წმინდა ვლადიმირის სემინარიის კამპუსი უნდა გადაიტანონ თუ დატოვონ იქ სადაცაა?

პროტოპრესვიტერი დოქ. მიქაელ ა. მეერსონი (Michael A. Meerson)

წმინდა ვლადიმირის სემინარიის დირექტორთა საბჭო და განსაკუთრებით მისმა ხელმძღვანელი მამა ჩად ჰეტფილდი, სემინარიის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ უწყვეტ საქმიანობას უნდა დაუბრუნდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ მათი სემინარია დიდწილად ამერიკულ ,,თერთმეტ იურისდიქციას,“ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროსა (რომელიც მის სტუდენტებს ენდობა) და ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას (OCA) ეკუთვნის. ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ სემინარიის მომავალი კრებსითი წესით გადაწყდეს. პრობლემის გადასაჭრელ შესაფერის ადგილად შეიძლება OCA-ს მომავალი, რიგით მეოცე პან-ამერიკული კრება ჩაითვალოს. არსებობს საფუძვლები იმაში დასარწმუნებლად, რომ სემინარიის გადატანა შეიძლება მცდარი ნაბიჯი გამოდგეს. გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომსემინარიის ისტორია და მისი ადგილმდებარეობა, მისსავე მისიასთან მჭიდროდ დაკავშირებულია.

აინშტაინიდან მოყოლებული ფიზიკოსებმა დროისა და სივრცის განგრძობითობის შესახებ იცოდნენ. მართლმადიდებლებს ეს ფენომენი სხვაგვარად ესმით, რამდენადაც იციან, რომ გეოგრაფია მათ ისტორიასთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბერძენი პატრიარქი კონსტანტინოპოლში დარჩა, როგორც იმ კრებული მეთაური, რომელიც ახლა რამდენიმე ათასი ,,გათურქებული“ ბერძენისგან შედგება და კვლავ ინარჩუნებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტიტულს? ცნობილია, რომ მისი მთავარი სამწყსო ამერიკაში ცხოვრობს. სხვა შემთხვევაში, რატომ არ უნდა გადავიტანოთ მისი საყდარი (რომელიც ახლა მართლმადიდებლებისადმი ასეთ არამეგობრულ გარემოში მდებარეობს), ამერიკის მშვიდობიან სამხრეთ შტატებში, მაგალითად ნიუ ორლეანში, ლუიზიანაში, სადაც ყოვლადმინდა სამების სახელობის პირველი სამრევლო დაარსდა, რომელზე დაყრდნობიითაც მსოფლიო პატრიარქი შეერთებულ შტატებზე თავის იურისდიქციას ავრცელებდა?[1] მსოფლიო პატრიარქი ამ ეტაპზე აღნიშნულ ვარიანტს (იგულისხმება საყდრის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანა) არ განიხილავს. ლოკალურობის სიმბოლიზმი თანდათანობით ვითარდება, როგორც ისტორიის ნაყოფი და განვითარების შემდგომ კი უკვე თავად იწყებს ისტორიის ფორმირებას.

იგივე მოქმედებს წმინდა ვლადიმირის სემინარიასთან დაკავშირებითაც.

