კატეგორიის გარეშე

რუსული მართლმადიდებლური მედია დაყოფილ სახლს აჩვენებს და საკუთარი თავის ეწინააღდეგება

Published on: მარტი 1, 2022
Total views: 14
Readers' rating:
0
(0)

იაკობ ლასინი (Jacob Lassin)

iStock.com/urfinguss

რუსეთის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული არაპროვოცირებული ომი, ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს ქმნის. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას (რომელიც უკრაინის ეკლესიისადმი მსოფლიო პატრიარქის მიერ ავტოკეფალიის მინიჭებიდან გამომდინარე გაჭიანურებულ კონფლიქტში ისედაც მონაწილეობდა) უფრო დიდი ბრძოლა ელოდება საკუთარი სამწყსოს ერთიანობის შესანარჩუნებლად. 

მიმდინარე კონფლიქტში მოსკოვის საპატრიარქოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. პატრიარქი კირილი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ხანდახან ენთუზიაზმით უჭერენ მხარს, ხანაც კი მდუმარედ უყურებენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას, სეპარატისტთა მხარდაჭერასა და ყირიმის ანექსიას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, უკრაინასა და რუსეთში, 2014 წლიდან მოყოლებული ევრომაიდნისა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობების დისკრედიტაციაზე მუშაობს, ხოლო 2018 წლიდან კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლეგიტიმურობას აყენებენ ეჭვქვეშ. ახლა, როცა რუსული ჯარები უკრაინელებს ესხმიან თავს, ჩვენ ვხედავთ, მედია და რიტორიკა თუ როგორ ყოფს ერთმანეთისგან მართლმადიდებელ ქრისტიანებს (თვით მოსკოვის საპატრიარქოშიც კი).

23 თებერვალს, პუტინის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე, რუსეთში ,,საშმობლოს დამცველთა“ დღე აღინიშნებოდა. ეს გახლავთ დღესასწაული, რომელიც სამხედროებსა და ვეტერანებს ეძღვნება. ამ დღეს, პატრიარქმა კირილმა რუსი ჯარისკაცები და მათი მოქმედებები პირდაპირ აკურთხა. როგორც სერგეი ჩაპნინი, Public Orthodoxy-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, კირილი, რუსის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თითქმის მთელი დღე დუმდა, ხოლო შემდეგ კი საკმაოდ უხეში და პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა, რომელშიც რუსეთის მოქმედებებს სხვის ტერიტორიაზე შეჭრად არ განიხილავს და არც პუტინს არ მიმართავს პირდაპირ.

მოსკოვის საპატრიარქს ოფიციალური საიტი Patriarchia.ru,  დონბასიდან რუსეთში წასულ ლტოლვილთათვის აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს პოზიცია კრემლის ცრუ განცხადებებს უჭერს მხარს, რომლის თანახმადაც დონბასში ჯარების გაგზავნის მიზეზი, რეგიონში რუსების ,,გენოციდის“ თავიდან არიდება იყო. თუმცა, დანარჩენ ქვეყანაში არსებული უკრაინელების შესახებ მხოლოდ სიჩუმეს ვხედავთ.

რუსული ეკლესიის საიტების სხვადასხვა ენოვან განყოფილებებშიც სერიოზული განსხვავებები შეიძლება ვნახოთ, რაც კონკრეტული აუდიენციისთვის შეცვლილი ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება. ამგვარი მიდგომა მოსკოვის საპატრიარქოს იერარქების განცხადებებშიც შეიმჩნევა. მაგალითად, 24 თებერვალს, კიევის მიტროპოლუტმა უნიფრიმ (უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის ხელმძღვანელი), საკმაოდ მძლავრი განცხადება გაავრცელა, რომელშიც პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ეს უკანასკნელი ერთადერთი არსებითი მიმართვაა, რომელშიც მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი პუტინის აგრესიული ომის შესახებ საუბრობს. ეს განცხადება Orthochristian.com-ზე თარგმნილი სახითაა ხელმისაწვდომი, თუმცა, თუკი მას Pravoslavie.ru-ზე განთავსებულ ტექსტს შევადარებთ, საკმაოდ შესამჩნევ განსხვავებებსაც ვიპოვნით. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საიტს პუტინისა და უკრაინასთან მისი უსამართლო ომის გაკრიტიკება არ სურს, მაგრამ მსოფლიოში არსებული სიტუაციაც კარგად ესმის და ამიტომ აქვეყნებს რუსი სასულიერო პირის განცხადებას, რათა მსოფლიომ უკრაინელი იერარქის მშვიდობისაკენ მოწოდება ნახოს.

რათა ეს გადაწყვეტილება ვინმემ რიგითი ინტეტ საიტის მოქმედებად არ ჩათვალოს, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ Pravoslavie.ru, მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი მართლმადიდებლური საიტია. იგი, ტიხონ შევკუნოვის მიერ (აწ უკვე ფსკოვის მიტროპოლიტი), მოსკოვის შუაგულში, სტერენსკის მონასტერში დაარსდა. მოსკოვის საპატრიარქოში ტიხონი გავლენიანი და პოლარიზებული ფიგურაა, მას  ,,პუტინის მოძღვარსაც“ უწოდებენ და იგი მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთში მოქმედ უშიშროების ძალებთან.

ტიხონი რუსული ისტორიული ნარატივის ნაციონალისტური ტონით გაფორმების მცდელობის მთავარი ინიციატორიც იყო. მან, მთელი რუსეთის მასშტაბით, მულტიმედიური მუზეუმების შექმნის ინიციატივა წამოაყენა, რასაც სახელად უწოდა: ,,რუსეთი- ჩემი ისტორია.“ ეს დაწესებულებები რუსეთის ისტორიის ისეთ აღქმას გვთავაზობენ, რომლის მიხედვითაც რუსეთის ყოველი პრობლემა საზღვარგარეთიდან მომდინარეობს. ამასთანავე, მიმდინარეობს იმ ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის პირდაპირი აგიტაცია, რომელიც მონარქიზმსა და კლერიკალიზმს უწყობს ხელს. პუტინის განცხადებით (23 თებერვლის), ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ისტორიული ნარატივი, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმძღვანელო ხდება.

კიდევ ერთი სააგენტო, რომელიც ამ კონფლიქტში წარმოდგენილი მართლმადიდებლური მედიის როლს ასრულებს, ,,მართლმადიდებელ ჟურნალისტთა გაერთიანება გახლავთ.“ ესაა უკრაინაში ვიქტორ ვიშნევეცკის მიერ დაარსებული ახალი ამბების სააგენტო. აღნიშნული პიროვნება უკრაინელი ოლიგარქია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული მოსკოვის საპატრიარქოსთან. სააგენტო ევრომაიდნის შემდეგ პრორუსული შეხედულებების გასავრცელებლად და მოსკოვის საპატრიარქოს მხარდასაჭერად შეიქმნა.

,,მართლმადიდებელ ჟურალისტთა კავშირი“ აქტიურად ავრცელებს ისეთ სტატიებს, რომლითაც მსოფლიო საპატრიარქოს შეერთებული შტატების ხელში არსებულ სათამაშოდ სდებს ბრალს; სთესავს შიშს, რომ დასავლეთი უკრაინაში LGBTQ+ ,,ღირებულებათა“ გავრცელებას ცდილობს და ყველანაირად გმობს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც მოიხსენიებს, როგორც სქიზმატად და არაკანონიკური ხელდასხმის ჯაჭვის მქონე ინსტიტუტად, რომელშიც ჭეშმარიტი საიდულოებები და ავტორიტეტი არ არსებობს. ამ ,,კავშირის“ მთელი რიტორიკა იქითკენაა მიმართული, რომ უკრაინელ მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორის მათი თანამოძმე მოქალაქეებისადმი შიში გააჩინოს და ის აზრი გაავრცელოს, რომლის თანახმადაც გადარჩენის ერთადერთი იმედი მხოლოდ რუსეთს ემყარება. პუტინის მიერ ომის გამოცხადებამდე, საიტი, მოსკოვის საპატრიარქოდან გამოსულ განცხადებებს (რომლებიც მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული), უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ, გამარჯვებისაკენ მიმართული ბრძოლის მოწოდებებით უპირისპირდებოდა. ახლაც კი, იგი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებულ პირებს, მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირებისა და მრევლის დატერორებაში სდებს ბრალს.

ისინი საერთოდ არ საუბრობენ უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებებზე.

ოფიციალურ განცხადებებსა და მედიაში გავრცელებულ გარკვეულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომლებიც ეფუძნებიან რუსულ, უკრაინულ და საერთაშორისო მასალებს, შეიძლება იმის თქმა, რომ მოსკოვის საპატრიარქო უმეთვალყურეოდ ტოვებს უკრაინაში მყოფ საკუთარ ძმებსა და დებს და მხოლოდ იმათ ეხმარება, რომელთა ,,გადარჩენასაც“ პუტინი გადაწყვეტს.


იაკობ ლასინი (Jacob Lassin) პოსტ-სადოქტორო პროგრამის მკვლევარია (Melikian Center for Russian, Eurasian and East European Studies).

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.


About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu