კატეგორიის გარეშე

აქვს თუ არა ევროპას საფუძველი, რომ ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას მხარი დაუჭიროს?

Published on: მარტი 9, 2022
Total views: 27
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 6 minutes

მამა ბოგდან ოგულჩანსკი (Fr. Bohdan Oghulchanskij)

istock.com/FabrikaCr

მე, ბოგდან ოგულჩანსკი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ამ ტექსტს 2022 წლის 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის მასობრივი შეჭრის მეოთხე დღეს ვწერ. არ ვიცი თუ რა მდგომარეობა იქნება ამ ტექსტის გამოქვეყნებისას. მობილური ტელეფონი შეფერხებით მუშაობს და ინტერნეტთან წვდომა მიჭირს. დღისა თუ ღამის მანძილზე, არაერთხელ, დაბომბვის მანიშნებელი სირენების  ჩართვისას, მე და ჩემს ოჯახს თავშესაფარში გაქცევა მოგვიხდა. თუმცა, მკითხველებისთვის (განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებს გარეთ მყოფთათვის, რომლებსაც, რუსეთის მიერ, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზები არ ესმით) სიმართლის თქმა მინდა. რატომ ხდება ასე? რა გააკეთეს ისეთი ევროპამ, დემოკრატიულმა სამყარომ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც თავისუფლებას, ღირსებას და ადამიანთა ცხოვრების ფასეულობას იცავენ, რამაც, ევროპაში, 1945 წლის შემდგომ პირველად, ასეთი საზარელი სისხლისღვრა გამოიწვია. 

ტექსტს ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებიდან გამომდინარე ვწერ. უპირველესად, ჩემი დაკვირვებები რუსეთის მიერ შექმნილ იმ ინფორმაციებს ეყრდნობა, რომლებიც 2014 წლამდეც კი საკმაოდ  წონადნი იყვნენ. რუსეთმა მნიშვნელოვანი გავლენები 2014 წლის შემდგომაც შეინარჩუნა. ჩემი დაკვირვებები პირად, სამღვდელო, თითქმის  ოცდაათწლიან გამოცდილებასაც ეყრდნობა (რომელშიც მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მსახურებაც შედის) და აქედან გამომდინარე შემიძლია დავამოწმო თუ როგორ შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის ეკლესიის რიტორიკა და ნარატივი. ჩემი აზრით, რუსულ საეკელსიო პოლიტიკას, დღევანდელ ტრაგედიაში დიდი იდეოლოგიური წვლილი მიუძღვის.

1990-იანების დასაწყისის რუსულ საზოგადოებასა და მართლმადიდებელ ქრისტიანებში, მცირე დროის მანძილზე, პიროვნული თავისუფლება და ღირსება უმთავრეს პრიორიტეტად ითვლებოდა. თუმცა, რუსეთის ისტორიისთვის, ადამიანისა და მისი ღირსებისადმი ამგვარი დამოკიდებულება, იშვიათი გამონაკლისია. საუკუნეთა მანძილზე, მილიონობით ადამიანი ცარებისა თუ ბოიარების, საბჭოთა სისტემისა და სტალინის ,,შრომით-გამოსასწორებელი“ ბანაკების“ უღელქვეშ იყვნენ. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ამ ყოველივეს მთელი ერი აპროტესტებდა. როგორც მეოცე საუკუნის რუსი პოეტი და საუკუნის მწუხარების მომღერალი ანა ახმატოვა (რომელიც წარმოშობით უკრაინიდან, კიევიდან იყო) მეტაფორულად ამბობდა: ,,ადამიანთა ერთი ნახევარი გულაგებში იყვნენ, მეორე ნახევარი კი მათ დარაჯობდა.“ უამრავმა ასეთმა დარაჯმა ზემოთაღნიშნული ძალაუფლება მიიღო. ისინი სუსტებზე ძალადობდნენ, მათზე, ვინც სისტემას არ ემორჩილებოდნენ. ძალაუფლების სისტემის (სისტემისა, რომლის მსოფლმხედველობაც ძალადობრივი გზით ჩამოყალიბდა) შემადგენელი მილიონობით ელემენტი სიხარულით ასრულებდა ბრძანებებს, მაშინაც კი, როდესაც ამ ყველაფერს მილიონობით ადამიანის დაღუპვა მოჰქონდა შედეგად. მილიონობით ადამიანი განადგურდა, მაგრამ ამგვარ სისასტიკეზე მორალური ან იურიდიული პასუხისმგებლობა არავის აუღია. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ნიურბერგის პროცესის მსგავსი რამ არ გამართულა. სტალინისა და ბრეჟნევის პერიოდის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები სიკვდილამდე (ზოგი დღესაც ცოცხალია) გაზრდილ პენსიას იღებდნენ და საკუთარი ჩინ-მედლებით ამაყობდნენ. ამ ადამიანებს შორის ძალიან სერიოზული დამნაშავეებიც იყვნენ, მაგალითაც ისეთები, რომლებმაც 1945 წელს, გერმანიაში, საბჭოთა კავშირის შესვლის შემდეგ მილიონობით გერმანელის (და უმეტესად უდანაშაულო ქალების) წინააღმდეგ საზარელი დანაშაულები ჩაიდინეს. ამ ყველაფრის გამო არავინ არ დასჯილა.

