კატეგორიის გარეშე

ანთროპოცენტრულობის ხის შერყევა

Published on: დეკემბერი 30, 2021
Total views: 45
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

თომას არენტზენი (Thomas Arentzen)

ჩემს ნორვეგიულ მშობლიურ ქალაქში, საშობაო ნაძვის ხის გარშემო სიარულისას, გავიფიქრე, რომ ქრისტიანული სამყარო სავსეა ხეებით. არა მხოლოდ წიწვოვანი ხეებით და არც რომელიმე სხვა ჯიშის. ნაძვის ხემ ჩემში იმ წამს აღძრა ის, რასაც ხის ბინადართა სიწმინდეს დავარქმევდი; ხის ტანი ყველგან ჩანდა ჩვენ გარშემო. ღმერთმა ადამიანი – მიწიერი ქმნილება, შექმნისთანავე ფოთლებსა და ტოტებს შუა განათავსა. სიცოცხლის ხე დასაბამებრივი რეალობის შუაგულში მდებარეობდა, როგორც ცხოველმყოფელი ძალის წყარო. დაცემის შემდეგ გამოჩნდა ჯვრის ხე, რომელმაც გამოხსნის ნაყოფი მოიტანა. მათი კავშირი ცოდნის ხის მიერ გაწყდა, რომლის ნაყოფები სასიკვდილოა (საბედისწეროა). ეს ისტორია ყოველი ქრისტიანისათვისაა ცნობილი, თუმცა, გვავიწყდება, რომ ქრისტიანობა ხეების რელიგიაა.

პირველმა ქრისტიანებმა კარგად იცოდნენ ხსენებული ისტორია, რადგან მიიჩნევდნენ ქრისტეს ახალ ადამად, ხოლო ღვთისმშობელს კი ახალ ევად; იმავდროულად ჯვარს სიცოცხლის ხედ წარმოიდგენდნენ. თავად უფალიც, ამა სოფლის გზებზე მოსიარულე, ხის სიმბოლოებით საუბრობდა: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი“ (მკ. 11. 14). ლეღვმაც მოისმინა მისი სიტყვები და გახმა, როგორც ამას მახარებელი გვაუწყებს. ნათელია, რომ ქრისტე მცენარეულ სამყაროსაც უკავშირდებოდა. იგი საკუთარ თავს ვაზთან აიგივებდა, ხოლო მის მოწაფეებს კი ლერწამთან (იო. 15); საღვთო რეალობის შესაბამის შედარებებს ბუნებაში ეძებდა. „რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვხატოთ იგი?“ (მკ. 4. 30-31) კითხულობდა რიტორიკულად და იქვე პასუხობდა: „იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის. დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილეულად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე, რომ მისა ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ“ (მკ. 4. 31-32; მთ. 13. 31-32). ფრინველები თავისუფლად ლივლივებენ ყვავილთა კოკრებზე, რომელნიც საეკლესიო ენერგიით მარადიულად იზრდებიან და იფურჩქნებიან.

ჩემი მიზანი არაა წმინდა წერილის ისტორიების გამეორება. ხეების შესახებ ცნობილი იგავებისა და მონათხრობთა გარდა, რომელნიც წმინდა წერილშია, მართლმადიდებლობის ისტორია სავსეა ფლორით, რომელიც განვითარდა და დაემყნა ადამიანთა ცხოვრებაზე ან პირიქით.როგორც ბერი ამფილოქე პატმოსელი ამბობდა: „ღმერთმა ჩვენ კიდევ ერთი მცნება მოგვცა, რომელიც არაა აღწერილი წმინდა წერილში: გიყვარდეთ ხეები! ვისაც არ უყვარს ხეები […] არ უყვარს ღმერთი“[1].

ახალი მცენარეული შესაქმე

ადრეული პოეტური ტრადიციის თანახმად, რომელიც არის სირიულ და ბერძნულ ჰიმნებში, ადამი ხეებთან ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. როდესაც დაარღვია საღვთო მცნება და ის სამოთხიდან განიდევნა, ხეებიც კი ტიროდნენ; მაშინ ის გაიქცა ლეღვის ხეებისკენ, რომელნიც გაწითლდნენ მისი დანახვისას და ცდილობდნენ ფოთლებით მისი სიშიშვლის დაფარვას. სხვა ხეები კი ღმერთის სიტყვებს ექოსავით იმეორებდნენ: „ადამ, სადა ხარ“. ფოთლებით შემოსილი პირველქმნილი თავადაც ხეს დაემსგავსა. ის იყო პირველი ქმნილება, რაღაც მსგავსი ხისა და ადამიანის.

ცნობილი ღვთისმეტყველი შეეცადა წარმოედგინა როგორ ურთიერთობდნენ ედემის ბაღში ხეები, მაშინ, როდესაც ადამი იქ ჯერაც არ იყო:

„შესაძლოა ეს ნაკურთხი ხე, სიცოცხლის ხე
თავისი სხივებით არის სამოთხის მზე,
მისი ფოთლები ბზინავენ და მათზე აისახება
სამოთხის ბაღის სულიერი სიხარული.
ნიავის დროს სხვა ხეები თავს უკრავენ
თითქოს მუხლს იდრეკდნენ ხეების მთავარის და მეფის წინაშე“[2]

სხვა ხეები სიცოცხლის ხის გარშემო პატივისცემას გამოხატავენ ტოტების დახრით. ხეების მეფე ასხივებს და ანათებს, რადგან მისი ფოთლები ციმციმებენ ნიავის დროს. ღირსი ეფრემი დიდ ყურადღებას აქცევს სამოთხის ხეებს და მათ ურთიერთობას ადამთან. არსებითად, სირიელი წმინდანი უფრო მეტად მიანიშნებს ადამისა და ბუნების ურთიერთობაზე, ვიდრე ადამისა და ევაზე. მართლაც, ადამი ფიქრობდა ხეებზე და ისინიც ზრუნავდნენ მასზე, თანახმად ბერძენი და სირიელი პოეტებისა.

ხესთან ჩახუტება

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ხეებთან ჩახუტების გამომწვევი მიზეზი თანამედროვე გარემოს დაცვის თემაა. ნება მომეცით არ დავეთანხმო ამ აზრს. საკმარისი იქნება გავიხსენოთ ხეზე მცხოვრები მონაზვნები. მიუხედავად იმისა, რომ მწირი წყაროებია, ხეზე მცხოვრებნი ისტორიის უსიერ ტყეში არიან მიმალულნი; საკმარისი აღწერებია დასადასტურებლად, რომ სხვადასხვა ასკეტების მცირე რაოდენობა მიისწრაფვოდა ტოტებისა და ხეებისაკენ. მე-15 საუკუნის რუსი მეუდაბნოე წმ. ტიხონი კალუგოს ტყეებში დაემკვიდრა, მანამდე კარგა ხანს ცხოვრობდა ერთ მუხის ხეზე. ათასი წლით უფრო ადრე, წმ. დავით თესალონიკელი ბინადრობდა ნუშის ხეზე მთელი სამი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა მისი ასეთი ასკეტური მოღვაწეობა უფრო დაუცველი იყო ცუდი ამინდის დროს, ვიდრე ტიხონისა, თუმცა ორივეს სხვადასხვა ფორმით ჰქონდათ მიზიდულობა ხეებისადმი. მსგავსად, კიდევ ერთი ბიზანტიელი ახალგაზრდა მონაზონი წმ. ლუკა მესვეტე, რომელიც ყოველ საღამოს ფარულად გამოდიოდა მონასტრიდან, რათა ღამე ერთ ფუღუროიან ხესთან გაეტარებინა. მე-12 საუკუნის ეპისკოპოსის, წმ. ევსტათი თესალონიკელის მიხედვით: „ხეზე მცხოვრებნი არიან სიცოცხლის ხის ტოტები, რომელნიც ჰყვავიან სათნოებაში, არიან სულიწმიდის მშვენიერი ნაყოფები“.

ხის მონაზვნები აღვივებდნენ ჰაგიოგრაფების ფანტაზიას, მაგრამ, იმავდროულად შეახსენებენ ყველა ეპოქის ქრისტიანებს, რომ უნდა დაემყნონ, რათა გახდნენ მდიდარი ნაყოფის თანაზიარნი (რომ. 11. 17), რადგან ხეებში  არსებობს რაღაც ცხოველმყოფელი მნიშვნელოვნებისა ყველა ჩვენგანისათვის. საშობაო ნაძვის ხეების ყიდვა ჩვენი სახლებისათვის არ არის გარემოს მიმართ მეგობრული ფორმა. იქნებ, სულ ცოტათი მაინც, შეგვეძლო მათში, როგორც სარკეში, მკრთალად, თავმდაბალი კაცობრიობის ბუნდოვანი მოგონების დანახვა, გვეცადა ახლიდან  მივახლებოდით ბუნების სამყაროს. მართლმადიდებლობაში არის ხით ნაგები სამლოცველოები, საკურთხეველი სავსე ბუჩქებით, მუხის მასალით დამზადებული ხატები, მაგრამ ჩვენ აღარ ძალგვიძს ვთქვათ, რომ ფოთლები ტირიან ჩვენთვის, ხოლო ჩვენგან მცირედი თუ ზრუნავს მათზე.

შეუმოსავი ადამი

თანამედროვეობამ ანთროპოცენის ეპოქაში შეგვიყვანა. საუბარია ერთ ხალხმრავალ ადგილზე. ეს ტერმინი მეცნიერებმა შემოიტანეს, რადგან ადამიანებმა გადაავსეს დედამიწა და შედეგებიც ადამიანების გამოა დამანგრეველი ეკოსისტემისათვის. ამის გამო, სხვა სახეობები დეკორატიულ გარემოდ დარჩნენ ჩვენი ამ ბაბილონის გოდოლის მსგავსი სტრუქტურის ძირში. მხოლოდ ქალაქის ქუჩები როდია ხალხით სავსე. როგორც ქრისტიანული მონათხრობები გვაუწყებენ, ტყეებიც კი გაიჩეხა ადამიანებისათვის. ე.წ. Arboreal actor-ები მეორეხარისხოვანნი გახდნენ. ლეღვის ფოთლები იჭრება ადამიანური სიშიშვლის დასაფარავად. ყველაფერი ორფეხა არსებებს ეკუთვნით!

მამა იოანე ხრისავგისი თავის წიგნში „შესაქმე, როგორც საიდუმლო“ წერს, რომ: „ანთროპოცენტრიზმი არის მაცთუნებელი, რომელსაც თითქმის ყველამ დავუთმეთ და რომელმაც უარყოფითად დაამძიმა ჩვენი პერსპექტივაც და პრაქტიკაც“ (გვ. 153). როგორც ჩანს ეს საცთური უფრო და უფრო იზრდება. ის, რასაც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ეკოლოგიური ცოდვა უწოდა, არაა მხოლოდ ნაგვის დაგდება მიწაზე, არამედ სხვა რამ, რაც უკავშირდება იმ ფორმას, რითაც ჩვენ ადამიანები ვაცნობიერებთ, რომ ვართ აღმატებულნი ყველა სხვა ქმნილებაზე, რომელი ქმნილებებიც გავიმეტეთ ჩვენ ჩრდილში არსებობისათვის. ძველ ბერძნულში ასეთ საქციელს ეწოდებოდა ჰიბრისი ანუ ქედმაღლობა, როდესაც ერთი ადამიანი გადადის თავის საზღვრებს. შეიძლება ზოგიერთებმა მას პროგრესი უწოდონ. ვის ჭირდება ატირებული ფოთლები? აქვს მართლა რაიმე მნიშვნელობა თუ როგორ ურთიერთობენ მცენარეები? იქნებ, მოსაზრება ადამიანებისა და მცენარეების ნათესაობის შესახებ არაა ფანტასტიკური არასწორი გაგება იმ ეპოქიდან, როდესაც ადამიანები ნაკლებ განვითარებულები იყვნენ? ჩემი აზრით არა. უნდა „მივუბრუნდეთ მამებს“ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მათ შეუძლიათ გვასწავლონ ხეებთან ცხოვრება, ხეების სიყვარული, დავინახოთ ჩვენი თავი მათში და აღმოვაჩინოთ ხეები ჩვენს თავში, თუ როგორ დავდივართ ტყეებში და ბაღებში ჩვენსავე აზრებში ჩაფლულნი – თითქოს ყურადღებას მოდუნებულნი, მაგრამ მსუბუქად მშიერნი, როგორც ყოველთვის…სადა ვართ ჩვენ? სადა ხარ ადამ?


** ,,განიხარე ხეო, ტოტებდაფოთლილო, რომელსა ქუეშე მორწმუნენი თავსა იფარვიან […] განიხარე ხეო უფროსად კურთხეულო“ (Τιμίου Σταυρού Ακαθίστου Ύμνου Ακολουθία).

[1] Kallistow Ware, “Through Creation to the Creator,” in John Chryssavgis & Bruce V. Foltz (eds.), Toward an Ecology of Transfiguration: Orthodox Christian Perspectives on Environment, Nature, and Creation (New York, 2013), 86.

[2] Όσιος Εφραίμ ο Σύρος, Ύμνοι για τον Παράδεισο.


თომას არენტზენის საკვლევი პროექტია- Beyond the Garden: An Ecocritical Approach to Early Byzantine Christianity at Uppsala University. იგი, ასევე, ასწავლის ლუნდის უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის საღვთისმეტყველო ფაკულტეტsI (წმინდა ეგნატეს კოლეჯი).

ეს ფრაგმენტი ეფუძნება თომას არენტზენის, ვირჯინია ბარუსისა და გკენ პიარსის ახლახანს გამოსულ წიგნს  Byzantine Tree Life: Christianity and the Arboreal Imagination (ხეების ცხოვრება ბიზანტიაში: ქრისტიანობა და ხეების ფანტაზია).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu