თამარ გრძელიძე (Tamara Grdzelidze)

მას შემდეგ, რაც 5 ივლისს მეტალის უზარმაზარმა ჯვარმა ჩაანაცვლა ევროპის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ვფიქრობდი, დამეწერა მხოლოდ ჯვრის ამბივალენტურობის შესახებ, მაგრამ საქმის ვითარება შემაძრწუნებლად შეიცვალა.
საერთაშორისო მედია და სოციალური ქსელები ფართოდ აშუქებდნენ Gay Pride-ის (‘ღირსების მარშის’) დღეების განმავლობაში განვითრებულ მოვლენებს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ბოლო დღის, 5 ივლისის, ვითარება, როდესაც, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზატორებმა Gay Pride-ის გაუქმება გადაწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმავე დღეს, ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ უპრეცედენტო აგრესიას. სატელევიზიო არხები აშუქებდნენ მარშის წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციას, რომელიც დაიგეგმა ანტიდასავლური, პუტინის რუსეთის თანამოაზრე ძალების მიერ და წახალისებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.[1] 11 ივლისს, დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს ლექსო ლაშქარავა, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის ოპერატორი, რომელსაც აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იმდენად სასტიკად გაუსწორდნენ, რომ სახეზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასე დაჩრდილა პირველადი განზარხვა ადამიანის სიცოცხლის ტრაგიკულმა დასასრულმა.
ორმოცდაათზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ ფიზიკურად, ვანდალურად დაარბიეს ლგტბ-ის ოფისი, იმავე დღეს ქუჩაში პოლონელი ტურისტი, ახალგაზრდა კაცი, საყურის გამო ცივი იარაღით დაჭრეს. ზოგიერთი ჩვენგანი გაოგნებულიც იყო, გაბრაზებულიც და იმედგაცრუებულიც… ფაქტია, რომ 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც მმართველი პარტიის სრულ დაქვემდებარებაშია, სათანადო სიფხიზლე არ გამოავლინა მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რუსეთის მხარდამჭერი ჯგუფები, ეროვნული და მართლმადიდებლური იდენტობის დამცველებად რომ აცხადებენ თავს, მოურიდებლად აანონსებდნენ მოსალოდნელ აგრესიას. მართლმადიდებელ იერარქებსა და სამღვდელოებას შორისაც იყვნენ Gay Pride-ის წინააღმდეგ აგრესიის წამქეზებლები, თავიანთ მრევლს რომ მოუწოდებდნენ, ებრძოლათ მართლმადიდებლური ტრადიციისა და ზნეობის დასაცავად. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიერ ძალადობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, სამწუხაროდ, ერთი იერარქი ასე გამოეხმაურა, რა ამბავი ატეხეთ ერთი ჟურნალისტის გარდაცვალების გამოო.
ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ანტიპლურალისტული, იზოლაციონისტური, პუტინის რუსეთის მხარდამჭერი, ფსევდომართლმადიდებლური ჯგუფებისა თუ კერძო პირების გზავნილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი საკუთარი არჩევანითა თუ სარგებლის მოლოდინით წინააღმდეგობას უწევენ საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსა და დემოკრატიის განვითარებას.
5 ივლისს Pride-ის მოწინააღმდეგე, ანტიდასავლურად განწყობილმა მართლმადიდებლებმა ჩამოხსნეს და დაწვეს პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროპის დროშა (ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მთავარი ჰერალდიკური სიმბოლო), ხოლო მის ადგილას, გამარჯვების ნიშნად, აღმართეს მასიური, წმინდა ნინოს ჯვრის ფორმის მეტალის ჯვარი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ იმავე ადგილას კვლავ აღმართა ევროპის დროშა, მეტალის ჯვარი მას დამოკლეს მახვილივით დაჰყურებს.
ამასობაში მმართველმა პარტიამ თავდაცვითი დისკურსი შეიმუშავა, მოვლენების განვითარებაში ბრალი დასდო ოპოზიციას და გარდაცვლილი ჟურნალისტის სხეულში ნარკოტიკული საშუალებების ნიშნებს მიაკვლია, რაც სავარაუდოს ხდის, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირება ყოფილიყო. ეს ვარაუდი გამოითქვა იმ მრავალი ფოტოსა და ვიდეო ჩანაწერის ფონზე, სადაც ლექსო ლაშქარავას დასახიჩრებული სახეა აღბეჭდილი ან ის, თუ როგორ სცემდა მას ოციოდე გავეშებული თანამოქალაქე, როდესაც ბრბოსგან ქალი ჟურნალისტის დაცვას ლამობდა; ისინი საინფორმაციო რეპორტაჟისთვის მუშაობდნენ.
Pride-ის ღონისძიებების მიმართ განხორციელებული ძალადობა არაპროპორციული იყო, მიმდინარე მოვლენებს არ შეესაბამებოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლება თავის სიმაღლეზე არ აღმოჩნდა, საგუშაგოზე მყოფი პოლიციელების რაოდენობა არასაკამარისი იყო ბრბოს ძალადობისგან მედიის წარმომადგენლების დასაცავად. რატომ ჩაანაცვლა ევროპის დროშა ჯვარმა? აი, ესაა ამ ტრაგიკული მოვლენების მიმართ დასმული მთავარი შეკითხვა. ვინ იფიქრა, რომ დამწვარი ევროპის დროშის სანაცვლოდ შესაძლებელია ნაჩქარევად დამზადებული მასიური მეტალის ჯვრის აღმართვა? ნუთუ ეს ორი რამ შეუთავსებელია? განა ქრისტეს ჯვარი დესტრუქციისკენ მოუწოდებს? სამწუხაროდ, საზოგადოების ყველა სეგმენტი, რომელიც ამ ძალადობრივი ქმედებების წაქეზებასა თუ გამართლებას ცდილობდა, დაშორდა ქრისტეს ჯვრის სახარებისეულ გაგებას, რომელიც ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. ქრისტეს ძალაუფლება არც ‘ამ სოფლისაა’ (იოანე 18.36) და არც ამ სოფლის ძალაუფლების ჩანაცვლებას მოიაზრებს. პირიქით, ის მორწმუნის გარდაქმნას, ახალი, უფლისა და მოყვასის სიყვარულით გაჯერებული სიცოცხლის მინიჭებას მოასწავებს. ‘მოყვასში’ კი განურჩევლად ყველა ადამიანი იგულისხმება.
[1] კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინიშნა, ამ დღეებში ფართო საზოგადოებას შესთავაზა, პარლამენტს საკანონმდებლო დონეზე შემოეღო კანონი რელიგიური გრძობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ.
თამარ გრძელიძე ქართველი მართლმადიდებელი თეოლოგია, რომელიც
თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.