კვიპროსსა და საბერძნეთში პაპ ფრანცისკეს ვიზიტის პირველი შეფასება
პაპი ფრანცისკე და მართლმადიდებლური სამყარო

პანდელის კალაიძიდისი (Pantelis Kalaitzidis)

პაპმა ფრანცისკემ, გამორჩევის დღეს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხისა და ტელემაყურებლებისადმი მიმართვისას, ეკუმენურად მეგობრული ენა გამოიყენა, რათა საკუთარი მსახურება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიურ წინაპირობებთან შეჯერებულად აღეწერა. ამას გარდა, პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ და მრავალგვარად გაუსვა ხაზი ,,სინოდურობის“ კონცეპტს, რომელსაც საეკლესიო განზომილების შემამტკიცებელ და მესამე ათასწლეულისკენ მიმავალი სლვის საკვანძო ნაბიჯად აღწერს. ზედმეტია იმის თქმა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიისთვის, სინოდურობა ფუნდამენტური ასპექტია და სწორიცაა, როდესაც მას ეკუმენურ დიალოგში, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წვლილად თვლიან. მართლმადიდებელი ეკლესიისადმი დამახასიათებელ საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური პრინციპის გამოყენების გარდა (მიუხედავდ გარკვეული სისუსტეებისა, რომელთა აღნიშვნაც მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებთან დაკავშირებით შეიძლება), პაპმა ფრანცისკემ ის ნაყოფიერი საშუალებებიც დაასახელა, რომელთა საშუალებითაც ეკუმენურმა დიალოგმა და აღმსარებლობითად ,,განსხვავებულთან“ დაახლოებამ, შეიძლება შიდა საეკლესიო პროცედურები და თითოეული მართლმადიდებლური ტრადიცია გაამდიდროს.

ამგვარად, გასაკვირი აღარაა, რომ პაპის ენციკლიკაში- “Laudato Si” (2015), პატრიარქი ბართლომეოსი პაპ ფრანცისკეს ეკოთეოლოგიური ხედვის წყაროდაა მოხსენიებული.  გარემოსდაცვითი საკითხებისადმი, პატრიარქ ბართლომეოსის (ესაა პატრიარქი, რომელიც ათწლეულებია ქადაგებს, რომ გარემოზე ზრუნვა რელიგიური იმპერატივია და რომლის სახელიც ეკუმენური თეოლოგიის სინონიმი გახდა, ხოლო მისი უდრეკი მცდელობებისა და მიღწევებისადმი მადლიერების ნიშნად ზედწოდებად ,,მწვანე პატრიარქი“ განიკუთვნა) მიერ გამოხატულ ხანგრძლივ მოქმედებათა ღირებულებისა და მნიშვნელობის ეს აღიარება (იგულისხმება პაპის ეპისტოლეში მისი შესაბამისად მოხსენიება, მთარგმნ. შენიშვ.) ნათელი დასტურია იმისა, თუ ეკლესიათა წინამძღოლების ეფექტური თანამშრომლობით, როგორაა შესაძლებელი შესაბამისი სამოქალაქო ავტორიტეტების აზრისა და საჯარო ცნობიერების ამაღლება ისეთ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც კლიმატის ცვლილება და პლანეტაზე ზრუნვაა. მოკლედ რომ ვთქვათ, მართლმადიდებლურ ტრადიციასთან დაკავშირებული სენსიტიური საკითხებისადმი პაპ ფრანცისკეს გახსნილობა და მისი კონსტრუქციულ-პოზიტიური მიდგომა, თანაზიარებისაკენ მიმავალი, კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიების საერთო გზის იმედისმომცემი ნიშანია. დამატებითი ელემენტი, რომელიც მართლმადიდებლებს შორის, პაპი ფრანცისკეს მზარდ პოპულარობას ხაზს უსვამს და აღწერს, ის საჯარო მსჯელობები, განცხადებები, მოქმედებები და ნაწერები არიან, რომლებიც გახსნილ ქრისტიანობას, ,,თავმდაბლისა და უპოვარის“ ეკლესიას გამოხატავენ და ნამდვილად მიგვიძღვიან სინანულისა თუ გაერთიანებისაკენ.

კვიპროსსა და საბერძნეთში პაპი ფრანცისკენ ვიზიტის ხასიათი

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი უდავოდაა ქრისტიანობის საუკუნეობრივი ისტორიული კურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია. როგორც კვიპროსი, ასევე, საბერძნეთი, პირდაპირ თუ ირიბად, პავლე მოციქულის მისიონერულ მოგზაურობებთანაა დაკავშირებული. ამგვარად, პაპი ფრანცისკეს ვიზიტიც შეიძლება მარტივად აღიწეროს, როგორც მოციქულთა ნაკვალევზე, ქრისტიანობის საწყისებთან დაკავშირებულ რეგიონში მოგზაურობა. ქრისტიანული ფესვების გარდა, კვიპროსისა და საბერძნეთის შორეული შტრიხები, ბერძნულ კულტურულ ტრადიციაზე დაყრდნობილ საერთო საფუძველსაც ეყრდნობა. გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ პაპ ფრანცისკეს ბოლო ვიზიტს ქრისტიანობასა და ელინიზმს შორის კონსტრუქციული თანხვედრის ტვირთიც დაემატა, რომელიც პირველად ახალ აღთქმაში გამოიხატა, ხოლო შემდგომში კი პირველ ათასწლეულში გამართულ მსოფლიო კრებათა დოქტრინებსა და აღმოსავლეთის ბერძენი მამების საღვთისმეტყველო სწავლებებში დამუშავდა.

მეორე მხრივ, თანამედროვე საკვანძო საკითხებისადმი პერსპექტივების მინიჭებით, პაპის ვიზიტი ისტორიული განზომილების გარდა სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს. ამ ფონის წილ, კვიპროსსა და საბერძნეთს პაპი ფრანცისკე მაშინ ეწვია, როდესაც ავღანეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საბერძნეთში ლტოლვილთა ტალღის გაზრდაა მოსალოდნელი. იმის თქმაც საკმარისი იქნება, რომ საბერძნეთში პაპ ფრანცისკეს წინა ვიზიტი 2016 წელში შედგა, როდესაც მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან და ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმე II-სთან ერთად კუნძულ ლესბოსს ეწვია, რათა ამ კუნძულზე მყოფ თავშესაფრის მაძიებელთათვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატა და მათი მასპინძლობისა თუ ინტეგრაციის პროცესში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა გაემხნევებინა. ამჟამად, პაპის ლესბოსზე ვიზიტი, უნდა იხილვებოდეს არა როგორც უბრალოდ სამახსოვრო მოქმედება, არამედ, უფრო მეტად, როგორც ტანჯულთათვის ქრისტიანული მორალური მოვალეობის ტვირთვა და მისი დაცვა.

ამასთანავე, პაპის ვიზიტმა საბერძნეთსა და კვიპროსში მცხოვრებ ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობას (რომელთაგანაც უმეტესობა მართლმადიდებელია) იმის შესაძლებლობაც მისცა, რომ უწინდელი წყენა, წარსულის კონფლიქტები გადაელახათ, რომლებიც უმთავრესად მეოთხე ჯვაროსნული ლაშრქობით უკმაყოფილებისა და პროზელიტიზმის პრაქტიკის გამო ხდებოდა, რათა კათოლიკეთადმი საკუთარი დამოკიდებულებები შეეცვალათ, აღარ ეცქირათ მათთვის კლიშეებისა და ეჭვის თვალებით, არამედ აღეწვათ ისინი ჭეშმარიტ ქრისტესმიერ ძმებად. ამ კონტექსტში ისიც უნდა აღიიშნოს, რომ პაპმა ფრანცისკემ ზემოთქმულთაგან უბრალოდ შენდობა კი არ ითხოვა, არამედ უფრო შორსაც წავიდა და კათოლიკე ეკლესიის მიერ, 1821 წლის ბერძნული რევოლუციისა და თავისუფლების ბრძოლისადმი გამოხატული არამეგობრული დამოკიდებულებისთვის, სირცხვილიც გამოხატა.

პაპ ფრანცისკეს ვიზიტის გამოწვევები და შესაძლებლობები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარსული ზიანის გადაფარვა, საბერძნეთსა და კვიპროსში პაპის ვიზიტის განსაკუთრებული გამოწვევა და საშუალება იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ათწლეულების მანძილზე, ბერძნული ენისა და კულტურის მატარებელ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მძლავრი ანტი-დასავლური მოძრაობა უიღბლო ისტორიულ მიზეზებს, ბერძნული განსაკუთრებულობის პოპულისტურ ნარატივსა და გამორჩეულობის ეკლესიოლოგიურ იდეებს ემყარებოდა. საჭირო არაა უფრო მეტი დრო დავუთმოთ მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით, პაპ ფრანცისკეს მიერ გამოხატულ განსაკუთრებულ მგრძნობელობას. მიუხედავად ყველა კანონიკური ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში ინსტიტუციური ჩართულობისა და მრავალ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით მათი კონსტრუქციული კონტრიბუციისა, მიუხედავად ეკუმენურ ცნობიერებასთან დაკავშირებით გამორჩეული მართლმადიდებელი თეოლოგების მიერ გაწეული მეწინამძღვრე როლისა და ქრისტიანული ერთიანობისადმი მიმართული საღვთისმეტყველო რეფლექსიისა, მართლმადიდებლური მხრიდან (განსაკუთრებით სამონასტრო წრეების, უბრალო სამღვდელოებისა და მრევლის რიგითი წევრების მხრიდან), ყოველთვის შეინიშნება ეკუმენური დიალოგისადმი მძლავრი დაეჭვება, ან სულაც მისი პირდაპირი უარყოფა. ამ ყოველივეს თან ახლავს ეკუმენურ მოძრაობაში ჩართული მრავალი მართლმადიდებლის ორაზროვანი მეტყველება (ეკუმენური ენა ad extra, კონსერვატიული და თავდაცვით პოზიციაში მყოფი, მაგრამ არა პრინციპულად ანტი-ეკუმენური, ad intra). მართლმადიდებელი ეკლესია იყო და გარკვეულწილად არის კიდეც, ნაყოფიერი ველი, რომელზეც ამგვარი ტენდენციები ამოიზარდნენ და აყვავდნენ. ამგვარი მიდგომების საწყისების მოძიება, წარმოდგენილი ესეს მიზანს სცდება, თუმცა, იმის აღნიშვნა კი შეიძლება, რომ მართლმადიდებლურ წრეებში გარკვეული ანტი-კათოლიკური სენტიმენტი გავრცელებულია. ამგვარად, პაპის ვიზიტის წინააღმდეგ გამართული გარკვეული მანიფესტაციები წინდაწინ იყო მოსალოდნელი (რაც გამართლდა კიდეც) მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტების პატარა, თუმცა ხმაურიანი უმცირესობის მხრიდან. თუმცა, 2016 წელს, საბერძნეთში პაპ ფრანცისკესა და ათენში, 2001 წელს, იოანე-პავლე II-ს ვიზიტებთან შედარებით, რეაქციები შესამჩნევად მცირე მასშტაბისანი იყვნენ, რაც მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს ორმხრივი პატივისცემის იმედისა და პროგრესის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარად, კვიპროსსა და საბერძნეთში პაპ ფრანცისკეს ვიზიტი, ნამდვილად შეიძლება ეკუმენური მნიშვნელობის ნიშნად ჩაითვალოს, რამდენადაც მას ძალუძს უკანასკნელი ათწლეულების მანძლზე, მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის მიმდინარე ოფიციალური თეოლოგიური დიალოგის განვითარება.


დოქ. პანდელის კალაიძიდისი (Pantelis Kalaitzidis) ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის დირექტორი, ლიუვენისა (KU Leuven, Belgium) და მიუნსტერის (Münster University, Germany) უნივერსიტეტების მკვლევარი და ევროპის რელიგიის აკადემიის (EuARe-Bologna) აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.