მამა ნიკოლას დენისენკო (Nicholas Denysenko)

უკრაინაში რუსეთის ძალადობრივმა შეჭრამ, საზოგადოებისგან მრავალი მიზეზის გამო მიიქცია ყურადღება. მათ შორისაა: ჰუმანიტარული კატასტროფა, გამუდმებული დაბომბვის თანმხლების საშინელება, ქუჩაში დემონსტრანტებისთვის სროლა, ატომურ სადგურებზე თავდასმა, პრეზიდენტ ზელენსკისა და სხვა ლიდერების მკვლელობის მცდელობები და დემოკრატიასთან ომი.
რუსული თავდასმის ერთ-ერთი შედეგი, არის UOC-MP-ს ღალატი, იზოლაცია და განადგურება. UOC-MP-ს სასულიერო პირები, მორწმუნეები და უძრავი ქონებაც დარტყმის ქვეშაა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ბევრი გააოცა, მათ შორის UOC-MP-ს მეთაური მიტროპოლიტი ონუფრი. მიტროპოლიტმა ონუფრიმ პრეზიდენტ პუტინს სასწრაფოდ მიმართა, თუმცა იგი კვლავ უპასუხოდ რჩება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (ROC) პატრიარქმა კირილმა, თავის მიმართვაში გაიმეორა რუსეთის ეკლესიის ნარატივი, რომლის თანახმადაც რუსები, უკრაინელები და ბელარუსები ერთი ხალხი არიან (ამ მიდგომას იგი პუტინთან ერთად იზიარებს). ყველიერის კვირიაკეს წარმოთქმულ ქაოტურ ქადაგებაში, პატრიარქმა კირილმა უკრაინაში შეჭრა იმით გაამართლა, რომ იქ გეი-აღლუმები იმართებოდა და პუტინის ნარატივი გაიმეორა, რომლის თანახმადაც უკრაინა, აწ უკვე რვა წელია, დონბასის მოსახლეობას ანადგურებს.
რუსეთის ეკლესიის მიერ UOC-MP-ს მიტოვებამ, ეს უკანასკნელი გზაჯვარედინზე დააყენა. განადგურებისა და სისასტიკის მოწმე უკრაინელი ეპისკოპოსები და სამღვდელოება, ღვთისმსახურებისას პატრიარქ კირილის მოხსენიების დაუყოვლებლივ შეწყვეტას მოითხოვდნენ. ეს მოქმედება არსებითად პროტესტის ფორმაა და არა ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა და იგი ასევე დარჩება, სანამ მიტროპოლიტი ონუფრი კირილის მოხსენიებას გააგრძელებს. სუმის მიტროპოლიტ ევლოგის მიერ გაგზავნილი მკაცრი წერილი რუსეთის ეკლესიას უყურადღებოდ არ დარჩენია. ROC-მა მიტროპოლიტი ევლოგი გააფრთხილა, რომ ლიტურგიისას პატრიარქის არმოხსენიება, კანონთა უხეში დარღვევაა.
ზოგიერთი ეპარქიები და სამღვდელოება უფრო შორს წავიდნენ. ვოლოდიმირ-ვიოლინის ეპარქიამ მიტროპოლიტ ონუფრის მოუწოდა, რომ სრულიად უკრაინული კრება მოეწვია და პატრიარქ კირილისთვის ავტოკეფალია ეთხოვა. ეპისკოპოს პიმენს (რომელიც რივნეს ეპარქიის მოსაყდრეა), პედაგოგებმა, სასულიერო პირებმა და მონაზვნებმა თხოვნით მიმართეს, რომ UOC-MP-სთვის ავტოკეფალია მოეთხოვა. მსგავსი მოთხოვნები კიევის ეპარქიის სამღვდელოებაშიც გაჟღერდა.
ცხადია, რომ UOC-MP გზაჯვარედინზე დგას, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც, ომის დროს, უკრაინელი მართლმადიდებლები მძიმე არჩევანის წინაშე დგანან.
როდესაც 1941 წელს, გერმანელებმა, უეცრად, უკრაინის ოკუპაცია მოახდინეს, დაახლოებით ორი ათწლეულის მანძილზე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სასტიკი დევნის ობიექტი გახდა. 1920 წლიდან უკრაინის დიდ ნაწილს საბჭოთა ხელისუფლება მართავდა და მხოლოდ მცირე რაოდენობის სამრევლოები თუ ფუნქციონირებდნენ. გერმანელთა მიერ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ, პოლონეთის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინელები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ეპისკოპოსთა ერთი ჯგუფი პოჩაევოს მონასტერში დაემკვიდრა და 1918 წელს ავტონომიამიღებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (რომელსაც, როგორც წესი, მოიხსენიებენ როგორც ACU) განახლება გამოაცხადა. 1924 წელს, კონსტანტინოპოლისგან მიღებულ ტომოსზე დაყრდნობით, მიტროპოლიტი დიონისე (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი) უკრაინულ ავტოკეფალიას უჭერდა მხარს. ტომოსის თანახმად, რუსეთის მხრიდან კიევის სამიტროპოლიტოს მიერთება არაკანონიკურ ფაქტად მოიხსენიება. მიტროპოლიტმა დიონისემ მთავარეპისკოპოსი პოლიკარპე გამოირჩია და მას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის დაარსება დაავალა (1941-1942), იმ განზრახულებით, რომ თავიუფალ უკრაინას საკუთარი ეკლესია უნდა ჰყოლოდა (UAOC). დაარსების კანონიკური საფუძველთან დაკავშირებით, ACU და UAOC სხვადასხვა პოზიციაზე აღმოჩნდნენ. ისინი ,,ლიტურგიკული უკრანიზაციის“ შესახებაც განსხვავებულ პოზიციაზე იდგნენ, სახელდობრ, UAOC მას მხარს უჭერდა, ACU კი არა.
ეს ორი ეკლესია სამოძღვრო საკითხებზეც ვერ თანხმდებოდნენ. 1942 წელს UAOC-ს სამრევლოთა წინამძღვრებად სასულიერო პირები სჭირდებოდა. 1921 წელს დაარსებული UAOC-ის სასულიერო პირები, ამ ეკლესიის გაუქმების (1930) შემდეგაც ცხოვრობდნენ. 1921 წელს, UAOC-მა პირველი ორი ეპისკოპოსი სხვა ეპისკოპოსთა თანამსახურების გარეშე აკურთხა, შედეგად, მთელი მართლმადიდებლობისთვის ისინი არაკანონიკურად მიიჩნეოდნენ. როდესაც, 1942 წელს, UAOC-მა 1921 წლის სამღვდელოება ახალი ხელდასხმის რიტუალის გარეშე მიიღო (მათზე მხოლოდ ქიროთესიის წესი აღესრულა), ACU-მ ეს ფაქტი აქტიურად გააპროტესტა და 1942 წლის UAOC ,,ლიპკივსკის“ ერესში დაადანაშაულა (მიტროპოლიტი ვასილი ლიპკივსკი, 1921 წლის UAOC-ის პირველი მეთაური იყო). ამას გარდა, ACU-მ UAOC იმის გამოც გააკრიტიკა, რომ 1942 წლის ერთ ლიტურგიაზე რამდენიმე ეპისკოპოსის ხელდასხმა აღესრულა. ეს ორი ეკლესია ცენტრალური საკითხების გარშემო გაიყვნენ, სახელდობრ, კანონიკური სტატუსი, გარკვეული სასულიერო პირების ლეგიტიმურობა და ლიტურგიკული უკრაინიზაცია.
უთანხმოებათა მიუხედავად, ორი ეკლესიის წარმომადგენლები კავშირში რჩებოდნენ და საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ. 1942 წლის 8 ოქტომბერს, UAOC-ს ეპისკოპოსთა დელეგაცია ACU-ს მიტროპოლიტ ალექსეის შეხვდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთ ავტოკეფალიურ ეკლესიაში გაერთიანებულიყვნენ და ერთიანობის დოკუმენტიც შეიმუშავეს. ამ ტექსტის მეოთხე მუხლში ეწერა: ,,გაერთიანების გამიზნულებიდან გამომდინარე, ეკლესიათა შორის არსებული ყოველგვარი კანონიკური განსხვავებებმა გვერდზე გაიწიეს.“
გაერთიანების აქტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი ევროპის მასშტაბით მცხოვრები უკრაინელები მას სიხარულით შეხვდნენ. ეკლესიის წარმომადგენლებმა ეპისკოპოსთა დანიშვნასა და ეპარქიულ მმართვლობასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა დაიწყეს. თუმცა, გაერთიანება ვერ შედგა. თავდაპირველად იგი ACU-ს ეპისკოპოსებმა უარყვეს. ამასთანავე, 1943 წელს მიტროპოლიტი ალექსი მოკლეს. 1944 წელს, მრავალი სასულიერო და საერო პირი დასავლეთში გაიქცა. საბჭოთა კავშირმა, იალტის 1945 წლის შეთანხმების შემდეგ დასავლეთ უკრაინის ანექსიაც მოახდინა. 1946 წელს სტალინმა, უკრაინელი მართლმადიდებლები და ბიზანტიური წესის კათოლიკეები, ძალის გამოყენებით, ლვივის 1946 წლის ფსევდო კრებაზე, მოსკოვის საპატრიარქო იურისდიქციაში შეიყვანა. ომის გამო, უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების შანსი დაიკარგა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებლური უკრაინის მოკლე მიმოხილვა, ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ სწრაფად შეიძლება რადიკალური ცვლილებების მოხდენა. ომი გაუთვალისწინებელი რამაა და გაერთიანების შესაძლებლობაც შეიძლება გაქრეს. UOC-MP, უკრაინაში პუტინის მიერ წარმოებული ომის განმავლობაში საკუთარ ვარიანტებს განიხილავს. ამ სტატიის ბოლოს მათი არჩევანის ზოგად მიმოხილვას წარმოგიდგენთ:
- სტატუს ქვოს შენარჩუნება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში დარჩენა. ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკრაინელები რუსებთან ერთად ნაცისტი მტრის წინააღმდეგ კი არ იბრძვიან, არამედ რუსების წინააღმდეგ ომობენ. ზოგიერთმა სამრევლომა და მონასტერმა უკვე დატოვეს UOC-MP და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCU) იურისდიქციაში გადავიდნენ. სავარაუდოა, რომ ერთმა ან რამდენიმე ეპარქიამ იგივე გზას მიბაძოს, თუკი შესაბამისი შანსი მიეცემა.
- რუსეთის ეკლესიისგან ავტოკეფალიის მოთხოვნა. ეს ვარიანტი შესაძლებელი კია, მაგრამ არარეალურად ჩანს. რუსეთის ეკლესია UOC-MP-სთვის ავტოკეფალიის მინიჭებას უარყოფს, რამდენადაც პატრიარქი კირილი ომს მხარს უჭერს და რუსული სამყაროს იდეოლოგიაზე დაფუძნებულ ერთიანობას მტკიცედ იცავს.
- ავტოკეფალიის ცალმხრივი გამოცხადება. ეს გადაწყვეტილებაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არც მოსკოვისა და არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოები მას არ აღიარებენ.
- უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (OCU) მოლაპარაკება. აქ, ყველაზე სერიოზული დაბრკოლება ისტორიული მეხსიერება და ის აქტიური წინააღმდეგობაა, რომელიც, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, UOC-MP-ს ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა გამოხატეს. UOC-MP მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საკუთარ საქმეებში ჩარევასა და სქიზმაში თანამონაწილეობისთვის ადანაშაულებდა. UOC-MP-სა და OCU-ს შორის ურთიერთობები ყოველთვის მტრული იყო. ამ ყველაფერში სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის პრორუსი ოლიგარქისა და UOC-MP-ს დიაკონ ვადიმ ნოვინსკის როლი. თუმცა, ეს ვარიანტი, მისი თანმხლები სირთულეების მიუხედავად, ქვემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, ალბათ ყველაზე რეალურია:
პირველი- ორივე ეკლესიას, 2018 წლის გამაერთიანებელ კრებამდე, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, შემდგომში, ეს დაძაბულობა რაღაცა დოზით გადაილახა. მეორე- OCU-ს ტომოსი აქვს და ოთხმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ მისი ავტოკეფალია უკვე აღიარა. UOC-MP-სა და OCU-ს გაერთიანება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს მათი აღიარებისკენ უბიძგებს. და ბოლოს, გაერთიანების თანდათანობითი პროცესის დაშვებაც შეიძლება. UOC-MP-სა და OCU-ს კრებამ შეიძლება ისეთი ევქარისტიული ერთიანობა გამოაცხადოს, რომელიც ცალკეული ეპარქიების დაუყოვნებლივ რეორგანიზაციას ავტომატურად არ ითვალისწინებს. თითოეულ სამრევლოს შეუძლია საკუთარი ცალკეული პრაქტიკები შეინარჩუნოს, ამავდროულად კი სხვა სამრევლოებთან ევქარისტიულ თანაზიარებაში იმყოფებოდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობისთვის განმასხვავებელი საკითხები გვერდით გაიწიონ. ეს იმავე პრინციპის მიღებას გულისხმობს, რომელსაც 1942 წელს, ACU-სა და UAOC-ს შორის დადებული გაერთიანების დოკუმენტი ეყრდნობოდა. აქ განსხვავება ისაა, რომ UAOC-ის ავტოკეფალია პოლონეთის ეკლესიისთვის, კონსტატინოპოლის მიერ ბოძებულ ტომოსს ეყრდნობოდა, მაშინ როდესაც OCU-ს ავტოკეფალია უშუალოდ კონსტანტინოპოლის ტომოსს ეფუძნება.
უკრაინაში რუსულმა ეკლესიამ UOC-MP გზაჯვარედინზე დააყენა. მათი არჩევანი შეზღუდულია და მათ OCU-სთან გაერთიანებისთვის ისტორიული მეხსიერების დაბრკოლება უნდა გადალახონ. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი უკრაინის ეკლესიის წარსული გვიჩვენებს, რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. უკრაინელი ხალხი ეკლესიას განსხვავებათა დაძლევისა და ერთიანობის მაგალითს აძლევს. ეკლესია უკრაინელი მოქალაქეების მიერ ბოძებულ წმინდა მაგალითს ბრძნულად უნდა მიჰყვეს.
მამა ნიკოლას დენისენკო თეოლოგიის პროფესორია (Emil and Elfriede Jochum Chair at Valparaiso University).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.