ამგვარად, რუსული საზოგადოება ძალადობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევას ნორმალურ მდგომარეობად აღიქვამდა. ძალაუფლების მქონეთადმი დამორჩილება და რიგითი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრება, ძალადობაზე დათანხმება და მისი გავრცელება, მილიონობით რუსი ადამიანის ცხოვრების წესია. ათწლეულების განმავლობაში, რუსეთში მკვლელობისა და თვითმკვლელობის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო (ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები დაახლოებით 10 წლის წინანდელია, რა დროსაც, რუსეთთან დაკავშირებული მონაცემები, დღევანდელთან შედარებით უფრო მეტად სარწმუნონი იყვნენ).

ამავე დროს, რუსეთის მოქალაქეები (რომლებსაც უფლებებიც შეზღუდული აქვთ და ამას იღებენ) საკუთარი წარმოსახვითი სიდიადით ამაყობენ. დანარჩენ სამყაროზე უპირატესობა და ამით გამოწვეული სიამაყე ის ქვაკუთხედია, რომელზეც, საუკუნეთა მანძილზე, რუსული იდეოლოგია დაეფუძნა. ამ ყველაფერში დიდი როლი რუსული მართლმადიდებლობის იდეოლოგიამ შეასრულა, რომლის შესახებაც ქვემოთ დავწერ.

იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა საზოგადოებაში ძალადობა განუზომლად დიდი დოზით არსებობდა, საბჭოთა ხელისუფლება მაინც იმას ამტკიცებდა, რომ იგი ჰუმანური და ქველმოქმედი იყო, ხოლო ქვეყნის შიგნით კი ერებს შორის თანასწორობა არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანების დასაწყისში არსებულ მოჩვენებით ჰუმანიზმზე საუბარიც კი არ ღირს. ამ ყველაფრის შოკისმომგვრელი მაგალითი ჩეჩნეთის 1994-1997 წლების ომი იყო. ათობით (თუ არა ასობით) ათასი ადამიანი ემსხვერპლა საშინელ სამხედრო დანაშაულებს, რაც როგორც რუსულმა საზოგადოებამ, ასევე, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უბრალოდ გადაყლაპეს. ამ წლების მანძილზე, რუსული არმია იყო მოძალადეების, სადისტებისა და მკვლელების ჯარი, რაზეც ყურადღება არავინ არ გაამახვილა. ამგვარმა ინდეფერენტულობამ (რომელიც უმთავრესად დასავლეთიდან მოდიოდა), ჩეჩნეთის მეორე ომი, რუსული არმიის მონაწილეობით განხორციელებული სირიის გენოციდი და 2014 წელს დონბასიდან დაწყებული უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობები დაუშვა.

მას შემდეგ, რაც ნავთობისა და გაზის ფასებთან დაკავშრებული პრობლემების შემდეგ,  KGB-ს ყოფილი თანამშრომელი პუტინი (რა თქმა უნდა, KGB-ს ყოფილი თანამშრომლები არ არსებობენ)  ხელისუფლებაში მოვიდა, საბჭოთა კავშირის დაქცევისათვის სამაგიეროს გადახდის სურვილი შეუქცევად პროცესებში გადაიზარდა. ჩვენ ფსიქიატრები არ ვართ, რომლებსაც პუტინის გონებაში შეღწევა და იმის ზუსტად განსაზღვრა შეუძლიათ, თუ როდის გადაიზარდა საბჭოთა კავშირის (ან რუსეთის იმპერიის) აღდგენის იდეა პარანოიდულ მანიაში. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მთელი ეს შებღალული სიამაყე უკრაინისადმი რისხვისკენ იქნა მიმართული. უკრაინისადმი სიძულვილი 2014 წლის მაიდანის მოვლენების შემდეგ არ გაჩენილა, არამედ უფრო ადრე, 2000-იანებში, როდესაც პრეზიდენტ ბუშთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა სახელმწიფო არ იყო და მას არსებობის უფლება არ ჰქონდა.

