მასიმო ფაჯიოლი (Massimo Faggioli)

კვიპროსსა და საბერძნეთში პაპის ვიზიტი (2-6 დეკემბერი, 2021) იმ ყურადღებაზე მიუთითებს, რომელსაც ფრანცისკე იჩენს ხმელთაშუაზღვისპირეთისა (რაზეც 2013 წლის ივლისში, ლამპედუზაში შესრულებული ვიზიტიც მიუთითებდა) და მართლმადიდებლობის (კათოლიკური ეკლესიის თანამგზავრის) მიმართ, რომელიც სულ უფრო მეტად განიცდის ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე იდენტობის საკითხებთან და ნაციონალიზმთან დაკავშირებულ დაძაბულობებს.
ამ ვიზიტს მრავალფეროვანი და ურთიერთდაკავშირებული განზომილებები ახლდა თან. უპირველესად აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მართლმადიდებელ ეკლესიებთან დაკავშირებული ეკუმენურ მხარეს მიექცა, რომელიც 2013 წელს პაპ ფრანცისკესა და მსოფლიო პატრიარქ, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს შორის დაწყებულ პარტნიორობის აგრძელებას. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარეს, წმინდა საყდარი, რეგიონის სხვადასხვა ფრონტზე არსებულ კრიზისებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რასაც აფრიკული ხანგრძლივი მიგრაცია ახლავს თან. ბოლო ათწლეულში, დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და გარემოს დაცვითი საკითხების დეგრადაციიდან გამომდინარე, mare nostrum[1] დაბრკოლების ადგილი გახდა, რომელიც ხელს უშლიდა ადამიანებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის არშემდგარი ან ნახევრადშემდგარი სახელმწიფოებიდან ომებს გამოქცეოდნენ. პოლიტიკური მხარე ის იყო, რომ პაპი ფრანცისკე, როგორც დღეს არსებული ნაციონალიზმისა და პოპულიზმის წრფელი ოპონენტი, საბერძნეთიდან, დემოკრატიის შობის ადგილიდან (არ ვგულისხმობთ ლიბერალურ ან კონსტიტუციურ დემოკრატიას) ევროპასა და საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი მორალური პასუხისმგებლობების აღებისკენ მოუწოდებს. ამ ყოველივეს გარდა, პაპის ვიზიტის საეკლესიო, შიდა-კათოლიკური მხარეც არსებობდა, რომელიც კათოლიკეებსა და მათ ad extra მოქმედებებს მიემართება.
ხუთნახევარი წლის წინ, 16 აპრილს, პაპი ფრაცისკე კუნძულ ლესბოზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკს ეწვია, ხოლო მიდინარე წლის დეკემბერში იგივე კუნძულზე დაბრუნება კი ამ წლის მნიშვნელობის გასაგებად, იმ თანმიმდევრული მოვლენების გათვალისწინებით გვეხმარება, რომლებიც დასახელებული პერიოდის მანძილზე მსოფლიოს პოლიტიკურ და რელიგიურ სცენაზე განვითარდნენ, სახელდობრ: მოსკოვის პატრიარქ კირილთან ჰავანაზე (კუბა) შეხვედრა; ფილიპინებში დუტერტეს არჩევა; კრეტის საერთო მართლმადიდებლური კრება; ბრექსიტის რეფერენდუმი; არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში; საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის მთავრობის ღია ჩარევის შემდგომ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა.
ყველა ზემოთჩამოთვლილ ფრონტზე სიტუაცია გაუარესდა და მათ შესახებ პაპმა ფრანცისკემ კვიპროზე, ათენსა და ლესბოსზე წარმოთქმულ სიტყვებში გულწრფელად და პირდაპირ ისაუბრა.
ეკუმენურ საკითხთან დაკავშირებით ამ ვიზიტმა დაადასტურა, რომ პაპი ფრანცისკე შთაგონებას პროტესტანტულთან შედარებით, უფრო მეტად მართლმადიდებელი ეკლესიებიდან და აღმოსავლეთის ქრისტიანული ტრადიციიდან იღებს. პაპ ფრანცისკეს ,,არალიბერალური“ და ამავდროულად ,,არაინტეგრალისტური“ კათოლიკობა, უფრო მეტად კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მიერ განსახიერებულ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმცირესობასთან აახლოვებს, ვიდრე პუტინიზმის რეჟიმში არსებულ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ფრენისას მიმდინარე პრეს კონფერენციაზე, პაპმა მოსკოვის პატრიარქ კირილთან გასამართ მეორე შეხვედრისთვის მიმდინარე მზადებაზე ისაუბრა). ამავდროულად, კვიპროსში მისმა ვიზიტმა თვალსაჩინო გახადა, რომ ფრანცისკეს პაპობის ,,აქტიური ნეიტრალიტეტი“ ვატიკანს, უფრო მეტად, არა მხოლოდ მართლმადიდებელთაშორის მიმდინარე კონფლიქტებში (მაგალითად უკრაინის საკითხი), არამედ, მართლმადიდებელ ეკლესიებსა და სახელმწიფოს შორის მიმდინარე დაძაბულობებში (თურქეთის შემთხვევა) ჩართვის რისკის წინაშეც აყენებს.
ჰუმანიტარული კუთხით ფრანცისკე ერთი მხრივ სიტუაციას გვაჩვენებს, მეორე მხრივ კი გვაიძულებს, რომ ჩავერიოთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მყოფი მიგრანტებისა და ლტოლვილების მდგომარეობაში, რომელთაგანაც ზოგი ბანაკებში ცხოვრობს, ხოლო უმეტესობა კი ზღვაში გარდაიცვალა. კონტინენტის სხვა ნაწილებში ახალი ლესბოსი და ლამპედუზაა (ბელორუსიასა და პოლონეთის საზღვართან, ინგლისის არხში, სეუტასა და მელილას მისადგომებთან). ჰუმანიტარული თემა პოლიტიკური კუთხითაც იკვეთება. ფრანცისკე ირჩევს, რომ კვიპროსზე, იმ ადგილზე, რომელსაც კედლის სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს (იქნება ეს განსხვავებული რელიგიების, ეროვნებებისა და საერთაშორისო თანამეგობრობების გამყოფი ადგილი), კედლის გვერდით, კედლების ახალ ეპოქაზე ისაუბროს. გზა, რომელიც განყოფილი კვიპროსის ევროპულ კავშირსა და ძველი კონტინენტის პოლიტიკურ პერიფერიებს შორის არსებობს, იმ გზების მსგავსია, რომლითაც ევროპაში მდებარე მრავალი ქვეყანა საერთაშორისო ალიანსის წევრობის მომავალსა და გაურკვეველ აწმყოს უპირისპირდება. მეზობელი ქვეყნების კულტურებისა და რელიგიების ურთიერთობების ისტორია ბევრს ამბობს იმ ქვეყნის მომავლის შესახებ, რომელიც ირჩევს ან იძულებულია აირჩიოს ზღუდის ერთ ან მეორე მხარეს ყოფნა. საქმე ეხება არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ, ნატოს წევრ ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარე ურთიერთობასაც (განსაკუთრებით უკრაინისა და თურქეთის საკითხთან დაკავშირებით).
შიდა-კათოლიკურ საკითხთან დაკავშირებით, ფრანცისკე ცდილობს, რომ ორი ათწლეულის წინ, ევროკავშირის კონსტიტუციის განხილვების კონექსტში შექმნილი კათოლიკური კონსერვატიული ფორმულა და ,,ევროპის ქრისტიანულ ფესვების“ იდეა ხელახლა განმარტოს, შეცვალოს იდენტობებისა და ცივილიზაციის მოტივები და გარდაქმნას ისინი ძველი კონტინენტის რელიგიური ტრადიციებისა და ლაიციზმის (აქ არ იგულისხმება ამ კონცეპტის ფრანგული გაგება) ახალ აღთქმაში.
ყველა ეს მიმართულება კათოლიკური აუდიენციისათვის პირდაპირ უწყებას შეიცავს. როდესაც ფრანცისკე კედლებიან მსოფლიოში ცხოვრების საფრთხეზე საუბრობს, მისი სიტყვები განგაშის ზარებს რეკენ საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის მიმდინარე დიალოგისა და შიდა კათოლიკური ურთიერთობების მიმართულებით, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი, 2016 წლის შემდგომ (Amoris Laetitia-ს გამოცემის წელი) იმდენად გაუარესდა, რომ პონტიფიკატის[2] ლეგიტიმურობის თაობაზე უპრეცენდენტო წინააღმდეგობა გაჩნდა, ხოლო კათოლიკურ წიაღში კი სქიზმის წარმოშობის შესახებ დაიწყო განხილვები.
ბოლო წლებში, ევროპა და ევროპული კათოლიკობა ამერიკულ კულტურულ ომებში ჩაერთო, ხოლო აღმოსავლური მართლმადიდებლობა კი რუსეთისა და აშშ-ს ორპოლუსიანი გლობალური პოლიტიკურ-რელიგიური დავების ნაწილი გახდა. როგორც სეკულარულად მოაზროვნე ევროპელები, ასევე, ევროპელი კათოლიკეები, მიგრანტების შემწყნარებელი დემოკრატიის შესახებ წარმოთქმული ფრანცისკეს მოწოდებების შესახებ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერის პოსტიდან მერკელის წასვლა, რომის პაპს კიდევ უფრო მარტოდ ტოვებს. პონტიფიკატი აგრძელებს ვატიკანის II კრების, ეკუმენური ოპტიმიზმის წარმოდგენას, რომელიც ნეიტრალურ სეკულარულ სივრცეში განსხვავებული იდენტობების შესაძლო თანაარსებობას მიემართება. თუმცა, ეკლესიებისა და კონსტიტუციური დემოკრატიის წარმატებული თანაარსებობის ეს ნარატივი საყოველთაოდ მიღებული აღარაა არც დასავლურ ევროპულ და არც ამერიკულ (ჩრდილო თუ სამხრეთ) კათოლიკობაში. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩრდილო ამერიკული და აღმოსავლეთ ევროპული ეკლესიები (როგორც კათოლიკური, ასევე, მართლმადიდებლური), გლობალურ ქრისტიანობასა და პაპობას ისეთი სენტიმენტალურობითა და ახლოწარსულის იმგვარი გააზრებით გადმოსცემენ, რომლებიც 1960-იანი წლების ეკუმენიზმისგან (რომელსაც წმინდა საყდარი კვლავ განასახიერებს) ძალიან დაშორებულნი არიან. სიტუაცია აფრიკისა და აზიის ეკლესიებთან დაკავშირებით კიდევ უფრო რთულია.
ფრანცისკეს ვიზიტები საეკლესიო და სამოქალაქო ქიტონის შეკერვის მცდელობებს წარმოადგენენ, რომელსაც როგორც კათოლიკობის, ასევე, მართლმადიდებლობის თვითშემეცნების ფუნდამენტურ არეალებში რღვევის საფრთხე ემუქრება. პაპი ფრანცისკე გამჭრიახად მოქმედებს და შორს, მომავალში ცდილობს ხიდების აგებას.
[1] mare nostrum- ლათ. ,,ჩვენი ზღვა.“ ტერმინით აღინიშნებოდა თანამედროვე ხმელთაშუა ზღვა (მთარგმნ. შენიშვ.).
[2]პონტიფიკატი- ტერმინი აღნიშნავს როგორც უმაღლესი პონტიფექსის ღირსებას, ისე დროის ხანგრძლივობას და ისტორიულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პაპი თავის ძალაუფლებას ახორციელებს. პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი (მთარგმნ. შენიშვ.).
მასიმო ფაჯიოლი (Massimo Faggioli) ვილიანოვას უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის პროფესორია.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.