კატეგორიის გარეშე

რუსეთის ,,ბრძოლა“ აფრიკისა და მისი ეკლესიისთვის
გეოპოლიტიკური პერსპექტივა

Published on: თებერვალი 1, 2022
Total views: 30
Readers' rating:
0
(0)

კირილე ჰოვორუნი (Cyril Hovorun)

2021 წლის 29 დეკემბერს, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მთელ აფრიკულ კონტინენტზე რუსული საეგზარქოსოს დაარსება განაჩინა. საეგზარქოსო ორი ეპარქიისგან შედგება, შესაბამისად ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის. ჩრდილო აფრიკის ეპისკოპოსის ტიტულატურა იქნება ,,კაიროსა და ჩრდილო აფრიკის ეპისკოპოსი.“

ამ ფაქტს მრავალი ადამიანი ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქოს უფლებათა დარღვევად მიიჩნევს. როგორც პირველი მსოფლიო კრების მეექვსე კანონი განაჩინებს: ,,დაცული იქნეს უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, რათა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ყველა მათგანის ხელისუფალი იყოს. რამეთუ რომის ეპისკოპოსისთვისაც ასეა მიღებული.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  ნიკეის კრებამ რომის ეკლესიის მსგავსად, ალექსანდრიის ეკლესიის ტერიტორიული სუვერენიტეტიც დაამოწმა. რეალურად, პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული, ორი უძველესი ეკლესია ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და პრივილეგიების თვალსაზრისით განვითარების ერთ გზას მიჰყვებოდნენ. ხანდახან, ალექსანდრიის ეკლესია მისი რომაელი კოლეგისთვის მაგალითის მიმცემიც კი იყო. მაგალითად, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსებს ,,პაპებს“ უწოდებდნენ ერთი საუკუნით ადრე, ვიდრე იგივე ტიტულატურას რომის ეპისკოპოსები განიკუთვნებდნენ.

რუსული სინოდის მიერ, 2021 წლის ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, უძველესი ეკლესიის ეს და სხვა ნორმები არსებითად გააუქმა. სინოდმა თავისი გადაწყვეტილების იმით გაამართლა, რომ ალექსანდრიის პაპი განდგომილებასა და სქიზმაშია, რადგან უკრაინის ახლადშექმნილი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს იხსენიებს. ამ ეკლესიამ, სამი წლის წინ, 2019 წლის იანვარში, მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი მიიღო. მსოფლიო საპატრიარქოს მიჰყვა კიდევ სამი მართლმადიდებელი ეკლესია: ალექსანდრიის, საბერძნეთისა და კვიპროსის. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება არ აღიარა და დაიმუქრა, რომ ნებისმიერი ეკლესია, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერას გაბედავდა, მრავალი შედეგის მომკის წინაშე დადგებოდა. მოსკოვმა კონსტანტინოპოლთან, ალექსანდრიასთან, ათენთან და ნიქოზიასთან ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, თუცა, ყველაზე სასტიკი გზით შურისძიების მსხვერპლი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ალექსანდრიაა.

მიმომხილველთა უმეტესობა თანხმდება, რომ რუსეთის ეკლესიის მხრიდან შურისძიების მიზეზი უკრაინის ეკლესიის აღიარებაა. თუმცა, პირადად მიმაჩნია, რომ ეს მთავარი მიზეზი კი არა, არამედ საბაბია. მთავარი მიზეზი აფრიკულ კონტინენტზე რუსეთის სწრაფვის ფართო სურათში უნდა დავინახოთ.

ჩინური წარმატების შემდგომ (რაც შეიძლება აფრიკის ხელახალ კოლონიზაციად ჩაითვალოს), რუსეთმა ,,აფრიკისათვის მეორე ბრძოლაში“ ჩართულობა დააჩქარა. როგორც ჩანს, აღმოსავლური ავტორიტარული რეჟიმები, აფრიკის კონტინენტზე დასავლური დემოკრატიების მიერ დატოვებული სივრცის შევსებას ცდილობენ.