აღნიშნული სემინარია, ამერიკის სლავურენოვან ეპარქიაში, მოკრძალებულ საღვთისმეტყველო სკოლად შეიქმნა. ღვთის განგებულებით, იგი უმაღლეს სასულიერო სასწავლებლად გარდაიქმნა, რაც იმ რუსი პროფესორების ღვაწლის შედეგად მოხდა, რომლებიც საკუთარი ხანგრძლივი ემიგრაციის პერიოდში, ომის შემდგომი ევროპიდან ნავთსაყუდელის მოსაპოვებლად ამერიკაში გაემგზავრნენ. შემდგომში, რუს-ევროპელ-ამერიკელ მამა ალექსანდრე შმემანის დახმარებით, ნიუ-იორკთან ახლოს სემინარიამ შთამბეჭდავი კამპუსი შეიძინა. სწორედ იქიდან, ამ საღვთისმეტყველო სკოლამ მართლმადიდებლობის შუქის განვრცობა ინგლისურად lingua franca-ზე დაიწყო და უფლის სიტყვების ერთგული დარჩა: ,, თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს“ (მთ. 5:14-16). იმის მიუხედავად, რომ რუსი თეოლოგები დაკნინებულნი და ახალმოსულნი იყვნენ, მათ არ ეშინოდათ მართლმადიდებლობის ამერიკულ საზოგადოებასა და მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელება. ეს ნათელი იმდენად კაშკაშა აღმოჩნდა, რომ მთელ კონტინენტზე გავრცელებულმა ემიგრირებულმა სამიტროპოლიტომ, ამერიკის ლოკალურ ეკლესიად გახდომის პასუხისმგებლობა იტვირთა.[2] ეს ამბიცია თავად ამერიკამ გააძლიერა, რაც ფართო რელიგიური თავისუფლებით, ინგლისური ენითა და სამიტროპოლიტოს ნიუ-იორკში მდებარეობით იყო განპირობებული. უფრო მეტიც, ეს ნათელი იმდენად ძლიერი და კაშკაშა იყო, რომ ათეისტური რეჟიმის მიერ, როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში შევიწროებულმა რუსეთის ეკლესიამ გმირული ნაბიჯი გადადგა და საკუთარი პროვინციული სამიტროპოლიტო ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიად გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე, ასაკოვანმა პატრიარქმა ალექსი I-მა კრების მოწვევა ვერ შეძლო და მის იურისდიქციაში მყოფ ყველა ეპისკოპოსს ტელეფონით ესაუბრა და მათგან ერთსულოვანი თანხმობა მიიღო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პატრიარქმა ამერიკის სამიტროპოლიტოს დამოუკიდებლობას მოაწერა ხელი, რომლის დედაეკლესიაც რუსეთი გახდა. ავტოკეფალიის ამ ტომოსმა რელიგიური სამყარო შოკში ჩააგდო. არავინ მოელოდა ასეთ ნაბიჯს (რომელიც ჭადრაკში პაიკის დედოფლად გახდომას წააგავდა), რამაც მართლმადიდებლური სამყაროს მთელ მიძინებულ მიკროკოსმოსზე მოახდინა გავლენა. ვისაც ეს ყოველივე არ ახსოვს შეუძლია შმემანის სტატია წაიკითხოს- „Meaningful Storm.“[3] რა თქმა უნდა, ქველმოქმედებაზე დამოკიდებული სხვა სკოლების მსგავსად, წმინდა ვლადიმირის სემინარიასაც ჰქონდა აღავლობა და ჩავარდნები, მაგრამ იგი იმ სინათლის სიმბოლიზებას განაგრძობდა, რომლითაც მართლმადიდებლობა კაშკაშებს და კოვიდის დროსაც კი ,,რვა ქვეყნის თერთმეტი იურისდიქციიდან“ იზიდავს სტუდენტებს. [4]

ნიუ-იორკთან შედარებით პროვინციულ, ნებისმიერ ახალ ლოკაციაზე გადასვლის გადაწყვეტილება, როგორც მისი ისტორიის დავიწყებაზე, ასევე, მისი მისიის მნიშვნელობის დავიწროებაზეც მიუთითებს. დღეისათვის ეკონომიკური წამგებიანობა და მომგებიანობა გადამწყვეტ სიტყვებს ამბობენ. დირექტორთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ფინანსური არგუმენტი გადამწყვეტი ფაქტორია და მასში ღმერთი გათვალისწინებული საერთოდ არაა. რა თქმა უნდა, რწმენის ნაკლებობა მხოლოდ ჩვენი ეპოქის ქრიტიანობის ტკივილი არაა, მის შესახებ მოციქულებმაც უწყოდნენ. გავიხსენოთ თუ როგორ წუხდნენ ისინი იმ დროს, როდესაც საკმარისი პური არ წაიღეს ნავზე: ,,ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული? თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი. ანდა შვიდი – ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი. და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?“ (მკ. 16-21).

ზემოთმოხმობილი დიალოგი თავის მნიშვნელობას პარიზის წმინდა სერგის ინსტიტუტისა და კრესტვუდში მდებარე წმინდა ვლადიმირის სემინარიისეულ თეოლოგიის აღქმაში პოულობს, რაც ევქარისტიული განახლებისკენ (ჩვენი შობის უმთავრესი წყარო) მიგვიძღვის. დრო და ადგილი ჩვენი დროის მოციქულების მიერ ხელსაყრელად იქნენ აღიარებულნი. სწორედ ეს ხელსაყრელობა და სარწმუნოება მოქმედებდა გადამწყვეტ ფაქტორად. ამას გარდა, OCA-ს დღევანდელ ეკონომიკურ პირობებთან შედარებით, მისი დამაარსებლები მოკრძალებულნი და უპოვარნი იყვნენ. როგორც მამა ალექსანდრე შმემანმა მითხრა, რევოლუციის შემდგომ  ემიგრაციას თუ საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში გადასვლის სიტუაციას შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს მათ ,,თეთრეულიც კი არ ქონდათ. თქვენ ერთსა და იმავე თეთრეულს ზედიზედ აღარ იყენებთ ხომ?“ საფრანგეთში, ომის შემდგომ დანგრეულ ევროპაში, მიტროპოლიტმა ევლოგიმ წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის შექმნა, და მისთვის თეოლოგიური კვლევისათვის საჭირო თავისუფლების სულისკვეთების ბოძება, თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნია.[5] იგი ამბობდა: ,,პარიზში, დასავლეთ ევროპის ცენტრში, რომელიც რუსული კი არა, არამედ ქრისტიანულია, საღვთსმეტყველო ინსტიტუტის დაარსებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რაც როგორც ხელსაყრელი, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტი გამოდგა. ჩვენი უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლისთვის ეკუმენური ორიენტაცია თავიდან იყო ნავარაუდები, იმისათვის რომ მას გადმოეცა გარკვეული საღვთისმეტყველო პრობლემები და პრაქტიკული რელიგიური საკითხები, რათა მართლმადიდებლობა საკუთარ ნაჭუჭში კი არ ჩაკეტილიყო, არამედ, თანდათანობით გამხდარიყო ყოველი ქრისტიანის მემკვიდრეობა. [6] ამგვარად წარმოიშვა მსოფლიო მასშტაბის ეკუმენური მოძრაობა, რომელიც ვიწრო პროტესტანტულ ინიციატივას აღემატებოდა და რომლის ჩამოყალიბებაშიც წმინდა სერგის ინსტიტუტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.

