გიორგი დემაკოპულოსი (George Demacopoulos)

1095 წელს, პაპმა ურბან II-მ, სამხრეთ საფრანგეთში შეკრებილ მრავალრიცხოვან რაინდებს მიმართა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რათა შური ეძიათ, მუსლიმთა მიერ, წმინდა მიწის დაპყრობის გამო (თუმცა, მას ის არ უხსენებია, რომ ამ მოვლენიდან 500 წელი იყო გასული). ურბანის ქადაგებამ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოიწვია და სამუდამოდ შეცვალა ურთიერთობები დასავლეთ ევროპას, აღმოსავლურ ქრისტიანობასა და ისლამურ სამყაროს შორის.
ქრისტიანული საღვთისმეტყველო გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ურბანმა შემოიტანა სრულიად ახალი (ზოგიერთის აზრით ერეტიკული) მიდგომა, რომელიც ქრისტიანულ ღვთისმოსაობასა და ძალადობას შორის არსებულ ურთიერთობას მიემართებოდა. ქადაგების დასასრულს ურბანმა განაცხდა: „აღასრულე ეს ლაშქრობა და მოგეტევება ცოდვები. დარწმუნებული იყავი, რომ ზეციურ სასუფეველში უხრწნელ დიდებას შეიმოსავ.“
დაახლოებით ათასი წელი, ქრისტიანები ისევე გმობდნენ ურბანის მიერ ქრისტიანული სწავლების დამახინჯებას, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების შემდგომ დამდგარ შედეგებს (განსაკუთრებით, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდგომ, რომლის გამოც ქრისტიანული ბიზანტია ძალიან დაზარალდა). აქედან გამომდინარე, პატრიარქ კირილის ბოლოდროინდელი მცდელობა, რომ თავისი ქადაგებით, პუტინის რუსეთში კიდევ უფრო დაწინაურდეს, საკმაოდ აღსანიშნავია. კირილმა, თავის ბოლოდროინდელ ქადაგებაში განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს ცოდვები მიეტევებათ.
კირილისა და ურბანის განცხადებას შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კირილი რუს ჯარისკაცებს მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ საომრად მოუწოდებს. სამწუხარო ირონიაა კირილის აზრი, რომ უკრაინელი ქრისტიანები მის ზე-იურისდიქციას მიეკუთვნებიან.
ეჭვგარეშეა, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, კირილმა თავისი სამოძღვრო პასუხისმგებლობის აღებაზე უარი განაცხადა. ამგვარად, კირილის განცხადება, მხოლოდ პრო-პუტინურ ქვესკნელში ჩავარდნისკენ გადადგმულ დამატებით ნაბიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
შეიძლება ვიკითხოთ თუ როდის გამოაცხადებენ მსოფლიოს მართლმადიდებელი ლიდერები, რომ კირილის მიერ, უკრაინაში რუსული შეჭრისადმი გამოხატულმა სრულმა მხარდაჭერამ, ყველანაირი ზღვარი გადალახა? მუდამჟამ მტკიცე მსოფლიო პატრიარქის, უკრაინელი მამაცი ეპისკოპოსებისა და სხვა რამდენიე პირის გარდა, მართლმადიდებლური სამყაროს რეაქცია არასაკმარისი იყო.
განა კიდევ რა უნდა გააკეთოს კირილმა, რომ სერბეთის ან ანტიოქიის ეკლესიებმა იგი გააკრიტიკონ? ამ ეკლესიების მიერ, დღევანდელ დღემდე არსებულ დუმილს თუ გავითვალისწინებთ, არსებობს კი რაიმე, რაც მათ კირილის საჯარო კრიტიკისკენ უბიძგებს?
აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა არის იმის შანსი, რომ ეპისკოპოსთა ერთობლივმა საბჭომ კოლექტიურად განაცხადონ რომ ეს ყველაფერი საკმარისია და კირილის მიმართვები საჯაროდ დაგმონ? რა არის იმის შანსი, რომ წმინდა ვლადიმირის სემინარიის სამეურვეო საბჭომ საჯაროდ განაცხადონ უარი კირილისთვის საპატიო პროფესორობის მიცემის გეგმასთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა, პუტინი პირველი პოლიტიკოსი არაა, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის ეკლესიით მანიპულირებას ცდილობს. ბიზანტიის ისტორია სავსეა მსგავსი ეპიზოდებით. მეათე საუკუნის შუა წლებში, იმპერატორმა ნიკიფორე II ფოკამ, კონსტანტინოპოლის პატრიარქს სთხოვა, რომ მუსლიმების წინააღდეგ ბრძოლაში დაცემული ყველა ბიზანტიელი ჯარისკაცი მოწამედ გამოეცადებინა. პატრიარქმა პოლიევქტოსმა და მისმა სინოდმა, ამაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათი აზრით, ეს დაახლოებით ექვსსაუკუნოვან კანონიკურ ტრადიციას დაარღვევდა (რომელი ტრადიციაც წმინდა ბასილი დიდიდან იწყებოდა), რომლის თანახმადაც, ომში მკვლელობა სულსათვის საზიანო მოვლენად აღიქმება და სინანულს საჭიროებს. წინდა სინოდმა იკითხა: „როგორ შეგვიძლია მოწამეებად შევრაცხოთ ისინი, ვის შესახებაც წმ. ბასილი ამტკიცებს, რომ ხელები სისხლში აქვთ გასვრილი?“
ნათელია, რომ კირილი, პატრიარქ პოლიევქტოსის მსგავსი სულიერი სიმტკიცის მატარებელი არაა. თუმცა, რეალური შეკითხვა ისაა, მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენელი ეპისკოპოსები, მეათე საუკუნის სინოდის გამბედაობას თუ მოიკრებენ, რომ კირილის ჯვაროსნული ლაშქრობა დაგმონ.
გიორგი დემაკოპულოსი (George Demacopoulos) მამა იოანე მეიენდორფისა და პატერსონის ოჯახის სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული კვლევების დირექტორი და ფორდჰემის უივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ) არსებული მართლმადიდებლური ქრისტიანული სასწავლო ცენტრის თანა-პრეზიდენტია.
Public Orthodoxy ცდილობს, რომ ფორუმის შეთავაზებით თანამედროვე მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ პერსპექტივებზე დისკუსიას დაეხმაროს. ამ ესეში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ მის ავტორს ეკუთვნის და არ გადმოსცემს რედაქტორთა ან თავად Orthodox Christian Studies Center-ის აზრზს.