აფრიკულ ნიადაგზე ფეხის მოკიდებისათვის, ავტორიტარულმა რეჟიმებმა ადგილობრივ მთავრობებსა დ ეკონომიკებს რაღაც უნდა შესთავაზონ. რუსეთს ჩინეთის მსგავსი მასშტაბური ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეთავაზება არ შეუძლია. რეალურად, მას მოქრთამვების განხორციელება კი ძალუძს (როგორც ამას ევროპასა თუ სხვაგან აკეთებს), მაგრამ ეს საკმარისი არ ჩანს.

ამავდროულად, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, პუტინმა ავტორიტარული და კრიმინალური რეჟიმების საკუთარი ხალხისა და დემოკრატიის დასავლური ძალისხმევისაგან დაცვის უნიკალური უნარი გამოიმუშავა. მან სირიის მსგავსი ქვეყნების დიქტატორების დაცვაშიც მიაღწია წარმატებას, სადაც ნათლად გამოავლინა, რომ ე.წ. ამერიკული ,,წითელი ხაზები“ მხოლოდ სიტყვებია. ახლახანს, მან მსგავსი ,,მომსახურება: ბელარუსის მჩაგვრელ რეჟიმს შესთავაზა. როგორც ჩანს მომდევნო ყაზახეთი იქნება.

რა თქმა უნდა, არაერთი აფრიკელი ლიდერი, რომელთა მმართველობის სტილი ბაშარ ალ ასადისა და ლუკაშენკოსგან დიდად არ განსხვავდება, დაინტერესდა პუტინის უნარით, რომელიც არაპოპულარული რეჟიმების საჯარო მღელვარებისა და დემოკრატიული პროცესებიდან დაცვისკენაა მიმართული და რაც არჩევნების გაყალბებაშიც გამოიხატება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ხელმძღვანელი გასამხედროებული ჯგუფების დახმარებით სიამოვნებით განახორციელებს თავის პოლიტიკურ ნოუ-ჰაუს.

აფრიკაში საკუთარი შანსის გამოსაყენებლად პუტინი მხოლოდ გასამხედროებულ ძალებს კი არა, არამედ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასაც იყენებს. ეს უკანასკნელი პუტინის რეჟიმის რბილი ძალაა, რომელსაც აფრიკაში რუსეთის ყოფნის გამყარებაში დახმარების გაწევა შეუძლია. უწინ, აფრიკაში რუსეთის ეკლესიის მყოფობა, იქ მცხოვრები ეთნიკურად რუსებისთვის სამოძღვრო ზრუნვის აღმოჩენა იყო. მისი წარმომადგენლობები არსებობდა ეგვიპტეში, მაროკოში, ტუნისსა და სამხრეთ აფრიკაში, რისთვისაც მას ალექსანდრიის საპატრიარქოს თანხმობაც ჰქონდა. ამჟამად, რუსეთის ეკლესიას ალექსანდრიის საპატრიარქოს ეთნიკურად აფრიკელი მწყემსმთავრით შეცვლა სურს. ეთნიკურად აფრიკელი მართლმადიდებლები მცირერიცხოვნები კი არიან, თუმცა კონტინენტის რელიგიური რუკის საკმაოდ ძლიერ ჯგუფს წარმოადგენენ.

რუსეთის ეკლესია აცხადებს, რომ აფრიკაში უძველესი კანონიკური ნორმების თანახმად ფართოვდება. თუმცა, ირონიულია, რომ ეს ნორმები რუსული ექსპანსიის გამო უხეშად ირღვევა. ამგვარი დარღვევების ახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი იქ უფრო მაღალი პოლიტიკური ფსონები არსებობენ, რაც, ამ შემთხვევაში, ,,აფრიკისთვის ბრძოლის“ მცდელობებს წარმოადგენენ.


არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი (Cyril Hovorun) არის ეკლესიოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკუმენიზმის პროფესორი წმინდა ეგნატეს საღვთისმეტყველო აკადემიაში.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu