კატეგორიის გარეშე

რუსული სამყაროს მორალური მარცხი: პუტინი, კირილი და ისტორიის ტრიბუნალი

Published on: მაისი 13, 2022
Total views: 23
Readers' rating:
0
(0)
Reading Time: 4 minutes

პოლ გავრილიუკი (Paul L. Gavrilyuk)

მარიუპოლში რუსული რაკეტები სამშობიაროებს ანადგურებენ და უამრავ ადამიანს აზიანებენ. ამ ფონზე კი მოსკოვში, პატრიარქი კირილი (გუნდიაევი) რუსულ ჯარებს აკურთხებს. იმავე მარიუპოლში, ქალაქის თეატრის დაბომბვის შედეგად ასობით ბავშვი და მოხუცებული დაიღუპა. ამ დროს კი პატრიარქ კირილს ყოფნის უტიფრობა, რომ ომი დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ ,,მეტაფიზიკურ ბრძოლად“ აღწეროს. ოდესაში, ერთი შენობის სარეკეტო იერიშის დროს, დედა თავის სამი თვის ჩვილთან ერთად ცოცხლად დაიმარხა. კრემლში მყოფი ბატონისადმი დამორჩილებული გუნდიაევი კი ამ ომს თავდაცვის მოქმედებად რაცხავს.

ბევრი დასავლელი დამკვირვებელი შეშფოთებულია. განა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნაკურთხი ჯარები უკრაინაში მცხოვრებ მართლმადიდებელ მშვიდობიან მოსახლეობას არ კლავენ? განა რუსული რაკეტები მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს და მასთან ერთად მართლმადიდებელთა სკოლებს, საავადმყოფოებსა და სარკინიგზო სადგურებს არ ანგრევენ? თუკი ყოველივე ზემოთქმული მართალია, პატრიარქ კირილს როგორ შეუძლია საკუთარი ჯარები ომში წასასვლელად დალოცოს? განა ეს ,,ძმათამკვლელი“ ომი არაა (როგორც ეს, უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ, ბოლო მომენტში განაცხადა)? აქამდე მიტროპოლიტ ონუფრის არ უფიქრია, რომ 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინის რუსული ინტერვენციაც ძმათამკვლელი მოქმედება იყო. ამავდროულად, ონუფრის იურისდიქციაში მყოფი რამდენიმე უხუცესი ეპისკოპოსი პატრიარქ კირილისადმი ბრმა მორჩილებას განაგრძობს, რომელი პატრიარქიც უკრაინაში საკუთარი სამწყსოს წევრების ხოცვას (დაბომბვას, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებასა და მილიონობით ადამიანის იძულებით გადაადგილებას) ამართლებს. ონუფრის ეპისკოპოსებმა გონება და სინდისი დაკარგეს? ეს სისულელეა თუ ღალატი? პასუხის მიუხედავად შედეგი იგივეა- ესაა ისეთი უპრეცენდენტო მასშტაბის ძალადობრივ აქტებში მონაწილეობა, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ უნახავს.

მეორე მსოფლიო ომი სიცოფე და მწარე მარცხი იყო. ძალაუფლებისკენ ლტოლვის ჰიტლერის მანიამ გამოსავალი დამღუპველ იდეოლოგიაში ჰპოვა. ნაციზმმა იგი იმდენად დააბრმავა, რომ ძალადობის ყველა მოქმედება გაამართლა და ,,წარმატებით განახორციელა“ აღმოსავლეთ ევროპის ,,სისხლიანი მიწების“ (რომელიც პოლონეთსა და უკრაინას მოიცავდა) კოლონიზაცია. ნაციზმის იდეოლოგიის თანახმად, არიული რასა სხვა ერებზე აღმატებულობას გულისხმობდა და ადამიანთა გარკვეული ჯგუფების (მაგალითად ებრაელების) არსებობას უარყოფდა. ჰიტლერის ,,პროპაგანდის მინისტრი“ გებელსი იყო, პუტინის პირმოთნე იდეოლოგი კი გუნდიაევია. ძალაუფლებისკენ მიმართულმა პუტინის ლტოლვამ კალაპოტი რუსული სამყაროს (Russkii Mir) იდეოლოგიაში ჰპოვა. ამ იდეოლოგიის თანახმად, რუსები სხვა სლავებზე აღმატებულნი არიან და უარყოფილია უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ერის არსებობის უფლება. რუსული სამყარო ევრაზიანიზმის აგრესიული ფორმაა, რომელიც, თავის მხრივ, XIX საუკუნის სლავოფილური მოძრაობის ,,უკანონო შვილია.“ სლავოფილებს, ,,ბირთვული მართლმადიდებლობა“ ყველაზე საზარელ კოშმარებშიც კი არ წარმოედგინათ. თუმცა, მართლმადებლების შესახებ არსებული სლავოფილთა რომანტიზებული იდეა (რომელიც კოლონიალიზმს იწყნარებდა) რუსეთის იმპერიის აჩრდილის პუტინისეული აღდგინების მცდელობისას სისხლიან დისტოპიად გადაიქცა. 

საბჭოთა კავშირში 9 მაისი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღმნიშვნელი ,,გამარჯვების დღე“ გახდა. წელს, პუტინი უკრაინაში რუსული არმიის მოჩვენებითი გამარჯვების აღნიშვნას აპირებდა. ის, მისდა საუბედუროდ მწარედ მოტყუვდა. იოლი გამარჯვების სანაცვლოდ უკრაინისგან მან მედგარი წინააღმდეგობა მიიღო, რის შედეგადაც, საბოლოოდ, დამარცხდა კიდეც. პუტინი და მისი მომხრეები მორალურად უკვე დამარცხებულნი არიან. მსოფლიო უკრაინაში რუსების მოქმედებით შეძრწუნებულია და მათ სამხედრო აგრესიის საზარელ აქტად და უზარმაზარ ჰუმანიტარულ კატასტროფად აფასებს. პუტინის რიტორიკის თანახმად (ყოველ შემთხვევაში, მისი გონება ასე აღიქვამს) იგი დასავლეთისა და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე მესამე მსოფლიო ომის აქტორია. იგი შეარბილებს თუ არა საკუთარ რიტორიკას, მისი ნარატივი მორალურად გაკოტრებულია.

            მორალური დაცემის გარდა, რუსეთი პოლიტიკურადაც წააგებს. ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით (როდესაც საბჭოთა კავშირს სოციალისტურ ქვეყნებში დიდი გავლენა ჰქონდა), ამჟამად, რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის ფასი (თუნდაც ისტორიულად ამგვარი მიდრეკილებების მქონე ქვეყნებისთვის) ძალიან დიდი იქნება.

            იგივე შეგვიძლია ვთქვათ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც. რუსული კომპანიები სანქციების თავიდან არიდებას უკვე ცდილობენ. როდესაც სიტუაცია უფრო დამძიმდება, სანქციებისგან თავის არიდება რუსულ ეკონომიკაში დამოუკიდებელ განხრას გამოიწვევს. იმის მიუხედავად, რომ მცირე კომპანიებს, საკუთარი არადასავლელი პარტნიორების შუამავლობით, საეჭვო შეთანხმებებში მონაწილეობა კვლავ შეუძლიათ, დიდი კომპანიების მხრიდან საერთაშორისო კანონის დამრღვევი ნებისმიერი მოქმედება აღკვეთილი იქნება. რუსეთი ამ ომს უკვე ეკონომიკურადაც აგებს და წააგებს კიდეც, როდესაც სანქციები სრულად ამოქმედდება. ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსული ეკონომიკის სტაგნაცია გაგრძელდება, რუსული მოსახლეობა (რომელმაც, საბჭოთა კავშირთან შედარებით უფრო კომფორტული ცხოვრების გემო გაიგო) მეტად გაღარიბდება, ხოლო თავად რუსეთი კი გაცილებით დასუსტდება. სანქციებამდე რუსეთის ეკონომიკა იტალიაზე მცირე იყო. თუკი რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტი შემცირდება, ქვეყნის ეკონომიკაც მეტად დასუსტდება. არა მორალური ან პოლიტიკური ტრანსფორმაცია, არამედ ეს თანდათანობითი დასუსტება და ეკონომიკური კრიზისი გახდება რუსული კურსის ცვლილების მთავარი ფაქტორი. გულუბრყვილობაა იმის ფიქრი (როგორც ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი და მკვლევარი იქცევა), რომ მოსახლეობა (რომელმაც ყირიმის ანექსიას სრულად დაუჭირა მხარი და მიმდინარე ომსაც ამართლებს), საკუთარ აზრზს ერთ ღამეში შეიცვლის. განსხვავებული პოლიტიკური რეალობის პირობები აუცილებლად არიან შესაქმნელნი. თუმცა, მთავარი ფაქტორს მაინც ეკონომიკა შეასრულებს, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში მოხდა.

რაც უფრო დასუსტდება რუსეთის ეკონომიკა, მით უფრო დასუსტდება თავად ქვეყანაც და დასავლეთისთვის უფრო მარტივი იქნება, რომ მასთან მოლაპარაკება აწარმოოს (,,აიძულოს იგი“) ქვეყნის დემილიტარიაციასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ბირთვულ იარაღსაც. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის მსგავსად, საერთაშორისო საზოგადოება ბირთვული რუსეთის შიშში ვეღარ იცხოვრებს. მხოლოდ რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების ხარჯზე შეუძლია დასავლეთს, რომ რუსეთის ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყოს. თუმცა, სანამ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი მოხდება, პუტინსაცა და კირილსაც ძალაუფლებიდან ჩამოშორება მოუწევთ. კირილის შემთხვევაში, ეს მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახის საყოველთაო ორგანომ უნდა განახოციელოს. მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებმა, როგორც საკუთარი სამწყსო, ასევე, დანარჩენი მსოფლიოც, უნდა დაარწმუნონ, რომ რუსული სამყაროს იდეოლოგია და მისი სპიკერის- კირილე გუნდიაევის ხედვები, მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან შეუთავსებელნი არიან. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში არაერთი მწყემსმთავარი ყოფილა, რომელიც ანათემას გადასცეს, გადააყენეს ან გადაასახლეს. არის თუ არა პატრიარქი კირილი სამხედრო დამნაშავე და ერეტიკოსი, კანონოლოგების გადასაწყვეტია. ერთი რამ ცხადია: თუკი პუტინი იმდენ ხანს იცოცხლებს, რომ ნიურბერგ 2-ის პროცესზე გამოძახებას მოესწრება, მას საკუთარი ,,პროპაგანდის მინისტრის“-გუნდიაევის წაყვანაც მოუწევს. ამ ომში რუსეთის მორალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი მარცხი მხოლოდ მაშინ განსრულდება, როდესაც ორთავიანი არწივის ორივე თავი სიცოცხლის დარჩენილ დღეებს საპყრობილეში გაატარებს.

რუსეთის დამარცხება გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენი ტანჯვის გადატანა მოუწევთ უკრაინელ ხალხს მანამ, სანამ ეს დღე მოიწევა.


დოქ. პოლ გავრილიუკი (Paul L. Gavrilyuk) Rebuild Ukraine-ისა და International Orthodox Theological Association-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rate this publication

Did you find this essay interesting?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

Be the first to rate this essay.

Share this publication

კონტაქტი

მთავარი რედაქტორი
Nathaniel Wood
nawood@fordham.edu