამოძირკვულია. ჩვენ, ყველას, ამ სულიერი მემკვიდრეობის მატარებლებთან ერთად, მის მოწმეებსაც, გვაქვს შანსი, ყურადღება კვალად სიცოცხლის დიდებულების შენარჩუნებისკენ გადავიტანოთ. ასე თუ ვიმოქმედებთ, ეს კონკრეტული მემკვიდრეობა შესაძლებელია გახდეს ნათელი, რომელიც ამ ტრაგედიიდან გამოსვლის გზას გვაჩვენებს.


მინდა მადლობა გადავუხადო ალულა ტესფაი ასფას, როგორც თავისი ძვირფასი მინიშნებებისათვის, ტიგრაიში განვითარებულ მოვლენებზე კვლევისათვის, ასევე, მისი ნაშრომისათვის, რომელიც წარმოადგენს ტიგრაის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისათვის საერთაშორისო მოთხოვნის ნაწილს და მიზნად ისახავს, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მეტად დიდი ყურადღება მიექცეს.


ალექნასდრა სელასიე ანტოინი (Alexandra Sellasie Antohin) არის განათლების დირექტორი ვერმონტის ფოლკლორის ცენტრში. ჩატარებული აქვს ეთნოგრაფიული კვლევები მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საზოგადოებებზე ვოლოში, ეთიოპიაში; რუსეთის ქალაქ მაგადანში და ისტორიული კვლევები მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ალიასკაში.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.