რუსული საზოგადოების რეაქციას კრემლის მეთაურის სიცოფის განხილვის გარეშე გავაგრძელებთ. იგი ლევიათანის სახელმწიფოსთან შედარებით სუსტი და პათეტიკური აღმოჩნდა. უმეტესი რუსისთვის (განსაკუთრებით ყირიმის ოკუპაციის შემდეგ), სახელმწიფოს პროპაგანდა სერიოზული ცდუნება აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ნავთობისა და გაზის რესურსების მქონე ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა სიღარიბეში იტანჯება, ის ყირიმის ,,დაპყრობითა“ და რუსეთის გამარჯვებით მაინც აღფრთოვანებულია.

ყირიმის საზარელი ოკუპაციისა და უკრაინის აღმოსავლეთში განხორციელებული აგრესიის შემდეგ (რომელიც მიზნად ქვეყნის დაყოფას ისახავდა), პუტინს დაუსჯელობის სინდრომი ჩამოუყალიბდა, რადგან დასავლეთის სანქციები ძალიან არაეფექტური აღმოჩნდნენ. დღეს ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ცივილიზებული სამყარო ტერორისტის დაოკებას ცდილობს, იმ ტერორისტისა, რომელიც ჰიტლერის შემდეგ შეიძლება, რომ ყველაზე საშიში პიროვნება იყოს.

თუმცა, ჩემი ტექსტი, ძირითადად, არა რუსეთის სახელმწიფოსა და მის ლიდერს, არამედ იმ იდეოლოგიას ეხება, რომლის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილ ნარატივს ეფუძნება.

რელიგიური გამორჩეულობის განცდა და საკუთარი თავის ,,წმინდა რუსეთთან“, ,,მესამე რომთან გაიგივება (რომლის შემდგომაც მეოთხე რომი არ იარსებებს“) რუსეთის რელიგიურ ცნობიერებაში რადიკალურ კონსერვატიზმად შემორჩა, თუმცა, იგი მე-19 და მე-20 საუკუნის უმეტეს პერიოდში, მეინსტრიმი ნამდვილად არ ყოფილა. ნაციონალიზმი, როგორც ამას ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, მართლმადიდებლობის მთავარი მახასიათებელია. თუმცა, იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში მაცხოვრებელი მცირერიცხოვანი ხალხებისთვის, მართლმადიდებლობის ამ ასპექტმა, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა, რუსეთთან დაკავშირებით უნდა განვაცხადოთ, რომ მართლმადიდებლობა ყოველთვის სახელმწიფოს ინსტრუმენტი იყო. რუსეთის ეკლესია სიხარულით მიაგებდა პატივს მონარქსა თუ იმპერიას, მათეულ ძალაუფლებას წმინდად აცხადებდა და სანაცვლოდ, პრივილეგიებსა თუ მხარდაჭერას იღებდა. რუსეთის რელიგიური ნაციონალიზმი გადარჩენის მოსურვე მცირერიცხოვანი ერის ნაციონალიზმი არაა. ეს უმთავრესად იმპერიული ნაციონალიზმია, რომელსაც მთელი აღმოსავლეთის დაუფლება სურს (მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების დასაწყისში, რუს გენერლებს, ეპისკოპოსებსა და უბრალო მღვდლებსაც კი სჯეროდათ, რომ კონსტანტინოპოლიცა და იერუსალიმიც მათ ხელში უნდა ყოფილიყო). როგორც მეოცე საუკუნის ცნობილმა რუსმა ფილოსოფოსმა ნიკოლაი ბერდიაევმა (რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო) განაცხადა, რუსული კომუნიზმი რუსული მართლმადიდებლობის მესიანური განვითარებაა, რომელიც მსოფლიოს ბატონობაზე აყენებს პრეტენზიას. 1991 წელს, კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ, როგორც რუსეთის ხელისუფლებამ, ასევე, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, იმპერიული ბაირაღი იპყრეს ხელთ და გლობალური გავლენების მქონე პრეტენზიები წამოაყენეს.

რუსეთის ეკლესიის იმპერიული მახასიათებლები განსაკუთრებით პატრიარქ კირილის აღსაყდრების (2009) შემდგომ გამოიკვეთა. სხვა პერიოდებში, იმის მიუხედავად რომ ეკლესია, როგორც ინსიტუტი, იმპერიას სცემდა თაყვანს, მის სხეულში იყვნენ ისეთი ინდივიდები, რომლებიც ქრისტეს მცნებათა აღსრულებას ცდილობდნენ და არა ოფიციალური იდეოლოგიისადმი მორჩილებას. მაგალითად, საბჭოთა დროს, როდესაც ეპისკოპოსები ხელისუფლებას ღიად ემორჩილებოდნენ, ცალკეული სასულიერო პირები მაინც არსებობდნენ, რომლებიც ქრისტიანულ თავისუფლებას იცავდნენ. იმის მიუხედავად, რომ ისინი დედაქალაქისგან მოშორებულები იყვნენ, საკუთარი საქმიანობის აღსრულება და ხალხზე ზრუნვა მაინც არ ეკრძალებოდათ. თუმცა, პატრიარქმა კირილმა, თავისი პიროვნული ამბიციებიდან გამომდინარე, ეკლესიაში, საკუთარისგან განსხვავებული ყოველგვარი პოზიცია აღმოფხვრა. იგი, მიჰყვებოდა რა რუსეთის ხელმძღვანელს, საკუთარ იმპერიაში, ეკლესიაში, აბსოლუტური მონარქისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა დაიწყო. ე.წ. ,,სინოდალურობის“ ყოველგვარი გამოვლინება (რომლითაც ასე ამაყობდა ზოგიერთი ფილოსოფოსი), სწრაფად გაქრა. სამრევლო საკუთრებების მფლობელობაც ეკლესიის ახალი წესდების მიხედვით შეიცვალა, სახელდობრ, ისინი ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის საკუთრება გახდნენ. პატრიარქი კირილი სრულად აკონტროლებს ეპისკოპოსებს და ამგვარად, იგი, საკუთარ იმპერიაში, აბსოლუტური მონარქი გახდა.

ყოველწლიურად, პატრიარქისა და მისი წარმომადგენლების რიტორიკა უფრო მკაცრდებოდა და ნაციონალური შოვინიზმის ელემენტებს იკრებდა. ამ ყველაფერში რუსული არმიისადმი ლოიალურობას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. კაპელანები სამხედრო ნაწილების განუყოფელი წევრები გახდნენ. 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციით რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ხოლო სასულიერო პირებმა სხვადასხვა სამხედრო ღონისძიებებში მონაწილეობით (რომლებსაც კირილი არ ესწრებოდა) ხელუსუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

2014 და მომდევნო წლები, უკრაინაში მყოფი რუსული ეკლესიისთვის (UOC-MP) გამოცდის პერიოდი იყო. 1991 წლიდან (უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შემდეგ), უკრაინაში საეკლესიო დამოუკიდებლობის მოძრაობაც გაძლიერდა, რომლის საერთაშორისო აღიარებასაც რუსეთის სახელმწიფო და ეკლესია (ეკონომიკური, პროპაგანდისტული თუ სხვა საშუალებებით) ყველანაირად უშლიდა ხელს.  საერთაშორისო დონეზე, უკრაინას ყოველთვის მოსკოვის საპატრიარქო წარმოადგენდა, რაც არსებითაც იმაზე მიუთითებდა, რომ მსოფლიო ქრისტიანობა (განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობა) რუსეთის მიერ უკრაინის კონტროლს ეთანხმებოდა. ეს კონტროლი შედარებით მსუბუქი იყო მანამ სანამ UOC-MP-ს მიტროპოლიტი ვლადიმერი წინამძღვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ (2014), UOC-MP-მ დამოუკიდებლობის ნიშნები დაკარგა. რუსი მილიარდელი ვადიმ ნოვინსკი (რომელმაც პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს რუსული პასპორტი მიიღო), სისტემის მთავარი სპონსორი და ,,რუხი კარდინალი“ გახდა. ნოვინსკი (მიტროპოლიტ ანტონის მსგავსად, რომელიც ონუფრის შემდეგ უკრაინაში ყველაზე გავლენიანი რუსი ეპისკოპოსია და მის მემკვიდრედაც მოიაზრება) ყოველთვის მიტროპოლიტ ონუფრის მხარეს დგას.

