კევინ ბექი (Kevin Beck)

ვარ რომის კათოლიკე ეკლესიის წევრი, რომელსაც ძალიან უყვარს მართლმადიდებლობა. ვიტყოდი, რომ მართლმადიდებლობის ისტორიული პიროვნებების გარდა, ჩემზე დიდი გავლენა თანამედროვე მართლმადიდებელმა ქრისტიანებმაც მოახდინეს.
მართლმადიდებელ კლერიკოსებს (ისეთებს, როგორებიც არიან ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი და სუროჟის მიტროპოლიტი ანტონი), ჩემთვის დიდი სულიერი საზრდო აქვთ მოცემული. მართლმადიდებლობის სხვა პიროვნებებიც – დედა მარია სკობცოვა პარიზიდან, წმინდა სოფრონ ესსექსელი და სხვა უამრავი მორწმუნე, რომელთაც კომუნისტური რეჟიმი დევნიდა, იმ მართლმადიდებელ წმინდანთა, ღირსთა და მოწამეთა შორის არიან, რომლებმაც წმინდად და სახარებისეული სარწმუნოებით ცხოვრება შთამაგონეს.
მართლმადიდებელი მკვლევრები, როგორებიც არიან დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტოს უეარი, ჯონ მაკგიკანი, ჯონ ბერი და მამა იოანე ხრისავგისი, აღვიძებენ და აცოხლებენ ჩემს აზროვნებას. მართლმადიდებლური სამაუწყებლო საშუალებები, როგორც Ancient Faith Radio, ვებგვერდი Public Orthodoxy და Byzantium and Friends ყოველდღიურად ჩემს გვერდით არიან, ხოლო მუსიკა კი, რომელიც მართლმადიდებლური მელოდიიდან მომდინარეობს (მაგალითად Cappella Romana და ბალაამის კულტურული კავშირის მამაკაცთა გუნდი) ჩემს შინაგან ცხოვრებას ამდიდრებს.
ისიც მართალია, რომ ბევრი ტოქსიკური ე.წ. „მართლმადიდებლური“ საზოგადოებრივ საშუალებები არსებობენ, მაგრამ კეთილშობილი მართლმადიდებლები, როგორებიც სამა კინარდი, იოანე ფოტოპულოსი და მონაზონი ვასა ლარინი არიან, საჯარო სივრცეში მართლმადიდებლობას ღირსეულად წარმოადგენენ.
გარდა აღმოსავლელი მართლმადიდებლებისა, არიან ქალკედონამდელი ქრისტიანებიც, რომელნიც დიდად შემეწიენ ჩემი სარწმუნოების ჩამოყალიბებაში. აღმოსავლური ქრისტიანობის მრავალფეროვანმა გამოხატულებამ თეოლოგიის, სულიერებისა და ხელოვნების მეშვეობით, მე უკეთეს ქრისტიანად მაქცია – მათ წარმართეს და ჩამოაყალიბეს ჩემი გონება, გული და ცხოვრება ქრისტესმიერად.
რომის კათოლიკე ეკლესიის მრავალი მორწმუნე, მართლმადიდებლობისადმი ღრმა პატივისცემითაა განმსჭვალული, და არაერთი მართლმადიდებელი ქრისტიანიც იგივეს განიცდის კათოლიკე ეკლესიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კეთილმოსურნე მართლმადიდებლები და კათოლიკეები თანხმდებიან, რომ ეკლესიების ოფიციალური განყოფა სირცხვილია. ქრისტიანობის ალბათ ყველაზე დიდი საცთური არის ის, რომ ქრისტიანები არ იზიარებენ იესოს ლოცვას: „რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე“ (იო. 17. 21).
სქიზმები მანამდეც არსებობდნენ, სანამ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლობს შორის განხეთქილება მოხდებოდა. პავლეც უპირისპირდებოდა ქრისტიანთა შორის განყოფებს (რასაც მისი ეპისტოლეებიდან ვხედავთ), კორინთელთა მიმართ იქნება ეს გალატელთა თუ რომაელთა.
მაგრამ, ამ ადრეული განყოფების მაგალითები სქიზმის მუდმივობას არ ამართლებენ, განსხვავებით იმ ცხოვრების წესისა და განცდებისგან, რომლებიც დღეს ჩვენი თანმდევნი არიან. ქრისტიანებს შორის საუკუნოვანი განყოფები სადავოს ხდის ქრისტიანულ სარწმუნოებას. მართლმადიდებებსაც და კათოლიკეებსაც საკუთარი არგუმენტები აქვთ, რითაც ამართლებენ ამ განყოფას. შეიძლება გამოვყოთ filioque, პაპის პრიმატი, ლიტურგიკული სხვაობანი, კალენდარი და სხვა საკითხები, რომელთა შესახებაც ეს წლები მართლმადიდებლები და კათოლიკეები მსჯელობენ.
ორივე მხარის მეთაურებმა აჩვენეს გზა ერთობისაკენ. 1965 წელს, პაპი პავლე VI და პატრიარქი ათენაგორა შეხვდნენ და ძმური სიყვარულით ეამბორნენ ერთმანეთს. 2016 წელს პაპი ფრანცისკე და პატრიარქი კირილე შეხვდენენ ერთმანეთს, რომელიც პირველი შეხვედრა იყო პაპსა და რუს პატრიარქს შორის. 2014 წელს, პაპმა ფრანცისკემ ითხოვა მიეღო სამოციქულო კურთხევა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისაგან.
მეტიც, არის ოფიციალური მცდელობები ერთობის წინსვლისათვის. შეგვიძლია აღვნიშნოთ საერთაშორისო შერეული კომისია მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის, ასევე, პონტიფიკალური საბჭო ქრისტიანული ერთობისათვის; ორგანიზაციები, რომელთაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს ეკლესიათა შორის ორმხრივი გაგების მიღწევისათვის.
მიუხედავად მნიშვნელოვანი სიმბოლური მოძრაობებისა და აუცილებელი ნაბიჯებისა, კათოლიკეები და მართლმადიდებლები ოფიციალურად განყოფილად რჩებიან. თეოლოგები და იერარქები ცდილობენ გადაჭრან რთული საკითხები ორ ეკლესიას შორის ზიარების მისაღწევად, მჯერა, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სრული ზიარებისათვის არის წმინდა ნება, რომელიც ორივე მხრიდან უნდა არსებობდეს. ერთობა მხოლოდ მაშინ აღესრულება, როცა მას უბრალო მორწმუნეები ინებებენ.
ამ დროისათვის, როგორც ჩანს, მართლმადიდებებსა და რომაელ-კათოლიკეთა შორის ერთობა არ წარმოადგენს მთავარ უპირატეს საკითხს. არავის აწუხებს ეს და ჩვენი დიდი უმრავლესობა ინტერესსაც კი არ ავლენს ამ ერთობის საჭიროებისადმი, რათა იგი რეალობად იქცეს. სავარაუდოდ, გვეშინია ამ ერთობის, ჩვენი იდენტობის დაკარგვის ან კომფორტულად ვგრძნობთ თავს არსებულ მდგომარეობაში, რომელიც 1054 წლის შემდეგ წარმოიშვა.
ბუნებრივია, რომ გარკვეულ ადგილებში სხვებთან შედარებით ერთობის მიღწევა უფრო რთულია. სავარაუდოდ, ნაკლები დაბრკოლებაა ეკლესიათა შორის ერთობისათვის კოლორადოში, ვიდრე უკრაინაში ან პოლონეთში. მეტიც, რომის-კათოლიკებსა და მართლმადიდებლებში საკუთარი შიდა განხეთქილებებიც არსებობს, რომელნიც მოგვარებას საჭიროებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის ერთობა შეუძლებელია.
ყველაფერ ამას დავწერ 29 ივნისს, როდესაც დავესწრებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომში. რომის ეპისკოპოსმა მიმართა მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლობას: „თქვენი ნანატრი მყოფობა არის ძვირფასი ნიშანი ერთობისაკენ სავალ გზაზე და იმ დაბრკოლებების დასაძლევად, რომელნიც მაცთურად განყოფენ ქრისტეში მორწმუნეებს“. ორი დიდი წმინდანი, პეტრე და პავლე, გვიჩვენებნ მსვლელობას ერთობისაკენ ორი ურთიერთდაკავშირებული გზით.
პირველი, ორივე წმინდანი არის ორი ეკლესიის – აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციების განუყოფელი ნაწილები. წმინდა პეტრე მოციქული იყო ანტიოქიის ეპისკოპოსი, ვიდრე ის რომის ეპისკოპოსი გახდებოდა. წმინდა პავლე მოციქულმა უამრავი ეკლესია დაარსა სირიაში, მცირე აზიაში, ელლადასა და მაკედონიაში. ასევე გააგზავნა ეპისტოლე რომის ეკლესიაში და მოწამეობრივადაც იქვე აღესრულა. მოციქულთაგან არც ერთი არ განეკუთვნება ექსკლუზიურად აღმოსავლეთს ან დასავლეთს.
მეორე, უამრავი ხატია, რომლებზეც ერთად არიან გამოსახულნი წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულები. ზოგიერთი ხატი მათ ეკლესიის სვეტებად გამოსახავს, ზოგზეც ისინი ერთად დგანან და კურთხევას გასცემენ, თუმცა არის ხატი, სადაც ორივე მოციქული ერთმანეთს გულში იკრავს. ამ ხატების ყურებისას, ვხვდებით, რომ ამ ორ მოციქულსა და მოწამეს, რომელნიც ცხოვრობდნენ და მსახურობდნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთში, უპყრიათ და ასწავლიან მთელ ეკლესიას და არა მის რომელიმე ნაწილს.
იერარქებისა და თეოლოგების პასუხისმგებლობაა განსაკუთრებული საკითხებით დაკავება, მაგრამ მე მწამს იმ ერთობის, რომლისთვისაც ლოცულობდა უფალი, და რომელსაც ჩვენ განვაცხადებთ სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმისას. სურვილი ერთობისათვის არაა საკმარისი მისი განხორციელებისათვის, თუმცა აუცილებელი კია. როგორ შეიძლება ველოდოთ ქრისტემიერი ერთობის საჩუქარს, როცა მზადაც კი არ ვართ მისი მიღებისთვის? თუ გვსურს განხორციელდეს სრული ერთობა, რომლისთვისაც ლოცულობდა იესო მთელი ღამე და შემდეგ გოლგოთაზე ჯვარს ეცვა, აუცილებელია უპირველესად ამის ნებება. თუ რეალურად გვსურს ერთობა, იქნებ ის ახლიდან დავიწყოთ 2054 წელს, ათასწლოვანი განხეთქილების გამოსწორებითა და ერთობის ახალი ეპოქის დაწყებით.
კევინ ბექი (Kevin Beck) ყოფილი პედაგოგია და კოლორადო სპრინგზში ცხოვრობს.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.