კატეგორიის გარეშე

მართლმადიდებლობა და ფსიქოანალიზი

Published on: ნოემბერი 24, 2021
Total views: 133
Readers' rating:
0
(0)

კარლ ვაიტსი და ტერეზა ტისდეილი (Carl Waitz, Theresa Tisdale)

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და ხსნა საპირისპირო ცნებები არიან? თუკი გარკვეულ მართლმადიდებელ ავტორებს ვერწმუნებით, მართლმადიდებლური რწმენა ფსიქოთერაპიასა და ფსიქოანალიზთან შეუთავსებელია. ხანდახან, როგორც ჩანს, ფსიქოთერაპიის მიზნები მართლმადიდებლური ასკეტიზმისას ეწინააღმდეგება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფსიქოანალიზსა და ფსიქოთერაპიას განსხვავებული მიზნები აქვს და შეიძლება გასაკვირიც კი იყოს, რომ მეოცე საუკუნის ფროიდისტული ფსიქოანალიზის ერთ-ერთი გამოჩენილი მიმდევრის- ჟაკ ლაკანის აზრით, ფსიქოანალიზი მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან საკმაოდ თავსებადია.

ლაკანი ფრანგი ფსიქოანალიზი იყო, რომელიც 1930-1970 წწ. მოღვაწეობდა. მან ფსიქოანალიზის ახლებური ფორმულირება შემოგვთავაზა, რომლის თანახმადაც მოშორდა ფროიდის ბიოლოგიურ დეტერმინიზმს და დაუახლოვდა ომისშემდგომი ევროპის იმდროინდელ მიდგომებს, როგორებიც იყვნენ- ეგზისტენციალიზმი, სტრუქტურალიზმი და შემდგომში პოსტსტრუქტურალიზმი. იმის მიუხედავად, რომ ფსიქოანალიზის ამერიკელ მიმდევრებს ლაკანის გაგება უჭირთ, მისმა ნაშრომებმა მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ დისციპლინაზე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის ისეთ მართლმადიდებელ ავტორზეც, როგორიც ხრისტოს იანარასია. ფროიდისტულ-ლაკიანური ფსიქოანალიზისა და მართლმადიდებლური თეოლოგიის ურთიერთმიმართების გარკვევას კარგი იქნება თუ ბოლოდან დავიწყებთ- ე.ი. მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ფსიქოანალიზის მიზნებიდან.

მართლმადიდებელ ეკლესიაში მორწმუნის მთავარი მიზანი განღმრთობაა, ე.ი. მადლისმიერად ღმერთად გახდომა. ხსნის ეს პროცესი, რომელსაც ღვთის ენერგიებთან შეერთებამდე მივყავართ, არ შეიძლება მიწიერი კეთილდღეობის საზომით, ან საზოგადოების მიერ უპირატესობა მინიჭებული ამქვეყნიური სიკეთეებით შეფასდეს. მართლაც, განღმრთობის ის სიმაღლეები, რომლებსაც წმინდანები ხშირად აღწევდნენ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამსოფლიურ სიკეთეებს. ქრისტესთვის სალოსები, მოწამენი, უპოვარნი, ტანჯულნი- ეს ყველანი საზოგადოების მიერ განსაზღვრული სიკეთეების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ეს იმიტომ, რომ მართლმადიდებლობაში ხსნის ფრაზა კენოტიკურია და ყოველივეს დატევებასა თუ თავგანწირვას მოითხოვს. ხსნა თავგანწირვას, როგორც ერთგვარ სახადს, ისე არ მოითხოვს, თუმცა წარმოცალიერება კი ხსნის ნაწილია. ამიტომაა ცხოვრების მართლმადიდებლური წესის ბირთვი მთლიანად ასკეტური, რადგან იგი ხალხის მიერ განდიდებულს ამდაბლებს. ამ იდეათა გათვალისწინებით, როგორ შეიძლება ფსიქოანალიზის მსგავსი სეკულარული პროცესი აღნიშნული პრინციპების შესაბამისად მოქმედებდეს?

უპირველესად ფსიქოთერაპია უნდა განვასხვავოთ ფსიქოანალიზისგან. ფსიქოთერაპიის უპირველესი მიზანი ფსიქიატრიულ სიმპტომთა შემცირებაა, იქნებიან ისინი კოგნიტურნი, ემოციურნი თუ ფიზიკურნი. მკურნალობა მაშინ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, როდესაც ფსიქიატრიული სიმპტომები შემცირდებიან ან აღმოიფხვრებიან. ფროიდისეული სიტყვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოთერაპია ძირითადად სიამოვნების პრინციპთან ერთად ვითარდება- იგი დაძაბულობის შემცირებასა და ჰომეოსტაზის მხარდაჭერას, სიამოვნების გაზრდასა და უსიამოვნების შემცირებას ცდილობს. ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოთერაპია ასკეტური ცხოვრების წესის პერპენდიკულარულია. იგი არ ეწინააღმდეგება მის განმარტებას, მაგრამ ორივენი არც ერთი და იმავე მიმართულებით ვითარდებიან. აქ ფსიქოთერაპიას ფსიქოანალიზს ვუპირისპირებთ. ლაკანი ამტკიცებდა, რომ ეგო ,,უმთავრესად ადამიანური სიმპტომია, ადამიანის ფსიქიკური დაავადება“[1] და რომ ბედნიერებისკენ სწრაფვა ფსიქოანალიზის მიზანი არაა. ლაკიანეს მიმდევარი ფსოქოანალიტიკოსი რაულ მონაკიო ამტკიცებდა, რომ ფსიქოანალიზის პროცესი არის ,,კეთილმოსურნე დეპერსონალიზაცია’“[2]– ეგოსგან დაცლა, რაც კენოზისის იდეის მსგავსია. მონაკიომ ეს პრაქტიკა სხვა აღმოსავლურ სულიერ ტრადიციას, ძენ ბუდიზმს დაუკავშირა, რომელშიც ინდივიდი ეგოზე ნარცისული მიჯაჭვულობისგან თავისუფლდება.

საბოლოოდ, ლეკანის აზრით, ფსიქოანალიზის პროცესი თითოეულ ჩვენში მყოფ სურვილთან დაპირისპირებას იწვევს. სურვილთან დაპირისპირებაც, ასევე ასკეტიკის ბირთვია. ასკეტიკაში პიროვნება, მიწიერი ინტერესების განძარცვით საკუთარ სურვილს უპირისპირდება და მუდამ ეძიებს ღმერთთან ურთიერთობას, რომელი ღმერთიც არსებისმიერად შეუცნობელია და თავის საუფლოში მკვიდრობს. ეს ურთიერთობა ამსოფლიური სიკეთეების დატევებას მოითხოვს. ფსიქოანალიზში სუბიექტი გამოუთქმელ თავდაპირველ არყოფნაზე პასუხისმგებლობას იღებს. ეს არარსებობა იმ სურვილის მიზეზია, რომელიც ცნობიერი ეგოს სურვილებს ცდება. ლაკანის აზრით, სუბიექტის გულში არის სივრცე, რის გამოც მართლმადიდებლობაში ღვთის ,,არმყოფობის“ შემოქმედებითი გაგება შეიძლება ლაკანის ამ შეხედულებას დაუკავშირდეს. ფსიქოანალიზის ტერმინებით რომ ვთქვათ, სუბიექტი, რომელიც სიამოვნების პრინციპს (რაც მის ეგოს იცავს) აღემატება, საპირისპირო მდგომარეობას მიაღწევს. ესაა გამოცდილება, რომლის მიხედვითაც სულის მგზნებარება იმ ნიშნულს უახლოვდება, სადაც სიამოვნება და ტკივილი რაღაც ერთიანის ნაწილები ხდებიან, რასაც ლაკანი jouissance (ტკბობა) უწოდებს. საინტერესოა, რომ ლაკანმა ტკბობა კათოლიკური ეკლესიის მისტიკის ექსტაზში აღმოაჩინა, რომლის მაგალითებადაც შეიძლება ჩაითვალოს ტერეზა ავილიელის ტრანსვერბერაცია და იოანე ჯვრის გამოცდილება. ტკბობა, ასევე, შეიძლება იმ მართლმადიდებელი წმინდანების ცხოვრებაშიც შეგვხვდეს, რომლებიც ღვთის იმ გამოცდილებას გადმოსცემენ, რომელიც სინდისის ტკივილთან – სოციალურად ორიენტირებულ ეგოსთანაა დაკავშრებულია. რამდენადაც ქრისტიანს საკუთარი თავის კენოზისი ჯერ არ გამოუცდია, ამგვარი გამოცდილება მისთვის მტკივნეული იქნება.   

ფსიქოანალიზი ხსნისკენ არ მიგვიძღვის. თუმცა, მართლმადიდებლური ტრადიცია ძირითადად მიიჩნევს, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ორი განსხვავებული ადგილმდებარეობა კი არა, არამედ საღვთო მყოფობის ორი გამოცდილებაა: სამოთხე მათთვის, ვისი გულებიც უფლის მისაღებად მზად არიან, ჯოჯოხეთი კი მათთვის, ვისი გულებიც ჯერ კიდევ განუმზადებელნია. რამდენადაც ასკეზა გულს ღვთის დასავანებლად ამზადებს, მიგვაჩნია, რომ ფსიქოანალიზი მართლმადიდებლური ასკეზას პარალელურ კურსს მიჰყვება. ორივე პრაქტიკა ორიენტირებულია არა სუბიექტის ნეტარებაზე, არამედ სიამოვნების მიღმა მყოფ სურვილზე, რაც ტკბობისკენ მიგვიძღვის, რომელიც სავსეა როგორც სუბიექტის სიხარულით, ასევე, მისი ეგოს ტკივილით. მათთვის, ვინც საკუთარ ეგოზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული, ამგვარი ტკბობა ტკივილია. ისინი, ვინც საკუთარ ეგოს წარმოაცალიერებენ, საღვთო მყოფობის მისტიკური ტკბობისთვის უფრო მეტად მომზადებულნი იქნებიან. იმის მიუხედავად, რომ ფსიქოანალიზი სეკულარულია და არაა გამიზნული ღმერთთან მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღქმული ურთიერთობისთვის, იგი სიამოვნებაზე აღმატებული ცხოვრების წესისკენ მეწინამძღვრე ასკეტური ცხოვრების წესს ნამდვილად ეხმარება. ლაკიანურ ფსიქოანალიზსა და მართლმადიდებლობას შორის, ადამიანის პიროვნების გააზრებასთან დაკავშირებით რეზონანსი, სწორედ ამგვარი გაგებით არსებობს. მათ შორის კოორდინაციამ შესაძლოა, რომ ნაყოფიერ ინტერდისციპლინარულ დიალოგს შეუწყოს ხელი.


[1] Jacques Lacan, Freud’s Papers on Technique: 1953-1954, the Seminar of Jacques Lacan Book I, (1975/1988). (J.A. Miller, Ed.). (J. Forrester, Trans.), 16.

[2] Raul Moncayo, The Emptiness of Oedipus Identification and Non-Identification in Lacanian Psychoanalysis, (2012).


კარლ ვაიტსი (Carl Waitz) ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კლინიკური ინსტრუქტორია.

ტერეზა ტისდეილი (Theresa Tisdale) ლიცენზირებული ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორია (Azusa Pacific University).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu