სინ გრიფინი (Sean Griffin)

,,კრემლოლოგია“ აქტიურად დაბრუნდა. მთელ მსოფლიოში მცხოვრები მოაზროვნეები და სწავლულები, რუსული პოლიტიკური ელიტების მოტივებისა და უცნაური იდეოლოგიების აღმოჩენას ხელახლა ცდილობენ. უბრალოდ, ახლა (საბჭოთა ათეიზმის პერიოდისგან განსხვავებით), კრემლიდან ამოსული კვამლი, უფრო და უფრო ასოცირდება მოსკოვის ე.წ. ,,ხახვის გუმბათიანი“ ტაძრებიდან ამომავალ საკმეველთან. გარკვეულ ანალისტიკოსთა აზრით, რეალურად, უკრაინაში სამხედრო შეჭრის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილია (გუნდიაევი).
ერთმა ბოლოდროინდელმა ჰედლაინმა შემდგომი არგუმენტის აზრი აიტაცა: ,,რუსული სამყარო, პუტინის ომის უკან არსებული სამოქალაქო რელიგიაა.“ ასეთ ბრალდებებს ჟურნალისტების გარდა სხვებიც აცხადებენ. 2022 წლის 13 მარტს, ცნობილმა მართლმადიდებელმა თეოლოგებმა დაწერეს, რომ პუტინმა და პატრიარქმა კირილმა, რუსული სამყაროს იდეოლოგია, უკრაინაში შეჭრის მთავარ გასასამართლებელ საბუთად გამოიყენეს. ეს მკვლევრები მართლები იყვნენ, როდესაც ეს იდეოლოგია, როგორც ნეო-იმპერიალისტური, ისე დაგმეს. ისინი მაშინაც სწორ პოზიციაზე იდგნენ, როდესაც თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიაში იგი ძირგამომთხრელ ერესად აღიარეს. თუმცა, ჩემი აზრით, ისინი მართლები არ იყვნენ, როდესაც იგი უკრაინაში შეჭრის მთავარ მამოძრავებელ ძალად დაასახელეს. შეჭრის მთავარი იდეოლოგია (და პოსტ საბჭოთა რუსეთის მთავარი სამოქალაქო რელიგია) ,,დიადი გამარჯვების“ პუტინისეული კულტია.
,,რუსული სამყაროს“ კონცეფცია საეკლესიო წრეებიდან არ წამოსულა. იგი 1990-იანი წლების ბოლოს, გლებ პავლოვსკისთან (ელცინის დროინდელ ცნობილ რუს იდეოლოგთან) დაკავშირებულმა მოაზროვნეებმა შექმნეს. პუტინმა, ეს ტერმინი, საკუთარ გამოსვლაში, პირველად 2001 წელს გამოიყენა და თანდათანობით იგი პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ სფეროში, მისი [პუტინის] რეჟიმის რბილი ძალის დიპლომატიური ძალისხმევის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ იდეოლოგიის ბირთვი რევანშისტული და ძველი ძალაუფლების აღდგენისკენ მიმართულია, რადგან ის მეზობელ სახელმწიფოებში რუსული ინტერვენციის გამართლებას ცდილობს, რასაც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები რუსულენოვანი და ეთნიკურად რუსი უმცირესობების არსებობით ამართლებს. ის, ასევე, ამტკიცებს, რომ რუსეთს უნიკალური და დამოუკიდებელი კულტურა აქვს, რამდენადაც იგი არც ევროპულია და არც აზიური, ხოლო ეს ცივილიზაცია კი, ბუნებითად, ღრმად კონსერვატიულია.
პატრიარქი კირილი ,,რუსული სამყაროს“ იდეალებს დიდი ხანია უჭერს მხარს და 2007 წელს, ვლადიმერ პუტინის მიერ დაარსებულ ,,რუსული სამყაროს ფონდშიც“ აქტიურადაა ჩართული. მართალია კირილი ამ იდეოლოგიის გავრცელებას დათანხმდა, თუმცა იგი მისი შემოქმედი არ ყოფილა. უფრო მეტად, პატრიარქ კირილს სხვა იდეოლოგიურ პროექტთან დაკავშირებული განსხვავებული ხედვა ჰქონდა, რომელიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არსებულ მშფოთვარე წლებში მისი, როგორც საეკლესიო დიპლომატის გამოცდილებიდან წარმოიშვა.
1989 წელს კირილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა გაყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე, მისი მთავარი მისია უკრაინაში კანონიკური, ავტოკეფალური ეკლესიის დაარსების პრევენცია იყო. ეს მისია განსაკუთრებით 2004-2005 წლებში, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომ გართულდა და სწორედ ამ დროს დაიწყო კირილმა ,,წმინდა რუსის“ ძალიან ძველი იდეოლოგიის ახალი ვერსიის გულმოდგინე პროპაგანდა.
კირილის აზრით, უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოები, ერთი ფუნდამენტური მიზეზის გამო, ერთიან ცივილიზაციას მიეკუთვნებიან. ეს მიზეზი კი ისაა, რომ ისინი, მეათე საუკუნის მიწურულს ,,კიევის ნათლისღების ზიარ“ ემბაზში გაერთიანდნენ. კირილის აზრით, ევროპული უკრაინის არსებობა უბრალოდ შეუძლებელი იყო, რამდენადაც აღმოსავლეთის სლავური ერეები ერთი სულიერი ოჯახის წევრები იყვნენ, რომელიც დნეპრის მდინარიდან 988 წელს აღმოცენდა. კიევი ამ ოჯახის დედაა, პრინცი ვლადიმერ დიდი კი მამა, ხოლო ძმები კი ძმებად რჩებიან, მაშინაც კი, თუკი ისინი ჩხუბობენ და ერთს მამის სახლის დატოვება სურს.
პუტინის მმართველობის მესამე და მეოთხე ვადის მანძილზე, რუსული სამყაროსა და წმინდა წუსეთს შორის არსებული გამყოფი ზოლი ბუნდოვანი გახდა. პატრიარქი კირილი ხანდახან რუსულ სამყაროზე საუბრობდა, პუტინი კი წმინდა რუსეთის ერებს მოიხსენიებდა ხოლმე. წლების განმავლობაში, სეკულარიზმის, ამერიკული ჰეგემონიისა და უღმერთო ევროპის წინააღმდეგ მიმართული მათი რიტორიკა, ერთი და იგივე ობსკურანტული წიგნიდან მომდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი იდეოლოგია ხშირად ერთმანეთს ემთხვეოდნენ, ჩემი აზრით, ისინი მაინც განსხვავებულ პროპაგანდისტულ პროექტებად რჩებოდნენ. მაგალითად, ცენტრალური აზიის პოსტ საბჭოთა რესპუბლიკები, რუსული სამყაროს იდეოლოგიის მთავარი სამიზნენი იყვნენ, თუმცა ისინი, რუსული სამყაროს კირილისეულ ხედვაში მოკრძალებულ პოზიციებს იკავებდნენ.
რუსული სამყარო რბილი ძალის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც, მშვიდობიან პერიოდში, ადამიანების გულებისა და გონების მოსაგებადაა შექმნილი. თუმცა ომი სხვაგვარ პროპაგანდას მოითხოვს (უფრო ავისმომასწავებელსა და ეფექტურს) და მოსკოვის საპატრიარქო, ამ იდეოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კარგად იყო მომზადებული. ათწლეულების მანძილზე კირილს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა. 1992 წლის იანვარში (საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ), მან, ყოფილი წითელი არმიის მაღალი რანგის 5 000 ოფიცრის წინაშე სიტყვა წარმოთქვა, სადაც აღნიშნავდა, რომ მართლმადიდებლობას პატრიოტიზმის შთაგონება და მარქსიზმ-ლენინიზმის მიერ დატოვებული სიცარიელის ამოვსება შეეძლო.
ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცები (რომლებიც მალევე ყოფილ ათეისტებად იქცნენ), დარწმუნებულნი იყვნენ იმაში რაც ესმოდათ. მომდევნო სამი ათწლეულის მანძილზე, მართლმადიდებელი სასულიერო პირები ძირითად სამხედრო ცერემონიებს ესწრებოდნენ. მათ ნაკურთხი წყლით ბირთვული ბომბები, ბომბდამშენები და ტანკები აკურთხეს. მათ ასწავლეს რუს ჯარისკაცებს, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილი მოწამეობის ფორმა იყო, რითაც სამოთხეში ადგილს ინაღდებდნენ.
პარალელურად, პუტინმა და მისმა გუნდმა მეორე მსოფლიო ომის (ან ,,დიდი სამამულო ომის,“ როგორც მას რუსეთში უწოდებენ ხოლმე) მეხსიერების საკრალიზება დაიწყეს. კანონმდებლებმა სტალინის (როგორც დიდი გენერალსიმუსის) რეაბილიტაცია დაიწყეს და ისეთი კანონები მიიღეს, რომლებიც ომის კრემლისეული ნარატივისადმი შეწინააღმდეგებას კრძალავენ. ამავდროულად, 9 მაისის აღსანიშნავი ყოველწლიური აღლუმები უფრო მეტად პომპეზურნი გახდნენ, ხოლო ამ გამარჯვებასთან დაკავშირებული პროპაგანდა კი რუსეთის ქალაქებში, თავად დღესასწაულამდე თვეებითა და კვირებით ადრე დომინირებდა. მაგალითად, 2020 წელს, ამ გამარჯვების 75 წლისთავის დროს, მოსკოვში, გიგანტურ პლაკატებზე იყო გამოსახული წარწერა- ,,ჩვენი გამარჯვება,“ ხოლო ხალხი კი საკუთარ მანქანებზე პატრიოტულ სლოგანებს აწერდნენ, როგორებიცაა მაგალითად: ,,დაარტყი ბერლინს!“ და ,,ჩვენ ამის გაკეთება კვლავაც შეგვიძლია!“
ზემოთაღნიშნული მოვლენები პატრიარქ კირილსა და მის ახლო წრეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. 2020 წელს მან მოსკოვის გარეუბანში ახალი ტაძარი აკურთხა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების საკათედრო ტაძრადაა ცნობილი. ეს ტაძარი ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის ,,დიად გამარჯვებას“ ეძღვნება და მის ინტერიერში, იატაკიდან ჭერამდე, გრანდიოზული მოზაიკაა განთავსებული (საბჭოთა სიციალისტური რეალიზმის სტილშია შესრულებული), რომელზეც რუსეთის სამხედრო გამარჯვებებია გამოსახული. მასზე ვხედავთ შუასაუკუნეების მეომრებს, საიმპერიო რუსულ კავალერიას და ,,პატარა მწვანე კაცს,“ რომელმაც, 2014 წელს, ყირიმის ანექსია მოახდინა.
თუმცა, უმეტესი მოზაიკები, მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველებზე არსებულ, საბჭოთა დიდების უაღრესად რომანტიკულ სცენებს ასახავს. ტაძრის ეფექტს აძლიერებენ გიგანტური ვიტრაჟები, რომლებზეც საბჭოთა პროპაგანდის მატარებელი სიმბოლოები მკაფიოდ არიან გამოსახულნი (მაგალითად, წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ნამგალი და ურო). მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი სამხედრო საკურთხევლის კედლებზე, ქრისტიანული მართლმადიდებლობა ათეისტურ კომუნიზმს ერწყმის (ჯვარი ნამგალსა და უროს უკავშირდება), რათა რუსეთის, როგორც ღვთის წმინდა ერისა (და წმინდა არმიის) ტრიუმფალური ისტორია გადმოსცეს.
ამგვარად, სწორედ წმინდა ომის იდეოლოგიაა (და არა რუსული სამყაროს) ის, რასაც რუსი ლიდერები უკრაინაში შეჭრისას ეყრდნობიან. პუტინმა, 21 და 24 თებერვლის თავის გამოსვლებში, ნაცისტებთან და ნეო-ნაცისტებთან დაკავშირებით უამრავი მინიშნება გააკეთა. მან, ასევე, ,,მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების სამსხვერპლოზე საბჭოთა ხალხების“ მიერ გაღებული ,,წმინდა მსხვერპლშეწირვაც“ გაიხსენა. მეორე მხრივ, უკრაინაში რუსები საბჭთა დიადი გამარჯვების გამომხატველი სამხედრო ფორმებით შევიდნენ, ხოლო, ზოგიერთმა ექსპერტმა კი აღნიშნა, რომ რუსული ჯარების მარშრუტი ეყრდნობოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების კვალდაკვალ მიდევნებული საბჭოთა ჯარების გზას. ამავდროულად, ბრძოლის ველის მიღმა, რუსული სახელმწიფო ტელეარხები მეორე მსოფლიო ომის ჰეროიკულ ფილმებს გადმოცემდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრმა პატრიოტმა რუსმა სასულიერო პირმა, წმინდა ომის კრემლისეული ნარატივი მიიღო. მამა იგორ პაშმენოვმა, ომის დაწყებიდან შვიდი დღის შემდეგ, საკუთარ სამწყსოს განუცხადა: ,,დღეს, წმინდა რუსის მიწებზე… რუსი ხალხი კოლექტიურ ჰიტლერსა და წმინდა მართლმადიდებლობის მტრებს ებრძვის.“ ანალოგიურად, მამა ალექსი კასატინოვმა, საომარი კამპანიის აღსაწერად საბჭოთა ფილმისეული ფრაზა გაიხსენა და ირიბად მეორე მსოფლიო ომი მოიხსენია: ,,თუკი საჭიროა, ამის გაკეთება კიდევ შეგვიძლია. ჩვენ ახლა სწორედ რომ იგივეს ვაკეთებთ, ჩვენმა ქვეყანამ ომი 1945 წელს დაასრულა, ჩვენ კი დღეს იგივეს მოვიმოქმედებთ და ომს დავამთავრებთ.“
ეს მაგალითები ცალკეულ შემთხვევებს არ წარმოადგენენ. კოლექტიური მეხსიერების პოლიტიკის მიხედვით (რომელსაც დღეს პოლიტიკოსების მსგავსად მღვდლებიც ავრცელებენ), რუსი ჯარისკაცები სამშობლოს ეგზისტენციალური გადარჩენისთვის იბრძვიან, ისევე როგორც მათი წინაპრები იბრძოდნენ ჰიტლერის შემოსევის წინააღმდეგ. თუმცა ამჯერად, კიევი ახალი ბერლინია, ზელინსკის რეჟიმი და ნატო- ნეო ნაცისტები, ხოლო მთელი ქვეყანა კი დასავლელ აგრესორ ათეისტებთან ომობს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ,,სამშობლოსთვის მეორე დიადი ომი.“
ერთი ცნობილი ფიგურა, რომელიც ბოლო კვირებში მიმდინარე ომში მეორე მსოფლიო ომს არ იმოწმებს პატრიარქი კირილია. რეალურად, მარტის დასაწყისში (როდესაც მან ინტერვენციის მხარდასაჭერი ქადაგება წარმოთქვა), სხვა სამხედრო კამპანიების მხარდამხარ, სამშობლოსათვის საჭირო მეორე მსოფლიო ომი არ მოუხსენებია. რატომ ერიდება პატრიარქი კირილი მეორე მსოფლიო ომის კულტის ხსენებას, რომლის შექმნასა და განწნენდაში თავად მონაწილეობდა?
კითხვაზე პასუხისგასაცემი ერთი ვარიანტი ისაა, რომ პატრიარქ კირილს ამ კულტის საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე გავრცელება არასდროს არ წარმოედგინა. როგორც ვნახეთ, საკუთარი საეკლესიო კარიერის განმავლობაში, პატრიარქმა კირილმა ორი იდეოლოგიური პროექტი შექმნა და განავითარა. 2022 წელს, ერთმა პროექტმა მეორეს უღალატა- რუსეთის წმინდა არმია წმინდა რუსის ტერიტორიაზე შეიჭრა. რუსი მართლმადიდებელი მღვდლების მიერ ნაკურთხი ბომბდამშენებიდან, ამავე მღვდლების მიერ ნაკურთხი ბომბები ცვიოდა, რომლითაც კირილის მრევლის წევრების სახლები და ეკლესიები განადგურდნენ. სამხედრო შეჭრიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ განადგურდა ყველაფერი ის, რის შესანარჩუნებლადაც, მოსკოვის საპატრიარქო, სამი ათწლეულის მანძილზე პოსტსაბჭოთა უკრაინაში მუშაობდა. ამგვარად, ეს ომი კირილისთვის წმინდა ტრიუმფი კი არა, არამედ კატასტროფაა, ხოლო მისი რთული მდგომარეობა კი მეცხრე ფსალმუნის სიტყვებს მოგვაგონებს: ,,ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში“ (ფსალმუნი 9:17).
სინ გრიფინი (Sean Griffin) ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარია (Helsinki Collegium for Advanced Studies, University of Helsinki).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.