კატეგორიის გარეშე

ისლამი, ევროპა და დემოკრატია
გამოწვევები და პერსპექტივები

Published on: ოქტომბერი 28, 2021
Total views: 168
Readers' rating:
0
(0)

ანგელიკი ზიაკა (Angeliki Ziaka)

რომელია ისლამის კავშირი ევროპასა და დემოკრატიასთან? თანამედროვე ეპოქაში ეს შეკითხვა ისმება, როგორც განსახილველი საკითხი და წარმოაჩენს წინააღმდეგობას ორ, ნაწილობრივ ხელოვნურად შექმნილ სამყაროს შორის: ერთი მხრივ ევროპის დემოკრატიულ და სეკულარულ სამყაროსა და მეორე მხრივ, ისლამის რელიგიურ და ავტორიტარულ სამყაროს შორის. ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისას მოვიშველიებთ რამდენიმე ისტორიულ და პოლიტიკურ-რელიგიურ მაგალითს, საკითხის სირთულის საჩვენებლად, კომუნიკაციის ისტორიული და საზოგადოებრივი მრავალფეროვნების დასამტკიცებლად და ამ „ორ სამყაროს“ შორის არსებული წინააღმდეგობის წარმოსაჩენად. ამგვარი განხილვით შესაძლებელი გახდება საკითხის ვრცლად გაცნობა და იმის აღმოჩენა, რომ ევროპაც და ე.წ. „ისლამური სამყაროც“ არაერთგვაროვანია. დაისმება ისეთი საკითხები, რომლებიც ტერმინების – „ისლამი“, „ევროპა“ და „დემოკრატია“ – კონცეპტუალური გამოყენებით წარმოიქმნება, რომელიც ხაზს უსვამს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ სხვადასხვაობებს და წარმოქმნის პოლიტიკური და რელიგიური კონფლიქტების მოდელებს, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე გზას კი ვერ გვთავაზობს.

პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ არსებით განსხვავებებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კანონმდებლობა, პოლიტიკური სისტემა და რელიგიის გამოყენება. ეს განსხვავებები სხვადასხვა საბაბით შესამჩნევია ევროპის შიგნით, რომელიც თავის დღევანდელ სახელმწიფოებში თავს უყრის ცალკეულ ისტორიულ და რელიგიურ წარმომავლობებს. ეს განსხვავებები, ისლამის გამო, IX საუკუნიდან მოყოლებული ანდალუსიასა და სიცილიაზე, შემდეგ კი ბალკანეთსა და  ყველა თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოში შეიმჩნევა. ჩვენი პოზიცია არის კრიტიკული იმ თეზასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ევროპის მუსლიმების, როგორც ისლამის მიმდევრების, ჰარმონიული ინტეგრირება ევროპულ საზოგადოებებში, იმ მიზეზით, რომ ისლამი ვერ ერგება დემოკრატიასა და სეკულარულ სახელმწიფოს.

„რომელია ისლამის კავშირი ევროპასა და დემოკრატიასთან? თანამედროვე ეპოქაში ეს შეკითხვა ისმება როგორც განსახილველი საკითხი და წარმოაჩენს წინააღმდეგობას ორ, ნაწილობრივ ხელოვნურად შექმნილ, სამყაროს შორის: ერთი მხრივ, ევროპის დემოკრატიულ და სეკულარულ სამყაროსა და მეორე მხრივ, ისლამის რელიგიურ და ავტორიტარულ სამყაროს შორის.“

ევროპაში ისლამი დიდწილად ევროპული სახელმწიფოების სხვადასხვა კოლონიურ ისტორიას ასახავს, ასევე, იმ თანამედროვე პოსტკოლონიურ პოლიტიკას, რომელსაც ევროპა კაცობრიობის კულტურული აკვნების (შუამდინარეთის, ერაყის, სირიისა და სხვ.) განადგურებასთან დაკავშირებით აწარმოებს. ევროპელი მუსლიმები (რომელთაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო, გარდა რელიგიური წარმოშობისა) თავისი ცალკეული მნიშვნელობებით, ძირითადად ევროპის ისტორიისაგან გარიყულები არიან. ამას გარდა, ხდება ხოლმე მათი ასიმილაციის, განდევნისა და კონფორმირების მცდელობები. თუმცაღა ამ არაპროპორციული კრიტიკული მიდგომის მიღმა, ევროპის მუსლიმები სარგებლობენ ისეთი თავისუფლებებით (განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით), რომელთა რეალიზება თვითონ ისლამურ ქვეყნებში დღემდე შეუძლებელი იქნებოდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ იდენტობისათვის ბრძოლისა და ეკონომიკური გამოსავლის ძიების ფონზე, ბევრი ევროპელი მუსლიმი ავითარებს ურთიერთობების ახალ ფორმებს ძლიერ მუსლიმურ სახელმწიფოებთან თუ ქსელებთან და გამოხატავს პირად შეხედულებებს რელიგიურობის შესახებ (კონსერვატიულსა თუ პროგრესულს), რომელიც არ ექცევა „სახელმწიფოს რელიგიურობის“ მეთვალყურეობისა და მეურვეობის ქვეშ. ამასთან, ისინი, როგორც ევროპის ყველა სხვა მოქალაქე, ვალდებულები არიან პატივი სცენ რელიგიის მიმართ კრიტიკას და მსგავსად პატივი სცენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ასევე იმათაც, ვინც არ არიან რელიგიურები. ევროპულმა პოლიტიკამ, ნაწილობრივ არასრულმა, ვერ იპოვა ევროპელი მუსლიმების თანაბარი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ადეკვატური გზები. უშედეგო აღმოჩნდა ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობის დამოკიდებულება რელიგიისა და განათლების საკითხების მიმართ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იყო განცალკევებული რელიგიური დაჯგუფებების ხელში და იდენტობის თეორიულ მიდგომასა და დაცვაზე გახლდათ ორიენტირებული.

„ევროპაში ისლამი დიდწილად ევროპული სახელმწიფოების სხვადასხვა კოლონიურ ისტორიას ასახავს, ასევე იმ თანამედროვე პოსტკოლონიურ პოლიტიკას, რომელსაც ევროპა კაცობრიობის კულტურული აკვნების (შუამდინარეთის, ერაყის, სირიისა და სხვ.) განადგურებასთან დაკავშირებით აწარმოებს. ევროპელი მუსლიმები, რომელთაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო, გარდა რელიგიური წარმოშობისა თავისი ცალკეული მნიშვნელობებით, ძირითადად ევროპის ისტორიისაგან გარიყულები არიან და, ან მათი ასიმილაციის მცდელობა ხდება, ან – განდევნის, ან – კონფორმირების. თუმცაღა ამ არაპროპორციული კრიტიკული მიდგომის მიღმა, ევროპის მუსულმანები სარგებლობენ ისეთი თავისუფლებებით, განსაკუთრებით რელიგიური თავისუფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით, რომელთა რეალიზება თვითონ მუსლიმურ ქვეყნებში დღემდე შეუძლებელი იქნებოდა.“

ევროპის ქვეყნებში გამუდმებით მიმდინარეობს დიდი განხილვა საჯარო სკოლებში რელიგიის გაკვეთილების სწავლებასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები არ ვართ, მოიძებნა თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხები იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ, განურჩევლად თავიანთი რელიგიური იდენტობისა, მიიღონ ზოგადი განათლება რელიგიასთან დაკავშირებით — რელიგიური განსხვავებულობების მიმართ პატივისცემისა და თითოეული მოსწავლის პირადი რელიგიური იდენტობის მიმართ ტოლერანტობის გათვალისწინებით; ასევე იმ ევროპული ღირებულებების დაფასებით, რომლებიც გამოხატულების თავისუფლებასა და რელიგიური, კულტურული და ეროვნული განსხვავებულობის პატივისცემას ითვალისწინებს. ბოლო დროს დიდი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სკოლებში ისლამური განათლების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის [საბერძნეთის] ჩათვლით. საუბარია მოვლენათა დადებით განვითარებაზე, რომელიც კვლავაც რჩება მოსწავლეთა „უსაფრთხო“ ბიპოლარულ სეგრეგაციად, ერთი მხრივ, სხვადასხვა რელიგიური თემისადმი პატივისცემის გამო და, მეორე მხრივ, საჯარო სკოლისა და, ზოგადად, საზოგადოების შიგნით რელიგიის სფეროში მიდგომების სწავლებისა და განათლების გადაცემის გზების პოვნის სირთულეების გამო.

„დღეს ყოველ ევროპულ ქვეყანას ჰყავს მუსულმანების მეტი ან ნაკლები რაოდენობა, ქვეყნის მოქალაქეები ან ემიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც მრავალფეროვანი ენობრივი და კულტურული წარმომავლობისა არიან. პოლიტიკური საკითხების გარდა, რომლებიც იბადება და ხშირად რელიგიური კუთხითაც ხდება გარჩევის საგანი, არსებობს მთელი რიგი თემები, რომლებიც მუდმივად მოსაგვარებელია. მაგალითად, საკითხები, როგორებიცაა სიმბოლოებისა და რელიგიური ტანსაცმლის გამოყენება, ებრაელებისა და მუსლიმების წინადაცვეთა, ცხოველების ებრაული და ისლამური წესით კვლა, შერეული ქორწინებები, ბავშვების მეურვეობა და შარიათის გამოყენება, ჰომოსექსუალიზმი ან თავისუფალი ურთიერთობები ქორწინების გარეშე, რასიზმი და ქსენოფობია… ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა,  რომელთა მოსაგვარებლად ყველა ევროპული ქვეყანა იღებს ან არ იღებს ზომებს, ხოლო მათი ფრონტალური და კონფლიქტური გამკლავების მაგალითები მრავლადაა.“

დღეს ყოველ ევროპულ ქვეყანას ჰყავს მუსლიმების მეტი ან ნაკლები რაოდენობა, ქვეყნის მოქალაქეები ან ემიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც მრავალფეროვანი ენობრივი და კულტურული წარმომავლობისა არიან. პოლიტიკური საკითხების გარდა (რომლებიც იბადება და ხშირად რელიგიური კუთხითაც ხდება გარჩევის საგანი), არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მუდმივად მოსაგვარებელია. მაგალითად, საკითხები, როგორებიცაა სიმბოლოებისა და რელიგიური ტანსაცმლის გამოყენება, ებრაელებისა და მუსლიმების წინადაცვეთა, ცხოველების ებრაული და მუსლიმანური წესით კვლა, შერეული ქორწინებები, ბავშვების მეურვეობა და შარიათის გამოყენება, ჰომოსექსუალიზმი ან თავისუფალი ურთიერთობები ქორწინების გარეშე, რასიზმი და ქსენოფობია… ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა,  რომელთა მოსაგვარებლად ყველა ევროპული ქვეყანა იღებს ან არ იღებს ზომებს, ხოლო მათი ფრონტალური და კონფლიქტური გამკლავების მაგალითები მრავლადაა. თუმცა, ბოლო წლებში უფრო და უფრო გააქტიურდნენ თვითონ რელიგიური თემების წარმომადგენლები, რათა გადაჭრან პირდაპირ პოლიტიკური და სოციალური პარამეტრების პრობლემები. თავად მუსლიმების ან სხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენელთა ხმის ამაღლება თავიდან აგვაცილებს [მათი სწავლებებების] დამახინჯებებს და ხელს შეუწყობს მათ არსებით ინტეგრაციას. ეს კი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქცევს თანაპასუხისმგებელს მის წინსვლაში.

„ისლამი, როგორც რელიგია, წარმოადგენს მუსლიმთა იდენტობის ნაწილს, მაგრამ ის არ არის ერთგანზომილებიანი და სტატიკური იდენტობა, ვინაიდან ის მრავალფეროვნებს წარმოშობის, ენისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, ასევე იმ განათლებისა და ინტეგრაციის დონის მიხედვითაც, რომლითაც სარგებლობენ მუსლიმები ევროპის ქვეყნებში.“

ევროპაში ისლამის მრავალფეროვნების რეალისტური გაგება, გადაჯაჭვული ევროპული სამართლებრივი და საგანმანათლებლო სისტემის გამოცდილებასთან, სხვადასხვა რელიგიური თემების, მათ შორის, ისლამური თემების, მყოფობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად და მოსაგვარებლად, უნდა იყოს უწყვეტი და სისტემატური ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. ისლამი, როგორც რელიგია, წარმოადგენს მუსლიმთა იდენტობის ნაწილს, მაგრამ ის არ არის ერთგანზომილებიანი და სტატიკური იდენტობა, ვინაიდან ის მრავალფეროვნებს წარმოშობის, ენისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, ასევე იმ განათლებისა და ინტეგრაციის დონის მიხედვითაც, რომლითაც სარგებლობენ მუსლიმები ევროპის ქვეყნებში.


ანგელიკი ზიაკა (Angeliki Ziaka) არის თესალონიკის უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო ფარგლებში მუსლიმური მიმართულების  პასუხისმგებელი პირი  და ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის საბჭოს წევრი.

ეს არის შემაჯამებელი ტექსტი იმ სიტყვისა, რომელიც წარმოთქმულ იქნა ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის ელექტრონული ლექციების ციკლის — „პოეზიის დრო“ —ფარგლებში, 2021 წლის 12 მაისს.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu