ასსად ელიას კატანი (Assaad Elias Kattan)

ამ სტრიქოონების წერისას, რუსეთის ცარის ბომბდამშენები ულამაზეს კიევს ბომბავენ, ხოლო ირგვლივ კი ყველგან წითელი სირენების ხმა ისმის. ,,ვინ ირწმუნა ჩვენი ქადაგებისა“- აცხადებს ისაია წინასწარმეტყველი. ,,ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავები კიევს ბომბავენ და არა თბილისს, ერევანს, ბერლინს, პარიზს, სტამბოლსა თუ, რა თქმა უდნდა, ნიუ-იორკს.“ რეალურად, რუსეთის ცარს, უკრაინელებსა და საკუთარ ისტორიაზე შურისძიება სურს. იგი საკუთარი და დასავლური ცივილიზაციის (რომელიც მასში ასეთ სიძულვილსა და ზიზღს იწვევს) აკვანს ანგრევს. იგი კიევს (და მეთერთმეტე საუკუნით დათარიღებულ მის საოცარ ლავრას) ანგრევს, რომელიც რუსეთის ეკლესიის დედად და მის წმინდათა წმინდა ადგილად მიიჩნევა. იმ ლავრაში ათასობით წმინდანის მირონმდინარე ნაწილი ინახება. იგი კიევს ანგრევს, რომელიც აია სოფიას ტაძრით ამაყობს, იმ ტაძარს, რომელსაც სლავურ ქრისტიანობასთან და ბიზანტიისგან წამოსული კულტურული დიაპაზონის ღრმა ფესვებთან მივყავართ. იგი კონსტანტინოპოლისკენ, ბოსფორის დიდებული ნაპირებისკენ მიგვიძღვის, სადაც ზღვის ტალღები მზის სხივებთან ერთად როკავენ.
კიევში ჩაეყარა საფუძველი რუსი ხალხის ცივილიზაციას. აქ, ბერძენი ბერების (და მათი კურთხეული მოწაფეების) მზრუნველობისა და გულმოდგინების წყალობით რუსებმა საკუთარი კულტურისთვის საძირკვლის შექმნა დაიწყეს, რაც გამოიხატებოდა წიგნებში, არქიტექტურაში და ხატებში (რომლებშიც ფერებით გამოხატული ნათელი განსხვავებულ აზრებს გადმოსცემს). ამგვარად, კრემლის ლიდერის მიერ, თავისი მეზობლის ,,სუსტ წერტილზე“ (როგორც ამას ზოგიერთი უცოდინარი ამბობს) შეტევა, მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილებით კი არ უნდა შეფასდეს, არამედ, ამასთან ერთად, კულტურული შედეგებიდან გამომდინარეც უნდა იქნეს განხილული. რეალურად, ცივიციზაციის განადგურება არც წარმავალი მოვლენა და არც გარდაუვალი ომების ფატალური შედეგი არაა.
ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ლიბანის სამოქალაქო ომის დროს (1975-1990) ბეირუთი უსახლკარო ადამიანებმა გაანადგურეს, რომლებსაც ეს საოცარი ქალაქი მისი სიმდიდრის, ბრწყინვალებისა და გიჟური ტემპის გამო (რაც ამ ხალხისთვის წუხილსა და დაბნეულობას იწვევდა) სძულდათ. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ მშვენიერებამ გადაარჩინა პარიზი, როდესაც აღშფოთებულმა ნაცისტმა ოფიცერმა (როდესაც ნაცისტების დამარცხების ნიშნები უკვე ჰორიზონტზე ჩანდნენ) ჰიტლერის ბრძანების შესრულებაზე (ე.ი. ,,მისი ცდუნებების ბაღში მძინარე ქალაქი გადაეწვა“) უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმათ შესახებაც ვიკითხოთ, ვისაც ჰომსზე, ალეპოზე, დამასკოსა და მის შემოგარენზე შურისძიება სურდა და ამგვარად, წინასწარი განზრახვით, აუშნოებდა მათ და ამ ქალაქთა ანტიკურ უბნებში ნგრევას თესავდა.
რაც შეეხება დღევანდელ ცარს, ახლა ის საკუთარ ისტორიულ წყაროებზე ანთხევს გულისწყრომას. იგი იმ გეოგრაფიულ არეალს ანადგურებს, სადაც საკუთარი ხალხის ცივილიზაცია აღმოცენდა (იმის მიუხედავად, რომ ნაციონალიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, თვითონაც რუსული ნაციონალიზმის სახელით ამართლებს). ეს დისმორფული ნაციონალიზმია, რომელიც ძველ იმპერიულ ოცებებსა და საბჭოთა იდეოლოგიურ (რომლისადმი მსახურებასაც პუტინმა საკუთარი ახალგაზრდობა მიუძღვნა) ამპარტავნებას შეერწყა. აშკარაა, რომ მას ისტორია არ წაუკითხავს. უკურნებელი სულელები არ კითხულობენ. იმ შემთხვევაში, თუკი პუტინს საკუთარი ერის ისტორია წაუკითხავს, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მისმა სიძულვილმა ხელი შეუშალა, რომ იმ რუსული იდენტობის გამოჭედვაში ჩართული უკრაინელებისადმი მიეგო პატივი, რომელი იდენტობითაც დღეს ასე ამაყობს. მან საკუთარ თავს დააჯერა, რომ ამ იდენტობისადმი გაუმართლებელ ჩაჭიდებას, რუსეთის ძველი დიდების აღდგენა და ღატაკთა გამოკვება შეეძლო.
როდესაც ცარმა, თავისი ტახტრევანიდან (რომელიც საკუთარ დიდ არმიას, მუქარასა და დაშინებას ეყრდნობა), უკრაინაში შეჭრა გამოაცხადა, იგი წარსულ ეპოქის იმ ნოსტალგიით შეპყრობილ ადამიანს ჰგავდა, რომელმაც საბჭოთა კავშირი შვა და ტირანებს ხალხთა თავისუფლების ზიზღი და ირკუტსკიდან ქაბულამდე მისი ფეხქვეშ გათელვის საშუალება მისცა. ბატონ პუტინს დაავიწყდა, რომ ბერლინის კედელი ახლა უბრალო ატრაქციონია და რომ ისტორია უკან არ ბრუნდება. თუმცა, ახალი ცარის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი პირველ ტირანად გვევლინება, რომელიც საკუთარ ისტორიას, ცივილიზაციასა და საკუთარ თავს ებრძვის და რუსი ხალხის ისტორიის ყველაზე ავთენტურ ქალაქს ანგრევს, რომელიც დღეს უკრაინის დედაქალაქია.
ასსად ელიას კატანი (Assaad Elias Kattan) ლიბანელი მართლმადიდებელი თეოლოგი და მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორია (Center for Religious Studies at the University of Münster, Germany).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.