2019 წლის დასაწყისში, უკრაინის პრო-უკრაინული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების გაერთიანების (და პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციის დიპლომატიური ძალისხმევის) წყალობით, განახლებული უკრაინული ეკლესია (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელწოდებით- OCU), მსოფლიო საპატრიარქოსა და მსოფლიოს მართლმადიდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალობით, ავტოკეფალურად იქნა აღიარებული. ამ მოვლენამ არა მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს ისტერიული რეაქცია (რომელმაც კონსტანტინოპოლთან და OCU-ს მაღიარებელ სხვა ეკლესიებთან კავშირი გაწყვიტა), არამედ რუსეთის პრეზიდენტის რისხვა და გაღიზიანებაც გამოიწვია. OCU-ს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად გამოცხადების საპასუხოდ, მან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა, რომელზეც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ მოვლენად გამოაცხადა. ამით მან, თავის მიერ ადრევე წარმოთქმული სიტყვები დაადასტურა: რუსეთის დამოუკიდებლობის (რასაც იგი საკუთარ იმპერიას უწოდებს) გასაღები ბირთვული იარაღები და რუსული ეკლესიაა (რაც უკრაინული მართლმადიდებლობის რუსეთის ნაწილად აღქმასაც გულისხმობს). ამით, მან აღიარა, რომ რუსული მართლმადიდებლობა (თავისი უკომპრომისო და გამორჩეული ფორმითა და სხვა სახის ქრისტიანებისადმი გამოვლენილი ამპარტავნობითა და შეუწყნარებლობით), სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების მიმართ, მის მიერ, სიძულვილით გაჟღენთილი და ქედმაღლური დამოკიდებულების იდეოლოგიური საყრდენია. ხოლო უკრაინა კი, რომელიც სხვაგვარი ცხოვრებისა და განსხვავებული მართლმადიდებლობის შესაძლებლობას აჩვენებს (რამდენადაც მას რუსეთისადმი დამორჩილება არ სურს), მისი დაუშრეტელი ბრაზის მთავარი მიზეზია.

პატრიარქი კირილი და რუსეთის ეკლესიის სხვა იერარქები, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე დუმდნენ, როდესაც რუსეთში თავისუფლება და ღირსება ილახებოდა; ოპოზიციონერებს კლავდნენ; ჩეჩნეთში, სირიასა და დონბასში კი გენოციდი ხდებოდა. პირიქით, უფრო და უფრო მეტი სასულიერო პირი უჭერდა მხარს შოვინიზმსა და ძალადობას.

ამ ტექსტს ქვემოთმოყვანილი დასკვნებით დავასრულებ:

უკრაინის გამარჯვებისა მჯერა, რადგან სული რკინაზე ძლიერია, ხოლო თავისუფლებისკენ მიმართული ღირსება და სიყვარული კი სიძულვილსა და ბოროტებას დაძლევენ.

თუმცა, დიდი დანაკარგის გარეშე მიღწევადი გამარჯვების შანსი, ძალიანაა დამოკიდებული ცივილიზებული სამყაროს ეფექტურ დახმარებაზე. ეს დახმარება სწრაფი, ზუსტი და ძლიერი უნდა იყოს. რუსეთის წინააღმდეგ ნელი და თანდათანობით მზარდი სანქციების დრო არ არის.

ეს დახმარება უპირველესად სამხედრო უნდა იყოს, რადგან ბოროტება მხოლოდ რეალურ ძალას თუ ემორჩილება. ამასთანავე, ეს ძალა ბრძნული და თანმიმდევრული უნდა იყოს, რათა გამძვინვარებულმა შეშლილმა მსოფლიო არ დაანგრიოს.

დახმარება ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათისაც უნდა იყოს, რადგან უახლოეს დღეებში უკრაინაში  უზარმაზარი ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყება. საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების კომუნიკაციები შეზღუდულია. ოკუპანტები ანგრევენ გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და ექიმებს ხალხისადმი დახმარებას უკრძალავენ. იმედის ნიშნის მსგავსად, ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ევროპელო ქრისტიანებო და კეთილი ნების მქონე ადამიანებო: თუკი არსობრივად ხართ ქრისტიანული ცივილიზაცია, მაშინ დაგვეხმარეთ!


მამა ბოგდან ოგულჩანსკი (Fr. Bohdan Oghulchanskij) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელია.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu