ვ.კ. მაკარტი (V.K. McCarty)

,,მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.“
ფერისცვალების ტროპარი
ჩემი სემინარიაში სწავლისას, სალოცავში წასვლა ნიშნავდა ფერიცვალების ხატის ნახვას. მახსოვს, რომ გოთური სტილის კათედრის უკანა ნაწილი ღია იყო, რომელიც მდებარეობდა რკინით ნაჭედ შესასვლელში ფსალტერიონთან ახლოს, სადაც ხშირად ვისხედით და ვგალობდით ანტიფონებს. დღითი-დღე ხატის თაყვანისცემა ჩემი ცხოვრების წესი გახდა, მაშინაც კი როცა ვჩქარობდი და მხოლოდ ქრისტეს ფეხებს ვხედავდი და მოციქულებთან ერთად თავს ვხრიდი მის წინაშე. რწმენის ეს მარტივი ჟესტი იყო ფორმა, რომლითაც ჩვენ გამოვხატავდით ჩვენს ღვთისმოშიშებას, მაგრამ იმავდროულად ეს გვეხმარებოდა აღმოგვეჩინა ჩვენი შეხედულების მეგობრები სტუდენტთა ყოველ ახალ კლასში. მართლაც, დიდხანს ვიყავი იქ, რადგან ბიბლიოთეკარად ვმუშაობდი თხუთმეტი წელი და ძალიან მომწონდა ჟამნების მსახურება, რითაც ვარეგულირებდი ჩემი დღის პროგრამას წმინდა წერილითა და ლოცვით. დიდი მარხვის პერიოდში ხატი დაფარული იყო და მხოლოდ ვნების კვირაში ხდებოდა შესაძლებელი მისი ნახვა. მართლაც, საოცარი იყო კვლავ განბანვა საღვთო ნათელში.
ყოველდღე, მაცხოვრის ფეხების ამბორისას, ფერიცვალების ხატის ნათელი მასწავლიდა, რომ იესო ქრისტე, ზეციური მამის საყვარელი ძე, მუდამ აქაა – ჩვენთან და მოგვფენს თავისი დიდების ნათელს ყველას ჩვენი ცხოვრების მძიმე წუთებში – არა მხოლოდ დღესასწაულის დღეს, არამედ ყოველ დღე. მართლაც, ფერიცვალების ხატის ჭეშმარიტი განცვიფრება არის ის, რომ იმ წამს, მოციქულები შემძლებელნი არიან იხილონ მაცხოვრის დიდება, რომელსაც ის მუდამ ასხივებს; არიან მზად რწმენის მეშვეობით მიიღონ ეს დიდება და ეზიარონ მას.
როგორც გრიგოლ პალამა განმარტავს: „ის უქმნელი ნათელი აღქმადი გახდა მათი თვალებისათვის… ის გამოუთქმელი, მიუწვდომელი, უნივთო, უქმნელი, განმაღმრთობელი, უჟამო, საღვთო ბუნების ბრწინვალება, ღმერთობის დიდება აღქმადია გრძნობებისათვის, მაგრამ იმავდროულად აღემატება მათ“ (ისიხასტებისათვის 3.1.22). ამ ტრანცენდენტულ ბრწყინვალებაში, რაოდენ წამიერიც არ უნდა იყოს ის, ვაგემოვნებთ მარადიულობის გამობრწინებას. ვლადიმერ ლოსკი მიანიშნებს, რომ რამდენადაც „ქრისტე დიდებით მოვალს მომავალ საუკუნეში, ფერიცვალება წარმოადგენს მეორედ მოსვლის მოლოდინს, წამს, როდესაც იხსნება მარადიულობის პერსპექტივა დროში“ ( ხატების მნიშვნელობა, 1989, 212).
ამრიგად, შეგვიძლია ჩვენც ვეზიაროთ ამ დიდებას ხატის თაყვანისცემით? – სავარაუდოდ, არა. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ვეამბორები ქრისტეს ფეხებს, ვგრძნობ, რომ ვცხოვრობ და ვგრძნობ მოციქულებთან წილმქონეობას – თუნდაც წამიერს – შევდივარ გაცხადებული მარადიული ჭეშმარიტების სივრცეში. როდესაც მუხლს ვიდრეკთ მოწიწებით, ჩვენი მზერა მიმართულია ზემოთ მოციქულებისაკენ, რომლებთან ერთად ვეზიარებით იესო ქრისტეს მადლს ბრწყინვალე, გასაოცარი ტრანსცენდენტული მშვენიერების მეშვეობით ისე, რომ მოსე და ელია სხეულებრივად მყოფობენ, როგორც მისი სიბრძნის წილმქონენი.
ახლა, როგორც პენსიონერი, ვტკბები ჩემი ლექციებისა და ქადაგებების წერით და ვუყურებ ჩემი სამუშაო ოთახის ბიბლიოთეკის ზედა ნაწილს და ყოვლისმპყრობელი ქრისტეს ხატს, რომელსაც ყოველთვის თაყვანს ვცემ, ისე, თითქოს ის ფერიცვალების ხატი ყოფილიყოს, თუმცა ამ ხატზე ქრისტე დიდების საყდარზე ზის ბიზანტიური დიდებულებით. ეს ხატი ყოველ ჩემს სამუშაო დღეს ავსებს მაცხოვრის წამიერი ზეციური ბრწინვალებით. ქრისტეს დიდება ანათენს ჩემს გზას, ჩემს გვერდითაა ღვთისმეტყველებაში მოღვაწეობისას და სიზარმაცის, ტკივილისა თუ მწუხარებისას შემახსენებს, რომ უფლის სიყვარულისმიერი და მაცხოვნებელი მყოფობა ჩემს წინაშეა, მისი დამაბრმავებელი ნათელი ანათებს ჩემს გზას, განსაკუთრებით ლოცვისა და სინანულის ჟამს.
ეს ხატი ხატმწერი წყვილის მიერ დაიწერა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში პეტერბურგში, რომელნიც ჩემი ერთი მოლოცვითი მოგზაურობისას მოვინახულე. მაცხოვრის თავზე არის ჯვრის ფორმის შარავანდედი, რომელზეც მოსჩანს ბერძნული სიტყვა Ο ΩΝ (გამოცხ. 1.8 და გამ. 3.14). მისი შესამოსლის ნაკეცები ბზინავენ; ოქროს ფონი საღვთო ნათელს არეკლავს. ქრისტეს გამოჩენილი ტრანცენდენტული დიდება ერთდროულად გამოსახულებისა და ქსოვილის სამ ფენას გაივლის. წითელი ალმასის ფორმის ადგილი მდებარეობს მწვანე მანდორლას ქვევით, და ორივე დაფარულია ვარდისფერი ნახევრად გამჭირვალე მემბრანით, რომელიც განფენილია ხატის მთელ მართკუთხა ფორმაზე, და რომელიც სავსეა ნათლის ბრწყინვალებით, ხოლო ოქროს ფენა მისი ბრწყინვალებით გამოხატავს მთავარანგელოზს, რომელიც ცეცხლის ალის ფორმით გამოჩნდება ქრისტეს წინ, როგორც ამას აღწერს ფსევდო-დიონისე: „როცა ანგელოზურ თავლს უსწორებენ ზეციურ ღვთაებრიობას, ისინი ასხივებენ მისი ფორმიდან და ასახავენ საღვთო ენერგიისადმი (საქმისადმი) მსგავსებას“ (ზეციური იერარიის შესახებ, PG 3, 180A).

ღმერთის სიტყვა ჩანს ქრისტეს მუხლთან, რომელიც თავისი მარჯვენით აკურთხებს. წმინდა წერილის ტექსტი, რომელიც სლავური ასოებითაა დაწერილი, არის იოანეს სახარების მუხლი 8.12: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“. მწვანე ფერის დიდ გვირგვინს ხატზე აქვს უჩვეულო ფორმა, უფრო მახვილი ზედა ნაწილში და უფრო მრგვალი ქვედა ნაწილში, ხოლო მასში არიან ფრთიანი ქერუბიმები, რომელნიც განჭვრეტენ ნათლის ბრწყინვალებას. ჩანს, რომ ყველაფერი თავს იყრის ერთ ადგილას და გამოჩნდებიან ქრისტეს მყოფობაში. მის ახლოს მყოფი სერაფიმები სახეს ფრთებით იაფარავენ და ნაკლებ ხილულნი არიან მათ ფრთებში არსებული ცეცხლოვანი ნათლის გამო, რომელიც ქრისტეს ბრწყინვალე სახეზეც აირეკლება. დაკვირვებული თვალი უფრო მეტ ანგელოზებსაც შენიშნავს, რომელნიც საყდრის კიდიდან ფარულად იყურებიან.
ყოველდღე, სულიერი ამაღლებისა და შთაგონების იშვიათ წამებში, მაგრამ მაშინაც, როდესაც ვერ ვგრძნობ შემოქმედებით პროდუქტიულობას ვუმზერ ქრისტეს სახეს და ვლოცულობ მისი კურთხევისათვის, ვითხოვ მის მადლს ქარიზმატული შემოქმედებისათვის, მაგრამ უმეტესად გულწრფელად ვითხოვ მხოლოდ მის მოწყალებას. მე არ შემიძლია მოციქულების ხილვა, რომელნიც თაყვანს სცემენ ვედრებითა და საკვირველებით. მაგრამ, ვცდილობ ეს ხატი დავინახო, როგორც ფერიცვალების ხატი, ისეთი, როგორიც სემინარიაში იყო – ვიხილო მხსნელი მის დიდებაში. ლოცვისას შიშით განმსჭვალული მოციქულივით ვარ, რომელიც ქვემოთ იყურება; მას ვემსგავსები; ვარ ის მოციქული, რომელიც მიამიტად ევედრება წამიერ ენით გამოუთქმელ ნეტარებას რათა გაგრძელდეს და მადლიერებისაგან განცვიფრებულს არასოდეს დაავიწყდეს ის.
რა თქმა უნდა, ფერიცვალების საღვთო ძღვენი არ არის მხოლოდ ბრწყინვალე ღრუბელი და ნათელი, რადგან, როგორც შეგვახსენებს John McGucking: „რა წამს ღმერთის ხმამ ცხად-ყო ჭეშმარიტება – რომ მოწაფეებმა უნდა მოისმინონ ძის რთული სწავლება – უეცრად ეს ხილვა გაქრა. ყველაფერი ქრება იმის ნიშნად, რომ ის, რაც რჩება, არის მხოლოდ სიტყვა“ („ღმერთის ჭვრეტის ორმნიშვნელოვნება“, in Collected Studies, I, 170). იგივე ხდება ჩვენთან მიმართებაშიც. ჩვენ უნდა ვატაროთ ჩვენს გულებში ქრისტეს გზავნილი და მისი ფერიცვალებითი დიდების ხსოვნა, რომელიც გაგვიძღვება ჩვენი სულის სიღრმის გასაოცარ ადგილებისკენ, სადაც ერთადერთი პასუხი არის მოწყალების თხოვნა ღმერთისაგან, რათა უფალი წარგვიძღვეს და ფერი გვიცვალოს, განგვწმინდოს და ჩაგვაყენოს ღმერთის სამსახურში.
„სამებაო ზეარსო და ზესთაღმერთო და ზეკეთილო,
რომელი მოხედავ ქრისტიანეთა ღვთივ განბრძნობილობას,
წარგვიძეხ ჩვენ მისტიურ სიტყვათა ზეუცნობ და ზენათელ მწვერვალისაკენ
წარგვიძეხ იქ, სადაც დაფარულია ღვთისმეტყველების მარტივი და უცვალებელი საიდუმლოებანი“ (ფსევდო-დიონისე, მისტიკური თეოლოგიისათვის, PG 3, 997A).
ვ.კ მაკარტი (V.K. McCarty) ინგლისელი თეოლოგია. იგი სასულიერო სემინარიაში ასწავლის, პარალელურად კი აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი წიგნი From They Lips: Voices of Early Christian Women გამომცემლობა Gorgias Press-მა გამოსცა.