კატეგორიის გარეშე

სააღდგომო ფიქრები

Published on: აპრილი 25, 2022
Total views: 29
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 6 minutes

სერგი ბულგაკოვი
რეგულა ცვალენის (Regula Zwahlen) კომენტარებით

ზარების ხმაზე, ბუნებისა და ხალხის სიხარულით აღვსილნი, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე, ჩვენს მოკრძალებულ საქმეს ვიწყებთ.“[1]

ქრისტიანული სამყარო ბოროტზე კეთილის, სიკვდილზე სიცოცხლის, ხრწნად შუღლზე შემოქმედებითი სიყვარულის საბოლოო გამარჯვებას კვლავ ზეიმობს და ეს გამარჯვება (რომელიც ღმერთკაცის მიერ აღსრულდა და სამყაროსა და ხალხს სამარადჟამოდ გადაარჩენს) სამყაროს აღდგომა, შესაქმეს ფერისცვალების წინდი და მასში მონაწილეობაა. რწმენით ელოდება რა საბოლოო ძლევას, ქრისტიანული სამყარო აღდგომას, როგორც მომხდარ მოვლენას და ჩვენს გარშემო არსებულ სიბნელეში, მტრობისა და განხეთქილების სამყოფელში, როგორც სინათლის კიაფსა და მგზნებარე სიყვარულს, ისე განიცდის.

აღდგომილი ქრისტე პიროვნებისა და ერების სულში კვლავ აღდგება და აღდგომილი უფლის კაშკაშა ბრწყინვალება, ღამის სიბნელეში შეაღწევს. იგი არა მხოლოდ მორწმუნეს თვალებზე აშუქებს, არამედ იმ უკუნშიც აღწევს, რომელშიც ცნობიერების დამაბრმავებელი შუქით ვცხოვრობთ და ჩვენ მიერ სამყაროსგან შექმნილ გოლგოთას ანათებს. ზეციურ ანგელოზთა გალობა, ჯვარცმის ადგილიდან მომავალ გოდებასთან და კვნესასთან ერთდება. აღდგომის დღეს, ჩვენ გოლგოთას ვერ დავივიწყებთ და რამდენადაც კვლავაც ცოცხლები ვართ, გოლგოთას მეხსიერება ვერ და არც უნდა აღმოვფხვრათ.

სიხარულით აღვსილს, თანადროულად, მწუხარე ფიქრებიც მიპყრობენ მიწიერ გოლგოთასთან და იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მას ქმნის და მის ირგვლივ არსებობს: ფანატიკური სინედრიონი, ზარმაცი და გულგრილი კარიერისტი პილატე, უხეში ჯარისკაცები (რომლებიც ჯვრის ძირში დაგებულ ქრისტეს სამოსს იყოფენ) და ბნელი ხალხი, რომლებიც ბრმად გაჰყვირიან- ,,ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!“ გოლგოთის ეს სურათები როგორ ახლოს არიან ჩვენს დღევანდელობასთან, 1906 წლის რუსეთთან, რომლებიც ისე ჭრიან და წვავენ გულს, რომ მათი დავიწყება აღდგომის დღესაც შეუძლებელია; გამოცდილებით მკვდარი ადამიანი, აღდგომილ ქრისტესთან, მგლოვიარე და თავმდაბალ მაგდალინელთან ერთად (რომელიც აღდგომილის სანახავად მიისწრაფვის და ქრისტეს ვნების კვირის აზრებითა და გრძნობებითაა სავსე) სრულყოფილად ვეღარ აღდგება.

რა სამოსით აღვნიშნავთ სიყვარულის დღესასწაულს? დასვრილი, დასისხლიანებული, სამგზის სისხლიანი ძონძებით, რომლებითაც სრულად ვატარებთ მშივრების, ღარიბების, ქვრივებისა და ობლების ტვირთს- ესენი ის სულიერი შესამოსელნი არიან, რომლებითაც ჩვენ აღდგომილ უფალთან შესახვედრად მივდივართ. განა რომელი ტანჯვით არ ვგვემეთ იგი? გაჭირვების ჟამს განა რა დანაშაული არ ჩავიდინეთ მის წინააღმდეგ? ამ ყოველივეს შემდეგ, ვინმე საკუთარი ძმების ან კაცობრიობის წინაშე რაიმეს (კეთილსა თუ ბოროტს) სჩადის, იგი ყველაფერს ქრისტეს უკეთებს…

მშიერს ვაპურებთ? არა. რუსეთის მიწა, ქალები, ბავშვები, მოხუცები, ჯან-ღონით აღსავსე მუშები, ჩვენი ცოდვების გამო, სოციალური უსამართლობის გამო შიმშილობენ.

