მთავარდიაკონი იოანე ხრისავგისი (John Chryssavgis)

ცოტა (ან საერთოდ არავინ) თუ დაადანაშაულებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს (ან, როგორც რუსებს უყვართ, ,,სრულიად რუსის პატრიარქს“) კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში (ან საომარ დანაშაულებში), იმ მიზეზით, რომ მან ხელი არ შეუშალა უკანონო და უსამართლო სამხედრო აგრესიას, რომელმაც ბოლო დღეების მანძილზე უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ამავდროულად კი ბევრი (ან უმეტესი) დაეთანხმება იმ აზრზს, რომლის მიხედვითაც, სასტიკი მოქმედების გამო, პრეზიდენტი პუტინი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
თუმცა პუტინი, საერთაშორისო კანონმდებლობის აშკარა დარღვევის დროსაც კი, საიმედო და მორალური მხარდაჭერის გარეშე (იქნებოდა ეს მდუმარედ თუ მკაფიოდ გამოხატული) მსოფლიო წესრიგს ვერასოდეს ვერ დააზიანებდა. რუსეთში სახელმწიფოცა და ეკლესია მსოფლიო რუსეთზე, ,,რუსულ სამყაროზე“ (Русский мир) ოცნებობს. მაგრამ, როდესაც ხელთათმანებსა და ქურქებს მოიხსნიან, ერთი მეორეს საკუთარი ინტერესისამებრ ან ირედენტიზმისთვის იყენებს და ორივე ისედაც პოლარიზებული სამყაროს უფრო მეტად დაყოფას ცდილობს.
ედუარდ გიბონმა დიდი ხნის წინ იხუმრა: ,,ტახტრევანსა და საკურთხეველს შორის იმდენად მჭიდრო ურთიერთობაა, რომ ეკლესიის ბაირაღი ხალხის მხარეს იშვიათად თუ დგას.“ ბოლოს და ბოლოს, პუტინითვის ეკლესია უბრალო ინსტრუმენტი და კიდევ ერთი ისარია, რომელიც საბჭოთა კავშირის, ათეისტური სახელმწიფოს აღსადგენადაა საჭირო. მაგრამ ამჯერად, იგი ქრისტიანული თეოკრატიის საფარველქვეშ მოქმედებს, რომელიც რომანოვების დინასტიის სახით განახლდა (და რომლის ორთავიანი არწივიც რუსეთის მასშტაბით ნამგალმა და ურომ შეცვალა). კირილის მსგავსად, ისიც ძალიან ბედნიერია, რომ ვალდებულია ხელახლა შექმნას ძლიერი საეკლესიო მანქანა, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნება მხარდაჭერილი. ეკლესიისა და სახელმწიფოს ხაზებში ბუნდოვანება არ შეინიშნება. რაც შეეხება მათ ,,ჯარისკაცებს“ (მიწიერ თუ სულიერ მებრძლებს), მხოლოდ ღმერთმა უწყის თუ რისთვის იბრძვიან.
გადამწყვეტი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ვპასუხობთ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის ამ 9/11-ს. ჩემი მეგობრები და კოლეგები გეოპოლიტიკურ ასპექტებსა და მათთან დაკავშირებულ იდეოლოგიებს განიხილავენ. საშინელ დანაშაულებზე მხოლოდ აკადემიური განხილვებით რომ არ შემოვიფარგლო (იქნება ეს სოციოლოგიური, საეკლესიო, ფსიქოლოგიური თუ გეოპოლიტიკური), მსურს ჩემი პიროვნული გადმოსახედიდან და გამოცდილებიდან ვისაუბრო. მჯერა, რომ ომის მძვინვარების ჟამს, მკითხველი გაიაზრებს თუ რატომ ვიკავებ თავს ჩავუღრმავდე ისტორიისა თუ თეოლოგიის, ეკლესიოლოგიისა თუ კანონიკური სამართლის საკითხებს.
როგორც სასულიერო პირი, ჩემს სიცოცხლეში არასდროს ვყოფილვარ ასე შეძრწუნებული ჩემს ეკლესიაში მყოფი მეთაურების ბოლო პერიოდის პათეტიკური რეაქციების გამო. იმ დროს, როდესაც ისინი მათეს სახარების 25-ე თავში არსებულ ,,სამსჯავროს პასაჟებთან დაკავშრებით“ წინასამარხვო ქადაგებების მოსამზადებლად მიიჩქაროდნენ ან ხორცისგან (ხერხემლიანი ცხოველების ხორცისგან) თავშეკავების შესახებ მოუწოდებდნენ ხალხს, უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომზე ყველაზე უფერული განცხადებები გააკეთეს და ვერ შეძლეს, რომ ლოცვისადმი მოწოდებას მიღმა რამე ღირებული ეთქვათ, თან იმ ფონზე, როდესაც უსამართლობის ხილვისას თავად ქრისტეც კი არ მალავდა აღშფოთებას.
მე მაშინაც გამიკვირდა, როდესაც მათ COVID-19-თან დაკავშრებით სრული უმეცრებისა და უპასუხისმგებლობის პოზიცია დაიკავეს, მაგრამ არ შემეძლო ლოცვისადმი მხურვალე მოწოდებები, მასობრივი სიკვდილის შემდგომ რეაქციებთან არ შემედარებინა. რა თქმა უნდა, ისიც არ გამკვირვებია, რომ უკრაინელი მართლმადიდებელი ძმებისა და დების ,,დაცვის უფლებისთვის“ ის ეპისკოპოსები ქუჩაში არ გამოსულან, რომლებიც ,,სიცოცხლის უფლებისთვის“ დემონსტრაციებს აწყობდნენ. პაპმა ფრანცისკემაც კი დატოვა თავისი სამყოფელი, ჩაჯდა ფიატში და რუსეთის ელჩთან პირისპირ შესახვედრად გაეშურა. კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ცალსახად დაგმო. ხოლო მსოფლიო საპატრიარქო კი უკრაინის საზღვრებს გარეთ არსებული ერთადერთი ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც რუსეთის არაპროვოცირებულ მოქმედებებს, როგორც ,,ადამიანის უფლებების დარღვევასა და ადამიანთა წინააღმდეგ მიმართულ სასტიკ ძალადობას“ ისე გმობს.
რეალობა ისაა, რომ საუკუნეთა მანძილზე, მართლმადიდებელი ეკლესიები არ მუშაობენ საკუთარ მორწმუნეებთან, რომ მათ ისეთი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბონ, რომელიც სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევებს წინ აღუდგება და დაცემული სახელმწიფოს წარუმატებლობებს შეეწინააღმდეგება. რეალობა ისაა, რომ ისტორიის უმეტეს პერიოდში, ისინი ან მტკივნეულად გადაიხლართნენ სახელმწიფოსთან, ან გაუმართლებლად დაემორჩილნენ მას და ახლა რთულად თუ დადგებიან იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ეკლესიის უმოქმედობასა და სახელმწიფოს მიერ გამოვლენილ უმეცრებას ეწინააღმდეგებიან. რაოდენ ტრაგიკულია, რომ მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგში (და რუსეთის სხვა ადგილებში) უშიშარი დემონსტრანტები ზემოთნახსენები თანადგომის გარეშე დარჩნენ.
როგორც ამერიკელს, ცხოვრებაში არასდროს ასე არ გამკვირვებია პუტინისადმი მხარდაჭერა და მისი კრიტიკის პარტიზანული რღვევა, რაც ერთ დროს საჯაროდ მიღებულ ნორმებს ანადგურებს. იგივე მსოფლმხედველობითი დაპირისპირება აისახება შიდა კონტექსტზეც აისახება, სადაც ძირითადი ნორმები, ასევე, საფრთხის ქვეშ დგანან. იმის თქმაც შეიძლება, რომ გარკვეული მკვლევრების მხრიდან, პუტინის ჭკვიანური სტრატეგიით ან ღირსეული იდეალებით აღფრთოვანება უპრეცენტენტოა და მათ მხოლოდ ის მართლმადიდებელი ქრისტიანები შეგვიძლია შევადაროთ, რომლებიც პუტინის ძლიერი რწმენითა და ღრმა ღვთისმოსაობით არიან აღტაცებულნი.
გულწრფლად ვიმედოვნებ, რომ ჩემი თანამემამულე ამერიკელები არ შემოიფარგლებიან ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ ფასების ზრდაზე ყურადღების გამახვილებით, რომელსაც ადმინისტრაციის მხრიდან ბოდიში მოჰყვება და რაც საბოლოოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ამცირებს ხოლმე. იმედია, ბოლო ევროპული ომიდან დუმილისა და გულგრილობის საშიშროების (რაც ჰიტლერისადმი დიდხნიანმა ლოდინმა გამოიწვია) შესახებ ვისწავლეთ. იმედი მაქვს ისიც გავიაზრეთ, რომ მსოფლიო წესრიგია (და არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლება) ახლა საფრთხეში, რის შესახებაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, კიევიდან (როგორც როგორც უდაბნოში მყოფმა მღაღადებლის ხმამ) გაბედულად ისაუბრა.
პუტიმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო წესრიგი, კირილმა კი საშინლად უგულვებელყო საეკლესიო წყობა და მსოფლიო პატრიარქთან თანაზიარება გაწყვიტა, რაც ამ უკანასკნელის მიერ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ავტოკეფალიის მინიჭებით იყო გამოწვეული (უკრაინის ეკლესიის მხრიდან ავტოკეფალიის მოთხოვნა, კირილის სამწყემსო [რუსის] სივრციდან გასვლასაც ნიშნავდა). საერთაშორისო საზოგადოების (მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების) რეაქცია გასაზღვრავს თუ როგორ იმოქმედებს კანონმდებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო რელიგიური საზოგადოების (მათ შორის მართლმადიდებლური) პასუხი კი გრძელვადიან პერსპექტივაში სიყვარულის გავრცელებას განსაზღვრავს.
რწმენამ მასწავლა, რომ ჯაჭვური რეაქციის ფონზე, პროგრესი არათუ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალიც კია. ნებსით თუ ინებლიედ, რაღაც მომენტში რუსეთი იძულებული იქნება, რომ უარი თქვას თავის ისტორიულ ოცნებებზე ან იდეოლოგიურ ბედზე და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ოცდამეერთე საუკუნეში განაგრძოს სლვა. იმის მიუხედავად ეს ფაქტი მართლმადიდებელ მეთაურებს მოსწონთ თუ არა, მსოფლიომ, რაღაც მომენტში შეიძლება უკან დაიხიოს, მაგრამ, ამის წილ, იგი აუცილებლად გააგრძელებს წინ სლვას.
ხანდახან, ისტორიამ შეიძლება გამობრძმედილ ავკაცებს (საეროსა თუ სასულიეროს) აამოს. მაგრამ ისტორია არასოდეს არ აამებს ისეთ უსირცხვილო ავკაცებს, რომლებიც საკუთარი ამომრჩევლის მოხიბვლასაც კი არ ცდილობს. თეოლოგიიდან ცხადად ვისწავლე, რომ ღვითის შორსმჭვრეტელი პერსპექტივით, ბოროტება სიკეთეს ვერასოდეს ვერ გარდაემატება. ცოდვას საბოლოო და მარადიული სიტყვა არასოდეს არ ეკუთვნის. მარადიული არც პუტინის ურჩხული იქნება და არც კირილის პასიურობა.
დოქ. იოანე ხრისავგისი (John Chryssavgis) ამერიკის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს მთავარდიაკონია.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.