პოლ გავრილიუკი (Paul Gavrilyuk)

ჰიტლერმა თავისი სიტყვა 1938 წლის 12 სექტმბერს, გერმანიის რაიხსტაგში წარმოთქვა, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ გერმანული ტანკები გერმანია-ჩეხეთის საზღვრებს გადაკვეთდნენ და ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრებოდნენ. პუტინი, 2022 წლის 21 თებერვალს რუს ერს მიმართავდა სიტყვით, როდესაც რუსულ ტანკებს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ბრძანება მისცა.
შეჭრის ძირითად მიზეზად ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები სამმილიონნახევრიანი გერმანული ეთნიკური უმცირესობის უკმაყოფილება დაასახელა. პუტინი, უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროებას, 2014-სა თუ 2022 წელს, თავის უკრაინაში შეჭრის მიზეზად ხშირად ასახელებს. მე თავად ვარ რუსულენოვანი უკრაინელი და პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ პუტინი სიცრუეს ამბობს. უკრაინა ორენოვანი ქვეყანაა, სადაც რუსული უკრაინულივით გავრცელებულია. უკრაინაში რუსულენოვან მოსახლეობას იმაზე უფრო ფართო პოლიტიკური უფლებები აქვთ, ვიდრე ეს პუტინის რუსეთში მცხოვრებ მათ კოლეგებთან დაკავშრებით შეგვიძლია განვაცხადოთ.
ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრებ ეთნიკურად გერმანელთა ჩაგვრაზე დამწუხრებულ ჰიტლერს, გერმანიაში ებრაელთა დევნა ხუთი წლის დაწყებული ჰქონდა. ფაქტობრივად, პირველი საკონცენტრაციო ბანაკები უკვე 1933 წელს გამოჩნდნენ და 400 დადგენილებაც გამოცემული იყო ებრაელთა საჯარო და კერძო უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. პუტინი, უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ყირიმის 2014 წლის ანექსიის შემდეგ, ყირიმელ თათრებს სასტიკად უსწორდებოდა, რისი უამრავი მტკიცებულებაც არსებობს.
თავის გამოსვლაში ჰიტლერმა ჩეხების, როგორც ერის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა, ისინი ,,ე.წ. ჩეხ ერად“ მოიხსენია და ვერსალის ხელშეკრულების (1919) დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის შემდეგაც ,,ჩეხოსლოვაკიის ანომალიური სახელმწიფო“ შეიქმნა. ჰიტლერის მსგავსად პუტინი თავის გამოსვლაშიც ამტკიცებს, რომ ,,უკრაინელებს ნამდვილი სახელმწიფოს ქონის ტრადიციები არასოდეს ჰქონიათ“ და საუკუნოვანი ერის (რომელიც მოსკოვის დაარსებამდე არსებობდა) ჩამოყალიბებას ,,ბოლშევიკურ, კომუნისტურ რუსეთს მიაწერს.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩეხოსლოვაკიასთან დაკავშირებით არსებული ჰიტლერის სტრატეგია, უკრაინაში პუტინის სტრატეგიას ძალიან წააგავს. ორივეს მხარს უჭერდა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ორივეს ჰყავდათ უცხოეთში ის სასარგებლო იდიოტები, რომლებსაც ზემოთმოყვანილი ნონსენსების დაჯერება სურდათ.
ჰიტლერი ყველაზე მეტად პირველი მსოფლიო ომის (1918) შემდეგ გერმანიის დამარცხებასა და დამცირებაზე სწუხდა. პუტინი კი განსაკუთრებულად საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლის (1991) გამოა დადარდიანებული, რასაც იგი ,,მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს.“ პუტინს ჯერა, რომ რუსეთის იმპერიის გარკვეული ვერსიების აღდგენა კვლავაც შესაძლებელია და ამიტომ, მისი უშუალო მიზანი უკრაინაში შეჭრაა. თუმცა, საკმაო მიზეზი არსებობს იმაში დასარწმუნებლად, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება.
ჰიტლერის სიტყვა შემდეგ დაპირებას მოიცავდა: ,,განვაცხადე, რომ საფრანგეთსა და გერმანიას შორის საზღვარი საბოლოოა. გერმანიას დასავლეთში ინტერესები არ აქვს, ხოლო ჩვენი დასავლეთის კედელი კი მუდამ იქნება რაიხის დასავლეთი საზღვარი.“ დღეს ჩვენ ვიცით თუ სად დასრულდა ეს ყოველივე. აღსანიშნავია, რომ მეზობელი სახელმწიფოების (განსაკუთრებით ბალტიისპირეთისა და პოლონეთის საზღვრების მთლიანობის შესახებ) პუტინი გარანტიებს არ იძლევა. დანარჩენზე კი თავად პუტინის მოქმედებები მეტყველებს: მან დნესტრისპირეთში მოლდოვის საზღვრები დაარღვია (1992), ანექსირება მოახდინა საქართველოს ორი რეგიონისა (2008) და უკრაინის თითქმის მეშვიდედის (რაც 2014 წელს დაიწყო და 2022 წელს დაასრულა).
1938 წლის 30 სექტემბრის მიუნხენის პაქტით, ჩეხოსლოვაკია იძლებული გახდა, რომ საკუთარი ტერიტორიების დიდი ნაწილი დაეთმო და ჰიტლერისთვის საკუთარი გერმანულენოვანი ტერიტორიების ოკუპაციის ნება მიეცა. თუმცა, ევროპელი ლიდერების მხრიდან, ჰიტლერის დამშვიდებისადმი გადადგმულმა ამ ნაბიჯმა ფიურერი აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ უფრო წაახალისა. მსგავსადვე, მინსკის შეთანხმებამ (2015), რომელიც უკრაინისთვის სრულად წამგებიანი იყო, კრემლს საშუალება მისცა, რომ გაყინული კონფლიქტი უკრაიის დესტაბილიზაციისთვის გამოეყენებინა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ტანკების შესვლით, პუტინმა ყველა ის ადრეული შეთანხმებები (მათ შორის მინსკის) გააუქმა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემდნენ.
ჰიტლერი მოქმედებდა როგორც დიქტატორი, საკუთრ თავს გერმანელ ერთან აიგივებდა და გერმანიის მსხვერპლს მოითხოვდა. პუტინი არ იცვლება და ომის ლოგიკით დიქტატორი გახდება, რაც დანარჩენი მსოფლიოსადმი შეწინააღმდეგებას ნიშნავს.
მეორე მსოფლიო ომში უკრაინა, ბელორუსი და პოლონეთი ,,სისხლიანი მიწები“ გახდნენ, რომლებმაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ზარალი მიიღეს. თუკი პუტინი კიევში გადაინაცვლებს, პრეზიდენტ ბაიდენის ფრაზა, რომ ნატო სამხედრო გზით მხოლოდ საკუთარ მოკავშირეებს დაიცავს, საკარისი აღარ იქნება კონფლიქტის შესაჩერებლად. 1938 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ავსტრიის ანექსია და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 75-80 მილიონი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდებოდა. ანალოგიურად, პუტინის მიერ ყირიმის ანექსიამა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციამ შეიძლება ჩვენი საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა გამოიწვიოს. მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები შეიძლება მსოფლიოს ამ კატასტროფის აღქმასა და მის პრევენციაში დაეხმაროს?
პოლ გავრილიუკი, (Paul Gavrilyuk), წმინდა თომა აქვინელის უნივერსიტეტის (მინესოტა) თეოლოგიისა და ფილოსოფიის განყოფილების ხელმძღვანელია.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.