დავაკმაყოფილეთ საპყრობილეში მყოფნი? არა, პირიქით, ჩვენ ეს დილეგები გადავავსეთ, უდანაშაულონი და დამნაშავენი ერთად ჩავსვით და მთელი რუსეთი გარკვეულწილად საპყრობილეში მოვათავსეთ, ისეთ ადგილში, სადაც ხალხი ბოროტებისგან გიჟდება. ჩვენ რუსეთი ტყვეთა, პატიმართა (და სხვა ურჩხულთა) სახლად ვაქციეთ. გავიხსენოთ ჰეროდე და ისინი, ვინც ქრისტეს გვემდნენ და ნერწყვიდნენ. ჩვენ პატიმრები ქრისტეზე მეტად ვაწამეთ და შეურაცხვყავით.

გავაკეთეთ სიყვარულის საქმეები? არა, თუმცა რუსეთი კი დავტბორეთ სისხლით, გავანათეთ იგი ცეცხლის ალით და სამოქალაქო დაპირისპირების საშინელებებით გავავსეთ. მთელი რუსეთი ეგზეკუციის ადგილად გადავაქციეთ, სადაც ქრისტეს კვლავ და კვლავ ჯვარზე ვაკრავთ, ვესვრით და, საბოლოოდ, ,,უცხოებს“ ღვთის დიდებისთვის ვანადგურებთ.[2] საეკლესიო ხელისუფალნიც კი მიმდინარე მკვლელობების დამგმობ[3] სასულიერო პირებს უკრავენ პირს, რითაც საკუთარი სამარცხვინო სულიერი წინაპრის- კაიაფას მაგალითს ბაძავენ, რომელმაც, როგორც ყველასათვის ცნობილია, სასიკვდილო განაჩენის გამამყარებელი არგუმენტი წარმოადგინა, რომელსაც მისი დღევანდელი სულიერი შვილებიც ულაპარაკოდ იღებენ: ,,უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს“ (ინ. 11:50). ასეთი ქრისტიანები ვართ და ასე ვახორციელებთ ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაში ქრისტეს ჭეშმარიტებას.

ჩვენ ხალხის სული მოვწამლეთ, რომელმაც ახლა არ იცის თუ ვის და რა დაუჯეროს, ვის მიჰყვეს და სად ეძიოს ჭეშმარიტება. ჩვენ თავად რელიგიას ვწამებდით ცილს და იგი ძალაუფლების მსახური გავხადეთ. ჩვენ რჯულის ჭეშმარიტებას დავწამეთ ცილი და იგი ძლიერის უფლებასთან გავაიგივეთ.

ამ სისხლიანი კოშმარიდან როდის გამოვიღვიძებთ? როდის აღვაპყრობთ ჩვენს მძიმე მზერას, რათა განკაცებული სიყვარული დავინახოთ და როდის ,,დაიწვება“ ჩვენი გული ისევე, როგორც ემმაუსის[4] გზაზე მიმავალ მოციქულთა გულები იწვოდნენ, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავის თანამგზავრს ვერ სცნობდნენ?

როდესაც სინანულის (პიროვნულისა და სოციალურის) გზას შევუდგებით, ე.ი. ჩვენი დანაშაულებების გამო დარდსა და დამცირებას ვიგრძნობთ, იმასაც გავაცნობიერებთ, რომ ,,ჭეშმარიტება კვლავ იგივეა“[5] და  ხსნაც (პიროვნული, ეროვნული და ისტორიული) მხოლოდ ამ ჭეშმარიტებასთანაა დაკავშირებული? ყოველივეს შემდეგ, შეუძლებელია აღიარო, რომ ეს წამებანი ამაო იყო, ხოლო ვნების კვირასა და გოლგოთას კი მიზანი არ ჰქონია. აღდგომის დღე უკვე თენდება. ისტორიაში რაღაც გაუგონარი და დიდი მწიფდება და ხდება.

ჩვენ დიდი მოლოდინის, მოახლოებული სასწაულის ატმოსფეროში ვცხოვრობთ… ჩვენ, ასევე, ჩვენი ეროვნული აღდგომის წინა დღესაც განვიცდით. ადრე თუ გვიან ეს აღდგომა, ხალხის გარეგანი და შინაგანი ფორმის გარდაქმნა მოხდება. და ბოლოს, რუსი ხალხი საკუთარ ნამდვილ, ,,შინაგან“ მტერს დაამარცხებს, შემუსრავს საპყრობილეს, გამოაღვიძებს მოჯადოებულ და მძინარე სამეფოს და ხანგრძლივი, თავისუფლებისმოყვარე და კაცთმოყვარე ოცნებებიც ახდება.“

ეს ტექსტი დღეს დაწერილივით რატომ ჟღერს? ბულგაკოვმა იგი იაპონიასთან წაგებული ომისა და 1905 წლის რუსეთის პირველი რევოლუციის შემდეგ გამოაქვეყნა, როდესაც, იმპერატორის ოქტომბრის მანიფესტმა, პრესის თავისუფლებისა[6] და პირველი არჩევნებისკენ წასვლის საშუალება მოიტანა. ტექსტი დღევანდელივით იმიტომ ჟღერს, რომ მისი დაწერის დროს, რუსეთის ,,მხრებზე დადებული ტვირთი“ ძალიან გაიზარდა. ტექსტი დღეს დაწერილივით ჟღერს, რადგან მაქსიმ ტრუდოლუბოვის მსგავსი ავტორები კვლავ წერენ შემდეგი სათაურის სტატიებს- ,,ჩვენ ჩონჩხებით სავსე კარადაში ვცხოვრობთ“, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს დანაშაულების გასამართლებას ეხება, რადგან ,,უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში, რუსეთის სახელმწიფოს იმპერიული, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საშინელი ასპექტები გაერთიანდნენ.“[7]

ბულგაკოვის ტექსტი (რომელიც იმპერიულ ეკლესიას, ,,მართლმადიდებლობის დაცვის მოტივით“, ,,ძალაუფლების მსახურად“ გახდომის ბრალს უყენებს) შეგვახსენებს, რომ ჩვენ მხოლოდ Memorial-ის მიერ გამოვლენილი ათეისტური საბჭოთა კავშირის საშინელ დანაშაულებზე კი არა,[8] არამედ უფრო ადრინდელ იმპერიულ დანაშაულებებზეც ვსაუბრობთ, რომელთა შესახებაც ,,ეკლესია იმ მღვდლების ბაგეებს ადუმებდა, რომლებიც მიმდინარე მკვლელობებს გმობდნენ.“ მიუხედავად ეკლესიის საკუთარი განსაცდელებისა, საეკლესიო ხელისუფლებამ, საბჭოთა პერიოდში, რუსეთს თავისი წილი ტვირთიც დაუმატა, რომელიც კვლავ KGB-ს არქივებში იმალება, რადგან მათი აღმოჩენა ეკლესიის ,,აღორძინებას“ უშლის ხელს.[9] დღესაც, რუსეთის ეკლესია (რომელიც, უფრო მეტად, საიმპერიო ეკლესიის უბრალო რეკონსტრუქციაა, ვიდრე 1917-1918 წლის საეკლესიო კრების[10] ფერფლისგან წამომდგარი ფენიქსი) წარმოუდგენლად დიდ ტვირთს იდებს, როდესაც ,,საღვთო სამართლის“ სახელით, უკრაინაში მიმდინარე რუსულ საშინელ ომს ამართლებს.

,,სააღდგომო ფიქრების“ ბოლო ნაწილი, რუსული აზროვნების პრობლემურ მხარეს ასახავს, რამდენადაც იგი ბულგაკოვის პირად და საკმაოდ ძლიერ რუსულ მესიანიზმს გადმოსცემს.[11] ამ პასაჟის წინასიტყვაობად მსურს აღვნიშნო, რომ ბულგაკოვმა და სხვა რუსმა მოაზროვნეებმა, მხოლოდ 1922 წლის ემიგრაციის შედეგად, ევროპულ აზროვნებასთან შეხვედრის შემდეგ მოახერხეს ეთნიკურობის ან აღმსარებლობასთან დაკავშირებული საკუთარი სტერეოტიპული ხედვების დაძლევა. ევრაზიანიზმისა და რუსული ნაციონალისტურ-ფაშისტური ხედვების წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლის (და განსაკუთრებით 1930-იანებში ,,გერმანელი ქრისტიანებისა“ და ფრანგი “Action catholique-ს” გაცნობის შემდეგ) შედეგად, მათ უფრო კარგად გაიაზრეს  ეკლესიაში არსებული ნაციონალიზმის პრობლემა და უფრო მეტი ყურადღება ქრისტიანულ უნივერსალიზმს მიაქციეს.[12] ბულგაკოვი, 1934 წლის სტატიაში (Nation and Humanity) წერდა, რომ ,,ღვთისმგმობელი პრეტენზიაა, როდესაც რომელიმე ხალხი საკუთარ თავს რჩეულ ერად და ქრისტეს ხალხად წარმოაჩენს. ყველა ერი ქრისტესია.“[13] ბულგაკოვის 1906 წლით დათარიღებული ,,სააღდგომო ფიქრების“ ბოლო ნაწყვეტი კი შემდეგნაირად ჟღერს:

,,რუსი ხალხი თავისუფლებას მიიღებს და მოიპოვებს თავისი ცხოვრების ქრისტიანულ (და არა ისლამურ ან თურქულ) პრინციპებთან შესაბამისობით, იმ პრინციპებთან, რომლებსაც იგი ახლაც ეყრდნობა. თუმცა, ეს საკმარისი არაა. იგი იმდენად მცირე რამაა, რომ თუკი მხოლოდ მასზე ვისაუბრებთ, ამგვარი პერსპექტივით სიამოვნების მიღმა, ვერანაირ შთაგონებას ვერ მივიღებთ. ეს ის ყველაფერი არაა, რასაც რუსი ხალხისგან ველით. თავისუფლების ცისკრის მიღმა, ჩვენ ახალ, ზეციურ გარიჟრაჟს ვუცქერთ. მოველით, რომ გარეგანი ხუნდებისა და სულიერი კონტროლისგან გათავისუფლებული ჩვენი ხალხი, თავის უმაღლეს რელიგიურ მოწოდებას აღასრულებს და უხილავ სიტყვას წარმოთქვამს, რომელიც სამყაროს გადარჩენას ეხება.

ჩვენ კვლავ ვიზიარებთ დოსტოევსკისა და სოლოვიოვის რწმენას, რომ ჩვენი ხალხი (რომელსაც დამანგრეველი მოძალადის მხეცური სახე აქვს და საშინელ ცოდვაშია ჩაფლული), მაინც ღვთისმოსავი ხალხია და მსოფლიო ისტორიაში საკუთარი მნიშვნელოვანი და განსაზღვრული დანიშნულება აქვს, რაც სამყაროს გადარჩენას უკავშირდება. დაე საფლავიდან მძიმე ქვა გადაგორდეს (რომელიც ცოცხალსა თუ მიცვალებულს კარს უხერგავს) და უფალთან შესახვედრად ოთხი დღის მიცვალებული (რომელსაც უკვე სუნიც კი ასდის) ლაზარე გარეთ გამოვიდეს. ეს რწმენა ჩვენს პატრიოტიზმს განმსჭვალავს და მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ისტორიულ მოვლენებს, გამანთავისუფლებელ მოძრაობას, რუსეთის ეკლესიის გათავისუფლების დასაწყისს- ყველასა და ყველაფერს. ეს რელიგიური მისწრაფებები სიცოცხლეს ათბობს და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და ბრძოლას განწმენდს.“

თუკი ფიქრობთ, რომ მოხუცმა და ბრძენმა ბულგაკოვმა, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული საკუთრი ბრაზი დაკარგა, გირჩევთ მისი ბოლო წიგნის- იოანეს აპოკალიფსის წაკითხვას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერა. ეს წიგნი იმის შესახებაა, რომ საღვთო ,,სამსჯავრო მხოლოდ ინდივიდებს კი არა, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ სისტემასა და ყოველგვარ დესპოტიზმს ეხება, როგორც სახელმწიფოს, ასევე, ეკონომიკურს.“ ეს წიგნი ,,ადამიანის მიერ, სხვა ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ ყოველგვარ ძალადობაზე შურისძიებას“ ეხება.[14]

ბულგაკოვი, რუსოფობიისგან კი არა, არამედ რუსეთის ,,მხეცური სახის“ საშინელებისგან იტანჯებოდა და, ამავდროულად, საკუთარი სამშობლოსადმი თბილ სიყვარულსაც გრძნობდა, რაზეც თავისი ტექსტის დასასრულს მოყვანილი ლოცვის ტექსტიც მოწმობს:

 ,,აღსდეგინ ქრისტე და შენს ხალხში, შენი ჭეშმარიტების ნათლით კაცთა და ტომთა შორის შუღლის ბოროტი სიბნელე განანათლე, შემუსრე შენი საქმეების მტრები, დაწვი ჩვენი სიზარმაცე და ცივი გულგრილობა, აანთე და დაწვი ჩვენი გულები შენი ცეცხლით.

ამინ. მოდი უფალო იესო!“[15]


[1] გაზეთი-“Narod”, No. 1, April 2 (15), 1906, Kiev, 1. გაზეთის რედაქტორები ს.ნ. ბუგაკოვი და ა.ს. გლინკა (ვოლჟკი) იყვნენ. ეს გაზეთი წარუმატებელი პოლიტიკური პროექტის- ,,ქრისტიანული პოლიტიკის გაერთიანების“ ბეჭდურ ვარიანტად შეიქმნა. 2 დან 10 აპრილამდე გაზეთის შვიდი ნომერი დაიბეჭდა, რის შემდეგაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზეთი დაიხურა. ყველა ნომერში ბულგაკოვის სტატიები იყო დაბეჭდილი.

[2] ეს ებრაელთა პროგრომს ეხება, რომელმაც, 1905 წელს, რუსეთი ტალღასავით მოიცვა. წამქეზებლები და ორგანიზატორები საკუთარ მოქმედებებს ფსევდო-მართლმადიდებლური რიტორიკით ხსნიდნენ. 1905 წლის ნოემბერში, არაერთი ცნობილი იერარქის სტატიები გამოქვეყნდა, რომლებიც პოგრომებს გმობდნენ.

[3] 1905 წლის 20 დეკემბერს, წმინდა სინოდმა განაჩინა ,,სახალხო მღელვარების ჟამს, ცალკეულ მღვდელთა დასაგმობი ქცევის შესახებ.“ ამ განჩინებით ეპისკოპოსებს სასულიერო პირებზე კონტროლის გაძლიერება დაევალათ.

[4] ლუკა 24:13

[5] ა.კ. ტოლსტოი- “Против течения.“

[6] Catherine Evuthov, The Cross & the Sickle. Sergei Bulgakov and the Fate of Russian Religious Philosophy, 1890–1920, Ithaca 1997, 109.

[7] https://meduza.io/en/feature/2022/04/05/we-live-in-a-closet-stuffed-with-skeletons ინგლ.; https://meduza.io/feature/2022/03/24/my-zhivem-v-shkafu-nabitom-skeletami რუს.; https://www.dekoder.org/de/article/krieg-ukraine-erinnerung-aufarbeitung-vergangenheit გერმ.

[8] იხ. https://publicorthodoxy.org/ka/2022/01/04/10326/

[9] https://novayagazeta.ru/articles/2014/01/24/58082-svyaschennik-gleb-yakunin-patriarh-kirill-funktsiyu-kgb-vzyal-kak-by-na-sebya.

[10] Sergei Chapnin: Deep crisis after triumphant revival. What has happened at the Orthodox Church in Russia? https://www.youtube.com/watch?v=mipAX5JBThk.

[11] იხ. https://publicorthodoxy.org/2022/04/07/heresies-history-and-russian-orthodoxy-otherwise/.

[12] იხ. Antoine Arjakovsky, The Way. Religious Thinkers of the Russian Emigration in Paris and their Journal, 1925–1940, Notre Dame 2013.

[13]  S. N. Bulgakov, Natsiia i chelovechestvo, in: id. Sochineniia v dvukh tomakh, t. 2, 650, 652.

[14] Sergij Bulgakov, The Apocalypse of John: An Essay in Dogmatic Interpretation (Münster: Aschendorff, 2019), 146.

[15] გამ. 22:20


Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu