გიორგი დემაკოპულოსი (George Demacopoulos)

ექსკლუზიურად ვნების კვირისათვის განკუთვნილი უძველესი ქრისტიანული საგალობლები თვითხმოვანთა სახელით არიან ცნობილნი. თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიაში ისინი დიდი პარასკევის დილას, სამეუფეო ჟამნების დროს იგალობებიან (ხოლო ბოლო საგალობელი კი სხვა ორ მსახურებაზე იგალობება). სიძველის მიღმა, მათი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ ისინი ,,ებრაელებს“ ქრისტეს სიკვდილში ადანაშაულებენ. იმის გარდა, რომ ეს ბრალდება ისტორიულად არასწორია, ჯვარცმასთან დაკავშირებულ ადრეულ საგალობლებთან მის დრამატულ წყვეტაზეც მიუთითებს. ბოლოდროინდელ ისტორიულ კვლევებზე დაყრდნობით, თვითხმოვნებში არსებული ანტიებრაული რიტორიკის იმ მოვლენებთან დაკავშირება შეგვიძლია, რომლებიც პალესტინაში, მათი შექმნის დროს მოხდნენ. ეს ისტორიული მოწმობები ამ (და მოგვიანო პერიოდში შექმნილ) საგალობელთა ანტიებრაული რიტორიკის თეოლოგიურ შეუსაბამობაზეც მიგვითითებენ.
თვითხმოვნები შეიძლება ვნების კვირის უძველესი საგალობლები კი იყვნენ, მაგრამ ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას იქამდე სხვებიც იხსენიებდნენ. დაახლოებით ათასამდე საგალობელი არსებობს, რომელიც იგივე საკითხებს ეხებიან და თვითხმოვნებამდე არსებობდნენ. უძველესი საგალობლები საკვირაო მსახურებათა რვაკვირიან ციკლებად არიან გადანაწილებულნი, რასაც რვა ხმათა ეწოდება, ხოლო მათი გაცნობა კი იერუსალიმის ქართულ იადგარშია შესაძლებელი. იმის მიუხედავად, რომ ამ საგალობელთაგან ზოგიერთი ებრაელებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ისინი მთელ კაცობრიობას აკისრებენ, რამდენადაც ქრისტეს სიკვდილითა და აღდგომით, სიკვდილისგან მთელი კაცობრიობა გამოიხსნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანული ლიტურგიის პირველი მოწმობები გვაუწყებენ, რომ ყოველკვირეულად, ქრისტიანები, საგალობელთა გალობისას, ქრისტეს სიკვდილში საკუთარ თავებს ადანაშაულებდნენ. ისტორიულადაც და თეოლოგიურადაც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იერუსალიმში მცხოვრები პირველი ქრისტიანები, ქრისტეს სიკვდილში, მხოლოდ საკუთარი კრებულის ბრალეულობას ხედავდნენ.
იგივე მიდგომა თვითხმოვანთა შედგენილობასთან დაკავშირებითაც გაჩნდა, რადგან თორმეტიდან ოთხი ნაწილი ,,ებრაელებს“ (οἱ Ἰουδαῖοι), როგორც იესოს ჯვარცმაში დამნაშავე ერთადერთ ჯგუფს, პირდაპირ ასახელებს.[1] მეხუთე ირიბად ადანაშაულებს ებრაელებს და მათ ,,გადაცდომებს“ წარმართებისას ადარებს, თუმცა ამას დიდი ყურადღება აღარ ექცევა, რადგან ისინი, მაინც, ,,ქრისტეს, მამასა და სულიწმინდას ადიდებენ.“[2]
არცერთი თვითხმოვანი არ ახსენებს იესოს ჯვარცმაში რომაელთა როლს (იმის მიუხედავად, რომ ჯვარცმა წმინდად რომაული სასჯელი იყო), თუმცა, პონტოელი პილატეს მსგავსი ფიგურები ქრისტეს ვნების აღმწერელ სახარებებში აღნიშნულნი არიან.
შეიძლება ყველაზე სახასიათო იყო ის ფაქტი, რომლის თანახმადაც, იმის მიუხედავად, რომ იესო, მისი მოწაფეები და მისი ადრეული მიმდევრების უმეტესობა ებრაელები იყვნენ, თვითხმოვანი ,,ებრაელებს“ მაინც ,,ჩვენი“ კრებულის მიღმა აყენებს.
შეიძლება ვიკითხოთ თუ რამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ თვითხმოვანთა ავტორებმა საუკუნოვანი ჰიმნოგრაფიული ტრადიცია უგულვებელყვეს და ქრისტეს სიკვდილში კრებულის გარეთ მყოფი ჯგუფი დაადანაშაულეს?
ისტორიული პასუხები
უძველესი დროიდან მოყოლებული, რომაელები ებრაულ კრებულებს კი დევნიდნენ, თუმცა არასოდეს არ აიძულებდნენ რომ მათ რომაული რელიგიური პრაქტიკები მიეღოთ. მხოლოდ მეოთხე საუკუნეში (მას შემდეგ რაც ქრისტიანობამ იურიდიული სტატუსი მიიღო), ხელისუფლებამ ებრაელებზე ძალის გამოყენება დაიწყო, რათა ამ უკანასკნელთ სახელმწიფოს რელიგია მიეღოთ. ყველაზე მკაცრი ანტიებრაული კანონმდებლობის მიღების პასუხისმგებლობა იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ეკისრება. ქონების კონფისკაციისა და ჯარიმების გარდა, იუსტინიანემ ებრაელებს საკუთარი ქალაქის საბჭოებში მონაწილეობა და ახალი სინაგოგების აგება აუკრძალა. პალესტინაში, სადაც ებრაელი მოსახლეობა დიდი რაოდენობით ცხოვრობდა, იუსტინიანემ სინაგოგები დაანგრია, ხოლო იქ მკვიდრი მოქალაქეების ,,მოსაქცევად“ კი, სავარაუდოდ, ჯარი მოიშველია.
გარემოებათა გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ იუსტინიანეს მმართველობის ჟამს, პალესტინელი ებრაელების მიერ, გვიან ანტიკურ პერიოდში, ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე დიდი ძალადობა ვიხილეთ. ყველაზე დრამატული აჯანყება 550-იან წლებში მოხდა, როდესაც ებრაელებისა და სამარიტელების გაერთიანებულმა ძალებმა კესარიის (რომაული პროვინციის დედაქალაქის) წინააღმდეგ გაილაშქრეს. იმის გარდა, რომ ამ დროს უამრავი ქრისტიანი (და მათ შორის პრეფექტიც) დაიღუპა, ბრბომ რამდენიმე ეკლესიაც გადაწვა.
ქრისტოფერ სვინმა, თავის ახლახანს გამოცემულ დისერტაციაში დაასაბუთა, რომ თვითხმოვანები პალესტინაში იუსტინიანეს ჟამს შეიქმნენ. იმის მიუხედავად, რომ თვითხმოვანთა ავტორთა ვინაობა არ ვიცით, ჩვენთვის ცნობილია, რომ წმინდა საბას ცნობილი მონასტრის ბერებმა ისინი 553-560 წლებში შეიტანეს დიდი პარასკევის მსახურებაში. ცოტა ხნის შემდეგ ეს საგალობლები იერუსალიმის აღდგომის ტაძარშიც გამოჩნდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი პირველად ქალკედონიანელმა ქრისტიანებმა სწორედ მაშინ გამოიყენეს, როდესაც პალესტინაში, ებრაულ და ქრისტიანულ კრებულებს შორის, დიდი მასშტაბის ძალადობა ხდებოდა. როგორც ჩანს, თვითხმოვანთა ანტიებრაული ნიშნები, ებრაულ/ქრისტიანული მზარდი კონფლიქტის ჰიმნოგრაფიული მახასიათებლები არიან.
თეოლოგიური საკითხები
მართალია ისტორიულ კონტექსტს თვითხმოვნებში გადმოცემული ანტიებრაული რიტორიკის ახსნაში დახმარება შეუძლია, თუმცა, იგი თეოლოგიური ქვეტექსტების შედეგების გარკვევის საშუალებას არ იძლევა. ყველაზე მეტად, ამ ხუთ თვითხმოვანში გადმოცემული ანტიებრაული რიტორიკა ჯვარცმის, როგორც ონტოლოგიური ფაქტის წარმოდგენის შეცვლისკენ მიგვიძღვის, რაც ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობასაც ცვლის და მას კონკრეტულ ისტორიულ მოვლენად აქცევს, რომელშიც ქრისტე მოკლულია კონკრეტული, უცხო ჯგუფის მიერ, რომელთა შთამომავლებიც მის სიკვდილში კვლავ ბრალდებულებად რჩებიან. აღნიშნული ცვლილება არა მხოლოდ ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ცენტრალურ თეოლოგიურ დოგმას ამცრობს (რაც კაცობრიობის განახლების საშუალებას იძლევა), არამედ იგი ამ საგალობლის მგალობელს პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც განაშორებს. ბრალეულობა ,,ჩემიდან“ ,,მათზე“ გადადის.
ქრისტეზე განხორციელებული ძალადობის თეოლოგიური მნიშვნელობის გასაგებად, ჩვენ ის თვითხმოვნები შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს, რომლებიც, ბრალეულობას ებრაელებს უყენებენ და რომლებიც მათ ამ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ. მეორე თვითხმოვანი გადმოსცემს, რომ ,,ქრისტე, ბოროტი ადამიანების მიერ, ჩვენი ცოდვებისთვის მიემსჭვალა ჯვარზე.“ მესამე თვითხმოვანი გვაუწყებს, რომ ქრისტე ,,იმ ბოროტმა ადამიანებმა მიამსჭვალეს, რომლებმაც იგი შეიპყრეს.“ ის საგალობლები, რომლებიც ქრისტეს ჯვარმცმელთა იდენტიფიკაციისთვის (მათ იდენტობაზე ყოველგვარი დამატებითი ხაზგასმის გარეშე) იყენებენ ფრაზებს- ,,შეცდომილები“ ან ,,ბოროტები“, ისტორიულად უფრო ზუსტნი და ჯვარცმის ეგზეგეზისთვის მეტად შესაფერისნი არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ძალადობაზე პასუხისმგებლობას გარეგან ჯგუფს (მაგალითაც ,,ებრაელებს“) აკისრებენ. ამგვარად, საგალობლის მგალობელს საკუთარი თავის დანახვა ცოდვილთა ზოგად აღწერაში შეუძლია. როგორც კვირის უძველესი საგალობლები მოწმობენ, ქრისტე ყველასათვის ეწამა, რადგან ყველა ადამიანი ცოდვილია და მათ ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის გამომხსნელი მოქმედება ესაჭიროებოდათ.
ქრისტეს სიკვდილის ბრალეულობის ვექტორის შიგა ჯგუფიდან გარეთ გადახრით (მაგ. ებრაელებზე), ზემოთგანხილული ხუთი თვითხმოვანი ჯვრის ქრისტიანული თეოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო განზომილებას ივიწყებს, სახელდობრ იმ ფაქტს, რომ ქრისტე მოკვდა, რადგან ,,ჩვენ“ გვჭირდებოდა ამგვარად მოქმედება.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყველა თვითხმოვანი არ უშვებს ერთსა და იმავე საღვთისმეტყველო შეცდომას. ბევრი მათგანი მშვენიერია. ბოლო თვითხმოვანი (Σήμερον κρεμᾶται ἐπὶ ξύλου, ὁ ἐν ὕδασι τὴν γῆν κρεμάσας…), ჩემი აზრით, ვნების კვირის ყველაზე ძლიერი საგალობელია.
თუმცა, ახლა დრო არ გვაქვს რომ ისევე მივუდგეთ საგალობლების სარგებლიანობას, როგორც იმ ხუთ ანტიებრაულ თვითხმოვანს, რომლებიც არა მხოლოდ ადრეული ეკლესიის საღვთისმეტყველო ტრადიციისგან არიან განშორებულნი, არამედ აისტორიულნიც არიან და იმ მოვლენების წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკულ რეაქციას წარმოადგენენ, რომლებიც აღარ არსებობენ.
[1] სახელდობრ მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე საგალობლები.
[2] მეთერთმეტე საგალობელი.
გიორგი დემაკოპულოსი (George Demacopoulos) მამა იოანე მეიენდორფისა და პატერსონის ოჯახის სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული კვლევების დირექტორი და ფორდჰემის უივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ) არსებული მართლმადიდებლური ქრისტიანული სასწავლო ცენტრის თანა-პრეზიდენტია.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.