წმინდა სერგის ინსტიტუტი მიტროპოლიტ ევლოგის გაბედული რწმენიდან წარმოიშვა. მასსა და მის ასისტენტ ოსორგუნს ხელთ მიტროპოლიტის ბიუჯეტში არსებული საკმაოდ მიზერული, სიმბოლური თანხა ჰქონდათ. ისინი აუქციონზე წავიდნენ, სადაც გერმანული ლუთერული ორგანიზაციის კუთვნილი ქონება იყიდებოდა. საბოლოოდ მათ ქონება დიდი თანხისა და გამოსყიდვის პერსპექტივის გარეშე შეიძინეს. თუმცა, საბოლოოდ, უფლის შეწევნით, სხვადასხვა ორგანიზაციებმა განსაზღვრული დროისთვის საჭირო რაოდენობის თანხა მოაგროვეს. მიტროპოლიტმა ევლოგიმ ეს თანხა რუს-ებრაელი ბანკირისგან უპროცენტოდ და ამონაწერის გარეშე  ისესხა. მოგვიანებით, ევლოგი ამ შენაძენითა და იქ დაარსებული წმინდა სერგის ინსტიტუტით ამაყობდა და ორივე მათგანს მიიჩნევდა თავისი ცხოვრების დიდ მიღწევად და ღვთის შეწევნით, მისი სარწმუნოების ყველაზე მნიშვნელოვან გამოხატულებად. მრავალი წლის შემდეგ, სარწმუნოების მსგავსი აქტი (რომელსაც თან რისკის შემცველი შენაძენი ახლდა), მამა ალექსანდრე შმემანმა აღასრულა, რომელიც უწინ ევლოგის იპოდიაკონი და მისი მიმდევარი, შემდგომში კი ნიუ იორკში მდებარე წმინდა ვლადიმირის მოკრძალებული სემინარიის პროფესორი გახლდათ. ეს იყო სასწავლებელი, რომელიც  სრულად იყო დამოკიდებული ეპისკოპალურ ეკლესიაზე. მამა ალექსანდრემ სემინარიის შენობა, ნიუ-იორკის ყველაზე ძვირადღირებულ უბანში მდებარე კათოლიკური მონასტრისგან კრედიტით იყიდა, ხოლო ანაბრისთვის საჭირო თანხა კი სასწაულებრივად მოიპოვა. თუ იმ სიღარიბეს გავითვალისწინებთ, რომელშიც სემინარია არსებობდა, რომელიც ღრუბლის მსგავსად ეპისკოპალური ეკლესიიდან რესურსებს ისრუტავდა, შენაძენი სიგიჟედ ან სასწაულად აღიქმებოდა, რამდენადაც ვალების გადახდის მატერიალური შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობდა. მაგრამ კვლავ ერთი ადამიანის სარწმუნოების წყალობით კამპუსი შეიქმნა, რომელშიც ამერიკული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სასწავლებელი განვითარდა და OCA-ს აკვანი დაირწა. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ცნობილია, მაგრამ მას ახლა კამპუსის გაყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ვიხსენებთ. სანამ ეს განხორციელდება, ზემოთმოხმობილ ისტორიათა შესაბამისად, ჩვენ იესოს შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ: ,,თეოლოგიის რამდენი კალათი“ შეიკრიბა ამ ორი სემინარიიდან? თორმეტი თუ შვიდი? შეიძლება ვთქვათ, რომ მათი რიცხვი უფრო მეტი იქნებოდა, თუკი ბიბლიის რიცხვითი სიმბოლიკის მიხედვით, თორმეტსა და შვიდს სისრულის მნიშვნელობა არ ექნებოდა.

სიმართლეა, რომ ამგვარი შეკითხვა ჩნდება: რატომ არ უნდა განერიდოს სემინარია ნიუ-იორკისა და აღმოსავლეთ სანაპიროს ცდუნებებსა და დეკადანსს, რომელიც სხვადმადიდებელ ეკლესიებთან და გახსნილ პლურალიზმთანაა დაკავშირებული და არ გადავიდეს ფუნდამენტალისტ ევანგელისტთა წიაღში? გავიხსენოთ, რომ მიტროპოლიტი ევლოგი სრულად აცნობიერებდა ექსორიის დეგრადაციას და იაზრებდა, რომ მართლმადიდებლური მოწმობა ახალ შესაძლებლობებს სწორედ თავისუფლების, დიალოგისა და პლურალიზმის პირობებში იძენს. ,,ჩვენი უბედურებისა და ემიგრაციის წყალობით, რუსეთის ეკლესია, რომელიც სხვადმადიდებელ ელემენტებს ეკონტაქტებოდა, ცხოვრების მიერ იქნა იძულებული, რომ ამგვარ ელემენტებს დაკავშირებოდა და ამგვარად მისი უძრაობა და განკერძოებულობა დაეძლია.“[7]

სწორედ ამიტომ, დედაქალაქში საღვთისმეტყველო სასწავლებლის დაარსების გადაწყვეტილება მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილებით კი არ იყო განპირობებული (რამდენადაც მართლმადიდებელი ემიგრანტები ძირითადად მის შორიახლოს ცხოვრობდნენ) არამედ იგი უფლის იგავისადმი პირდაპირი პასუხიც იყო, რომელიც გულისხმობს ნათლის დადებას იქ, სადაც მისი ბრწყინვალება ჩანს. კრესტვუდი სწორედ ასეთ ადგილი აღმოჩნდა, რამდენადაც იგი ნიუ-იორკთან ახლოს მდებარეობდა. სემინარია სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანთა შეხვედრის ადგილად იქცა. ამ ადამიანებს საშუალება მიეცათ, რომ მართლმადიდებლურ მსახურებებსა და თეოლოგიას გაცნობოდნენ და მათთან საერთო საფუძველი მოენახათ.

სწორედ თანამედროვე ცივილიზაციისა და ქრისტიანობის მრავალფეროვნებისადმი გახსნილობის გამო, როგორც პარიზში, ასევე, ნიუ-იორკში მდებარე ამ საღვთისმეტყველო სასწავლებლებს ,,ტრადიციონალისტები“ დაესხნენ თავს, მათში კი განსაკუთრებით საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურობდა, რომელიც ,,მართლმადიდებლობის სიწმინდეს“ იცავდა. აი რას ამბობს ამ ყოველივეს შესახებ მამა ალექსანდრე შმემანი, რომელიც თავადაც ამ გარემოდან იყო გამოსული და მის შესახებ საკმაოდ კარგად ინფორმირებულიც გახლდათ: ,,მათთვის მართლმადიდებლობის სიწმინდე ,,მართლმადიდებლური რუტინაა,“ რომელსაც თან არც რეფლექსია და არც პრობლემები არ ახლავს. არადა რეალურად საქმე პირიქითაა, პრობლემები მათ ეკლესიისგან ნელ-ნელა აუცხოებენ და საბოლოოდ საერთოდაც განაშორებენ […]ქრისტიანობის კრიზისი სწორედ ამ ყოველდღიურ რუტინაში მდგომარეობს (რომელსაც ქრისტიანობა უკავშირდება და ემორჩილება), რამდენადაც იგი ქრისტიანულ ფერებში იხატება.“[8] შმემანისთვის ქრისტიანობის ე.წ. ,,ტრადიციონალიზმი“ უბრალოდ მის კრიზისზე მიუთითებს. იგი წერს: ,,ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისის პირველი სიმპტომი ღრმა შიზოფრენიაა, რომელმაც ნელა შეაღწია მართლმადიდებლურ მენტალიტეტში: არარეალურ და არარსებულ სამყაროში ცხოვრება, რეალურად და არსებულად მიიჩნევა. მართლმადიდებლურმა ცნობიერებამ ვერ აღიქვა ბიზანტიის დაცემა, პეტრე დიდის რეფორმები, რუსული რევოლუცია. იგი არ აქცევდა ყურადღებას აზროვნების რევოლუციას, მეცნიერებას, ცხოვრების სტილებსა და სიცოცხლის ფორმებს […] მოკლედ რომ ვთქვათ, მან ეს ყოველივე ვერ შეამჩნია. ისტორიული პროცესის მნიშვნელობის უარყოფა მართლმადიდებლობას არ წაადგა. ცვლილების გააზრებისა და შესაბამისად მისადმი გამკლავების ნაცვლად, მისგან დაზიანდა. რეალურად, იგი სწორედ მის მიერ უარყოფილი ცვლილებებით განისაზღვრება, ყალიბდება და ზიანდება.“ შმემანის აზრით, ეს დამოკიდებულება ახალი თეოლოგიური იდეების წინაშე შიშს იწვევს და ,,მამებისა“ და ,,ბიზანტიისადმი“ პანიკურ მიჯაჭვულობაში გადადის. ,,ჩვენ მრავალ იურისდიქციაში ვიმყოფებით, რომელთგან ყველას განსხვავებული კანონები აქვთ. ჩვენ დასავლეთის დაპყრობაში ჩვენს მემკვიდრეობაში არსებული ყველაზე სუსტი და ორაზროვანი ელემენტებით ვცდილობთ. ეს ქედმაღლობა, თვითკმაყოფილება და პომპეზური ტრიუმფალიზმი საშინელნი არიან. ყველაზე შემზარავი შეიძლება ის ფაქტი იყოს, რომ ამ ვითარებას ცოტა ადამიანი თუ ხედავს, აღიქვამს და იაზრებს, ხოლო მრავალ ადამიანს საერთოდ არ ჯერა, რომ ეკლესიაში დავანებულ ქრისტესა და სულიწმინდის პიროვნებეს არანაირი შიში არ აქვთ.[9]

როგორც ჩანს, ისტორიის ამ შიშმა გამოიწვია კამპუსის გაყიდვისა და სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილების მიღება, რომელი ადგილიც ,,უფრო უსაფრთხოდ“ და ,,უკეთესად“ აღიქმება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება რეალურად თავისუფლებიდან და პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. მამა ალექსანდრე ამ საშიშროებას ხედავდა, ოღონდ არა ,,მართლმადიდებლად დაბადებულებში,“ არამედ სხვადასხვა დენომინაციებიდან ან საერთოდ ათეიზმიდან მართლმადიდებლობაში მოქცეულთა შორის: ,,ამერიკაში, დიასპორაში“ მართლმადიდებლობამ, საუკუნეთა მანძილზე პირველად მოიპოვა დამოუკიდებლობა. თავისუფლება იმპერიებისგან, სახელისუფლებო მმართველობისგან, სამეურნეო გარემოსგან, ეთნიკური გეტოსგან და ა.შ. ამ თავისუფლების გასინჯვის შემდგომ კი, იგი სპონტანურად კვლავ დაბრუნდა გეტოში და ამჯობინა, რომ ძველებურად ეცხოვრა, როგორც ეს ხდებოდა თურქული, პეტრეს რეფორმებისა თუ ყოველგვარი მონობის უღელქვეშ. დაგმანეთ ყველა კარი და ფანჯარა! ისინიც ნელ-ნელა ხურავენ, მაშინ როდესაც ახალგაზრდა ამერიკელები სიხარულით მიიჩქარიან ამ გეტოში, ობსკურანტიზმში, კანონთა განხილვებში, შესამოსელსა და იმ სივრცეში, სადაც ათონური საკმევლის შეძენა შეიძლება.“[10] სამწუხაროდ, სემინარიის, მამა ალექსანდრე შმემანის შვილის თავდაპირველი ადგილიდან გადატანის გადაწყვეტილება, რაც მისი მემკვიდრეობის დეგრადაციასა და ქარში გაფანტვას იწვევს, ისტორიიდან გაქცევას მოგვაგონებს.


[1] ,,ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი მართლმადიდებლური სამრევლო 1864 წელს ნიუ-ორლეანში, ლუიზიანაში დაარსდა ბერძენი ვაჭრების მიერ.“ Thomas E. Fitzgerald, 3, “Early Parish Developments”, იხ. The Orthodox Church in America, Praeger, Connecticut, ლონდონი.

[2] The professors of St. Vladimir’s Seminary developed and carried out the plan of an American Local Church. იხ. Alexander Bogolepov, Toward an American Orthodox Church: The Establishment of an Autocephalous Orthodox Church, Crestwood NY: SVS Press, 1963; 2001, 2nd ed.

[3] Alexander Schmemann, “Meaningful Storm: Some Reflections on Autocephaly, Tradition, and Ecclesiology” St. Vladimir’s Theological Quarterly, 15:1 (1971) 3-27.

[4] იხ. მისი ხელმძღვანელის, მამა ჩადი ჰეტფილდის მიმართვა, რომელიც მიმდინარე აკადემიური წლის დასაწყისში გაკეთდა.

[5] Metropolitan Evlogy (Georgievsky), My Life’s Journey, A. Lisenko, trans., (Yonkers NY: St. Vladimir’s’s Seminary Press, 2014), ნაწილი 1, გვ. 10.

[6] იქვე, იხ. ნაწილი 2, გვ. 513.

[7] იქვე, 651

[8] The Journals of Father Alexander Schmemann ,Crestwood NY: SVS Press, გვ. 23.

[9] იქვე, გვ. 28.

[10] Archpriest Alexander Schmemann, Dnevniki, 1973-1983, (Moscow: Russkii Put’) გვ. 550.


მამა მიქაელ ა. მეერსონი (Michael A. Meerson), ნიუ იორკში, OCA-ს იურისდიქციაში არსებული ქრისტე მაცხოვრის ტაძრის მღვდელმსახურია. მან დაამთავრა წმინდა ვლადიმირის სემინარია, ხოლო დოქტორის ხარისხი კი ფორდჰემის უნივერსიტეტიდან მიიღო. იგი რუსულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული უამრავი წიგნისა და სტატიის ავტორია. მისი მთავარი საღვთისმეტყველო წიგნია- The Trinity of Love in Modern Russian Theology, 1998.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.