ემილ შაგაუ (Emil Saggau)

ამ გაზახფულზე, სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (SOC) მნიშვნელოვანი შეთანხმებები გააფორმა, რომლებმაც მისი პოზიციები გაამყარეს და გააძლიერეს. პირველი „შეთანხმება“ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის (MOC) კანონიკურ მართლმადიდებლურ წიაღში დაბრუნებას ეხება (ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს სახით), რითაც SOC-სა და MOC-ს შორის, თითქმის 50 წლიანი გაუცხოება დასრულდა. მეორე შეანხმება, ივლისში გაფორმდა SOC-სა და მონტენეგროს მთავრობას შორის, რომლის თანახმადაც SOC-მა მონტენეგროში პრივილეგიები მიიღო და თითქმის ოცწლიანი დაძაბულობები დაასრულა. ზემოაღნიშნული შეთანხმებები არა მხოლოდ ახლადარჩეულ პატრიარქ პორფირის (პერიჩი, 1961-) დიპლომატიურ ძალაუფლებასა და SOC-ის სინოდის ახალ შემადგენლობაზე მიუთითებს, არამედ იმ მნიშვნელოვან გავლენაზეც, რომელიც უკრაინამ იქონია გლობალურ მართლმადიდებლურ კონფლიქტებზე. ქვემოთ გავაანალიზებ SOC-მა თუ როგორ და რატომ გადადგა ეს ნაბიჯები და რა შედეგებს მოიტანენ ისინი მომავალში.
მონტენეგროს ჩიხის დასასრული
ამ ზაფხულს, მონტენეგროს ცენტრალური ქალაქ – კოლასინის გავლისას, ერთ კორპუსზე, მონტენეგროს ახლადშესვენებული მიტროპოლიტის – ამფილოქიეს (1938-2020) უზარმაზარი ფრესკა დავინახე. ამ ფრესკაზე, ამფილოქიე ტრადიციული მართლმადიდებლური შარავანდედით იყო გამოსახული, რაც აღნიშნავს, რომ მისი გარდაცვალებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ის უკვე წმინდანობის გზას შეუდგა. მსგავსი გამოსახულებები მონტენეგროს სხვა ქალაქებშიც შევნიშნე. მიტროპოლიტ ამფილოქიეს პოპულარობის სწრაფი ზრდა, 2020 წლს საპროტესტო მოძრაობაში მის ჩართულობასთანაა დაკავშირებული, რამაც ქვეყანაში მმართველი რეჟიმის შეცვლა გამოიწვია. 2020 წელს მომხდარმა სამთავრობო ცვლილებებმა, ამ ზაფხულს, SOC-სა და მონტენეგროს ხელისუფლებას შორის ახალი და წარმატებული შეთანხმების დადებას შეუწყო ხელი. SOC-სა და მონტენეგროს ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმება, რელიგიასთან დაკავშირებით წინა კანონმდებლობის სრულიად სახეცვლილი ვარიანტი იყო, რომელი კანონმდებლობაც, 2019 წლის მიწურულს, მონტენეგროს პარლამენტის მიერ იქნა რატიფიცირებული. წინა კანონმდებლობა, მონტენეგროს ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას, რომ SOC-ისთვის მონტენეგროში არსებული საეკლესიო საკუთრება ჩამოერთმია, რაც მონტენეგროსა და ბელგრადს შორის ვითარებას ძალიან ართულებდა. აღნიშნული კანონი მონტენეგროს წინა, ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ იყო მიღებული, რომელიც ამტკიცებდა, რომ მონტენეგროში SOC უცხო ძალა იყო, რომელიც მონტენეგროელ ერს საფრთხეს უქმნიდა.
მონტენეგროს ახალი ხელისუფლების მიდგომა სრულიად განსხვავებულია, რაც SOC-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერითაა განპირობებული, რამაც მთავრობას არსებითი დასაყრდენი შეუქმნა. ახალი ხელშეკრულება (რომელიც ოფიციალურად 3 ივლისს გაფორმდა), SOC-ს მონტენეგროს ტერიტორიაზე არსებულ საკუთრებასა და მემკვიდრეობაზე (ზოგჯერ სადავოზეც) ყველა უფლებას ანიჭებს და მასვე აძლევს მონტენეგროს საზოგადოებაზე პირდაპირ გავლენას. გრძელვადიან პერსპექტივაში, შეთანხმების ალბათ ყველაზე ბუნდოვანი ფორმულირება, რესტიტუციას ეხება. რესტიტუციის საკითხი განსაკუთრებულად საყურადღებოა იმ ეკლესიისთვის, რომელსაც, იუგოსლავიის დიდი სოციალისტური აგრალური რეფორმების დროს, მიწები თითქმის სრულად ჩამოართვეს. დასახელებული ფორმულირება შეიძლება კეთილი განზრახვის ნაყოფი იყოს, მაგრამ მან შეიძლება SOC-ს საშუალება მისცეს, რომ უფრო და უფრო მეტი მიწების, ადგილებისა და მემკვიდრეობის შესახებ წამოაყენოს პრეტენზიები. 28 ივლისს, ამგვარ ქმედებასთან დაკავშრებული სიგნალი უკვე გაისმა სერბეთის პატრიარქისა და მონტენეგროს მიტროპოლიტის მიერ, ლოვჩენის მონუმენტთან დაკავშირებით. [1]
ახალმა კანონმდებლობამ, მონტენეგროს მართლმადიდებლურ სივრცეში SOC-ის სრულ დომინირებასა და მონტენეგროს არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის აღკვეთას დაუდო საფუძველი. შესაძლოა, რომ ეს ახალი შეთანხმება, ამ რეგიონში, მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული საკითხების მხოლოდ ზედაპირულ ცვლილებას ეხებოდეს. მჯერა, რომ ეს ცვლილება, 2019 წლის რელიგიის კანონთან დაკავშირებული დებატებისა და ამ დებატების შემდგომ, SOC-ისათვის გამოცხადებული მხარდაჭერის შედეგია. 2022 წელს, SOC-ისა და მისი მხარდამჭერების მასიურმა მობილიზაციამ, მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. 2019 წელს, „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (CEDEM) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, დაფიქსირდა, რომ მონტენეგროს არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა, ხოლო SOC-ისა კი გაიზარდა და გამყარდა. ჩემი მონაცემებით, რამდენიმე წლის წინანდელი მხარდაჭერისგან განსხვავებით, მონტენეგროს ეკლესიას მოსახლეობის 10% უჭერს მხარს. [2] ეს ათი პროცენტიც SOC-ის ღია ოპოზიაა, რაც, 2021 წელს, მონტენეგროს მიტროპოლიტის აღსაყდრების შემდეგ ნათლად გამოიკვეთა. ამ დროს, პატრიარქ პორფირსა და ახალ მიტროპოლიტს, ეკლესიათა შორის გადაადგილებისას, ვერტმფრენის გამოყენება მოუწიათ, რათა მონტენეგროს ვიწრო გზებზე, ცეცხლმოკიდებულ ბარიკადებთან შეხვედრა აერიდებინათ თავიდან. ამ შეთანხმებამ, ყოველივე ზემოთქმულის დასრულება გამოიწვია, თუმცა, მონტენეგროს ხელისუფლებაში ნაციონალისტური პარტიის მოსვლის შემთხვევაში, მისი შენარჩუნება რთული იქნება.
ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს ხელახალი დაარსება
მონტენეგროში SOC-ის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება ივლისში მოხდა, რაც ადგილობრივი სამღვდელოებისა და განსაკუთრებით პატრიარქ პორფირის ერთწლიანი გულმოდგინე მუშაობის შედეგი იყო. პორფირი პატრიარქი 2020 წელს გახდა, რა პერიოდშიც, კორონა ვირუსის გამო, სერბეთის მართლმადიდებელი ეკკლესიის არაერთი იერარქი დაიღუპა. 2020 და 2021 წლებში, სერბეთისა და მონტენეგროს ეკლესიებს ახალი იერარქები ჩაუდგნენ სათავეში. აღსაყდრების შემდეგ, პატრიარქმა პორფირიმ, ერთი მხრივ, მონტენეგროს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, SOC-თან დაკავშირებული სხვა საკითხების გადასაჭრელად დაიწყო აქტიური მუშაობა. ერთ-ერთი ამ საკითხთაგანი მაკედონიას უკავშირდებოდა, რომელიც, მონტენეგროს მსგავსად, საეკლესიო კონფლიქტის კერა იყო. კომუნისტური მმართველოიბის დროს, მაკედონიის სამღვდელოებამ ავტონომიური სტატუსი მიიღო და მალევე, 1968 წელს, საკუთარი თავი ავტოკეფალურებად გამოაცხადეს. მონტენეგროსგან განსხვავებით, სადაც SOC-ის ნებისმიერი მოწინააღმდეგე იზოლირებული ხდებოდა, მაკედონიის მართლმადიდებელი მოსახლეობა თითქმის ერთიანად შეუერთდა არაღიარებულ ეკლესიას. 2021 წელს, SOC და მაკედონიელები, სადავო საკითხების მოგვარებას მოსკოვის მეშვეობით ცდილობდნენ, რაც არ გამოვიდა, რადგან სახელწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ გადაიჭრა. ეს საკითხი, მსოფლიო პატრიარქის ჩართულობით, მიმდინარე წლის მაისში მოგვარდა. შეთანხმების ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია (MOC), ბერძნებმა ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს აღდგენილ ფორმად აღიარეს, ხოლო MOC საკუთარ თავს კვლავ მაკედონიურად მოიხსენიებს. თავად შეთანხმება მალევე გახდა ცნობილი და მან ჩაახშო ყოველგვარი წინააღმდეგობა, მათ შორის ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან მომავალი წინააღმდეგობა, რომელიც, ოხრიდის ეკლესიის მემკვიდრეობაზე აცხადებდა პრეტენზიას. საკითხი გადაიჭრა, SOC-ს, MOC-სა და მსოფლიო პატრიარქს შორის დადებული პრაგმატული შეთანხმებით.
ჯერაც უცნობია თუ რა ძალისხმევის ფასად დაუჯდა სერბეთის ახლადგამორჩეულ პატრიარქს ორივე ზემოთქმული საკითხის მოგვარება, რომლებიც, წლების განმავლობაში გადაუჭრელნი ჩანდნენ. მსგავსადვე უცნობია SOC-ის მხრიდან შესრულებული სამუშაო და მსოფლიო საპატრიარქოს როლი ამ ყოველივეში. თუმცა, მე საკითხთან დაკავშირებით ცნობები ხელთ მაქვს, რაც იმის დამსახურებაა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულის ნაწილი, სამხრეთ ევროპაში, ამ რეგიონში მცხოვრებ სასულიერო პირებთან ერთად გავატარე.
პირველი, მაღალი იერარქია შეიცვალა. პატრიარქმა და SOC-ის სინოდის გავლენიანმა წევრებმა შეთანხმება შესაძლებელი და შეიძლება გარდაუვალიც გახადეს. მონტენეგროსთან დაკავშირებით, გამოსავალი, მეთაურთა შეცვლის გარეშეც შეიძლებოდა დამდგარიყო, მაგრამ პატრიარქის პირადმა ჩართულობამ პროცესი მეტად დააჩქარა. მეორე მხრივ, SOC-ის სინოდის ცვლილებამ დააჩქარა MOC-თან დაახლოება და ჩრდილოეთ მაკედონიაში, საეკლესიო უმცირესობისადმი მხარდაჭერის შეწყვეტა, რადგან ზემოთქმული შეთანხმების გამო, ამ საეკლესიო ერთეულის არსებობის ძირითადი მიზეზი აღმოიფხვრა.
მეორე, როგორც ჩანს, მონტენეგროს მთავრობაცა და MOC-იც, თავის წილ, განსხვავებული მიზეზების გამო, კონფლიქტის დასასრულებლად მზად იყვნენ. მრავალი წლის მანძილზე, MOC მშვიდობიანი გზით, როგორც SOC-თან, ასევე, ბულგარელებთანაც, საკითხის მოგვარებას ცდილობდა. ეს მცდელობები კი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საბერძნეთსა და ჩრდ. მაკედონიას შორის შეთანხმება შედგა. მონტენეგროში, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, 2019 წლის კანონის გაუქმება და სერბეთის ეკლესიასთან ახალი გამოსავლის პოვნა იყო.
ყველაზე მნიშნელოვანი მიზეზი, რის გამოც, ეს ორი შეთანხმება ყველა პარტნიორმა მიიღო, შეიძლება რეგიონის გარეთ არსებობდეს. როგორც ჩანს, უკრაინაში არსებული სიტუაცია (როგორც ომის, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან, საკუთარ სტატუსთან დაკავშირებული ვითარება), სიტუაციას უფრო მეტად ართულებდა. ყველა პარტნიორი მიხვდა, რომ უკრაინის მსგავს სიტუაციაში აღმოჩენა არ სურდათ, ხოლო ომი კი, საკითხების გადასაჭრელი დამატებითი სტიმული აღმოჩნდა.
ზემოაღნიშნული შეთანხმებებიდან, ყველაზე მეტი სარგებელი SOC-მა მიიღო, რადგან მან, ორი არსებითი პრობლემა გადაჭრა და, როგორც ჩანს, MOC-თან გრძელვადიანი ალიანსი დაამყარა. ეს მას (SOC-ს) საშუალებას აძლევს, რომ სხვა საკითხებზეც გაამახვილოს ყურადღება, მაგ. კოსოვოს სტატუსზე ან ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში სერბეთის ეკლესიის პოზიციაზე. მონტენეგროსთან დადებული წარმატებული ხელშეკრულება, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში, საკუთრებასა და რესტიტუციასთან დაკავშირებით ხსნის გზას. ის, სერბეთის ეკლესიას, უკრაინის მიმართ პასიურ მდგომარეობაში დარჩენის საშუალებასაც აძლევს. ყველაფრის მიუხედავად, ეს ორი ახალი შეთანხმება, მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს.
[1] იხ. ასევე, Emil Saggau, “A Shrine for the nation – the material transformation of the Lovćen site in Montenegro,” Journal of Balkan and Near Eastern Studies (November, 2017).
[2] იხ. Emil Saggau, “The self-proclaimed Montenegrin Orthodox Church – A paper tiger or a resurgent church?” სტატია კრებულში: Religion in Contemporary Society. red. / Mirko Blagojevic; Zlatko Matic. Belgrade: Institute of Social Sciences, Department of Education and Culture, (2017), 31-54.
ემილ ჰილტონ შაგაუ (Emil Hilton Saggau), ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) სადოქტორო პროგრამის მკვლევარია. შაგაუ არის ყოფილ იუგოსლავიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ რამდენიმე სტატიის ავტორი. გარდა ამისა, მალევე გამოიცემა მისი წიგნი – Reconstructing history and theology – Orthodox Historiography, Memory and Politics in Montenegro (Peter Lang, 2023).
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.